საქართველოს მოქალაქე კობა კობახიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/7/236 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, |
თარიღი | 11 ივნისი 2003 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ბესარიონ ზოიძე – თავმჯდომარე, მომხსენებელი;
2. იაკობ ფუტკარაძე;
4. ნიკოლოზ შაშკინი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე კობა კობახიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” პუნქტის და მე-4 ნაწილის “ე” პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე და 42-ე მუხლების პირველ პუნქტებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე კობა კობახიძე
საქართველოს მოქალაქე კობა კობახიძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია 2003 წლის 30 მაისს (რეგისტრაციის №236). საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით იგი გადმოეცა 2003 წლის 27 მაისს. კოლეგიის ღია განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა 2003 წლის 4 ივნისს.
სარჩელის შემოტანის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის “ე” პუნქტი, 39-ე მუხლი, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 2003 წლის 26 თებერვალს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ გამოიტანა გადაწყვეტილება (№1/1/138, 171, 179, 209) საქმეზე, რომელშიც ერთ-ერთი მოსარჩელელ თავად იყო. ამ გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის 852-ე მუხლის პირველი პუნქტი. მოსარჩელეები ასევე მოითხოვდნენ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 მარტის №176 ბრძანებულებით დამტკიცებული “მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის დებულების” მე-10 მუხლის მე-7 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობასაცა. ამ ნორმის თანახმად, იუსციტიის საბჭოს გადაწყვეტილება არ შეიძლება გაპროტესტეს. კონკურსის მონაწილეს, რომელმაც ვერ გაიმარჯვა კონკურსში უფლება არა აქვს მოითხოვოს უარის მოტივაცია. მოსარჩელის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა გააუქმა აღნიშნული ბრძანებულების სადავო ნორმა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი მაინც შეიცავს ისეთ დებულებებს, რომლებიც მას უფლებას ართმევენ გახდეს მოსამართლე, კერძოდ: როგორიცაა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” პუნქტი და მე-4 ნაწილის “ე” პუნქტი. მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” პუნქტი ადგენს, რომ ამ კოდექსის მოქმედება, გარდა მე-3 თავისა, არ ვრცელდება საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოზე, ხოლო იმავე მუხლის მე-4 ნაწზილის “ე” პუნქტის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ პირთა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ თანამდებობებზე დანიშვნისა და გათავისუფლების, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა”, “დ”, “ე”, “ზ”, “თ”, “ო” ქვეპუნქტებით, ასევე მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განხორციელებასთან.
მოსარჩელელ მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის 29-ე და 42-ე მუხლების პირველ პუნქტებთან. მოსარჩელის მტკიცებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ის აქტია, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვას და როდესაც მისი მოქმედება არ ვრცელდება, მაგალითად, პრეზიდენტის სათათბირო ორგანოზე, ეს კონსტიტუციის საწინააღმდეგოა. მას არა აქვს საშუალება ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით მიიღო გარკვეული ინფორმაცია ისეთი ადმინისტრაციული ორგანოდან, როგორიცაა იუსტიციის საბჭო. ასევე სადავო ნორმები მას საშუალებას ართმევენ იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში და სასამართლოს გზით დაიკავოს მოსამართლის თანამდებობა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელის, განმწესრიგებელ სხდომაზე მოწვეული მოსარჩელის განმარტების გაანალიზების საფუძელზე გამოარკვია სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისათვის საჭირო გარემოებანი.
სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ არ არსებობს კანონიერი საფუძველი წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის არსებითად განსახილველად მიღებისათვის. “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, “კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. კონსტიტუციურ სარჩელში ან კონსტიტუციურ წარდგინებაში აუცილებლად უნდა იყოს მოყვანილი ის მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელის ან წარდგინების ავტორის აზრით ადასტურებენ სარჩელის ან წარდგინების საფუძვლიანობას”. ანალოგიურ დებულებას შეიცავს “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი. კანონმდებლობის აღნიშნულ მოთხოვნაში, სხვა გარემოებებთან ერთად იგულისხმება სადავო ნორმების მართებული 9საგნობრივი) მიმართება საქართველოს კონსტიტუციის იმ დებულებებთან, რომლებთან მიმართებითაც უნდა შემოწმდეს მათი კონსტიტუციურობა. გარდა ამისა, სარჩელის დასაბუთება და მოყვანილი მტკიცებულებები უნდა იყოს არა ფორმალური ხასიათისა, არამედ უნდა მიანიშნებდეს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობას. სარჩელიდან არ ჩანს სადავო ნორმების ამგვარი მიმართება კონსტიტუციის 29-ე და 42-ე მუხლების პირველ პუნქტებთან.
საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, “საქართველო ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს”. სასამართლო კოლეგიის აზრით, შეუძლებელია კონსტიტუციის დასახელებულ ნორმასთან მიმართებით შეფასდეს სადავო ნორმები, რომლებიც ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედების გარკვეულ ფარგლებს ადგენენ მხოლოდ. მოსარჩელელ უფლებამოსილია დაიკავოს მოსამართლის თანამდებობა კანონმდებლობით ადგენილი წესით. ასევე არ დასტურდება სასარჩელო მოთხოვნის მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან, რომლითაც გარანტირებულია სასამართლოსადმი მიმართვის უფლება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის მოთხოვნით, მოქალაქეს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება, თუ მას მიაჩნია, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის აღიარებული ადამიანის უფლებანი და თავისუფლებანი. არც კონსტიტუციური სარჩელიდან და არც განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის განმარტებიდან არ ჩანს თუ როგორ დაირღვა მისი უფლებები. როგორც განმწესრიგებელ სხდომაზე გამოირკვა, სასამართლოსათვის მოსარჩელელ არც კი მიუმართავს.
სასარჩელო მოთხოვნის სასარგებლო მტკიცებულებად არ გამოდგება ასევე მოსარჩელის მითითება საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/138, 171, 179, 209 გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილზე, რადგან მასში გადმოცემულია მოსარჩელისა და მოპასუხის დამოკიდებულება სადავო ნორმებისადმი და არა სასამართლოს პოზიცია.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, იხელმძღვანელა რა, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 31-ე მუხლის მეორე პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტით, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, მე-18 მუხლის “ა” პუნქტით და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველო საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქე კობა კობახიძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” პუნქტის და მე-4 ნაწილის “ე” პუნქტს კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 29-ე და 42-ე მუხლების პირველ პუნქტებთან მიმართებით და შეწყდეს სამართწარმოება ამ საქმეზე;
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
1. ბ. ზოიძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი);
2. ი. ფუტკარაძე,
3. ნ. შაშკინი