ვასილ კაპანაძე სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის წინააღმდეგ
| დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
| ნომერი | N1980 |
| კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი თევდორაშვილი, |
| ავტორ(ებ)ი | ვასილ კაპანაძე |
| თარიღი | 24 სექტემბერი 2026 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება №3, 2025 წლის 7 მაისი, ქ. თბილისი „საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის და საურავის დაკისრების, აღსრულების და შესაბამისი კომუნიკაციის წესის“ დამტკიცების შესახებ
2. სასარჩელო მოთხოვნა
| სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
|---|---|
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 7 მაისის ბრძანება №3, „საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის და საურავის დაკისრების, აღსრულების და შესაბამისი კომუნიკაციის წესის“ დამტკიცების შესახებ“ მე-14 მუხლის მე-5 პუნქტი „ამ წესის მე-9 მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილება/ელექტრონული საჯარიმო ქვითარი დამსაქმებელს წარედგინება ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ასევე საპენსიო ფონდი უფლებამოსილია უზრუნველყოს გადაწყვეტილების/ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შემოსავლების სამსახურის სისტემის მეშვეობით გაცნობა. დამსაქმებლისათვის აღნიშნული გადაწყვეტილება/ელექტრონული საჯარიმო ქვითარი გაცნობილად ითვლება ელექტრონულ სისტემაში დამსაქმებლის ელექტრონულ გვერდზე ასახვისთანავე“. | საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი: ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება. |
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 7 მაისის ბრძანება №3, „საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის და საურავის დაკისრების, აღსრულების და შესაბამისი კომუნიკაციის წესის“ დამტკიცების შესახებ“ მე-14 მუხლის მე-5 პუნქტი „ამ წესის მე-9 მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილება/ელექტრონული საჯარიმო ქვითარი დამსაქმებელს წარედგინება ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ასევე საპენსიო ფონდი უფლებამოსილია უზრუნველყოს გადაწყვეტილების/ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შემოსავლების სამსახურის სისტემის მეშვეობით გაცნობა. დამსაქმებლისათვის აღნიშნული გადაწყვეტილება/ელექტრონული საჯარიმო ქვითარი გაცნობილად ითვლება ელექტრონულ სისტემაში დამსაქმებლის ელექტრონულ გვერდზე ასახვისთანავე“. | საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი: ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციური სარჩელი: ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს; ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ: კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანნს წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 7 მაისის №3 ბრძანების მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების/ელექტრონული საჯარიმო ქვითრის დამსაქმებლის ელექტრონულ გვერდზე ასახვას უპირობოდ მიიჩნევს ამ აქტის დამსაქმებლისათვის გაცნობად, გადაწყვეტილების/ელექტრონული საჯარიმო ქვითრის არსებობის თაობაზე ინფორმაციის დამსაქმებლისთვის/თვითდასაქმებულისთვის ეფექტიანი გაცნობის წესის დამატებითი, გონივრული გარანტიის უზრუნველყოფის გარეშე. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავის უფლებათა დასაცავად, მიმართოს სასამართლოს. ამ კონსტიტუციურ დებულებაში გამოყენებული ტერმინი „ყოველი ადამიანი“ განსაკუთრებით ფართო შინაარსისაა და არ ახდენს დასახელებული უფლებით მოსარგებლე სუბიექტთა წრიდან რომელიმე კატეგორიის პირთა გამორიცხვას. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვევს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი. კონკრეტულ შემთხვევასში მოსარჩელე წარმოადგენს უფლებამოსილ სუბიექტს, იდავოს კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარ საკითხებთან მიმართებით; გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი; დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი და 31-ე მუხლის პირველი პუნქტით; ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში; ზ) სადავო ნორმების კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებელია იერარქიულად მაღალი ნორმატიული აქტის გასაჩივრების გარეშე.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
სადავო ნორმა
სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 7 მაისის N3 ბრძანებით დამტკიცებული „საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის და საურავის დაკისრების, აღსრულების და შესაბამისი კომუნიკაციის წესის“ მე-14 მუხლის მე-5 პუნქტი, რომლის თანახმადაც, გადაწყვეტილება/ელექტრონული საჯარიმო ქვითარი დამსაქმებელს წარედგინება ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ასევე საპენსიო ფონდი უფლებამოსილია უზრუნველყოს გადაწყვეტილების/ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შემოსავლების სამსახურის სისტემის მეშვეობით გაცნობა. დამსაქმებლისათვის აღნიშნული გადაწყვეტილება/ელექტრონული საჯარიმო ქვითარი გაცნობილად ითვლება ელექტრონულ სისტემაში დამსაქმებლის ელექტრონულ გვერდზე ასახვისთანავე.
სასარჩელო მოთხოვნა
არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 7 მაისის N3 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების/ელექტრონული საჯარიმო ქვითრის დამსაქმებლის ელექტრონულ გვერდზე ასახვას უპირობოდ მიიჩნევს ამ აქტის დამსაქმებლისათვის გაცნობად, გადაწყვეტილების/ელექტრონული საჯარიმო ქვითრის არსებობის თაობაზე ინფორმაციის დამსაქმებლისთვის/თვითდასაქმებულისთვის (შემდგომში - ადრესატი) ეფექტიანი გაცნობის წესის დამატებითი, გონივრული გარანტიის უზრუნველყოფის გარეშე. ამასთანავე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი იმავე ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის საფუძველზეც ადრესატის ელექტრონულ გვერდზე გადაწყვეტილების/ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ასახვით შექმნილი გაცნობის სამართლებრივი ნორმა, აქტის არსებობის შესახებ ადრესატის ეფექტიანი გაცნობის წესის დამატებითი გარანტიის გარეშე, წარმოადგენს ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრებისთვის და სასამართლოსადმი მიმართვისთვის დადგენილი ვადის ათვლის საფუძველს და ამით ზღუდავს სამართლებრივი დაცვის საშუალების ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობას.
1. მოსარჩელის ინდივიდუალური შემთხვევა
სადავო ნორმის მოქმედების პრაქტიკული საზიანო შედეგი თვალსაჩინოდ გამოვლინდა მოსარჩელის შემთხვევაშიც. საპენსიო სააგენტოსთან ურთიერთობის პერიოდში მოსარჩელე წარმოადგენდა მცირე მეწარმეს, რომელსაც კოჯრის ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტერში ჰქონდა მაღაზია, სადაც დასაქმებული ჰყავდა ერთი პირი. სწორედ აღნიშნული დასაქმებულის საპენსიო სქემაში მონაწილეობის სტატუსთან დაკავშირებული გაურკვევლობის შედეგად დადგა საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის საკითხი. დასაქმებული აცხადებდა, რომ არ იყო დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე, რასაც ამყარებდა ის გარემოებაც, რომ წინა სამუშაო ადგილზე, 2021-2022 წლებში, იგი საპენსიო სქემაში ჩართული არ ყოფილა. ამასთან, საქართველოს საპენსიო სააგენტოს მიერ დასაქმებულისთვის 2025 წლის 28 ივლისს გაცემული N PE0042025005494-01 ცნობით დასტურდებოდა, რომ მოსარჩელესთან საქმიანობის დაწყების პერიოდში იგი დაგროვებითი საპენსიო სქემის წევრი არ იყო. შესაბამისად, მოსარჩელეს არ გააჩნდა გონივრული საფუძველი, ეჭვი შეეტანა როგორც დასაქმებულის მიერ მიწოდებული ინფორმაციის, ისე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ოფიციალურად დადასტურებული გარემოების სისწორეში. აღნიშნულ დასაქმებულთან მიმართებით საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის გამო საქართველოს საპენსიო ფონდმა 2025 წლის 16 ივლისს მოსარჩელის მიმართ გამოსცა ელექტრონული საჯარიმო ქვითარი Nე013058 და დააკისრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. აღნიშნული საჯარიმო ქვითრის არსებობის შესახებ მოსარჩელეს დამატებითი შეტყობინება ან გაფრთხილება არ მიუღია და მის შესახებ მხოლოდ 2025 წლის სექტემბერში, ელექტრონულ სისტემაში შესვლის შემდეგ შეიტყო. ამ დროისათვის, 2025 წლის 16 სექტემბერს, საპენსიო ფონდმა უკვე გამოსცა განმეორებითი ელექტრონული საჯარიმო ქვითარი Nე028828 და მოსარჩელეს დამატებით 1000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. ამდენად, პირველი საჯარიმო ქვითრის შესახებ ფაქტობრივად გაცნობამდე, მოსარჩელის მიმართ უკვე დადგა განმეორებითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამასთან, საქართველოს საპენსიო ფონდმა 2025 წლის 2 ოქტომბრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით № გ/10144 დაკისრებული ჯარიმებისა და საურავების გაუქმებაზე მოთხოვნა/თხოვნა არ დააკმაყოფილა.
2. სადავო ნორმის მოქმედების მასშტაბი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, “სადავო ნორმის შინაარსის განსაზღვრისას საკონსტიტუციო სასამართლო, სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად, მხედველობაში იღებს მისი გამოყენების პრაქტიკას.”[1] საქართველოს საპენსიო ფონდის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის 1-ელი მაისის შემდგომ წარმოშობილი ვალდებულების შეუსრულებლობისთვის 16,237 დამსაქმებელს დაეკისრა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული ჯარიმა. 2025 წლის ბოლოსთვის დაკისრებული ჯარიმების ჯამურმა ოდენობამ 27.8 მილიონი ლარი შეადგინა.[2] ამასთან, საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს 2026 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით, საპენსიო ფონდში იქმნება მექანიზმი, რომელიც შეისწავლის დამსაქმებელთა მიერ დასმულ საკითხებს, რომლებიც უკავშირდება მათი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად დაკისრებულ და აღსასრულებლად მიქცეულ ჯარიმებს.[3] სავარაუდოდ, საპენსიო შენატანების ადმინისტრირებისას არსებულმა პრაქტიკამ, კერძოდ, დაგვიანებულ შენატანზე ან დეკლარაციის დაზუსტებისას წარმოქმნილ ხარვეზზე 500-ლარიანი ჯარიმების ავტომატურმა დაგენერირებამ, რაც ხშირ შემთხვევაში ათეულობით ათას ლარამდე ჯარიმას აღწევს და დამსაქმებლისთვის მძიმე, არაპროპორციულ ფინანსურ ტვირთს წარმოქმნის, განაპირობა ზემოაღნიშნული მექანიზმის შექმნის აუცილებლობა. აღნიშნული სტატისტიკა თავისთავად, პირდაპირ არ ადასტურებს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობას. თუმცა, იგი წარმოაჩენს, რომ საქმე ეხება მასობრივად გამოყენებად, ავტომატიზებულ ადმინისტრაციულ მექანიზმს. შესაბამისად, სადავო საკითხი ვერ იქნება განხილული მხოლოდ ერთ კონკრეტულ პირსა და ადმინისტრაციულ ორგანოს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობისა და კომუნიკაციის ხარვეზად. ნორმა ქმნის ზოგად წესს, რომელიც, პოტენციურად, ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ათასობით ადრესატზე ავრცელებს. საკითხის აქტუალობის შესაფასებლად მნიშვნელოვანია მოქალაქეთა ინტერნეტზე წვდომასთან ერთად მათი ციფრული უნარებისა და სახელმწიფო ორგანოებთან ელექტრონული ურთიერთობის პრაქტიკის გათვალისწინებაც. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (შემდგომში საქსტატი) მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით შინამეურნეობებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების 2026 წლის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ინტერნეტით უზრუნველყოფილია შინამეურნეობების 93.5 პროცენტი, 2025 წელს 92%, 2024 წელს 91.5%.[4] საქსტატის განმარტების მიხედვით შინამეურნეობა არის “ადამიანთა ერთობლიობა, რომელიც ექვემდებარება ერთ საცხოვრებელ ერთეულზე ერთობლივი ცხოვრების საერთო წესებს და დაკავშირებულია საერთო ბიუჯეტით (მისი ნაწილით) ან/და არანათესაური ურთიერთობებით, ან ორივეთი ერთად (შინამეურნეობა შეიძლება შედგებოდეს ერთი პირისგანაც)”. მართალია, ინტერნეტით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილი მაღალია, თუმცა ინტერნეტზე ტექნიკური წვდომა თავისთავად არ გულისხმობს პირის მიერ ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციის ეფექტიანად მოძიების, დამუშავებისა და ელექტრონული სერვისებით სარგებლობის უნარს. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია როგორც ინტერნეტის გამოყენების მიზნების, ისე მოსახლეობის ციფრული უნარების შეფასება. საქსტატის 2026 წლის გამოკვლევის მიხედვით, 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში, ძირითადად ინტერნეტის გამოყენების მიზნებს წარმოადგენდა: სოციალური ქსელების გამოყენება (97.5%), ინტერნეტ (აუდიო/ვიდეო) კავშირი (97.0%), ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობა (61.0%), ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოძიება (54.5%), საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოძიება (50.2%), ონლაინ ახალი ამბების/გაზეთების/ჟურნალების წაკითხვა (49.0%), ელ. ფოსტის მიღება/გაგზავნა (41.7%), პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის ჩამოტვირთვა (15.8%) და სამუშაოს ძიება ან სამუშაოსთვის აპლიკაციების გაგზავნა (11.5%).[5] ინფორმაციის მოძიების, შესაბამისი ელექტრონული რესურსის იდენტიფიცირების, მონაცემების დამუშავების ან ელექტრონული ფორმით განაცხადის წარდგენის მიზნებისთვის მეტად საჭიროა კომპიუტერი. შესაბამისად, საყურადღებოა კომპიუტერის ხელმისაწვდომობისა და გამოყენების მაჩვენებლებიც. 2026 წლის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კომპიუტერით უზრუნველყოფილია შინამეურნეობების 57.9 პროცენტი (2025 წელს 58.8%, 2024 წელს 57.6%). აღნიშნული მაჩვენებელმა საქალაქო დასახლებებში 69.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 42.8 პროცენტი. 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 49.9 პროცენტმა ისარგებლა კომპიუტერით ბოლო 3 თვის განმავლობაში. ხოლო ბოლო 3 თვეში 15 წლის და უფროსი ასაკის კომპიუტერის მომხმარებელთა 70.0 პროცენტი კომპიუტერით ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე სარგებლობდა, 19.0 პროცენტი - კვირაში ერთხელ მაინც, 11.0 პროცენტი კი - უფრო იშვიათად, ვიდრე კვირაში ერთხელ.[6] მოქალაქესა და ადმინისტრაციულ ორგანოს შორის ელექტრონული კომუნიკაციის რეალური ხელმისაწვდომობის შეფასებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორი მაჩვენებელი: 1. სახელმწიფო მმართველობის ორგანოებთან ან საჯარო მომსახურების სააგენტოებთან მოქალაქეთა მიერ პირად საკითხებზე ინტერნეტით ურთიერთობის მაჩვენებელი და 2. მოსახლეობის წილი, ვისაც აქვს საბაზისო ციფრული უნარები. ციფრული უნარები წარმოადგენს იმ ცოდნისა და პრაქტიკული შესაძლებლობების ერთობლიობას, რომლებიც პირს საშუალებას აძლევს ციფრულ გარემოში მოიძიოს, მიიღოს, დაამუშაოს, ჩამოტვირთოს, ატვირთოს და შეავსოს დოკუმენტები და განახორციელოს სხვა შესაბამისი მოქმედებები. საქსტატის მიხედვით ციფრული უნარები მოიცავს ხუთ კომპონენტს: ციფრული წიგნიერება, კომუნიკაცია და კოლაბორაცია, ციფრული კონტენტის შექმნა, პრობლემის გადაჭრა და უსაფრთხოება. საქსტატის 2026 წლის კვლევის მიხედვით, 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი, ვისაც აქვს საბაზისო ან საბაზისოზე მაღალი ციფრული უნარები არის 20.7%, 2025 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 19.1%-ს შეადგენდა.[7] შესაბამისად, ინტერნეტზე წვდომის მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, მოსახლეობის დაახლოებით მხოლოდ მეხუთედს აქვს სულ მცირე საბაზისო დონის ციფრული უნარები. კიდევ უფრო საყურადღებოა მოქალაქეთა მიერ ინტერნეტის სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობისთვის ფაქტობრივი გამოყენების მაჩვენებელი. საქსტატის 2026 წლის კვლევის მიხედვით, 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი, ვისაც ბოლო 12 თვეში, პირად საკითხებზე ინტერნეტით ჰქონდა ურთიერთობა სახელმწიფო მმართველობის ორგანოებთან ან საჯარო მომსახურების სააგენტოებთან შეადგენს 8.8%-ს. მოსახლეობის აბსოლიტურ უმრავლესობას, 91.2%-ს, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებთან ან საჯარო მომსახურების სააგენტოებთან ურთიერთობა არ ჰქონია ინტერნეტის მეშვეობით. ურთიერთობის მიზნობრიობის წილი ასე ნაწილდება: სახელმწიფო დაწესებულებების ვებ-გვერდებიდან ინფორმაციის მოპოვება - 7.5%, ოფიციალური ფორმების/ბლანკების ჩამოტვირთვა - 3.5%, და შევსებული ფორმების/ბლანკების წარდგენა - 3.3%. ამასთან, არსებითად მსგავსი სურათი იკვეთება 2024 და 2025 წლების მონაცემებშიც.[8] აღნიშნული მონაცემები ცხადყოფს, რომ ინტერნეტზე ფართო ტექნიკური ხელმისაწვდომობის მიუხედავად, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ელექტრონულ სივრცეში ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და ადმინისტრაციულ ორგანოებთან ელექტრონული ფორმით ურთიერთობა/კომუნიკაცია კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების ელექტრონულ ფორმატში განხორციელებისას მხოლოდ ინტერნეტზე ტექნიკური წვდომის მაჩვენებელი ვერ ჩაითვლება მოქალაქის მიერ ინფორმაციის ეფექტიანად მიღებისა და შესაბამისი პროცედურული მოქმედებების განხორციელების შესაძლებლობის საკმარის ინდიკატორად. ამასთან, სახელმწიფოს ინტერესია, დაიცვას ადმინისტრაციული და მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანოები გადატვირთვისგან და უზრუნველყოს საქმეთა დროული და ეფექტიანი განხილვა. საპენსიო სააგენტოს მიერ განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად წარმოშობილ ურთიერთობაში შესაძლოა ჩაერთოს რამდენიმე ინსტიტუტი: საპენსიო სააგენტო და სასამართლო სისტემა – გასაჩივრების შემთხვევაში და გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევისას – აღსრულების ეროვნული ბიურო. არაეფექტიანმა პროცედურულმა მექანიზმმა შესაძლოა გაზარდოს როგორც მოქალაქეთა უფლებების დარღვევის, ისე სახელმწიფო ინსტიტუტების დამატებითი დატვირთვის რისკი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით “პროცესის ეკონომიურობა და სასამართლოს ხელოვნური გადატვირთვის თავიდან აცილება უმნიშვნელოვანესია მართლმსაჯულების ხარისხის უზრუნველყოფისთვის“[9]. შესაბამისად, სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის მარეგულირებელი პროცედურული მექანიზმების შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული არა მხოლოდ მათი ფორმალური ფუნქციონირება, არამედ ისიც, რამდენად უზრუნველყოფს არსებული სისტემა დავების პრევენციას, სახელმწიფო რესურსის რაციონალურ გამოყენებასა და მოქალაქის საკითხის დროულ და სამართლიან გადაწყვეტას.
3. დაგროვებითი საპენსიო სისტემის სოციალური და საჯარო-სამართლებრივი მიზანი
საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მიხედვით, საქართველო წარმოადგენს სოციალურ სახელმწიფოს, რომელიც ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. სახელმწიფო ასევე ზრუნავს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თანაბარ სოციალურ-ეკონომიკურ და დემოგრაფიულ განვითარებაზე, ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე და ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში. საქართველოს უზენაესი სასამართლო “ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის” 22-ე, “ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის” მე-9 და “ევროპის სოციალური ქარტიის” მე-12 მუხლებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სოციალური უფლებები, მათ შორის, პენსიის უფლება, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება, რაც სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას არა მხოლოდ აღიაროს პირთა სოციალური უფლებების არსებობა, არამედ ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე შექმნას ქმედითი სამართლებრივი გარანტიები მითითებული უფლების რეალიზებისთვის.[10] საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ “სახელმწიფო პენსია წარმოადგენს უნივერსალურ სოციალურ ბენეფიტს, რომელიც არ არის დაკავშირებული ბენეფიციარის მხრიდან, რაიმე სანაცვლო ქმედების შესრულებასთან. იგი ეფუძნება სოციალური სოლიდარობის პრინციპს და მიზნად ისახავს ასაკთან დაკავშირებული სოციალური რისკის ნიველირებას, ხანდაზმულობისას პირთა გარკვეული მოცულობის საარსებო სახსრებით აღჭურვას”.[11] ამასთანავე, ასაკობრივი პენსიის მიმღებისთვის შესაბამისი ბენეფიტი გულისხმობს ღირსების უფლების, ჯანმრთელობის უფლების რეალიზებას, საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფას. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ხანდაზმულთა საზოგადოებაში სრული ინტეგრაცია და ჩართულობა, სოციალური დაცვის სისტემის მოწესრიგება, ყველა ასაკში ცხოვრების ხარისხის უზრუნველყოფის და დამოუკიდებელი ცხოვრების (მათ შორის, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის) ხელშეწყობა.[12] საკონსტიტუციო სასამართლომ სოციალურ გარემოს მნიშვნელობასთან დაკავშირებით მიუთითა, რომ “ადამიანის შესაძლებლობების რეალიზებაზე სამართლებრივი გარემოს მიღმა გავლენას ახდენს მრავალი სოციალური ასპექტი. სხვადასხვა სფეროებში კანონით თანაბარი მოპყრობა, რიგ შემთხვევებში, ვერ უზრუნველყოფს ადამიანის შესაძლებლობების თანაბრად რეალიზებას. სამართალი მოქმედებს კონკრეტულ მოცემულ საზოგადოებაში და სწორედ ამ საზოგადოების თავისებურებების გათვალისწინებით, შესაძლოა, სრულიად თანასწორი სამართლებრივი რეგულირებების პირობებში, კონკრეტული ჯგუფები, სოციალური გარემოს მოქმედებით შექმნილი ხელოვნური ბარიერების გამო, ვერ ახდენდნენ შესაძლებლობების სხვათა თანაბრად რეალიზებას”.[13] „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის პრეამბულის მიხედვით, „კანონის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში“. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონი გაწერს მის ძირითადი პრინციპებს და ასეთად წარმოგვიდგენს მათ: ა) ადამიანის უფლებების დაცვა; ბ) კანონის წინაშე თანასწორობა; გ) საყოველთაოობა; დ) მუდმივობა; ე) თაობათა შორის სოლიდარობა; ვ) პენსიის მიღების სახელმწიფო გარანტია.[14] ამ კონსტიტუციური და სოციალური მიზნების ჭრილში უნდა იქნეს განხილული “დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით შექმნილი დაგროვებითი საპენსიო სისტემაც. იგი წარმოადგენს ფართომასშტაბიან სოციალურ და ეკონომიკურ რეფორმას, რომელიც ეფუძნება სახელმწიფოს, დამსაქმებლისა და დასაქმებულის თანამონაწილეობას და მიზნად ისახავს მოქალაქისათვის დამატებითი საპენსიო დანაზოგის შექმნას, საპენსიო ასაკში მისი შემოსავლის ჩანაცვლების კოეფიციენტის გაუმჯობესებას, საპენსიო სისტემის გრძელვადიანი ფისკალური მდგრადობის ხელშეწყობასა და ქვეყანაში გრძელვადიანი საინვესტიციო რესურსის შექმნის გზით კაპიტალის ბაზრის განვითარებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საოქმო ჩანაწერით, საქმეზე ედუარდ მარიკაშვილი და ა(ა)იპ “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, განმარტა რომ “ხსენებული საბიუჯეტო რესურსი მიმართულია საჯარო მიზნების მიღწევისკენ, რაც, საბოლოო ჯამში, ემსახურება ასაკით პენსიის დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმების შექმნას’’.[15] საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ დეკლარირებული მიზნის მიხედვით, დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობა მიმართულია სქემის მონაწილეთათვის ფინანსურად უზრუნველყოფილი და ღირსეული სიბერის ხელშეწყობისაკენ. მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე დაგროვებული თანხა წარმოადგენს მის საკუთრებას, რომელიც კანონით სპეციალური დაცვის რეჟიმით სარგებლობს. ამასთან, დაგროვებითი საპენსიო სისტემის მნიშვნელობა არ შემოიფარგლება მხოლოდ კონკრეტული მონაწილის ინდივიდუალური ინტერესით. საპენსიო აქტივების აკუმულირება ქმნის გრძელვადიან საინვესტიციო რესურსსაც, რაც დაკავშირებულია უფრო ფართო ეკონომიკურ და საჯარო ინტერესებთან.[16] ამდენად, დაგროვებითი საპენსიო სისტემა ერთდროულად ემსახურება როგორც ინდივიდუალურ, ისე მნიშვნელოვან საჯარო ინტერესებს. სწორედ ამ ინტერესების უზრუნველყოფას ემსახურება საპენსიო შენატანის განხორციელების სავალდებულო ხასიათი და შესაბამისი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებაც. თუმცა, დაგროვებითი საპენსიო სისტემის მნიშვნელოვანი სოციალური და საჯარო მიზნების არსებობა სახელმწიფოს არ ათავისუფლებს ამ სისტემის ადმინისტრირებისას კონსტიტუციური უფლებებისა და ადმინისტრაციული წარმოების პროცედურული გარანტიების დაცვის ვალდებულებისაგან. განსახილველ შემთხვევაში საპენსიო ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მექანიზმით. ადმინისტრაციული სახდელი საპენსიო სისტემის თვითმიზანი არ არის. იგი საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის სამართლებრივ ინსტრუმენტს წარმოადგენს. შესაბამისად, პასუხისმგებლობის მექანიზმი იმგვარად უნდა იყოს ორგანიზებული, რომ რეალურად უწყობდეს ხელს ძირითადი ვალდებულების შესრულებას და არ იქცეს მხოლოდ ფინანსური სანქციების ავტომატურად დაგროვების საშუალებად. სწორედ ამ თვალსაზრისით იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას პირისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ინფორმაციის ეფექტიანი გაცნობის წესი. თუ სახელმწიფოს მიზანია დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების უზრუნველყოფა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ინფორმაციის დროული და ეფექტიანი მიწოდება თავად ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საშუალებას წარმოადგენს. პირისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ინფორმაციის მიწოდება აძლევს მას შესაძლებლობას, დროულად აღმოფხვრას დარღვევა, შეასრულოს კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება და თავიდან აიცილოს იმავე დარღვევის გაგრძელება და მასთან დაკავშირებული შემდგომი სამართლებრივი შედეგები. სოციალური სახელმწიფოს მიზანი ვერ შემოიფარგლება მხოლოდ სოციალური სისტემის სათანადო ფინანსური რესურსით უზრუნველყოფით. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლით განმტკიცებული სოციალური სახელმწიფოს პრინციპი გულისხმობს ისეთი სამართლებრივი მექანიზმების არსებობას, რომლებიც სოციალური მიზნების მიღწევას ადამიანის უფლებების, სამართლებრივი უსაფრთხოებისა და სამართლიანი პროცედურის დაცვით უზრუნველყოფს. შესაბამისად, საპენსიო სისტემის მნიშვნელოვანი სოციალური და საჯარო მიზნების აღსრულება უნდა მოხდეს ისეთი ადმინისტრაციული მექანიზმების გამოყენებით, რომლებიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს საპენსიო ვალდებულებების ეფექტიან შესრულებას, ხოლო, მეორე მხრივ, სათანადოდ იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა მიმართაც სახელმწიფო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მექანიზმს იყენებს.
4. საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევისა და ელექტრონული საჯარიმო ქვითრის სამართლებრივი რეგულირება
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 165¹¹ მუხლის თანახმად, დამსაქმებლის მიერ საკუთარი ან დასაქმებულის სახელით საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და იწვევს დამსაქმებლის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იმავე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა შეადგენს 1 000 ლარს.[17] ამავე კოდექსის 229⁸ მუხლით სამართალდარღვევის გამოვლენისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდის შესაბამის ორგანოებს/სამსახურებს, რომლებიც საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავენ კოდექსის 165¹¹ მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს და უფლებამოსილნი არიან გამოიყენონ შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელი. ამავე კოდექსის 239-ე მუხლის 76-ე და 242-ე მუხლის მე-8 ნაწილებით კი აღნიშნულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით საპენსიო ფონდი გამოსცემს ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, ხოლო მისი გამოცემის წესისა და პროცედურის განსაზღვრის უფლებამოსილება თავად საქართველოს საპენსიო ფონდს აქვს მინიჭებული.[18] საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) მიიჩნევა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების მატერიალურ საფუძველს განსაზღვრავს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საპენსიო ფონდი ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაციისა და შემოსავლების სამსახურისგან მიღებული ინფორმაციის შედარების, ან/და საპენსიო ფონდის მიერ მიღებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად ახდენს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის (ამ ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და საპენსიო შენატანის განხორციელებისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დარღვევით შესრულების) იდენტიფიცირებას, აგრეთვე ავლენს საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტს. ამავე მუხლის მე-3 და 3¹ პუნქტებით, დარღვევის იდენტიფიცირების შემთხვევაში დამსაქმებელს საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება დაეკისროს საურავი და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული ჯარიმა, ხოლო მე-6 მუხლის 3² პუნქტის თანახმად, ჯარიმის ან/და საურავის დაკისრება დამსაქმებელს არ ათავისუფლებს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შესრულებისაგან. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტით, ჯარიმა, საპენსიო შენატანი და საურავი იძულებით აღსასრულებლად მიექცევა საპენსიო ფონდის ძალაში შესული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და მის შესაბამისად გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტებით საპენსიო ფონდს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, ელექტრონულად შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, განსაზღვროს შესაბამის პირებთან კომუნიკაციისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ჩაბარების/გაცნობის, მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის წესი და პირობები, აგრეთვე შეიმუშაოს და დაამტკიცოს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის იდენტიფიცირების, ჯარიმის ან/და საურავის დაკისრებისა და აღსრულების შესაბამისი წესები და პროცედურები. ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით საპენსიო ფონდი უფლებამოსილია საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დამრღვევი პირის მიმართ მიიღოს გადაწყვეტილება საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულებისა და გაფრთხილების/ჯარიმის დაკისრების შესახებ, ხოლო მე-13 მუხლის მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით ფონდის გენერალური დირექტორი გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი ძალაში შესვლის საფუძველზე გასცემს სააღსრულებო ფურცელს გადაწყვეტილების იძულებით აღსასრულებლად. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დამსაქმებელს ეკისრება როგორც საკუთარი ხარჯით გადასახდელი საპენსიო შენატანის განხორციელების, ისე დასაქმებულის სახელითა და ხარჯით შესაბამისი საპენსიო შენატანის საპენსიო ფონდში მიმართვის ვალდებულება არაუგვიანეს საშემოსავლო დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენის დღისა. საპენსიო შენატანების ადმინისტრირების პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი ხორციელდება ელექტრონული სისტემის და სახელმწიფო უწყებებს შორის მონაცემთა ავტომატიზებული გაცვლის საშუალებით. სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 8 მაისის N06/N01 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „საპენსიო შენატანების განხორციელების უზრუნველყოფის შესახებ წესის“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულება, რომელიც წარმოიშვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში, 2025 წლის 1 მაისიდან, უნდა შესრულდეს შემოსავლების სამსახურის ტექნიკური მხარდაჭერით და საქართველოს საპენსიო ფონდის ელექტრონული სისტემის მეშვეობით ამ წესის საფუძველზე. ამავე წესის მე-3 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების მიხედვით, შემოსავლების სამსახურის და საპენსიო ფონდის ელექტრონულ სისტემებს შორის ხდება მონაცემთა ავტომატური მიმოცვლა, რა დროსაც დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საშემოსავლო დეკლარაცია ფიქსირდება საპენსიო ფონდის ელექტრონულ სისტემაში, რაც აინიცირებს საპენსიო დეკლარაციის ავტომატურად გენერირებასა და დახურვას, შესაბამისად საპენსიო ფონდი ახორციელებს მონიტორინგს. ხსენებული წესის მე-4 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში წარადგინოს შესაბამისი საშემოსავლო დეკლარაცია და უზრუნველყოს საპენსიო ფონდის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე შესაბამისი საბალანსო თანხის[19] არსებობა. აღნიშნული პირობების შესრულების შემთხვევაში ელექტრონული სისტემის მიერ ავტომატურად გენერირებული საპენსიო დეკლარაცია ავტომატურად იხურება. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, თუ განსაზღვრულ ვადაში დამსაქმებელი შესაბამისი მოცულობის საბალანსო თანხის არსებობას არ უზრუნველყოფს, საპენსიო დეკლარაცია არ იხურება და საპენსიო შენატანი არ ხორციელდება, რაც წარმოადგენს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევას და იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმისა და საურავის დაკისრებას. ამავე მუხლის მე-7 პუნქტით “საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების იდენტიფიცირება ხდება ავტომატურად შემოსავლების სამსახურის სისტემაში შესაბამისი საშემოსავლო დეკლარაციის შევსებისას”, მე-6 პუნქტით კი საპენსიო შენატანის განხორციელებისათვის საჭირო საბალანსო თანხის არ არსებობის შემთხვევაში, საპენსიო ფონდი უფლებამოსილია ელექტრონული სისტემის ან/და შემოსავლების სამსახურის სისტემის მეშვეობით აცნობოს დამსაქმებელს აღნიშნულის შესახებ. საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების უშუალო პროცედურას განსაზღვრავს სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 7 მაისის N3 ბრძანებით დამტკიცებული “საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის და საურავის დაკისრების, აღსრულების და შესაბამისი კომუნიკაციის წესი.” აღნიშნული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ელექტრონული საჯარიმო ქვითარი არის “საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ფონდის მიერ ელექტრონული სისტემის მეშვეობით ავტომატურად გენერირებული გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც დამსაქმებელს ეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 165¹¹-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.” ამავე წესის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტების მიხედვით, საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ავტომატურად ვლინდება და ჯარიმის ან/და საურავის დაკისრებაც ავტომატურად ხორციელდება. მე-9 მუხლის მე-5 პუნქტების მიხედვით კი “ელექტრონულ სისტემაში საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ შედგება, არამედ ელექტრონული სისტემა ავტომატურად აგენერირებს ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა დაკისრების თაობაზე. აღნიშნული ელექტრონული საჯარიმო ქვითარი იმავდროულად წარმოადგენს სამართალდარღვევის ოქმს.” ხოლო, მე-14 მუხლის მე-5 პუნქტი, რომელიც მოცემული კონსტიტუციური სარჩელის უშუალო დავის საგანს წარმოადგენს, ადგენს, რომ ელექტრონული საჯარიმო ქვითარი დამსაქმებელს/თვითდასაქმებულს ელექტრონული სისტემის მეშვეობით ეგზავნება/წარედგინება და იგი გაცნობილად ითვლება დამსაქმებლის ელექტრონულ გვერდზე ასახვისთანავე. აღსანიშნავია, რომ ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ამ წესის მე-14 მუხლის (გაცნობის წესი) სისტემურ კონტექსტშიც გამონაკლისს წარმოადგენს. წესის პირველი-მეოთხე პუნქტები ადმინისტრაციული დოკუმენტების გაცნობის ზოგად წესებს ადგენს. ამის საპირისპიროდ, მე-14 მუხლის მე-5 პუნქტი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამკისრებელი ელექტრონული საჯარიმო ქვითრის მიმართ ადგენს განსაკუთრებულ წესს და მას გაცნობილად მიიჩნევს ელექტრონულ სისტემაში ასახვისთანავე, მიუხედავად იმისა, რეალურად გაეცნო თუ არა პირი აღნიშნულ აქტს. ამდენად, ამ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამკისრებელი აქტის მიმართ დადგენილია გაცნობის უფრო მკაცრი წესი და ნაკლები პროცედურული გარანტია, ვიდრე სხვა ადმინისტრაციული გადაწყვეტილების/დოკუმენტების შემთხვევაში.
5. სადავო ნორმის ნორმატიული შინაარსი
სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისათვის, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია მისი ნორმატიული შინაარსის განსაზღვრა. სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 7 მაისის N3 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, გადაწყვეტილება/ელექტრონული საჯარიმო ქვითარი დამსაქმებელს/თვითდასაქმებულს ელექტრონული სისტემის მეშვეობით ეგზავნება/წარედგინება და იგი გაცნობილად ითვლება დამსაქმებლის ელექტრონულ გვერდზე ასახვისთანავე. წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელი შეეხება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების/ელექტრონული საჯარიმო ქვითრის გაცნობის ისეთ წესს, რომლის თანახმადაც, ელექტრონულ სისტემაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამკისრებელი აქტის ტექნიკური განთავსების ფაქტი, თავისთავად, ყოველგვარი დამატებითი სამართლებრივი წინაპირობის გარეშე, წარმოშობს მისი ადრესატისათვის გაცნობის საპირწონე სამართლებრივ შედეგს. მოსარჩელის კონსტიტუციური პრეტენზია არ მიემართება ელექტრონული ადმინისტრირების ინსტიტუტს, გადაწყვეტილების/ელექტრონული საჯარიმო ქვითრის არსებობას, ადმინისტრაციული აქტის ელექტრონული ფორმით გამოცემას ან მის სპეციალიზებულ ელექტრონულ სისტემაში განთავსების შესაძლებლობას. ელექტრონული ადმინისტრირება თანამედროვე საჯარო მმართველობის ბუნებრივი და გამოსადეგი ინსტრუმენტია. წინამდებარე დავის კონსტიტუციური საკითხია არა ის, დასაშვებია თუ არა ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის დაკისრების აქტის ელექტრონულ სისტემაში განთავსება, არამედ ის, შეესაბამება თუ არა სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების კონსტიტუციურ სტანდარტს ისეთი სამართლებრივი მოწესრიგება, რომელიც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამკისრებელი აქტის მხოლოდ სპეციალიზებულ ელექტრონულ სივრცეში განთავსებას ავტომატურად და უპირობოდ ანიჭებს მისი ადრესატისათვის გაცნობის სამართლებრივ შედეგებს, ეფექტიანი ინფორმირების რაიმე დამატებითი გონივრული გარანტიის გარეშე. სადავო მოწესრიგება ერთმანეთთან აიგივებს ორ, თავისი ბუნებით განსხვავებულ სამართლებრივ პროცედურას: ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ელექტრონულ სივრცეში განთავსებასა და ამ ოქმის სამართალდამრღვევისთვის გაცნობას. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების აქტის ელექტრონულ სისტემაში განთავსება არის ტექნიკური მოქმედება, რომლის შედეგადაც დოკუმენტი ხელმისაწვდომი ხდება განსაზღვრულ ელექტრონულ სივრცეში. ადმინისტრაციული აქტის გაცნობა კი, თავისი სამართლებრივი ფუნქციით, მიმართულია ადრესატის ინფორმირებისაკენ. მან უნდა შექმნას რეალური შესაძლებლობა, პირმა იცოდეს მის მიმართ მიღებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის არსებობის შესახებ, გაეცნოს მის შინაარსს და მოახდინოს მასზე სამართლებრივი რეაგირება. სადავო ნორმა გაცნობის ზემოგანხილულ სამართლებრივ ფორმას ადგენს. მისი გამოყენება თავისთავად არ არის კონსტიტუციურად დაუშვებელი. მსგავსი ინსტრუმენტები შესაძლოა აუცილებელი იყოს სამართლებრივი განსაზღვრულობის, ადმინისტრაციული წარმოებისა და სამართლებრივი ურთიერთობების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. თუ ადმინისტრაციული ორგანო პირისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს „გაცნობილად“ მიიჩნევს, უნდა არსებობდეს გონივრული საფუძველი ვარაუდისათვის, რომ ამ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შექმნილი პროცედურა ჩვეულებრივ პირობებში რეალურად უზრუნველყოფს აღნიშნული პირისათვის გადაწყვეტილების არსებობის შესახებ ინფორმაციის გაცნობის რეალურ შესაძლებლობას. სწორედ მითითებული გონივრული საფუძვლის არსებობა/არარსებობა წარმოადგენს წინამდებარე კონსტიტუციური დავის საკვანძო საკითხს.<
5.1 ადმინისტრაციული პროცესის ავტომატიზაცია
სადავო ნორმის კონსტიტუციურობა ვერ შეფასდება იმ ადმინისტრაციული სისტემისაგან იზოლირებულად, რომლის შემადგენელ ნაწილსაც იგი წარმოადგენს. საპენსიო შენატანების ადმინისტრირების მოქმედი სისტემა მნიშვნელოვანწილად ავტომატიზებულია. სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 8 მაისის N06/N01 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „საპენსიო შენატანების განხორციელების უზრუნველყოფის შესახებ წესის“ შესაბამისად, საპენსიო შენატანების განხორციელების უზრუნველყოფა ელექტრონულ სივრცეში ხდება, სადაც შემოსავლების სამსახურის სისტემასა და საპენსიო ფონდის ელექტრონულ სისტემას შორის ინფორმაციის ავტომატური გაცვლის საფუძველზე ავტომატურად გენერირდება შესაბამისი საპენსიო დეკლარაციები. სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის N3 ბრძანების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, 2025 წლის 1 მაისის შემდეგ წარმოშობილი საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა ელექტრონული სისტემის მიერ ავტომატურად ვლინდება, ხოლო ჯარიმის ან/და საურავის დაკისრებაც ავტომატურად ხორციელდება თითოეულ შესაბამის საშემოსავლო დეკლარაციასთან მიმართებით. შესაბამისად, სამართლებრივი მოწესრიგება მოიცავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ავტომატურ იდენტიფიცირებას, ადმინისტრაციული სახდელის ავტომატურ გენერირებას, ელექტრონულ სისტემაში მის ასახვას და ამ ასახვისათვის პირის მიერ გაცნობის სამართლებრივი შედეგის ავტომატურად მინიჭებას. ავტომატიზაცია თავისთავად არ წარმოადგენს კონსტიტუციურ პრობლემას. თუმცა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების პროცესის ავტომატიზაცია არ ამცირებს ადმინისტრაციული წარმოების კონსტიტუციურ გარანტიებს. პირიქით, რაც უფრო ნაკლებია ინდივიდუალური ადამიანური კომუნიკაცია სახელმწიფოსა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ადრესატს შორის, მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ავტომატიზებულ სისტემას გააჩნდეს ადრესატის ეფექტიანი გაცნობის/ინფორმირების შესაბამისი გარანტიები. სხვაგვარად იქმნება მდგომარეობა, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს ელექტრონული სისტემა ავტომატურად ადგენს დარღვევას, ავტომატურად აკისრებს პირს პასუხისმგებლობას და ავტომატურად მიიჩნევს, რომ პირი გადაწყვეტილებას გაეცნო, მაშინ როდესაც ამ გადაწყვეტილების არსებობის შესახებ ადრესატის ეფექტიანი ინფორმირება საერთოდ არ წარმოადგენს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სამართლებრივი შედეგების დადგომის წინაპირობას. ამდენად, ავტომატიზაციის პირობებში მთავარი საკითხია არა თავად ტექნოლოგიის გამოყენება, არამედ ის, უზრუნველყოფს თუ არა კანონმდებლობა პირის ეფექტიან ინფორმირებასა და სამართლებრივი დაცვის რეალურ შესაძლებლობას. აღნიშნული მიდგომა დასტურდება საერთაშორისო და ევროპული სამართლებრივი სტანდარტებითა და შესაბამისი რეკომენდაციებით. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის CM/Rec(2020)1 რეკომენდაცია „ალგორითმული სისტემების ადამიანის უფლებებზე ზემოქმედების შესახებ“ განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ ალგორითმული სისტემების გამოყენებისას ადამიანის უფლებათა დაცვის ძირითად სტანდარტებს. რეკომენდაციის მიხედვით, სამართლის უზენაესობის ისეთი პრინციპები, როგორებიცაა კანონიერება, გამჭვირვალობა, განჭვრეტადობა, ანგარიშვალდებულება და ზედამხედველობა, დაცული უნდა იქნეს ალგორითმული სისტემების გამოყენების შემთხვევაშიც. ამასთან, წევრ სახელმწიფოებს ეკისრებათ ვალდებულება, თავი შეიკავონ ადამიანის უფლებათა დარღვევისაგან, მათ შორის ალგორითმული სისტემების გამოყენების გზით, და შექმნან ეფექტიანი და განჭვრეტადი საკანონმდებლო, მარეგულირებელი და საზედამხედველო ჩარჩოები, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა დარღვევების პრევენციას, გამოვლენას, აკრძალვასა და დარღვეული უფლებების აღდგენას. რეკომენდაციის დანართი “B” განსაზღვრავს სახელმწიფოთა ვალდებულებებს ალგორითმული სისტემების კონტექსტში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვისა და ხელშეწყობის კუთხით. ის ადგენს სახელმწიფოს მიერ ალგორითმული სისტემის გამოყენებისას კანონმდებლობის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, რეგულარულ შეფასებას, სათანადო ზედამხედველობას და ადამიანის უფლებათა შესაძლო დარღვევების წინააღმდეგ დამოუკიდებელი და ეფექტიანი დაცვის საშუალებების არსებობას. დანართი განსაკუთრებულ როლს ანიჭებს პრევენციულ ზომებს, მათ შორის, ადამიანის უფლებებზე ალგორითმული სისტემის ზემოქმედების შეფასებას, შესაბამის ზედამხედველობასა და დამოუკიდებელ ექსპერტულ განხილვას.[20] ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (EU General Data Protection Regulation (GDPR) 22-ე მუხლით განმარტებულია ავტომატიზებული გადაწყვეტილების მიღებისა და პროფილირების უფლებები, რომლის მიხედვითაც მონაცემთა სუბიექტები არ უნდა დაექვემდებარონ ავტომატიზებულ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეს სამართლებრივი ან მსგავსი მნიშვნელოვანი შედეგი. კანონი ითვალისწინებს გამონაკლისსაც, თუმცა, ავალდებულებს დამმუშავებელს დანერგოს დამცავი მექანიზმები, მათ შორის ადამიანის ჩარევის, პოზიციის გამოხატვისა და გასაჩივრების უფლებები.[21] ევროპის საბჭოს მოდერნიზებული 108-ე კონვენციის (პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ 108-ე კონვენცია) მე-9 მუხლი განამტკიცებს მონაცემთა სუბიექტის უფლებას, არ დაექვემდებაროს მხოლოდ ავტომატურ დამუშავებაზე დაფუძნებულ, მისთვის მნიშვნელოვანი გავლენის მქონე გადაწყვეტილებას, და ასევე უზრუნველყოფს გამჭვირვალობის, გასაჩივრებისა და შესწორების უფლებებს.[22]<
6. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით დაცული სფერო
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, “ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება.” საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის დროულად და სამართლიანად განხილვის უფლება ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ქმნის კონსტიტუციური უფლებების ან/და კანონიერი ინტერესების დაცვის პროცესუალურ გარანტიას“.[23] საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, „საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მოთხოვნაა ღია, ანგარიშვალდებული, ეფექტიანი, მოქალაქეზე ორიენტირებული ადმინისტრაციული მმართველობის ჩამოყალიბება. კონსტიტუციის დასახელებული დებულება მოითხოვს, ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან გადაწყვეტილების იმგვარი პროცედურით მიღების წესის არსებობას, სადაც უზრუნველყოფილი იქნება პროცესის გამჭვირვალობა და მმართველობის სამართლიანობა. აუცილებელია, გადაწყვეტილების მიღების პროცედურის ფარგლებში მისაღები გადაწყვეტილების ბუნების გათვალისწინებით, უზრუნველყოფილი იყოს გადაწყვეტილების რაციონალურად, დროულად, გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე მიღების შესაძლებლობა. გადაწყვეტილების მიღების თანმიმდევრული, სამართლიანი და გამჭვირვალე პროცედურები, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რელევანტური გარემოებების მოკვლევა, საბოლოო ჯამში, სწორი, ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობას ემსახურება”.[24] ამავე გადაწყვეტილებით, „საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით განმტკიცებული სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლება უზრუნველყოფს კანონის უზენაესობის პრინციპის განმტკიცებას. სწორედ მმართველობის განხორციელების პროცესში ხდება მოქალაქეებისათვის სამართლებრივი ნორმების გაცნობა, განმარტება/გამოყენება. შესაბამისად, აუცილებელია მოქალაქეებთან ამგვარი დიალოგი, მათ მიმართ კანონების ინდივიდუალური აღსრულება და მათი კონკრეტიზაცია სამართლიანი პროცედურით ხდებოდეს. მოქალაქეებთან დაკავშირებული საქმეების სამართლიანად განხილვის ფარგლებში ადმინისტრაციულ ორგანოებს შეუძლიათ, გაზარდონ სამართლის რეპუტაცია და, ამ გზით, გააძლიერონ მის მიმართ საზოგადოების ნდობა”.[25] ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, „საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებაში ჩარევა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც სადავო ნორმა ზღუდავს საქმის ადმინისტრაციულ ორგანოში დროულ და სამართლიან განხილვასთან დაკავშირებულ პროცედურულ გარანტიებს.”[26] განსახილველ საქმეში სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ერთი მხრივ, უნდა გაანალიზოს, სადავო ნორმისა და მასთან დაკავშირებული დებულებების შინაარსი, ხოლო მეორე მხრივ, დაადგინოს ზღუდავს თუ არა გასაჩივრებული ნორმა ადმინისტრაციულ ორგანოში დროულ და სამართლიან განხილვასთან დაკავშირებულ რომელიმე პროცედურულ გარანტიას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2025 წლის 16 მაისის N2/2/1840 საოქმო ჩანაწერით საქმეზე „სიმონ ბულბულაშვილი და მამუკა სახიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ განიხილა ადმინისტრაციული აქტის გაცნობის ნორმატიული წესი. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ საქმეში დაადასტურა, რომ ადმინისტრაციული აქტის ჩაბარების/გაცნობის წესი წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართლებრივ პროცედურას. სასამართლომ ამავე დროს ჩამოაყალიბა წინამდებარე დავისათვის ფუნდამენტური სტანდარტი. “შესაბამისად, სხვადასხვა სამართლებრივი აქტის გაცნობის განსხვავებული პროცედურული მოწესრიგება, ამ პროცედურას ან აქტის გაცნობის ფორმას, თავისთავად, კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან შეუთავსებლად ვერ აქცევს. აქედან გამომდინარე, სამართლებრივი აქტის გაცნობის წესის არაკონსტიტუციურობის მტკიცებისას, მოსარჩელე მხარე ვალდებულია, წარმოაჩინოს, რომ სახელმწიფოს მიერ დადგენილი აქტის გაცნობის წესი არ არის გონივრული და, ჩვეულებრივ პირობებში, პირისათვის ობიექტურად რთული იქნება ამ აქტის გაცნობა, რაც ამ წესს აქცევს უსამართლოდ და შეზღუდავს პირის უფლებას სამართლიან ადმინისტრაციულ წარმოებაზე”.[27] ამრიგად, საკონსტიტუციო სასამართლომ თავად განსაზღვრა ადმინისტრაციული აქტის გაცნობის წესის კონსტიტუციურობის შეფასების ორი ურთიერთდაკავშირებული კრიტერიუმი - გონივრულობა და ჩვეულებრივ პირობებში აქტის გაცნობის ობიექტური შესაძლებლობა. გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, “საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით დაცული გარანტიები არ მოიცავს პირის უფლებას, მოითხოვოს მატერიალური უფლების შექმნა ან ფარგლების გაფართოება. იგი მხოლოდ არსებული უფლებებისა და ინტერესების ეფექტიანად დაცვის შესაძლებლობაზე მიუთითებს”.[28] განსახილველ შემთხვევაში სადავოა პროცედურული გარანტიების არსებობა, რომელიც პირს მისცემს შესაძლებლობას, ეფექტიანად დაიცვას საკუთარი უფლებები და კანონიერი ინტერესები ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში და მისი დასრულების შემდგომ. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამკისრებელი გადაწყვეტილების სათანადო გაცნობა არ არის ადმინისტრაციული წარმოების ფორმალური ან მეორეხარისხოვანი ელემენტი. მისი ფუნქციაა ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებასა და მის ადრესატს შორის ისეთი პროცედურული კავშირის შექმნა, რომელიც პირს მისცემს გადაწყვეტილების შინაარსის გაცნობის, პოზიციის ფორმირების, ვალდებულების შესრულების, დარღვევის აღმოფხვრის, ადმინისტრაციულ ორგანოსთან სამომავლო ურთიერთობისა და სამართლებრივი დაცვის საშუალებების გამოყენების რეალურ შესაძლებლობას. შესაბამისად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამკისრებელი გადაწყვეტილების სათანადო გაცნობა ექცევა კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროში. წინამდებარე საქმეში ადმინისტრაციული ორგანო ადგენს ექსკლუზიურ სამართლებრივ ნორმას, რომლის მიხედვითაც გადაწყვეტილება/ელექტრონული საჯარიმო ქვითარი დამსაქმებელს ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარედგინება და იგი დამსაქმებლისათვის გაცნობილად ითვლება ელექტრონულ სისტემაში დამსაქმებლის ელექტრონულ გვერდზე ასახვისთანავე. დამსაქმებლის ელექტრონულ გვერდზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განთავსება ნიშნავს იმას, რომ ინფორმაცია გარკვეულ ელექტრონულ სივრცეში ხელმისაწვდომია. თუმცა, ეს გარემოება თავისთავად არ ნიშნავს, რომ ადრესატს მიეწოდა ინფორმაცია ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის არსებობის ან/და წინასწარ განსაზღვრულ ელექტრონულ პორტალზე მისი ატვირთვის შესახებ. პირს შეიძლება ჰქონდეს სისტემაში შესვლის ტექნიკური შესაძლებლობა და, მიუხედავად ამისა, ობიექტურად არ იცოდეს, რომ მის ელექტრონულ გვერდზე ახალი ადმინისტრაციული გადაწყვეტილებაა განთავსებული. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული წარმოება იწყება ავტომატურად, პირისაგან დამოუკიდებლად და მისთვის წინასწარი ინდივიდუალური ინფორმაციის მიწოდების გარეშე. ამიტომ, ელექტრონული სისტემის რეგულარულად შემოწმების ტექნიკური შესაძლებლობა ვერ იქნება ავტომატურად გათანაბრებული კონკრეტული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ სამართლებრივი აქტის არსებობის შესახებ ინფორმაციის გაცნობის წესთან. სწორედ აქ უნდა გაიმიჯნოს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და პირის ინფორმირება/გაცნობა. ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა ნიშნავს შესაძლებლობას, რომ პირმა საკუთარი ინიციატივით მოძებნოს ინფორმაცია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ინფორმაციაზე წვდომის „უფლება გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, შექმნას შესაბამისი გარანტიები, რათა შესაძლებელი გახადოს საჯარო საკითხებთან დაკავშირებით მოქალაქის ინფორმირებულობა. სახელმწიფოს ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობას აძლევს, გამოიკვლიოს მისთვის საინტერესო საჯარო მნიშვნელობის საკითხები, დასვას კითხვები, განიხილოს, რამდენად ადეკვატურად ხორციელდება საჯარო ფუნქციები და თავად იყოს საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილებების მიღებისა და იმპლემენტაციის პროცესის აქტიური მონაწილე“.[29] გაცნობის წესი კი გულისხმობს სახელმწიფოს მიერ ისეთი მექანიზმის შექმნას, რომელიც გონივრულად უზრუნველყოფს ადრესატის ინფორმირებას მის მიმართ მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილების არსებობაზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით “ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა, როგორც ადმინისტრაციული წარმოების ფინალი, წარმოების დამაგვირგვინებელი სტადია, არის მხარისათვის აქტის ძალაში შესვლის პირობა (სზაკ-ის 54-ე მუხ.), ხოლო აქტის ძალაში შესვლის მომენტის დადგენა არის ადმინისტრაციული საჩივრის და სარჩელის წარდგენისათვის კანონით დადგენილი ვადის ათვლის პირობა. სწორედ აქტის ძალაში შესვლის ანუ მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე იწყება მისი გასაჩივრების ვადების ათვლა. შეუძლებელია პირს მოეთხოვოს მისთვის ჯერ კიდევ უცნობი აქტის შესრულება და გასაჩივრება. ადმინისტრაციულ წარმოებაში ვადების ათვლის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სზაკ-ის 94.2 მუხლი დამატებით ადგენს, რომ დაინტერესებული მხარე ვალდებულია დაიცვას დადგენილი ვადა, რომლის დინება დაიწყება მხოლოდ დაინტერესებული მხარისათვის შესაბამისი დოკუმენტის ან ინფორმაციის გადაცემის ან ამ ინფორმაციის გამოქვეყნების დღიდან. იმ შემთხვევაში, როდესაც აქტის ადრესატისათვის ინდივიდუალური გაცნობა სირთულეებთან ან დიდ ფინანსურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული, შესაძლებელია სზაკ-ით გათვალისწინებული აქტის ოფიციალური გაცნობის ერთ-ერთი სახეობის (კერძოდ, აქტის გადაცემა (58-ე მუხ.), გამოქვეყნება შესაბამისი ორგანოს ბეჭდვით ორგანოში (56-ე მუხ.), საჯაროდ გამოცხადება (57-ე მუხ.)) გამოყენება”.[30] საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით “სამართალურთიერთობებში მოქმედებს კანონის ცოდნის პრეზუმფცია, იგულისხმება, რომ პირმა იცის მოქმედი კანონმდებლობა, იგულისხმება, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და პროცედურების დაცვით შემუშავებული, სახელმწიფო ენაზე არაბუნდოვნად შედგენილი, ოფიციალურად გამოქვეყნებული, გაცნობისათვის ხელმისაწვდომი შესასრულებლად სავალდებულო ქცევის ზოგადი წესის შესახებ ინფორმაცია მოქალაქეთათვის ცნობილია, აღნიშნული დამატებით მტკიცებას არ საჭიროებს, ხოლო ასეთი ნორმის არცოდნაზე მითითება არ ათავისუფლებს პირს სამართლებრივი შედეგებისგან”[31]. შესაბამისად, კანონის ცოდნის პრეზუმფციიდან გამომდინარე ივარაუდება, რომ დამსაქმებელი ვალდებულია იცნობდეს მოქმედ კანონმდებლობას და შესაბამისად, უნდა იცოდეს, რომ ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ელექტრონულ სისტემაში განთავსებისთანავე გაცნობილად ითვლება. თუმცა, კანონის ცოდნის ვალდებულება თავისთავად ვერ ჩაითვლება კონკრეტული ინდივიდუალური ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამკისრებელი აქტის ფაქტობრივი არსებობის ცოდნად. პირმა შეიძლება სრულად იცოდეს, რომ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში გადაწყვეტილება/ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ავტომატურად გენერირდება, თუმცა, აქედან არ გამომდინარეობს, რომ იგი ფლობს ინფორმაციას, კონკრეტულად როდის დადგა დარღვევა, როდის გამოიცა მის მიმართ კონკრეტული ადმინისტრაციული სახდელი და რა შინაარსის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიხედვით, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია, რომ კონსტიტუციით გარანტირებული უფლების შემზღუდველი ნებისმიერი ნორმა იყოს ზუსტი, მკაფიო, არაორაზროვანი და განჭვრეტადი, რომელიც უპასუხებს კანონის განსაზღვრულობის მოთხოვნას.[32] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთ საქმეში აღნიშნა, რომ ნორმის განჭვრეტადობა მის ისეთ ზუსტ ფორმულირებას გულისხმობს, რომლის გაგებაც ადამიანს სპეციალისტის დახმარების გარეშე შეუძლია.[33] ასევე, „შეზღუდვა „კანონით გათვალისწინებულად“ ვერ ჩაითვლება იმგვარ შემთხვევაში, როდესაც ჩარევა, მართალია, კანონს ეფუძნებოდა, მაგრამ ეს კანონი არ იყო საკმარისად განჭვრეტადი”.[34] ფორმალურად არსებული პროცედურული შესაძლებლობა კონსტიტუციურად არასაკმარისია, თუ სამართლებრივი სისტემა მას ისეთ პირობებს უკავშირებს, რომ პირისათვის მისი რეალური გამოყენება ობიექტურად შეუძლებელი ან არაგონივრულად რთული ხდება. შესაბამისად, თუ სამართლებრივი სისტემა აქტს ავტომატურად „გაცნობილად“ მიიჩნევს, თუმცა გაცნობის წესი ჩვეულებრივ პირობებში არ ქმნის გადაწყვეტილების არსებობის შესახებ ინფორმაციის რეალურად მიღების გონივრულ შესაძლებლობას, სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების კონსტიტუციური უფლებით გათვალისწინებული პროცედურული გარანტია ვერ ჩაითვლება პრაქტიკულად გამოსადეგად. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს რომ “...იმ პირის უფლებების დაცვის/აღდგენის სამართლებრივი ინტერესი, რომელმაც არ იცოდა მის მიმართ მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ, გადაწონის, როგორც მეორე მხარის უფლებას, სასამართლო გადაწყვეტილების საბოლოობაზე, ისე საჯარო ინტერესს განჭვრეტად და სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვასთან დაკავშირებით.”[35]
6.1 ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის პრევენციული ფუნქცია
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება არ ემსახურება მხოლოდ უკვე ჩადენილი სამართალდარღვევისათვის სახდელის დაკისრებას. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას და გამოიყენება სამართალდამრღვევის კანონების დაცვისა და საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით აღსაზრდელად, აგრეთვე როგორც თავად სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის თავიდან აცილების მიზნით. ამავე კოდექსის მე-7 მუხლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილებას სახელმწიფოს საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებად განსაზღვრავს და სახელმწიფო ორგანოებს აკისრებს მათი პრევენციის, სამართალდარღვევის ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებების განხორციელებას. ამდენად, თავად კანონმდებლობა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას უკავშირებს არა მხოლოდ უკვე ჩადენილ სამართალდარღვევაზე რეაგირებას, არამედ შემდგომი სამართალდარღვევების პრევენციასა და პირის ქცევის სამართლებრივ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, “ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების მთავარ მიზანს წარმოადგენს არა სუბიექტის დასჯა, არამედ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენით გამოწვეული უარყოფითი შედეგების აღმოფხვრა/გამოსწორება, პრევენციული და აღმზრდელობითი ღონისძიებების განხორციელება, რათა შემდგომში თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი გადაცდომა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ამოცანას შეადგენს საკუთრების, მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და პირადი უფლებებისა და თავისუფლებების, სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, სამართალდარღვევათა თავიდან აცილების უზრუნველყოფა.”[36] ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების პრევენციული დანიშნულება განხილულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაშიც. სასამართლოს განმარტებით, “ამასთანავე, სისხლის, ადმინისტრაციული სამართლისა თუ სხვა სფეროს მომწესრიგებელი კანონებით გათვალისწინებული ღონისძიება სასჯელად უნდა შეფასდეს იმ შემთხვევაში, თუ იგი მიმართულია პირის დასჯისა და სასჯელის სხვა მიზნების (მაგ., დანაშაულის პრევენცია, დამნაშავის რესოციალიზაცია და ა. შ.) მიღწევისაკენ”.[37] ამავე თვალსაზრისით, საკონსტიტუციო სასამართლო ადმინისტრაციული ჯარიმის ეფექტიანობას მის პრევენციულ ფუნქციასაც უკავშირებს - “ამ კონტექსტში, იმისათვის, რათა ჯარიმამ, როგორც ადმინისტრაციულმა სახდელმა, პრევენციული ფუნქცია შეასრულოს, იგი ფინანსური თვალსაზრისით, გარკვეული ხარისხის ზემოქმედებას უნდა ახდენდეს სამართალდამრღვევზე. ამდენად, კანონმდებელი უფლებამოსილია, საზოგადოებისათვის ზიანის მიყენების რესურსის მქონე, დასაცავი სიკეთის გათვალისწინებით, პრიორიტეტულ სამართალდარღვევებთან ბრძოლის სტრატეგიის ფარგლებში განსაზღვროს ეფექტიანი სანქციები.” [38] ამდენად, თავად კანონმდებლობა და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა ადმინისტრაციულ სახდელს უკავშირებს არა მხოლოდ უკვე ჩადენილ სამართალდარღვევაზე რეაგირებას, არამედ პირის შემდგომ ქცევაზე ზემოქმედებასა და ახალი სამართალდარღვევის პრევენციასაც. იმისათვის, რომ ადმინისტრაციულმა სახდელმა აღნიშნული ფუნქცია პრაქტიკაში შეასრულოს, სამართალდამრღვევს უნდა ჰქონდეს ობიექტური შესაძლებლობა, გაეცნოს მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ აქტს. პირისათვის უცნობი სახდელი ვერ მოახდენს მის ქცევაზე იმ ზემოქმედებას, რომელსაც კანონმდებელი ადმინისტრაციული სახდელის გამოყენებას უკავშირებს. სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 7 მაისის N3 ბრძანების „საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის და საურავის დაკისრების, აღსრულების და შესაბამისი კომუნიკაციის წესის“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით განმეორებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიიჩნევა დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობა, თუ ასეთი შეუსრულებლობისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებიდან არ არის გასული 12 თვე. შესაბამისად, საპენსიო ფონდს 12 თვის განმავლობაში ყოველთვიურად შეუძლია განმეორებითი დარღვევის გამო დაჯარიმება. ამდენად, თუ პირი სადავო ნორმის საფუძველზე არსებული მოწესრიგებით უკვე „გაცნობილია“ პირველი სანქციის შესახებ აქტს, თუმცა რეალურად არ გააჩნია ინფორმაცია მისი არსებობის თაობაზე, მას არ ეძლევა პირველად დაკისრებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საფუძველზე საკუთარი ქცევის შეცვლისა და შემდგომი სამართალდარღვევის თავიდან აცილების რეალური შესაძლებლობა. ასეთ პირობებში განმეორებითი პასუხისმგებლობა შეიძლება წარმოიშვას ისე, რომ პირველი სანქციის პრევენციული ფუნქცია საერთოდ ვერ განხორციელდეს.
7. თანაზომიერების პრინციპი
სადავო ნორმით საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროში ჩარევის დადგენა თავისთავად არ ნიშნავს მის არაკონსტიტუციურობას. უნდა შეფასდეს ემსახურება თუ არა შეზღუდვა ლეგიტიმურ მიზანს და არის თუ არა გამოყენებული საშუალება ამ მიზნის თანაზომიერი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ „ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია.”[39] ლეგიტიმური მიზნის არსებობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს, ამასთან გამოყენებული საშუალება უნდა შეესაბამებოდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევას და პრაქტიკაში შესაძლებელს ხდიდეს მას. თუმცა, აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი მეთოდის გამოყენებაა შესაძლებელი დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. აუცილებელია, რომ გამოყენებული მეთოდი იყოს ყველაზე ნაკლებად შემზღუდველი.[40] ამასთან, უნდა არსებობდეს “სამართლიანი ბალანსი მისაღწევ და დაცულ ინტერესებს შორის”.[41]
ამა თუ იმ ღონისძიების გამოსადეგობაზე მსჯელობისას საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად არსებობს ლოგიკური კავშირი „დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმებით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმას შორის – რამდენად იძლევა სადავო ნორმები დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას.“[42] თანაზომიერების კონსტიტუციური პრინციპის მოთხოვნაა, რომ ლეგიტიმური მიზნის მიღწევის საშუალება იყოს უფლების შეზღუდვის აუცილებელი, ვიწროდ მიმართული საშუალება”.[43] იმავდროულად, „გამოსადეგობასთან ერთად, შემზღუდველი ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს შეზღუდვის აუცილებელ (ყველაზე ნაკლებადმზღუდელ) საშუალებას.“[44] აღნიშნული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აუცილებელია „არ არსებობდეს ნაკლებად შემზღუდველი საშუალებით აღნიშნული ლეგიტიმური მიზნის იმავე ეფექტურობით მიღწევის გონივრული შესაძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ ღონისძიება იმაზე მეტად ზღუდავს უფლებას, ვიდრე ობიექტურად აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის რეალიზაციისათვის, რაც თანაზომიერების პრინციპის საწინააღმდეგოა”.[45]
სადავო რეგულირება შეიძლება ემსახურებოდეს ადმინისტრაციული წარმოების სისწრაფეს, მოქნილობას, ადმინისტრაციული რესურსების ეკონომიას, კომუნიკაციის ხარჯების შემცირებას, პროცესების ავტომატიზაციას, საპენსიო შენატანებთან დაკავშირებული ვალდებულებების ეფექტიან კონტროლსა და აღსრულებას. ამასთან, სახელმწიფოს მხრიდან არსებობს ლეგიტიმური მიზანი და საჯარო ინტერესი სწრაფ მართლმსაჯულებაზე, რომ საქმის განხილვისა და გასაჩივრების ვადების არსებობა ემსახურებოდეს მნიშვნელოვან ლეგიტიმურ ინტერესს - “საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების გზით გადასახადის დროულად გადახდევინების უზრუნველყოფას.”[46] შესაბამისად, შეფასებას საჭიროებს, წარმოადგენს თუ არა გადაწყვეტილების/ელექტრონული საჯარიმო ქვითრის დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის ელექტრონულ გვერდზე ასახვისთანავე გაცნობილად მიჩნევა აღნიშნული მიზნების მიღწევის გამოსადეგ, აუცილებელ და ვიწრო გაგებით პროპორციულ საშუალებას.უპირველესად, უნდა შეფასდეს, რამდენად არის სადავოო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა გამოსადეგი დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. კერძოდ, „თანაზომიერების პრინციპი მოითხოვს, რომ უფლების შემზღუდველი ნორმით გათვალისწინებული ღონისძიება წარმოადგენდეს ლეგიტიმური საჯარო მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებას.”[47] გამოსადეგობის შეფასებისას ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს გადაწყვეტილების/ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ელექტრონულ სისტემაში განთავსება და მისი განთავსებისთანავე გაცნობილად მიჩნევა. მოსარჩელე პირველ მათგანს არ ასაჩივრებს. გადაწყვეტილების ავტომატური გენერირება და ელექტრონულ სისტემაში განთავსება უდავოდ ხელს უწყობს ადმინისტრაციული წარმოების სისწრაფესა და მოქნილობას, ამცირებს ადმინისტრაციულ დანახარჯებს და შესაძლებელს ხდის დარღვევებზე ოპერატიულ რეაგირებას. აღნიშნული მიზნების მისაღწევად უდავოდ გამოსადეგია საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული და ავტომატიზებული სისტემა. გადაწყვეტილების/ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ავტომატურად გენერირება და დამსაქმებლის ელექტრონულ გვერდზე განთავსება ამცირებს ადმინისტრაციულ დანახარჯებს, აჩქარებს წარმოებას და ხელს უწყობს დარღვევების დროულ გამოვლენას. თუმცა, აღნიშნული გარემოება თავისთავად არ ადასტურებს, რომ იმავე მიზნების მიღწევას ემსახურება სადავო რეგულირების ის კონკრეტული კომპონენტიც, რომლის თანახმადაც, გადაწყვეტილება/ელექტრონული საჯარიმო ქვითარი გაცნობილად დამსაქმებლის ელექტრონულ გვერდზე ასახვისთანავე მიიჩნევა. სადავოა სწორედ ის სამართლებრივი ნორმა, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამკისრებელი გადაწყვეტილება მისი ელექტრონულ გვერდზე ასახვისთანავე მიიჩნევა გაცნობილად, მიუხედავად იმისა, გაეცნო თუ არა ადრესატი მას. თუნდაც მიჩნეულ იქნეს, რომ გადაწყვეტილების/ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ასახვისთანავე გაცნობილად მიჩნევა ადმინისტრაციული წარმოების ეფექტიანობისა და საპენსიო ვალდებულებების აღსრულების მიზნებთან გარკვეულ რაციონალურ კავშირს მაინც ავლენს და გამოსადეგობის მინიმალურ მოთხოვნას აკმაყოფილებს, სადავო რეგულირება ვერ აკმაყოფილებს აუცილებლობის მოთხოვნას. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების სისწრაფე და საპენსიო შენატანების დროული განხორციელების უზრუნველყოფა არ წარმოადგენს თვითმიზანს. მითითებული ინტერესები საბოლოოდ ემსახურება დაგროვებითი საპენსიო სისტემის იმ ზოგადი სოციალური და ეკონომიკური მიზნების განხორციელებას, რომელთა მისაღწევადაც შეიქმნა აღნიშნული სისტემა. კერძოდ, “დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის განმარტებითი ბარათის თანახმად, რეფორმის მიზნებს შორისაა მოქალაქისათვის ინდივიდუალური საპენსიო დანაზოგის შექმნის შესაძლებლობის უზრუნველყოფა, საპენსიო ასაკში შემოსავლის ჩანაცვლების კოეფიციენტის ზრდა, საპენსიო სისტემის გრძელვადიანი ფისკალური მდგრადობის ხელშეწყობა და საპენსიო ფონდში აკუმულირებული გრძელვადიანი რესურსის მეშვეობით კაპიტალის ბაზრის განვითარება. შესაბამისად, საპენსიო შენატანების დროული და ეფექტიანი ადმინისტრირება საბოლოო ჯამში სწორედ აღნიშნული საჯარო მიზნების სათანადოდ განხორციელებას უნდა ემსახურებოდეს. ამდენად, სახეზე გვაქვს როგორც სადავო რეგულირების უშუალო მიზნების (ადმინისტრაციული წარმოების ეფექტიანობისა და საპენსიო შენატანების დროული აღსრულების), ისე მათი მეშვეობით მისაღწევი საბოლოო საჯარო მიზნების ლეგიტიმურობა. აუცილებლობის ნაწილში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ უფლების ნაკლებად მზღუდავი მექანიზმი თავად N3 ბრძანებით არის გათვალისწინებული. ბრძანების მე-14 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტები ფონდის მიერ გამოცემული სხვა ბრძანებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებისა და შეტყობინებების მიმართ ადგენს გაცნობის ზოგად წესს. კერძოდ, დოკუმენტი ადრესატს წარედგინება “ა) ელექტრონული სისტემის მეშვეობით; ბ) იმ შემთხვევაში, თუ ადრესატი არ არის რეგისტრირებული ელექტრონულ სისტემაში, ელექტრონული კომუნიკაციის ნებისმიერი სხვა საშუალებით, მათ შორის, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მეშვეობით; გ) ფოსტის მეშვეობით, ადრესატის ფონდისთვის ცნობილ იურიდიულ/რეგისტრაციის/ფაქტობრივ მისამართზე, იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საშუალებით გაგზავნა/წარდგენა. ელექტრონული წარდგენის შემთხვევაში დოკუმენტი გაცნობილად მიიჩნევა მისი მიღების დადასტურების დღეს ან შესაბამის ელექტრონულ სივრცეში განთავსებიდან მე-10 კალენდარულ დღეს, ხოლო ფოსტით ჩაბარების შეუძლებლობის შემთხვევაში გათვალისწინებულია მისი განმეორებით გაგზავნაც”. ამის საპირისპიროდ, მე-14 მუხლის მე-5 პუნქტი სწორედ აღნიშნული ზოგადი წესიდან ადგენს გამონაკლისს და ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შემთხვევაში დამსაქმებელს გადაწყვეტილებას გაცნობილად უთვლის ელექტრონულ გვერდზე მისი ასახვისთანავე. ამდენად, ნაკლებად მზღუდავი ალტერნატივის არსებობა ჰიპოთეტური არ არის და თავად საპენსიო ფონდი სხვა ადმინისტრაციული დოკუმენტების მიმართ იყენებს ისეთ მექანიზმს, რომელიც ინარჩუნებს ელექტრონული ადმინისტრირების ეფექტიანობას და, ამავდროულად, ადრესატს გაცნობის დამატებით პროცედურულ გარანტიებსაც ანიჭებს. შესაბამისად, არ იკვეთება, რატომ არის აუცილებელი სწორედ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამკისრებელი ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შემთხვევაში უფრო მკაცრი წესის გამოყენება და მისი ელექტრონულ გვერდზე ასახვისთანავე გაცნობილად მიჩნევა. სადავო რეგულირება პრობლემურია ვიწრო გაგებით პროპორციულობის თვალსაზრისითაც. გარდა გამოსადეგობისა და აუცილებლობისა, აგრეთვე, უნდა გამოირკვეს სადავო ნორმით დადგენილი რეგულირების ფარგლებში დაცული ინტერესი, საკუთარი მნიშვნელობით, აღემატება თუ არა შეზღუდულ ინტერესს. აღნიშნულ ეტაპზე თანაზომიერების ტესტის პროპორციულობის ვიწრო გაგების კომპონენტი მოითხოვს, რომ “უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა დაადგინოს სამართლიანი ბალანსი შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის“.[48] ერთი მხრივ, სახელმწიფო იღებს ადმინისტრაციული ოფიციალური გაცნობის წესის მაქსიმალურად გამარტივებულ მოდელს, როდესაც დოკუმენტის ელექტრონულ სისტემაში განთავსებით გაცნობის პროცედურა დასრულებულად ითვლება, მეორე მხრივ, კი ამ სიმარტივით გამოწვეული რისკი არსებითად “სამართალდამრღვევზე” გადადის. მაშინ, როდესაც გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის დროულად ვერგაგებას შესაძლებელია მოჰყვეს დარღვევის გაგრძელება, განმეორებითი პასუხისმგებლობა, იძულებითი აღსრულება და სამართლებრივი დაცვის საშუალებების დროულად გამოყენების შესაძლებლობის მოსპობა. ამგვარი შედეგების სიმძიმე ვერ დაბალანსდება მხოლოდ იმ ადმინისტრაციული უპირატესობით, რომელსაც სახელმწიფო ელექტრონული საჯარიმო ქვითრის დაუყოვნებლივ გაცნობილად მიჩნევით იღებს, მით უფრო მაშინ, როდესაც თავად მოქმედი რეგულაცია სხვა ადმინისტრაციული დოკუმენტებისათვის უკვე ითვალისწინებს ნაკლებად მზღუდავ და ელექტრონულ ადმინისტრირებასთან თავსებად გაცნობის მექანიზმს. ამდენად, სადავო რეგულირება ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის აუცილებლობისა და ვიწრო გაგებით პროპორციულობის მოთხოვნებს. ადმინისტრაციული წარმოების ეფექტიანობისა და საპენსიო შენატანის ვალდებულებების აღსრულების ლეგიტიმური ინტერესების მიღწევა შესაძლებელია ისეთი წესითაც, რომელიც, ერთი მხრივ, შეინარჩუნებს ელექტრონული ადმინისტრირების უპირატესობებს, ხოლო, მეორე მხრივ, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ადრესატს მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების ეფექტიანად გაცნობის გონივრულ შესაძლებლობას შეუქმნის. შესაბამისად, სადავო ნორმით დადგენილი წესი არაპროპორციულად ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლებას.
8. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტის მნიშვნელობა
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადმინისტრაციული და სასამართლო გადაწყვეტილებების სათანადო შეტყობინების, გადაწყვეტილების ეფექტიანად გაცნობისა და სამართლებრივი დაცვის საშუალების პრაქტიკული გამოყენების საკითხებს კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ფარგლებში განიხილავს. საქმეში Stichting Landgoed Steenbergen and Others v. the Netherlands სასამართლომ ადმინისტრაციული გადაწყვეტილების მხოლოდ ელექტრონული საშუალებით გამოქვეყნების შესაბამისობა შეაფასა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლებასთან მიმართებით. სასამართლოს განმარტებით, „კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება მოიცავს ადმინისტრაციული და სასამართლო გადაწყვეტილებების შესახებ სათანადო შეტყობინების მიღების უფლებას, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ შემთხვევებში, როდესაც გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია განსაზღვრულ ვადაში“.”[49] ამავე გადაწყვეტილებაში სასამართლომ განმარტა, რომ როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს უშუალოდ დაინტერესებულ პირებზე, „აუცილებელია არსებობდეს სისტემა, რომელიც ასეთ პირებს შესაძლებლობას მისცემს, დროულად შეიტყონ ამგვარი გადაწყვეტილების შესახებ“. ამასთან, გადაწყვეტილება ან მის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა გახდეს წინასწარ განსაზღვრული და საჯაროდ ცნობილი წესით, რომელიც ადვილად ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირებისათვის. სასამართლომ მხოლოდ ელექტრონული საშუალებების გამოყენებაც პრინციპულად დასაშვებად მიიჩნია, თუმცა ეს დასაშვებობა დაუკავშირა საკმარისი გარანტიების არსებობას, რომლებიც ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს: “იმ პირობით, რომ ასეთი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად არსებობს საკმარისი გარანტიები, მხოლოდ ელექტრონული საშუალებებით გამოქვეყნების სისტემის არჩევა, პრინციპში, სახელმწიფოს შეფასების თავისუფლების ფარგლებში ექცევა.”[50] ევროპულმა სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა მხოლოდ ელექტრონული შეტყობინების თანმდევ რისკებზე და აღნიშნა, “მიუხედავად ამისა, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ მხოლოდ ელექტრონული საშუალებებით საზოგადოებისათვის იმ გადაწყვეტილებების შესახებ შეტყობინების პრაქტიკა, რომლებმაც შესაძლოა მათზე გავლენა მოახდინოს და რომელთა მიმართაც მათ შეიძლება სურდეთ პრეტენზიის წარდგენა ან გასაჩივრება, შეიცავს რისკს, რომ ასეთი ინფორმაცია ვერ მიაღწევს იმ მოქალაქეებამდე, რომლებსაც ინტერნეტზე წვდომა არ აქვთ ან არ გააჩნიათ კომპიუტერის გამოყენების სათანადო უნარები.” ამ კონკრეტულ საქმეში სასამართლომ მხედველობაში მიიღო ნიდერლანდებში ინტერნეტის განსაკუთრებით მაღალი ხელმისაწვდომობაც და საბოლოოდ დარღვევა არ დაადგინა.[51] აღნიშნული პრაქტიკიდან გამომდინარეობს, რომ ადმინისტრაციული გადაწყვეტილების ელექტრონული ფორმით ხელმისაწვდომობა თავისთავად არ გამორიცხავს მისი გაცნობის კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტიების შეფასების აუცილებლობას. გადამწყვეტია, ქმნის თუ არა სახელმწიფოს მიერ არჩეული სისტემა საკმარის გარანტიებს იმისათვის, რომ სუბიექტს ჰქონდეს გადაწყვეტილების შესახებ დროულად შეტყობისა და შესაბამისი სამართლებრივი დაცვის საშუალებების ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობა. საქმეში Marina Aucanada Group S.L. v. Spain სასამართლომ ყურადღება გაამახვილა დაინტერესებული პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობაზეც და აღნიშნა, რომ შეტყობინების სისტემამ უნდა უზრუნველყოს ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების „მკაფიო, პრაქტიკული და ეფექტიანი შესაძლებლობა“, ხოლო როდესაც დაინტერესებული პირების ვინაობა ადმინისტრაციული ორგანოსათვის სრულად ცნობილია, შეტყობინების გამოყენებული მექანიზმის საკმარისობა სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით უნდა შეფასდეს.[52] ამავე საქმეში ევროპული სასამართლო ითვალისწინებს თავად დაინტერესებული პირის სათანადო გულისხმიერების ვალდებულებასაც და აღნიშნავს, რომ “განმცხადებელს თავისი უმოქმედობითა და სათანადო გულისხმიერების გამოუჩენლობით შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს სადავო მდგომარეობის წარმოშობაში, რომლის თავიდან აცილებაც მას შეეძლო”[53], თუმცა ამგვარი შეფასება კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებს ეფუძნება.[54] ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა ერთმანეთისაგან განასხვავებს ინფორმაციის ფორმალურ ხელმისაწვდომობასა და ეფექტიან შეტყობინებას. საქმეში Zavodnik v. Slovenia სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რამდენად რეალისტური იყო დაინტერესებული პირისაგან იმ საინფორმაციო წყაროების რეგულარული კონტროლის მოთხოვნა, რომლებშიც შესაბამისი ინფორმაცია ქვეყნდებოდა. სასამართლოს განმარტებით, „არარეალისტური იქნებოდა განმცხადებლისგან იმის მოლოდინი, რომ მას რეგულარულად შეემოწმებინა მისი საცხოვრებელი ადგილიდან განსხვავებულ ქალაქში მდებარე სასამართლოს განცხადებების დაფა ან მოეხერხებინა ოფიციალური გაზეთის ყველა ნომრის გაცნობა”.[55] ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ “მოცემული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს არ შეუძლია მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ განმცხადებელს ჰქონდა სამართლიანი შესაძლებლობა, სცოდნოდა ქონების განაწილების შესახებ გამართული მოსმენის თაობაზე და რომ პროცესში მისი მონაწილეობის მიუღებლობა მის მიერ სათანადო გულისხმიერების გამოუჩენლობით იყო გამოწვეული.”[56]
9. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, ხოლო საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, სასამართლოსადმი მიმართვის უფლება ინსტრუმენტული ხასიათისაა და ემსახურება პირის მატერიალური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ეფექტიან დაცვას. უფლებით სრულად სარგებლობის უმნიშვნელოვანესი გარანტია მისი სასამართლოში დაცვის შესაძლებლობაა: “„სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს…თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ“.[57] ამასთანავე, ბუნებრივია, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებული უფლება არ შემოიფარგლება მხოლოდ სასამართლოსადმი ფორმალურად მიმართვის შესაძლებლობით. „საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით უზრუნველყოფილია სასამართლოსადმი ეფექტიანი, ქმედითი ხელმისაწვდომობის უფლება, რაც პირის უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტიაა და იცავს მას უკანონო ან/და დაუსაბუთებელი სასამართლო გადაწყვეტილებების შედეგად უფლების დარღვევისაგან“[58]. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სასამართლოსადმი მიმართვის უფლება ფორმალურად სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, ხოლო შინაარსობრივად ადამიანის უფლებების სრულყოფილ სამართლებრივ დაცვას უზრუნველყოფს - “სრულყოფილი დაცვა, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს კანონმდებლის ვალდებულებას, შექმნას ისეთი ნორმატიული წესრიგი, რომელიც უზრუნველყოფს პირის უფლებას დროულ, სამართლიან და ეფექტიან სასამართლოზე, რათა პირმა სრულყოფილად შეძლოს მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა სასამართლოსადმი მიმართვის გზით“.[59] ასევე, სამართლიანი სასამართლოს უფლება შეიძლება შეიზღუდოს მაშინაც, როდესაც კანონმდებლობა ფორმალურად ითვალისწინებს უფლების რეალიზებისა და მისი დაცვის შესაძლებლობას, თუმცა სხვადასხვა ხელშემშლელი ფაქტორის გამო მისი ეფექტიანი და ქმედითი განხორციელება შეუძლებელი ხდება - “მოქმედი კანონმდებლობა ფორმალურად ახდენს უფლების რეალიზაციის რეგლამენტირებას, მაგრამ სხვადასხვა ხელშემშლელი ფაქტორების გამო მისი ეფექტიანი, ქმედითი განხორციელება ვერ ხდება”.[60] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გასაჩივრების უფლება ასრულებს პრევენციულ ფუნქციას და, ერთი მხრივ, წარმოადგენს უფლების დაცვის ეფექტიან მექანიზმს და უზრუნველყოფს შესაძლო შეცდომების თავიდან აცილებას, ხოლო, მეორე მხრივ, ქმნის დაშვებული შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობას”.[61] გასაჩივრების უფლების ეფექტიანი რეალიზების აუცილებელი წინაპირობაა პირის ინფორმირება იმ გადაწყვეტილების არსებობის შესახებ, რომლის გასაჩივრებაც მას შეუძლია. შეუძლებელია პირმა ეფექტიანად გაასაჩივროს გადაწყვეტილება, რომლის არსებობის შესახებაც მან არ იცის.
10. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტისა და 31-ე მუხლის პირველი პუნქტის ურთიერთმიმართება
წინამდებარე საქმეში საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ფარგლებში დავის საგანია თავად ადმინისტრაციული პროცედურის სამართლიანობა, რამდენად შეესაბამება სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების მოთხოვნებს წესი, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამკისრებელი გადაწყვეტილება/ელექტრონული საჯარიმო ქვითარი დამსაქმებლისთვის გაცნობილად მიიჩნევა ელექტრონულ გვერდზე ასახვისთანავე, მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა მას გადაწყვეტილების არსებობის შესახებ ინფორმაციის ეფექტიანად შეტყობის რეალური შესაძლებლობა. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით კი სადავო ნორმის პრობლემურობა მისი თანმდევი სამართლებრივი შედეგიდან გამომდინარეობს. სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 7 მაისის N3 ბრძანებით დამტკიცებული “საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის და საურავის დაკისრების, აღსრულების და შესაბამისი კომუნიკაციის წესის” დანართი №2 განსაზღვრავს ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმას. აღნიშნული დანართის მე-9 პუნქტი, ერთი მხრივ, დამსაქმებელს ანიჭებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებებს, ხოლო, მეორე მხრივ, პირდაპირ ადგენს, რომ ელექტრონული საჯარიმო ქვითრის გასაჩივრება შესაძლებელია საპენსიო ფონდში ან სასამართლოში “მისი გაცნობის (ელექტრონულ სისტემაში განთავსების) დღიდან ერთი თვის ვადაში”. საყურადღებოა, რომ გასაჩივრების მოცემულ მექანიზმს საპენსიო ფონდში გასაჩივრების უფლება/შესაძლებლობა დაემატა სსიპ-საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის 2026 წლის 6 ივლისის №13 ბრძანებით განსაზღვრული ცვლილებით. შესაბამისად, ცვლილებამდე არსებული მდგომარეობა გასაჩივრების მექანიზმად მხოლოდ სასამართლო გზას განიხილავდა.[62] ამდენად, მოქმედი მოწესრიგება ერთმანეთთან უშუალოდ აკავშირებს ელექტრონულ სისტემაში გადაწყვეტილების/ელექტრონული საჯარიმო ქვითრის განთავსებას, მის გაცნობილად მიჩნევასა და სასამართლოში გასაჩივრების ვადის დაწყებას. შესაბამისად, თუ დამსაქმებელმა გადაწყვეტილების არსებობის შესახებ ფაქტობრივად მოგვიანებით შეიტყო, სასამართლოსადმი მიმართვისათვის მისთვის რეალურად ხელმისაწვდომი დრო მცირდება, ასევე შესაძლებელია, რომ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მიღების მომენტისათვის გასაჩივრების ვადა უკვე სრულად იყოს გასული. აღნიშნულ გარემოებას დამატებით მნიშვნელობას ანიჭებს ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შეუსრულებლობის სამართლებრივი შედეგებიც. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ჯარიმის ნებაყოფლობითი გადახდისთვის ითვალისწინებს 30 კალენდარული დღის ვადას, რომლის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, თუ არ არსებობს საჯარიმო ქვითრის მოქმედების შეჩერების კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი, საპენსიო ფონდი უფლებამოსილია სააღსრულებო ფურცელი წარუდგინოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს და დაიწყოს იძულებითი აღსრულებისათვის საჭირო პროცედურები. ამდენად, გადაწყვეტილების ელექტრონულ სისტემაში განთავსებასთან დაკავშირებული სამართლებრივი შედეგები არ შემოიფარგლება მხოლოდ ადმინისტრაციული წარმოების შიდა პროცედურით. აღნიშნულ მომენტს უკავშირდება როგორც გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის განსაზღვრული ვადის დენა, ისე მისი აღსრულების შემდგომი სამართლებრივი შედეგები. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული აქტის გაცნობის წესი აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ადმინისტრაციული წარმოების შიდა პროცედურული საკითხით. ელექტრონულ გვერდზე საჯარიმო ქვითრის ასახვისათვის გაცნობის სამართლებრივი ეფექტის მინიჭება იმავდროულად განსაზღვრავს სასამართლოში გასაჩივრების ვადის დაწყების მომენტს და, შესაბამისად, უშუალოდ ზემოქმედებს სასამართლოსადმი ეფექტიანი ხელმისაწვდომობის შესაძლებლობაზე. ამდენად, სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს შორის შინაარსობრივი მიმართება არსებობს სწორედ ამ ვიწრო ნორმატიული შინაარსით. არაკონსტიტუციურია არა თავად ელექტრონული ფორმით გადაწყვეტილების გაცნობა, არამედ ისეთი სამართლებრივი მოწესრიგება, რომლის პირობებშიც ელექტრონულ სისტემაში გადაწყვეტილების ასახვა, ადრესატის ეფექტიანი ინფორმირების დამატებითი გარანტიის გარეშე, უპირობოდ მიიჩნევა მის გაცნობად. 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით თანაზომიერების პრინციპზე მსჯელობა თვისობრივად იდენტურია საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან დაკავშირებით განვითარებულ მსჯელობასთან.
სასარჩელო მოთხოვნა
მოსარჩელის მოთხოვნის ფარგლების სწორად განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წინამდებარე სარჩელი არ ეფუძნება მოსაზრებას, თითქოს სახელმწიფომ ყველა შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს ადმინისტრაციული აქტის ფაქტობრივი წაკითხვა თავად ადრესატის მიერ. სახელმწიფოს არ შეუძლია აიძულოს პირი წაიკითხოს მისთვის გაგზავნილი ინფორმაცია. ასევე, ადმინისტრაციული წარმოების ეფექტიანობისათვის კანონმდებლობას შეიძლება სჭირდებოდეს გაცნობის ალტერნატიული ფორმების გამოყენება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პირი თავს არიდებს გადაწყვეტილების მიღებას ან სათანადო კომუნიკაციის გონივრული მცდელობების მიუხედავად მისი ფაქტობრივი ჩაბარება ვერ ხერხდება. თუმცა, არსებითად განსხვავებულია შემთხვევა, როდესაც სამართლებრივი ნორმა წარმოადგენს არა სათანადო გაცნობის მცდელობის შემდეგ გამოყენებულ დამატებით მექანიზმს, არამედ შეტყობინების ძირითად და ერთადერთ სამართლებრივ მოდელს. სადავო ნორმა არ მოითხოვს ადრესატის ინფორმირების რაიმე დამატებით გონივრულ მცდელობას. იგი არ განასხვავებს პირის მიერ გადაწყვეტილების მიღებისაგან განზრახ თავის არიდებას იმ შემთხვევისაგან, როდესაც პირი გადაწყვეტილების არსებობის შესახებ საერთოდ არ ფლობს ინფორმაციას. სადავო ნორმა ვერ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით დაცული სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების მოთხოვნებს, რამდენადაც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამკისრებელი გადაწყვეტილების/ელექტრონული საჯარიმო ქვითრის სპეციალურ ელექტრონულ გვერდზე ტექნიკურ განთავსებას უპირობოდ ანიჭებს მისი გაცნობის სამართლებრივ შედეგს, ადრესატის ეფექტიანი ინფორმირების დამატებითი გონივრული გარანტიის გარეშე. ამგვარი მოწესრიგება ვერ უზრუნველყოფს სამართლიან ბალანსს ადმინისტრაციული წარმოების ეფექტიანობის საჯარო ინტერესსა და პირის უფლებას შორის, რეალურად ჰქონდეს მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების დროულად გაცნობის შესაძლებლობა. სადავო ნორმა ვერ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სასამართლოსადმი ეფექტიანი ხელმისაწვდომობის მოთხოვნებსაც, რამდენადაც ელექტრონულ გვერდზე საჯარიმო ქვითრის ასახვით შექმნილი გაცნობის სამართლებრივი ნორმა იმავდროულად წარმოადგენს სასამართლოში გასაჩივრების ვადის ათვლის საწყის მომენტს. შედეგად, ადრესატს შესაძლოა გასაჩივრებისათვის განკუთვნილი ვადა შეუმცირდეს ან სრულად ამოეწუროს მანამ, სანამ იგი ეფექტიანად შეიტყობს მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების არსებობის შესახებ ინფორმაციას, რაც სასამართლოსადმი მიმართვის ფორმალურად არსებული უფლების პრაქტიკულ და ეფექტიან განხორციელებას საფრთხეს უქმნის. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და 31-ე მუხლის პირველ პუნქტებთან მიმართებით სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 7 მაისის N3 ბრძანებით დამტკიცებული „საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის და საურავის დაკისრების, აღსრულების და შესაბამისი კომუნიკაციის წესის“ მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ელექტრონული საჯარიმო ქვითრის დამსაქმებლის ელექტრონულ გვერდზე ასახვას უპირობოდ მიიჩნევს ამ აქტის დამსაქმებლისათვის გაცნობად, გადაწყვეტილების არსებობის თაობაზე ადრესატის ეფექტიანი ინფორმირების დამატებითი გონივრული გარანტიის გარეშე. ვითხოვთ სადავო ნორმის, აღნიშნული ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად და შესაბამისად, ძალადაკარგულად ცნობას.
[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე №1/2/552 „სს „ლიბერთი ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16. [2] საქართველოს საპენსიო ფონდის 2025 წლის ანგარიში, გვ 21. https://www.pensions.ge/ka/public-information/fund-activity-reports/2025-annual-report [3]საქართველოს საპენსიო ფონდის განცხადება ჯარიმების თაობაზე, 24.06.2026. https://www.pensions.ge/ka/public-information/news/Pension-Fund-of-georgia-Statement [4] საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, “საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება შინამეურნეობებში”, ხელმისაწვდომია: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/106/sainformatsio-da-sakomunikatsio-teknologiebis-gamoqeneba-shinameurneobebshi
[5]იქვე.
[6] იქვე.
[7] იქვე.
[8] იქვე.
[9] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/1/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-69. [10] საქართველოს უზენაესი სასამართლო, გადაწყვეტილება, №ბს-16(კ-24) 15 ოქტომბერი, 2025 წელი ქ. თბილისი. [11] ბუდუ შეყილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, გადაწყვეტილება N2/3/1609, 30 აპრილი 2026, II-12. [12] „მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 27 მაისის N5146-IIს დადგენილება; [13] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის №3/3/1526 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი პოლიტიკური ცენტრი“, ჰერმან საბო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ანა ჩიქოვანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-24. [14] სახელმწიფო პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლი. [15] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოა 2019 წლის 19 ოქტომბრის საოქმო ჩანაწერი საქმეზე “ედუარდ მარიკაშვილი და ა(ა)იპ “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-8 [16] საქართველოს საპენსიო ფონდი: https://www.pensions.ge/ka/for-participants/pension-schema . [17] საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 165¹¹ მუხლი. [18] საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 229⁸ მუხლი, 239-ე მუხლის 76-ე ნაწილი და 242-ე მუხლის მე-8 ნაწილი. [19] დამსაქმებლის, თვითდასაქმებულის ან მათი სახელით მესამე პირის მიერ, საპენსიო ფონდის ინსტრუქციით დადგენილი წესით, საპენსიო ფონდის ნომინალური მფლობელობის საბანკო ანგარიშზე გადარიცხული ან ჩარიცხული თანხა, რომლის დანიშნულებაა შესაბამისი მოცულობის საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შესრულება და რომელიც ავტომატურად აისახება ელექტრონულ სისტემაში დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის ელექტრონულ გვერდზე, გარდა ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საბალანსო თანხა არ წარმოადგენს მონაწილეთა საპენსიო აქტივს. [20] Committee of Ministers, CM/Rec(2020)1 - Recommendation of the Committee of Ministers to member States on the human rights impacts of algorithmic systems (Adopted by the Committee of Ministers on 8 April 2020 at the 1373rd meeting of the Ministers’ Deputies. [21] European Parliament and Council of the European Union, Regulation (EU) 2016/679 (General Data Protection Regulation), Official Journal of the European Union L119 (May 4, 2016), Art. 22. ხელმისაწვდომია: https://gdpr-info.eu/art-22-gdpr/. [22] Council of Europe, Modernised Convention for the Protection of Individuals with Regard to the Processing of Personal Data (Convention 108+), CETS No. 223, adopted by the Committee of Ministers at its 128th Session, Elsinore, Denmark, 17–18 May 2018, Art. 9. ხელმისაწვდომია: https://search.coe.int/cm#{%22CoEIdentifier%22:[%2209000016807c65bf%22],%22sort%22:[%22CoEValidationDate%20Descending%22]} [23] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის №3/5/1502,1503 გადაწყვეტილება საქმეზე „ზაურ შერმაზანაშვილი და თორნიკე ართქმელაძე საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-63. [24]საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის №3/5/1502,1503 გადაწყვეტილება საქმეზე „ზაურ შერმაზანაშვილი და თორნიკე ართქმელაძე საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“ II-64. [25] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის №3/5/1502,1503 გადაწყვეტილება საქმეზე „ზაურ შერმაზანაშვილი და თორნიკე ართქმელაძე საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“ II-65. [26] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის №3/5/1502,1503 გადაწყვეტილება საქმეზე „ზაურ შერმაზანაშვილი და თორნიკე ართქმელაძე საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“ II-66. [27] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 16 მაისის №2/2/1840 საოქმო ჩანაწერი, “სიმონ ბულბულაშვილი და მამუკა სახიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9. [28] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 25 დეკემბრის N2/22/1573 განჩინება საქმეზე “ლევან ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის წინააღმდეგ”, II-25. [29] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის №1/4/757 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი კრავეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ" II-5. [30] საქართველოს უზენაესი სასამართლო, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, საქმე ბს-236-234 (კ-16) 25 იანვარი, 2018 წელი. [31] საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, საქმე №ბს-628(2კ-20) 20 ივლისი, 2022 წ. [32] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/3/407 , II-11. [33] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის N1/8/926 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ლოგუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-50, 51. [34] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 6 ივნისის №1/2/1753 გადაწყვეტილება, II-30. [35] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/2/1400 გადაწყვეტილება საქმეზე „ემზარ კვიციანი, ეთერ ჩხეტიანი-ანსიანი, მაია ანსიანი და იაგორ ანსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-42, 43 [36] საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, საქმე №ბს-38(2კ-22) 27 იანვარი, 2023 წელი. [37] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 28 თებერვლის №1/3/1646 განჩინება საქმეზე „თეიმურაზ ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7. [38] საქართველოს საკონსტიტუციო სასამრთლოს 2024 წლის 27 დეკემბრის N2/11/1619 განჩინება საქმეზე “სალომე ზეინკლიშვილი, მარიამ ტაგანაშვილი, ანა ნაკანი და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-16. [39] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის N3/1/531 გადაწყვეტილება. [40] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის N3/4/550 გადაწყვეტილება, II-26. [41] იქვე, პარ.43. [42] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-48; [43] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის №1/2/1475 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს ბექანასი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20; [44] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26; [45] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 22 დეკემბრის №3/6/813 გადაწყვეტილება საქმეზე „ალექსანდრე მელქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-29 [46]საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება N3/2/1520 საქმეზე “თბილისის საქალაქო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 21(65) მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 ნაწილების კონსტიტუციურობის თაობაზე”, II-53 [47] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის N2/3/663 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თამარ თანდაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.“ [48] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43 [49] Case of Stichting Landgoed Steenbergen and Others v. the Netherlands, Application no. 19732/17 , 16 February 2021, para.43.
[50] იქვე. para.47.
[51] იქვე. para.52
[52] Case of Marina Aucanada Group S.L. v. Spain, Application no. 7567/19, 8 November 2022, para.45 [53] Case of Avotiņš v. Latvia, Application no. 17502/07, 23 May 2016, para.124 [54] Case of Marina Aucanada Group S.L. v. Spain, Application no. 7567/19, 8 November 2022, para.50 [55] Case of Zavodnik v. Slovenia, (Application no. 53723/13), 21 May 2015, para.80 [56] იქვე, para.81 [57] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №3/1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14. [58] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 17 ივნისის №1/5/1472 გადაწყვეტილება საქმეზე „ნიკოლოზ ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7. [59] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4. [60] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის №1/3/1263 გადაწყვეტილება საქმეზე „ირაკლი ხვედელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6. [61] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის №2/2/558 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-55. [62] საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება №13, 2026 წლის 6 ივლისი, ქ. თბილისი, „საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის და საურავის დაკისრების, აღსრულების და შესაბამისი კომუნიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის 2025 წლის 7 მაისის №03 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა