• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 6 ოქტომბრის №1/1-1/1979 განჩინება საქმეზე "საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე"

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე

დოკუმენტის ტიპი განჩინება
ნომერი N1/1-1/1979
კოლეგია/პლენუმი I კოლეგია - ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, გოგა კიკილაშვილი,
თარიღი 6 ოქტომბერი 2026
გამოქვეყნების თარიღი 6 ოქტომბერი 2026 16:40

კოლეგიის შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;

ევა გოცირიძე - წევრი;

გიორგი თევდორაშვილი - წევრი;

გოგა კიკილაშვილი - წევრი.

სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.

საქმის დასახელება: საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე.

დავის საგანი: პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 24 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1979) მომართეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა (სულ 88 წევრი). №1979 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2026 წლის 28 სექტემბერს. №1979 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2026 წლის 6 ოქტომბერს.

2. №1979 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადება, იმავე მუხლის მე-4 პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი და 35-ე მუხლის პირველი პუნქტი, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 35-ე მუხლი, 36-ე მუხლის პირველი პუნქტი და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 222-ე მუხლი.

3. №1979 კონსტიტუციური სარჩელის ხელმომწერი პირები არიან საქართველოს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის 88 წევრი, რომელთა რაოდენობაც შეესაბამება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის უფლების განხორციელებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ხელმომწერთა რაოდენობას - პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს. აღნიშნული სარჩელით სადავოდ არის გამხდარი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხი. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუცია ადგენს პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შესაძლებლობას, რომელიც შეიძლება განხორციელდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმავდროულად, [საქართველოს] კონსტიტუცია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ანიჭებს პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და ამ პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვის უფლებამოსილებას, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის ან მთავრობის სარჩელის საფუძველზე ახორციელებს.

4. მოსარჩელე მხარის პოზიციით, კონსტიტუციური სარჩელით წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები 2016 წლიდან, პრაქტიკულად, უწყვეტ რეჟიმში უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური პარტიის როგორც საშინაოპოლიტიკურ, ისე საგარეოპოლიტიკურ ლეგიტიმაციას და, შესაბამისად, მის კონსტიტუციურობას. მოსარჩელის განმარტებით, ამით აღნიშნული პარტიები აღიარებენ, რომ მათსა და მმართველ პარტიას შორის ერთ-ერთი მხარე უსათუოდ არაკონსტიტუციურად უნდა შეირაცხოს.

5. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, ზემოხსენებული პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციური მიზნების ერთიანობას ადასტურებს შემდეგი გარემოებები: ისინი საყოველთაო არჩევნების გზით არჩეულ ორგანოებში, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებულ საბოტაჟში, წლების განმავლობაში თვისებრივად ერთნაირი პოზიციით წარმოჩინდებოდნენ, ქმნიდნენ საერთო მისწრაფებით მოქმედ კოალიციურ ერთობას და ერთიან ორგანიზმს და დღესაც ასე მოქმედებენ; აღნიშნული პოლიტიკური პარტიების ყოფილი ან მოქმედი ხელმძღვანელი პირები „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ან მისი მონაწილეობით შექმნილი საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ იქნენ სხვადასხვა მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრებად, „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობაში“ მათ ეკავათ სხვადასხვა პარტიული თანამდებობა, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ქვეყნის მართვის პერიოდში (2004-2012 წლებში) მათ ეკავათ სხვადასხვა მნიშვნელოვანი თანამდებობა (მათ შორის, პოლიტიკური თანამდებობა, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობა) ან/და იმავე პერიოდში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ მათი ხელშეწყობითა და მონაწილეობით ადამიანის უფლებების ხელყოფას ახორციელებდა.

6. №1979 კონსტიტუციური სარჩელის ავტორები პოლიტიკური პარტიების საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის თაობაზე არგუმენტაციას ავითარებენ რამდენიმე მიმართულებით: საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა, რაც გამოიხატა სადავო პოლიტიკური პარტიების ან მათი წევრების მიერ ადამიანის უფლებების სისტემურ და სისტემატურ ხელყოფაში, ასევე საყოველთაო არჩევნების გზით არჩეული ორგანოებისა და თანამდებობის პირების ლეგიტიმურობის აღიარებაზე უარის თქმითა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის მცდელობებით; საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, რაც გამოიხატა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული და 2012 წლის შემდეგ განვითარებული მოვლენებით.

7. მოსარჩელე მხარე პოლიტიკური პარტიების საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის საკითხის დასასაბუთებლად, კონსტიტუციით განსაზღვრულ თითოეულ, ზემოხსენებულ საფუძველთან მიმართებით დეტალურ, კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებზე დაფუძნებულ არგუმენტაციას წარმოადგენს. უფრო კონკრეტულად, კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლების ფლობის პერიოდში (2004-2012 წლებში) შექმნა და განავითარა პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ პირთა წამებისა და მათ მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის სისტემა, იმავე პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებებში ჩაიდინა ძალადობრივი, წამების შემცველი ან/და ადამიანის უფლებების სხვაგვარად ხელმყოფი მრავალი ქმედება და, ამ მხრივ, აშკარა არაკონსტიტუციური საქმიანობა განახორციელა, რაც გასცილდა ერთეული შემთხვევების ფარგლებს და რამაც სისტემური და სისტემატური ხასიათი მიიღო. ყოველივე ეს დასტურდება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში (შემდგომ − დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა) ასახული ფაქტებითა და მტკიცებულებებით, აგრეთვე სხვა სათანადო წყაროებით. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებების სისტემური და სისტემატური ხელყოფის პრაქტიკის არსებობა, რომელიც 2004-2012 წლებში განხორციელდა, დაადგინა და დაადასტურა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც, რაც მის სხვადასხვა გადაწყვეტილებაშია ასახული. ამასთანავე, კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა გადმოცემით, „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლების ფლობის პერიოდში (2004-2012 წლებში) შექმნა და განავითარა მკვლელობებისა და სხვაგვარი ძალადობის სისტემა, იმავე პერიოდში ჩაიდინა ძალადობრივი, წამების შემცველი ან/და ადამიანის სიცოცხლის ხელმყოფი მრავალი ქმედება და ამ მხრივ აშკარა არაკონსტიტუციური საქმიანობა განახორციელა, რაც გასცილდა ერთეული შემთხვევების ფარგლებს და რამაც სისტემური და სისტემატური ხასიათი მიიღო.

8. 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით კი, მოსარჩელე განმარტავს, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2004 წლიდან გეგმაზომიერად და თანამიმდევრულად განახორციელა რიგი ქმედებები და ღონისძიებები, რომლებმაც ხელი შეუწყო არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, არამედ საოკუპაციო ძალის მიერ ოკუპაციასთან მიმართებით პოლიტიკური პოზიციების გამყარებასაც, ხოლო 2012 წლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ ზემოხსენებული პოლიტიკური პარტიები ისწრაფვიან, სხვადასხვა საკითხთან მიმართებით უცხოეთიდან „დაისაჯოს“ საქართველოს სახელმწიფო და საქართველოს ხელისუფლება, რათა საქართველოს მოქალაქეებში უკმაყოფილება დაგროვდეს, ისინი მათ მიერ კანონიერად არჩეულ ხელისუფლებას დაუპირისპირდნენ და ეს პროცესები საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟის მექანიზმად და საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის ბერკეტად იქნეს გამოყენებული. მოსარჩელის მტკიცებით, აღნიშნული გარემოება დასტურდება დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ასახული ფაქტებითა და მტკიცებულებებით, აგრეთვე სხვა სათანადო წყაროებით, რომლებიც შეიძლება დაჯგუფდეს კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული კატეგორიების მიხედვით.

9. №1979 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ არაკონსტიტუციურ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც საერთო მისწრაფებებით მოქმედი კოალიციური ერთობა და ერთიანი ორგანიზმი შექმნეს და დღესაც ასე მოქმედებენ, განეკუთვნებიან შემდეგი პოლიტიკური პარტიები: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 200078888); მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 415030022); მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 415030264); მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ფედერალისტური პარტია“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 415030594); მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „გახარია საქართველოსთვის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 415030497). იმავდროულად, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული პარტიების არაკონსტიტუციური მიზნების ერთიანობას ადასტურებს ერთ-ერთი თუნდაც ბოლოდროინდელი მკაფიო მაგალითი - აღნიშნული პოლიტიკური პარტიების მიერ 2026 წლის 2 მარტს „ოპოზიციის ალიანსის“ შექმნა „ერთობლივი მუშაობისთვის საერთო მიზნების მისაღწევად“. ამ ალიანსის ერთ-ერთი გაცხადებული მიზანია აღნიშნული პოლიტიკური პარტიების „სტრატეგიული ერთიანობის“ ხელშეწყობა, ხოლო მისი ერთ-ერთი დეკლარირებული სტრატეგიული პრინციპია არჩეული ორგანოებისა და თანამდებობის პირების ლეგიტიმურობის უარყოფა. ამრიგად, ეს პოლიტიკური პარტიები იზიარებენ საერთო მიზნებსა და მისწრაფებებს, ერთიან პოლიტიკურ პოზიციას და გამოხატავენ თანხმობას, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით განახორციელონ არაკონსტიტუციური ქმედებები, მათ შორის, მოახდინონ საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარებული არჩევნების დისკრედიტაცია და ხალხის ნებისა და დემოკრატიის მიზანმიმართული უარყოფა.

10. №1979 კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, ზემოხსენებული პოლიტიკური პარტიების მიერ საერთო მისწრაფებებით მოქმედი კოალიციური ერთობის შექმნის მაგალითებს მიეკუთვნება აგრეთვე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შუამავლობით ბოლო წლებში შექმნილი სხვადასხვა პარტიული ალიანსი, პლატფორმა და მოძრაობა, რომლებთანაც თანამშრომლობდა, მათ შორის, პოლიტიკური პარტია „გახარია საქართველოსთვის“. კერძოდ, 2024 წლის 26 მაისს სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა „ქართული ქარტიის“ შექმნის შესახებ, რომელსაც 2024 წლის 3 ივნისს ხელი მოაწერეს შესაბამისმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა (პოლიტიკურმა პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ მას ხელი მოაწერა 2024 წლის 23 სექტემბერს); 2024 წლის 23 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა ახალი არჩევნების მოსამზადებელი საბჭოს შექმნის შესახებ, რომელში მონაწილეობაზეც გიორგი გახარიამ 2024 წლის 25 დეკემბერს წინასწარი თანხმობა განაცხადა; 2025 წლის 10 თებერვალს რამდენიმე ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ სალომე ზურაბიშვილთან ერთად შექმნა საკოორდინაციო პლატფორმა, რომელშიც მონაწილეობდა, მათ შორის, პოლიტიკური პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და რომელიც მიზნად ისახავდა სხვადასხვა პირის დასანქცირების შედეგის მიღწევის მიმართულებით მუშაობას; 2025 წლის 31 მარტს სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა წინააღმდეგობის პლატფორმის შექმნის შესახებ, რომელშიც მონაწილეობდნენ შესაბამისი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და რომელთანაც თანამშრომლობდა, მათ შორის, პოლიტიკური პარტია „გახარია საქართველოსთვის“. იმავდროულად, განსახილველ კონსტიტუციურ სარჩელში ასევე მითითებულია, რომ 2024 წლის 19 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნებამდე 1 კვირით ადრე სალომე ზურაბიშვილის მიერ ბრიფინგზე გაკეთებული განაცხადები იმ 4 პოლიტიკური პარტიის სულისკვეთებაზე, რომელთა შორის ასევე იყო პარტია „გახარია საქართველოსთვის“. კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა განმარტებით, მსგავს შინაარსს შეიცავდა აგრეთვე სალომე ზურაბიშვილის სხვა მრავალი მოწოდება ამომრჩევლისადმი, რომლებიც მან განახორციელა 2024 წლის 22 ოქტომბერს (არჩევნებამდე 4 დღით ადრე) ერთ-ერთ საჯარო ინტერვიუში. ამრიგად, №1979 კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა მტკიცებით, სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადებებიც ნათლად ადასტურებს, რომ ამ კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები საერთო მისწრაფებებით მოქმედი კოალიციური ერთობა და ერთიანი ორგანიზმია, რაც გამოხატულია, მათ შორის, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საჯაროდ აქტიურად წარმოებული კამპანიით „4-5-9-25“ და 2024 წლის 24 ივნისს 6 ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მიერ ქალაქ ბრიუსელში ხელმოწერილი ერთობის დეკლარაციით.

11. წარმოდგენილ კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ საერთო მისწრაფებებით მოქმედი კოალიციური ერთობის შექმნის საკითხთან დაკავშირებით ასევე გასათვალისწინებელია მუნიციპალიტეტების ორგანოების 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ქალაქ რუსთავის, ზუგდიდისა და სენაკის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში პოლიტიკური პარტიების „გახარია საქართველოსთვის“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კოალიციური ერთობის შექმნის შემთხვევები. ამის დამადასტურებელი ერთ-ერთი მაგალითია „გახარია საქართველოსთვის“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ამ საკრებულოების თავმჯდომარეთა და საკრებულოების სხვა თანამდებობის პირთა ერთობლივად არჩევა. მეტიც, მათ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა პროცედურული დარღვევით გამართეს, ხოლო სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირები მათი ძალისხმევით უკანონოდ იქნენ არჩეული, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებებითაც არის დადასტურებული. მსგავსი კოალიციური ერთობის შექმნის შემთხვევებს მიეკუთვნება აგრეთვე პოლიტიკური პარტიების - „გახარია საქართველოსთვის“ და „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ - მიერ მუნიციპალიტეტების ორგანოების 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმება, რომლითაც ამ პარტიებმა უარი თქვეს ერთმანეთის მიმართ საარჩევნო კონკურენციაზე და მიზნად დაისახეს საერთო საარჩევნო კანდიდატების წარდგენა და პოლიტიკური პარტიის „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო ერთობლივი წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება. როგორც მოსარჩელე მხარე მიუთითებს, მათ ეს შეთანხმება სისრულეშიც მოიყვანეს.

12. №1979 კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა პოზიციით, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ პოლიტიკური პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ამჟამინდელმა თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ 2021 წლის თებერვალში აქტიურად შეუწყო ხელი საქართველოს პარლამენტის იმჟამინდელი წევრის ნიკანორ მელიას, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მცდელობას, განეხორციელებინათ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის პირდაპირ, საჯაროდ და დეკლარირებულად ხელყოფა საქართველოში. ამ ფაქტს დღემდე არ გამიჯვნია პოლიტიკური პარტია „გახარია საქართველოსთვის“.

13. აქვე, მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ შესაბამისი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ყოფილი ან მოქმედი ხელმძღვანელი პირები „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ან მისი მონაწილეობით შექმნილი საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ იქნენ სხვადასხვა მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრებად, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მათ ეკავათ სხვადასხვა პარტიული თანამდებობა, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ქვეყნის მართვის პერიოდში (2004-2012 წლებში) მათ ეკავათ სხვადასხვა მნიშვნელოვანი თანამდებობა (მათ შორის, პოლიტიკური თანამდებობა, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობა) ან/და იმავე პერიოდში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ მათი ხელშეწყობითა და მონაწილეობით ადამიანის უფლებების ხელყოფას ახორციელებდა.

14. წინამდებარე კონსტიტუციურ სარჩელში, ავტორები ყურადღებას ამახვილებენ 2019 წლის ივნისში „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან მჭიდროდ დაკავშირებული სხვა პოლიტიკური პარტიების მცდელობაზე საქართველოს პარლამენტის სასახლის შტურმით აღებასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის, მათ შორის, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღეს. ამასთანავე, მოსარჩელე მხარის მითითებით, გასათვალისწინებელია, რომ მას შემდეგ, რაც აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება და საქართველოს სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაევალა, დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების საფუძველზე სისხლისსამართლებრივი ბრალდება წარედგინა, მათ შორის, პოლიტიკური პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ამჟამინდელ თავმჯდომარეს გიორგი გახარიას. თუმცა გიორგი გახარია, ამჟამად, იმყოფება საზღვარგარეთ, თავს არიდებს საქართველოს სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას და, ამდენად, ხელს უშლის მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო შესაბამისი ფაქტისგან გამიჯვნისგან დღემდე თავს იკავებენ პოლიტიკური პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ სხვა წარმომადგენლები.

15. №1979 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოპასუხე პოლიტიკური პარტიები იზიარებენ საერთო მიზნებსა და მისწრაფებებს, ერთიან პოლიტიკურ პოზიციას და გამოხატავენ თანხმობას, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით მოახდინონ საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარებული არჩევნების დისკრედიტაცია და ხალხის ნებისა და დემოკრატიის მიზანმიმართული უარყოფა. ამასთან დაკავშირებით, სარჩელში მითითებულია ინფორმაცია და შესაბამისი ფაქტები წლების განმავლობაში ჩატარებულ არჩევნებსა და საარჩევნო პროცესში ამ პოლიტიკური პარტიების მიერ განხორციელებული მთელი რიგი ქმედებების თაობაზე. იმავდროულად, მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ზემოაღნიშნული ქმედებების პარალელურად და მათ გაგრძელებად, არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა 2022-2025 წლებში განახორციელეს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის ხუთი მცდელობა.

16. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, 2004-2012 წლებში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ადამიანის ძირითადი უფლებები, რაც პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანის უფლებების სისტემურ და სისტემატურ ხელყოფაში, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სისტემურ და სისტემატურ ხელყოფაში, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების სისტემურ და სისტემატურ ხელყოფაში, ქონების გამოძალვაში, საკუთრების უფლების სისტემურ და სისტემატურ ხელყოფასა და აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლებისა და მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის დაუშვებლობის პრინციპის სისტემურ და სისტემატურ ხელყოფაში გამოიხატა.

17. ამასთანავე, მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ ზემოხსენებულ კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულმა პოლიტიკურმა პარტიებმა დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული დემოკრატიის არსი, რაც საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარებული არჩევნების გზით არჩეული ორგანოებისა და თანამდებობის პირების ლეგიტიმურობის აღიარებაზე უსაფუძვლოდ უარის თქმასა და დემოკრატიის მიმართ აშკარა და უხეში უპატივცემულობის გამოვლენაში გამოიხატა. მეტიც, მათ საჯაროდ და დეკლარირებულად განაცხადეს, რომ საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარებული არჩევნების დისკრედიტაცია და ხალხის ნებისა და დემოკრატიის მიზანმიმართული უარყოფა მათი ერთ-ერთი ერთობლივი სამომავლო სტრატეგიული პრინციპია, რაც მათმა უმრავლესობამ 2026 წლის 2 მარტს „ოპოზიციის ალიანსის“ შექმნის შესახებ დოკუმენტში ასახეს.

18. №1979 კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა მოსაზრებით, არაკონსტიტუციური [მოპასუხე] პოლიტიკური პარტიების მიერ დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლების არალეგიტიმურად შერაცხვის პირველი მცდელობა 2016 წელს დაფიქსირდა, 2018 წლიდან ამ მცდელობამ სისტემატური, ხოლო 2020 წლიდან სისტემური და უწყვეტი სახე შეიძინა. ამასთანავე, დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლების არალეგიტიმურად გამოცხადებას 2019-2025 წლებში ერთოდა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის, მთლიანობაში, ექვსი უშუალო მცდელობა, რაც ადასტურებს, რომ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისკენ ან ძალადობით შეცვლისკენ მიმართული საქმიანობა, რომელსაც არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები აწარმოებენ ხანგრძლივი, სისტემატური, სისტემური და აქტუალურია, რაც დღეს ამ მიზნის აქტუალურობასაც უტყუარად ცხადყოფს.

19. იმავდროულად, მოსარჩელე მხარის მითითებით, ზემოხსენებულ პოლიტიკურ პარტიებთან მჭიდროდ დაკავშირებულია სხვა პოლიტიკური პარტიებიც, როგორებიცაა „ელენე ხოშტარია − დროა“ და „გირჩი − მეტი თავისუფლება“, რომლებიც სინამდვილეში „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროას“ შემადგენლობაში არიან, თუმცა, ფორმალურად, დამოუკიდებელ პარტიებადაც არიან რეგისტრირებული, აგრეთვე, „კი ევროპას − სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო − მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“, „თავისუფლების მოედანი“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „გირჩი − მეტი თავისუფლება“ და სხვა ფიქციური, ერთკაციანი და მცირე პარტიები. თუმცა, ვინაიდან მათ ამჟამად პოლიტიკაზე არსებითი გავლენა და საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა არ გააჩნიათ, ამასთანავე, მათი ნაწილი ფაქტობრივად ამ კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის შემადგენლობაშია, ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება. მათი არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მოგვიანებით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ.

20. ამდენად, კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა მოსაზრებით, ნათლად დასტურდება კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სამივე პოლიტიკური პარტიის მიერ საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების დარღვევა, რაც, ერთი მხრივ, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის მცდელობაში გამოიხატა, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის სამომავლო მიზნის არსებობაში ვლინდება. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელით წარმოდგენილი სათანადო ფაქტები და არგუმენტები, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომების გათვალისწინებით, ერთობლივად ქმნის არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მყარ კონსტიტუციურ საფუძველს.

21. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის მიერ შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, საქართველოს პარლამენტის 2016 (2018, 2020, 2021) წლის (საპარლამენტო/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების) არჩევნებზე ეუთოს/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშებზე, გარკვეულ პოლიტიკოსთა საჯარო განცხადებებსა თუ სხვა ოფიციალურ დოკუმენტებსა და აქტებზე.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21​1 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თუ განსახილველი საქმე თავისი შინაარსით წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას, საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია უფლებამოსილია, საქმის განხილვისა და გადაწყვეტის ნებისმიერ ეტაპზე დასაბუთებული განჩინებით საქმე განსახილველად გადასცეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს.

2. №1979 კონსტიტუციური სარჩელით, საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების საფუძველზე სადავოდ გამხდარი საკითხი შეეხება საქართველოში რეგისტრირებული ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობასა და მათ აკრძალვას. ზემოხსენებული დებულების თანახმად, დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტი კი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას, ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ანიჭებს.

3. აღსანიშნავია, რომ როგორც პოლიტიკური პარტიის შექმნის, ასევე უკვე რეგისტრირებული პარტიის საქმიანობის ან/და აკრძალვის საკითხის კონსტიტუციურობის შეფასება საკონსტიტუციო სასამართლოს თავის პრაქტიკაში არ განუხორციელებია. წინამდებარე №1979 კონსტიტუციური სარჩელით გადასაწყვეტი საკითხი კი, თავისი არსითა და ბუნებით, საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების განმარტების ან/და გამოყენების თვალსაზრისით, წარმოადგენს იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ შემთხვევას.

4. ყურადსაღებია ის გარემოება, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ხაზს უსვამს პოლიტიკური პარტიების განსაკუთრებულ როლს დემოკრატიისათვის. ისინი „მონაწილეობენ ხალხის პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში“... აღნიშნული კონსტიტუციური დანაწესი მიუთითებს პარტიების მნიშვნელოვან საზოგადოებრივ დანიშნულებაზე, რაც განამტკიცებს პოლიტიკური პარტიების საქმიანობის თავისუფლების, თანასწორობის, გამჭვირვალობისა და შიდაპარტიული დემოკრატიის პრინციპებს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის №3/3/1526 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი პოლიტიკური ცენტრი“, ჰერმან საბო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ანა ჩიქოვანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4). შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიტიკური პარტიების არსებობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მათ მიმართ გადასაწყვეტი სამართლებრივი საკითხების კომპლექსურობის გარდა, წინამდებარე საქმე გამოირჩევა საზოგადოების ფართო სპექტრზე ზემოქმედების მასშტაბით, ვინაიდან №1979 კონსტიტუციური სარჩელით საქართველოს პარლამენტის 88 წევრი ითხოვს 5 (ხუთი) პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვას. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო დგას იმ ამოცანის წინაშე, რომ გაცხადებული პოლიტიკური მიზნებისა და შესაბამისი ქმედებების გათვალისწინებით, შეაფასოს თითოეული დასახელებული პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობა და მათი აკრძალვის საფუძვლები.

5. ამ კონტექსტში, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადებით გათვალისწინებული პოლიტიკური პარტიის საქმიანობის შეწყვეტის/აკრძალვის საფუძვლები [წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის (1), ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის (2), ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის (3) ან ომის ან ძალადობის პროპაგანდის გაწევის (4), ეროვნული, ეთნიკური, კუთხური, რელიგიური ან სოციალური შუღლის გაღვივების (5)] ერთმანეთისგან განსხვავებულია, რის გამოც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სათანადო გამოკვლევას საჭიროებს თითოეული მოპასუხე პოლიტიკური პარტიის მიმართ პოლიტიკური საქმიანობის შეწყვეტის იმ ცალკეულ საფუძველთან მიმართებით, რომელიც მოსარჩელე მხარეს აქვს სარჩელში მითითებული, როგორც კონსტიტუციური მიდგომებისა და სტანდარტების ჩამოყალიბება, ასევე ამ კონკრეტული მიზნ(ებ)ის დადასტურებულად არსებობის დასაბუთება. ამდენად, იდენტიფიცირებულ, მრავალფეროვან გადასაწყვეტ საკითხებთან მიმართებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პოლიტიკური პარტიების საქმიანობის კონსტიტუციურობის შეფასებისა და მათი აკრძალვის თაობაზე კონსტიტუციური მიდგომებისა და სტანდარტების მისადაგება/ჩამოყალიბება, თავისი არსით, წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების განმარტებისა და გამოყენების განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას, რის გამოც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ამ საქმეზე კონსტიტუციური სტანდარტები დაადგინოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა.

6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმე საკუთარი სპეციფიკით, განსახილველ/გადასაწყვეტ საკითხთა სიმრავლითა და კომპლექსურობით, მიზანშეწონილია, განსახილველად გადაეცეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს.

III
სარეზოლუციო ნაწილი

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. №1979 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე“) განსახილველად გადაეცეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს.

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

გოგა კიკილაშვილი

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ