ვლადიმერ ხუჭუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
| დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
| ნომერი | N1984 |
| კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - გიორგი თევდორაშვილი, |
| ავტორ(ებ)ი | ვლადიმერ ხუჭუა |
| თარიღი | 5 ნოემბერი 2026 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი
2. სასარჩელო მოთხოვნა
| სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
|---|---|
| 1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 65-ე მუხლის მე-2 პუნქტი | საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტი |
| 2. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 66-ე მუხლი (სარჩელის დასაბუთებაში იდენტიფიცირებული ნორმატიული შინაარსი) | საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტი |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი,31-ე მუხლი,311 მუხლი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების თვალსაზრისით, განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებთ იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე არის თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს მოსამართლე 2012 წლიდან. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოსამართლე იხილავს ყველა კატეგორიის საქმეს. წლების განმავლობაში, სასამართლოში საქმეთა ნაკადის მიხედვით, მოსამართლე თავის სამოსამართლო საქმიანობას ახორციელებს დასვენების დღეების გარეშე, რადგან საქმეებს, რომელთა განხილვის ვადა არ აღემატება 24 საათს, განხილულ უნდა იქნეს როგორც შაბათ-კვირას, ასევე უქმე დღეებშიც. ამასთან, სარჩელის შეტანის დროისთვის მოსამართლის განსახილველი საქმეები (აქტიური, ახლო პერიოდში დასრულებადი) 250-ზე მეტია. 2026 წლის 9 და 10 ოქტომბერს, თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში სხვა საქმეებთან ერთად, 24 საათში განსახილველი რამდენიმე საქმე (მათ შორის, სისხლის სამართლის საქმეები, სადაც ბრალდებული პირები დაკავებულები იყვნენ) შევიდა. მათზე სასამართლო სხდომები გაიმართა შაბათს, 10 ოქტომბერს. საქართველოს მოსამართლეთა XXXVII რიგგარეშე კონფერენცია გაიმართა 2026 წლის 10 ოქტომბერს, რომელზეც დასწრება მოსამართლემ ვერ შეძლო. სადავო ნორმები პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მოსარჩელის უფლებრივ მდგომარეობაზე. მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული სამართლებრივი პრობლემა გამომდინარეობს სადავო ნორმებიდან. კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები არ არის უზრუნველყოფილი და ზღუდავს მოსამართლის უფლებას ეფექტურად იქნეს ჩართული შესაბამის პროცესებში. ამასთანავე, არ არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული რომელიმე სხვა საფუძველი. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სადავო საკითხები არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი. ამასთან, კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სადავო საკითხები არ არის გადაწყვეტილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სადავო საკითხები არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სფერო 1.1. საქართველოს კონსტიტუციის 25 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია საქართველოს მოქალაქის უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ძირითადი კანონის დასახელებული ნორმა მოიცავს, როგორც საჯარო თანამდებობის დაკავებას, ისე საქმიანობის თავისუფლად განხორციელებასა და თანამდებობიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისგან დაცვას. “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მყარად ჩამოყალიბებული პრაქტიკით, ერთმანეთისგან გამიჯნულია საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებებით დაცული სფეროები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებას იცავს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება [„საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს“], ხოლო სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის უფლებას კი - ამავე ნორმის მე-2 წინადადება [„საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით“]. ამასთან, როგორც აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადება მოიცავს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების სხვადასხვა უფლებრივ კომპონენტს…” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 17 ნოემბრის №1/9/1673,1681 გადაწყვეტილება საქმეზე „ლონდა თოლორაია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-5). 1.2. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით უკვე დადგენილია, რომ მოსამართლის თანამდებობა კონსტიტუციის მიზნებისთვის განხილულ უნდა იქნეს იმ სახელმწიფო თანამდებობად, რომლის დაკავებისა და საქმიანობის განხორციელების კანონით განსაზღვრული პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის მოთხოვნებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის №3/1/659 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15). 1.3. განსახილველი კონსტიტუციური დებულებით დაცული სფეროს ქვეშ ერთიანდება სხვადასხვა კატეგორიისა, სპეციფიკისა და ფუნქციის მატარებელი, პოლიტიკური თუ პროფესიული თანამდებობები. ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის დაცვის გარანტიები შესაძლოა არსებითად განსხვავდებოდეს ამავე მუხლის ქვეშ მოაზრებულ თანამდებობის მიხედვით. ერთ-ერთი მათგანია მოსამართლე და ზოგადად სასამართლო ხელისუფლების ქვეშ მოაზრებული კონსტიტუციური თანამდებობები/პოზიციები. “რიგ თანამდებობებთან მიმართებით, შეიძლება არსებობდეს როგორც თანამდებობის პირის შრომითი უფლებების დაცვის, ისე მისი უფლებამოსილების სათანადოდ განხორციელების უზრუნველყოფის მომეტებული კონსტიტუციური ინტერესი. ზოგიერთი თანამდებობის პირების მიერ საქმიანობის განხორციელება, ერთი მხრივ, უკავშირდება მნიშვნელოვან პროფესიულ ცოდნასა და გამოცდილებას, მეორე მხრივ კი, მათი საქმიანობის განხორციელება გულისხმობს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლის ეფექტურად განხორციელებისათვის მათ ესაჭიროებათ საქმიანობაში ჩაურევლობის გარანტიები. მაგალითად, მოსამართლის საქმიანობა, ერთი მხრივ, უკავშირდება კვალიფიკაციას, გამოცდილებას, პროფესიულ ცოდნას, მეორე მხრივ კი, საჭიროებს საქმიანობაში ჩაურევლობის მყარ გარანტიებს. ამდენად, სხვადასხვა საჯარო თანამდებობასთან მიმართებით შესაძლოა, მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს თანამდებობის პირის უფლებათა დაცვის გარანტიები. თუმცა, თითოეულ შემთხვევაში მისი თანამდებობიდან დაუსაბუთებლად გათავისუფლების მოთხოვნა უკავშირდება პირის შრომითი უფლების დაცვას ან/და საქმიანობის სათანადოდ განხორციელების უზრუნველყოფას. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 23 აპრილის №3/1/1298,1313 გადაწყვეტილება საქმეზე "თამაზ მეჭიაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", II-11). 1.4. წარმოდგენილი არგუმენტაციიდან გამომდინარე, ნათელია რომ საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი და მეორე წინადადებებით დაცულია მოსამართლის უფლება როგორც მართლმსაჯულებასთან, ასევე სასამართლოს ადმინისტრირებასთან დაკავშირებული უფლებამოსილებები განახორციელოს დაუბრკოლებლად და თავისუფლად. მოსამართლეს, კონსტიტუციით ასევე აქვს გარანტია, რომ შეფერხებების გარეშე მიიღოს მონაწილეობა სასამართლოს თვითმმართველობის საკითხებთან დაკავშირებულ ღონისძიებებში. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მოსამართლის თანამდებობა, მისი სტატუსიდან და ფუნქციური დატვირთვიდან გამომდინარე, სწორედ ისეთ საჯარო თანამდებობათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლის შეუფერხებელი განხორციელებაც განსაკუთრებულად არის დაცული საქართველოს კონსტიტუციით.
2. მოსამართლის უფლება მონაწილეობა მიიღოს მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს საქმიანობაში
2.1. საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, ცალკეული კონსტიტუციური ნორმა არ არსებობს ვაკუუმში, კონსტიტუციის სხვა დანაწესებისგან მოწყვეტილად - „კონკრეტული დავების გადაწყვეტისას საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია, როგორც კონსტიტუციის შესაბამისი დებულება, ისე სადავო ნორმა გააანალიზოს და შეაფასოს კონსტიტუციის ძირითადი პრინციპების კონტექსტში, რათა ეს ნორმები განმარტების შედეგად არ დასცილდნენ მთლიანად კონსტიტუციაში გათვალისწინებულ ღირებულებათა წესრიგს. მხოლოდ ასე მიიღწევა კონსტიტუციის ნორმის სრული განმარტება, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს კონკრეტული სადავო ნორმის კონსტიტუციურობის სწორ შეფასებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის №1/3/407 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). 2.2. როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით დაცული სფეროს მოთხოვნები, ისევე როგორც მასში ჩარევის კონსტიტუციური სტანდარტები იცვლება კონკრეტული საჯარო თანამდებობის სამართლებრივი ბუნების გათვალისწინებით. დავის საგანი შეეხება სასამართლო ხელისუფლების ადმინისტრირების საკვანძო ორგანოებისა და მოსამართლის ურთიერთმიმართებას. აღნიშნული საკითხი, ფაქტობრივად, ნებისმიერი სახელმწიფოს კონსტიტუციის არქიტექტურის საკვანძო ელემენტია და მისი შინაარსს სასამართლო ხელისუფლების მომწესრიგებელი დებულებები ნათლად განსაზღვრავს. 2.3. საქართველოს კონსტიტუციის მე-6 თავი აწესრიგებს სასამართლო ხელისუფლებას. კონსტიტუცია განსაზღვრავს არამხოლოდ მოსამართლის როგორც მართლმსაჯულების განმახორციელებელი პირის როლს, არამედ მართლმსაჯულების ორგანიზების/ადმინისტრირების კონსტიტუციურ მოდელს. ამ მოდელის თანახმად, ფაქტობრივად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის მართლმსაჯულების ადმინისტრირების უმაღლესი ორგანო. საბჭო იღებს გადაწყვეტილებას თითქმის ყველა ძირითად საკითხზე, რომელსაც არსებითი გავლენის მოხდენა შეუძლია როგორც ზოგადად სასამართლო ხელისუფლების, ისე ინდივიდუალური მოსამართლის ინსტიტუციურ თუ პერსონალურ დამოუკიდებლობაზე. საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, “საერთო სასამართლოების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის, მოსამართლეთა დანიშვნისა და გათავისუფლების და სხვა ამოცანების შესრულების მიზნით იქმნება საერთო სასამართლოების სისტემის ორგანო − საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.” 2.4. ზოგადად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ან/და მართლმსაჯულების ადმინისტრირების სხვა ცენტრალური ორგანო შესაძლოა ფორმირდეს სხვადასხვა ინსტიტუციური ფორმით. ეს ბუნებრივია არსებით გავლენას ახდენს ამ პროცესში მოსამართლის როლზე ისევე, როგორც საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებით დაცული სფეროს კონსტიტუციურ ფარგლებზე. ამ თვალსაზრისით, საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს მოსამართლის საკვანძო როლს. კერძოდ, დასახელებული ნორმის პირველი და მეორე წინადადების მიხედვით “იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში შედიან 4 წლის ვადით განწესებული 14 წევრი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტს შეადგენენ საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს მიერ მოსამართლეთაგან არჩეული წევრები.” 2.5. საქართველოს კონსტიტუციით ჩამოყალიბებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირების/მართლმსაჯულების ადმინისტრირების მოდელი ცხადად მიუთითებს ორ გარემოებაზე: ა) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნახევარზე მეტი უნდა იყოს მოსამართლე და ბ) საბჭოს წევრი მოსამართლეები არჩეულ იყვნენ თავად მოსამართლეთა მიერ, თვითმმართველობის ორგანოს მეშვეობით. შესაბამისად, მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს ცენტრალური როლის გათვალისწინებით განისაზღვრება საბჭოს ანგარიშვალდებულებაც. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-64 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით “იუსტიციის უმაღლესი საბჭო ანგარიშვალდებულია საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს წინაშე.” 2.6. განხილული კონსტიტუციური დებულებები ნათლად მიანიშნებს, რომ მოსამართლის საჯარო თანამდებობა ექცევა, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროში. ამ სფეროს ყველაზე მინიმალისტურ ფარგლებში განმარტებითაც კი, მასში ექცევა მოსამართლის გარანტია დაუბრკოლებლად მიიღოს მონაწილეობა კონსტიტუციურად მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს მიერ გადასაწყვეტ საკითხების განხილვაში. ეს მათ შორის გულისხმობს, მისი როგორც მოსამართლის უფლებას აირჩიოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, დააყენოს კანდიდატი ან დასახელდეს კანდიდატად. ასევე, მას როგორც მოსამართლეს, მიეცეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის შესაძლებლობა.
3. სადავო ნორმების შინაარსი
3.1. “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, “საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია არის საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია შედგება უზენაესი სასამართლოს, სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეებისაგან.” სხვაგვარად, საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლით მოსამართლეთა თვითმმართველო ორგანოს კონსტიტუციური ფუნქციები ხორციელდება მოსამართლეთა კონფერენციის მიერ. “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 66-ე მუხლის თანახმად, მოსამართლეთა კონფერენცია საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს სხდომების მეშვეობით, რომელიც ამავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, როგორც წესი, წელიწადში ერთხელ მოიწვევა. <3.2. მოსამართლეთა კონფერენციის სხდომაზე მისაღები გადაწყვეტილებების ნუსხას განსაზღვრავს “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტი. მათ შორისაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა. გარდა კონსტიტუციით პირდაპირ გათვალისწინებული ამ უფლებამოსილებისა, განსახილველი ნორმის მიხედვით მოსამართლეთა კონფერენცია ირჩევს კონფერენციის მუდმივმოქმედი ადმინისტრაციული კომიტეტის წევრებს, საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრებს, ამტკიცებს კონფერენციის ქარტიასა და რეგლამენტს, ისმენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანამდებობის პირების ანგარიშებს - ანგარიშვალდებულების კონსტიტუციური წესის შესაბამისად, ამტკიცებს სამოსამართლეო ეთიკის წესებს და ირჩევს ეთიკის საბჭოს წევრებს. 3.3. “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 65-ე მეორე პუნქტის მიხედვით, “ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არჩევნების ჩატარების დროს კანდიდატის დასახელების უფლება აქვს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციაზე დამსწრე ნებისმიერ მოსამართლეს.” დასახელებული კანონის 65-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის ქვეშ თავის მხრივ მოიაზრება კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნისა და საბჭოს სხვა წევრების, ისევე როგორც საერთო სასამართლოს მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრების არჩევა. სხვაგვარად, მოსამართლე რომელიც ვერ ახერხებს კონფერენციაზე ფიზიკურად დასწრებას, სრულად ერთმევა შესაძლებლობა დაასახელოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ადმინისტრაციული კომიტეტის, ისევე როგორც სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატი. მათ შორის, საკუთარი კანდიდატურა. 3.4. ამავე დროს “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 66-ე მუხლი, როგორც “საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მუშაობის წესის” დამდგენი ინსტიტუტი გამორიცხავს მოსამართლის შესაძლებლობას განახორციელოს მისი, როგორც მოსამართლეთა თვითმმართველო ორგანოს წევრის უფლებამოსილებები. კერძოდ, მოსამართლეთა კონფერენციის ჩატარების განსახილველი მუხლით დადგენილი წესი მოსამართლეს რომელიც ფიზიკურად ვერ ესწრება სხდომას ობიექტური, მათ შორის, მართლმსაჯულების განხორციელების მიზეზით, სრულად ერთმევა შესაძლებლობა რაიმე ფორმით იყოს ჩართული მოსამართლეთა თვითმმართველობის საქმიანობაში. ასევე აღნიშნული ნორმა საერთოდ არ ითვალისწინებს რაიმე წესს ან გარანტიებს, რათა მოსამართლეს არ შეეზღუდოს უფლებები კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის კუთხით. 3.5. “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 66-ე მუხლი, როგორც კონფერენციის მუშაობის წესის დამდგენი ინსტიტუტი მოსამართლისგან იმპერატიულად მოითხოვს კონფერენციის სხდომაზე ფიზიკურ დასწრებას. როგორც აღინიშნა, თუ მოსამართლე, ვერ ახერხებს კონფერენციაზე ფიზიკურ დასწრებას მას სრულად ერთმევა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს მოსამართლეთა თვითმმართველობის საქმიანობაში, რომელიც როგორც ამ სარჩელის წინა ნაწილში დასაბუთდა, მოსამართლის, როგორც საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირის საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლებაა. მეტიც, “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 65-ე მუხლის მე-2 პუნქტი, მოსამართლეს დამატებით ართმევს შესაძლებლობას დაასახელოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი, მათ შორის, საკუთარი თავი, როდესაც შესაბამისი მოსამართლე ვერ ახერხებს სხდომაში მონაწილეობის მიღებას. მთლიანობაში სადავო ნორმები სრულად გამორიცხავს, მოსამართლის შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოს მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს საქმიანობაში. მათ შორის, ისეთ შემთხვევებში როდესაც მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლით პირდაპირ გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს. 3.6. მიზანშეწონილია ხაზგასმით აღინიშნოს, რომ “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 66-ე მუხლი საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტთან მიმართებით სადავოდ არის გამხდარი “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 66-ე მუხლის თითოეული პუნქტით დამკვიდრებული ინსტიტუტის (კონფერენციის საქმიანობის წესის) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მოსამართლეს, კონფერენციაში მონაწილეობის შესაძლებლობას და მისი როგორც მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს წევრის კონსტიტუციური უფლებამოსილებების რეალიზების საშუალებას იძლევა მხოლოდ სხდომის გამართვის დღეს, მისი ადგილზე ფიზიკურად ყოფნის შემთხვევაში. 3.7. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით მოსამართლის პრიორიტეტული, უპირველესი ფუნქციაა, მართლმსაჯულების განხორციელება. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსამართლე თვითმმართველი ორგანოს ფუნქციებში მონაწილეობის, ან/და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის ან მისთვის სასურველი კანდიდატის მხარდაჭერის მოტივით ვერ იტყვის უარს მართლმსაჯულების განხორციელებაზე. სამოსამართლეო ფუნქციების სპეციფიკის, სამუშაო ადგილის ან/და გადატვირთულობის გათვალისწინებით, რიგ შემთხვევებში მოსამართლემ შესაძლოა ვერ შეძლოს მოსამართლეთა კონფერენციის სხდომებზე ფიზიკურად დასწრება. ასევე, მოსამართლე წინასწარ ვერ ივარაუდებს სამუშაო მოცულობებს და რისკის ქვეშ ვერ დააყენებს მის განსჯადობას მიკუთვნებულ ტერიტორიაზე მართლმსაჯულების უწყვეტ განხორციელებას. 3.8. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით დაცულია მოსამართლის უფლება დაუბრკოლებლად, შეფერხებების გარეშე მიიღოს მონაწილეობა მოსამართლეთა თვითმმართველი ორგანოს უფლებამოსილებების განხორციელებაში. მათ შორის, დაასახელოს საკუთარი ან სხვა კანდიდატი, არჩეულ იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ან/და მხარი დაუჭიროს მისთვის სასურველ სხვა კანდიდატს. 3.9. სადავო ნორმები ადგენს მოსამართლეთა კონფერენციის სხდომის ჩატარებისა და საქმიანობის იმგვარ წესს, რომლის მიხედვითაც მოსამართლე რომელიც უშუალოდ, ფიზიკურად არ მონაწილეობს შესაბამის სხდომაში, სრულად ერთმევა მისი როგორც მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს წევრის კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელების შესაძლებლობა, რაც საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების აშკარა შეზღუდვაა.
4. თანაზომიერების პრინციპი/პროპორციულობა
4.1. საქართველოს მასშტაბით საერთო სასამართლოს მოსამართლის საჯარო თანამდებობა უკავია დაახლოებით 350-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს, რომლებიც გადანაწილებულები არიან საქართველოს ტერიტორიაზე. ამავე დროს, სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიის და მოსამართლეთა რაოდენობის გათვალისწინებით განსხვავდება კონკრეტულ მოსამართლეზე დაკისრებული ტვირთი. მაგალითად, მცირე ზომის სასამართლოებში ხშირად მოსამართლეები იხილავენ ყველა კატეგორიის საქმეებს და მუშაობენ შედარებით გადატვირთული გრაფიკით. ასევე გასათვალისწინებელია მოსამართლეთა სამუშაო პირობები, სასამართლოს ადგილმდებარეობა, მაგისტრატი მოსამართლე, სასამართლოს აპარატი და სხვა. მაგალითად, თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს აპარატის სტრუქტურა საერთოდ არ ითვალისწინებს მოსამართლის თანაშემწის თანამდებობას. მოსამართლის თანაშემწის მოვალეობას ასრულებს სასამართლო სხდომის მდივანი. შესაბამისად, წლების განმავლობაში მოსარჩელეს, როგორც მოსამართლეს, უშუალოდ მისი სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას, ორგანიზაციულ და სამართლებრივ დახმარებას უწევს მხოლოდ ერთი სასამართლოს აპარატის მოხელე (სასამართლო სხდომის მდივანი). 4.2. მოსამართლეთა კონფერენციის სხდომა იმართება, როგორც წესი დედაქალაქში, თბილისში. ადგილსამყოფლის/სამუშაო ადგილის, ისევე როგორც გადატვირთულობის, ან/და კონკრეტულ სამოქმედო ტერიტორიაზე მართლმსაჯულების უწყვეტობის უზრუნველყოფის საფრთხის გამოსარიცხად (განსაკუთრებით სისხლის სამართლის და საჯარო სამართლებრივ საქმეებზე) მოსამართლე დგება იმ ვითარებაში, როდესაც უარი უნდა თქვას მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებაზე - მიიღოს მონაწილეობა მოსამართლეთა თვითმმართველი ორგანოს მუშაობაში. მათ შორის, აირჩიოს ან არჩეულ იქნეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად, დაასახელოს კანდიდატი, მონაწილეობა მიიღოს მოსამართლეთა კონფერენციის კონსტიტუციით გათვალისწინებული ან/და ორგანული კანონით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებაში. 4.3. უფრო კონკრეტულად, როგორც ზემოთ აღინიშნა მოსამართლის უპირველესი ვალდებულებაა მართლმსაჯულების განხორციელება და მის სამოქმედო არეალში - განსჯად ტერიტორიაზე, მართლმსაჯულების უწყვეტობის უზრუნველყოფა. მოსამართლე ამ ვალდებულებას ვერ დაარღვევს, მისი როგორც მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს წევრის კონსტიტუციური უფლებამოსილების რეალიზების გამო. 4.4. მაგალითისთვის, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მომუშავე მოსამართლეებს უწევთ თბილისში ჩასვლა იმ პირობებში, როდესაც მათი სამგზავრო ან სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების წესი არ არსებობს. მოსამართლეთა ნაწილს, მხოლოდ ერთი მიმართულებით, დაახლოებით 5-6 საათიც კი შეიძლება უწევდეს მგზავრობა ერთდღიან კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. მათთვის, ისევე როგორც ყველა მოსამართლისთვის, კონფერენციის მონაწილეობისთვის რეგისტრაციის გავლის დროისთვისაც კი, უცნობია რომელი მოსამართლე ან მოსამართლეებია ოფიციალურად დასახელებული კანდიდატ(ებ)ი. აქედან გამომდინარე, კონფერენციაზე გამოცხადებულმა, რეგისტრირებულმა მოსამართლემ არ იცის ვის უნდა/არ უნდა დაუჭიროს მხარი. უფრო მეტიც, შესაძლოა კონფერენციაზე საერთოდ არ იყოს კანდიდატურა წარმოდგენილი და კონფერენციის სხვა დროისთვის ჩატარების აუცილებლობა წარმოიშვას, რაც დამატებით სიძნელეებს ქმნის მოსამართლეებისთვის. 4.5. აუცილებელია, მოსამართლეებს ჰქონდეთ საქმიანობის და თვითმმართველობაში მონაწილეობის ისეთი პირობები, რომ მათ დაბრკოლების გარეშე, თავისუფლად, შეუზღუდავად გამოავლინონ თავისი ნება და განავითარონ ის თვისებები, რაც მათი სამოსამართლეო კარიერის და მართლმსაჯულების სწორად განხორციელებისთვისაა აუცილებელი. არსებულმა საკანონმდებლო ჩარჩომ არ უნდა შექმნას საფრთხე იმისა, რომ მოსამართლეებმა არათუ ვერ გამოიყენონ მათთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები, არამედ წახალისდეს ჯანსაღი კონკურენციის შემაფერხებელი პირობები. 4.6. მოსამართლეებისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის პიროვნებას, რეპუტაციასა და ხედვებს უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი როლი აქვს. შესაბამისად, კანდიდატ(ებ)ს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, რათა შეძლონ კოლეგებთან და საზოგადოებასთან კომუნიკაცია, საკუთარი პროგრამების წარდგენა, შეხვედრების ორგანიზება, კრიტიკული კითხვებზე პასუხის გაცემა, დებატებში მონაწილეობა, ასევე ღია შეხვედრებზე ახსნან თუ როგორ აპირებენ სასამართლო სისტემის ძირითადი გამოწვევების გადაჭრას (საქმეთა გადატვირთულობა, დამოუკიდებლობის ხარისხი, ბიუჯეტის განაწილება, აპარატის თანამშრომელთა უფლებები და ა.შ.). ყოველივე ზემოაღნიშნული მოითხოვს ასევე გარკვეულ დროს, რომელიც ასევე უნდა იქნეს გათვალისწინებული მოსამართლეთა საქმიანობიდან გამომდინარე. რაც უფრო მეტი ძლიერი, აქტიური და დამოუკიდებელი მოსამართლე ჩაერთვება ამ პროცესში, მით უფრო გამყარდება საზოგადოების ნდობა მთელი სასამართლო სისტემის მიმართ. მით უფრო, როდესაც მთელი პროცესი წარიმართება მაღალი კორექტულობის, პროფესიული ეთიკისა და კოლეგიალობის ფარგლებში. აქვე აღსანიშნავია, რომ როდესაც კანდიდატები ღია, კონკურენტულ პირობებში საზოგადოებას და კოლეგებს წარუდგენენ თავიანთ საარჩევნო პლატფორმას, პროგრამული დაპირებ(ებ)იდან გამომდინარე, მათ უფრო მკაფიოდ დაეკისრებათ პასუხისმგებლობა კოლეგების წინაშე. მიმაჩნია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების ამგვარი პრაქტიკა უკეთესად უზრუნველყოფს მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღების პროცესს და საზოგადოებრივი ნდობის განმტკიცებას, რაც საერთო სასამართლოების თითოეული მოსამართლის და სისტემის თანამშრომლის ინტერესებში უნდა იყოს. 4.7. ბუნებრივია მოსამართლეთა კონფერენცია უნდა ჩატარდეს ორგანიზებულად. თუმცა, ერთ დღეს, თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მომუშავე მოსამართლეთა დედაქალაქში ფიზიკური თავმოყრა, სადაც მხოლოდ კონფერენციის დღეს წამოიჭრება, განიხილება და წყდება საკითხები, ორგანიზებულ და ჯანსაღ კონკურენციაზე დაფუძნებული სხდომის წინაპირობას არ წარმოადგენს. მეტიც, მოსამართლეთა კონფერენციის ამგვარად ჩატარების საკანონმდებლო ვალდებულება აბრკოლებს მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს სრული კონსტიტუციური პოტენციალის რეალიზებას. 4.8. დილემა, რომელშიც სადავო ნორმები მოსამართლეს აყენებს სრულად არასაჭირო და არააუცილებელია შესაძლო ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად. კერძოდ, სრულად შესაძლებელია მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს საქმიანობის წესის იმგვარად განსაზღვრა, სადაც მოსამართლეს, განსაკუთრებით დედაქალაქისგან შორს, რეგიონებში მყოფ მოსამართლეებს არ მოუწევთ საკუთარი უფლებების რეალიზებაზე უარის თქმა რათა მათ განსჯად ტერიტორიაზე მართლმსაჯულების უწყვეტობა და ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვა უზრუნველყონ. 4.9. მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს კონსტიტუციური ინსტიტუტი, ისევე როგორც მოსამართლეთა კონფერენცია დამკვიდრდა 2009 წლიდან. ამავე წელს იქნა მიღებული “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი და მოსამართლეთა კონფერენციის სხდომის ფუნქციონირების ფიზიკური წესი. 2013 წლის 1 მაისს განხორციელებული ცვლილებებით (https://matsne.gov.ge/ka/document/view/1924526), “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონს ცალკე დაემატა 65-ე მუხლის მეორე პუნქტი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატობის დასახელების აკრძალვა სხდომაზე არადამსწრე წევრის მიერ. 4.10. მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს საქმიანობის ფიზიკური წესის განსაზღვრიდან დაახლოებით 15 წელია გასული და ამ პერიოდში არსებითად განვითარდა ტექნიკური და ლოჯისტიკური საშუალებები. შესაძლებელია შემუშავდეს სხვადასხვა მოდელი, რომელიც მოსამართლეს არ წაართმევს შესაძლებლობას მიიღოს მონაწილეობას მოსამართლეთა თვითმმართველი ორგანოს სხდომაში, მათ შორის, ფარული კენჭისყრის პირობებით. ყურადსაღებია ის გარემოება, რომ კონფერენციაში მონაწილეობს პირთა შეზღუდული წრე - მოსამართლეები, რომლებსაც აქვთ სათანადო განათლება და გამოცდილება, რაც კიდევ უფრო აფართოებს თვითმმართველობის სხდომის ორგანიზების იმგვარი მოდელების არჩევანს, რომელიც მოსამართლისგან ირიბად საკუთარი უფლებების რეალიზებაზე უარის თქმას არ ითხოვს, მართლმსაჯულების განხორციელების უპირატესი ინტერესის დაცვის გამო. 4.11. ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ რაციონალურ ახსნას არ ექვემდებარება რა მიზანს ემსახურება “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 65-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც მხოლოდ სხდომის მიმდინარეობისას, მხოლოდ სხდომაზე დამსწრე მოსამართლეს, ანიჭებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კანდიდატის დასახელების უფლებას. 4.12. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსამართლის საჯარო თანამდებობასთან მიმართებით საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სფეროს ყველაზე მინიმალისტურ ფარგლებში განმარტებითაც კი, მასში აუცილებლად ექცევა საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მოსამართლეთა თვითმმართველობის მიერ გადასაწყვეტ საკითხებში დაუბრკოლებლად მონაწილეობის მიღება. მათ შორის, მისი როგორც მოსამართლის უფლება აირჩიოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. ასევე, მას როგორც მოსამართლეს მიეცეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის შესაძლებლობა.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი