მოქალაქეები შალვა ნათელაშვილი, გედევან დანელია, კახაბერ ლორია, რომანოზ რეხვიაშვილი, ავთანდილ საყვარელიძე, გიორგი დავითური საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/7/288 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, ნიკოლოზ შაშკინი, |
თარიღი | 25 მაისი 2004 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ოთარ ბენიძე (თავმჯდომარე);
2. ნიკოლოზ შაშკინი;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი;
4. ზაურ ჯინჯოლავა (მომხსენებელი მოსამართლე).
სხდომის მდივანი: ელენე ლაღიძე
საქმის დასახელება: მოქალაქეები შალვა ნათელაშვილი, გედევან დანელია, კახაბერ ლორია, რომანოზ რეხვიაშვილი, ავთანდილ საყვარელიძე, გიორგი დავითური საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 18 აპრილის №94/2004 განკარგულების “საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის 2004 წლის 28 მარტის პროპორციული სისტემით ჩატარებული ხელახალი არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ” და 2004 წლის 27 თებერვლის დადგენილების №30/2004 “საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული სისტემით 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული ღონისძიებებისა და ვადების განსაზღვრის თაობაზე” კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14, მე-16, მე-17, მე-19, 26-ე, 28-ე, 29-ე, 38-ე, 39-ე, 44-ე და 45 მუხლებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელეები – შალვა ნათელაშვილი, გედევან დანელია, კახაბერ ლორია, რომანოზ რეხვიაშივლი, ავთანდილ საყვარელიძე და გიორგი დავითური და მათი წარმომადგენლები – გიორგი გუგავა და კახაბერ ძაგანია.
2004 წლის 28 მარტს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის ნომერი №288) მომართეს მოქალაქეებმა შალვა ნათელაშვილმა, გედევან დანელიამ, კახაბერ ლორიამ, რომანოზ რეხვიაშვილმა, ავთანდილ საყვარელიძემ და გიორგი დავითურმა.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი. “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლი, მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-10 მუხლი.
მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ორგანული კანონის საქ. საარჩევნო კოდექსის 106-ე მუხლის მე-4 პუნქტზე დაყრდნობით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო №167/2003 განკარგულება, რომლითაც საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული სისტემით ჩასატარებლად ხელახალი არჩევნების თარიღად განისაზღვრა 2004 წლის 25 იანვარი. ზემოთ აღნიშნული განკარგულების გამოქვეყნების დღესვე ცენტრალური საარჩევნო კომისია მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მათი გადაწყვეტილება იყო უკანონო და №50/2003 დადგენილებით სთხოვა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ხელახალი არჩევნების თარიღის დანიშვნა. რაც გახდა საფუძველი საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის არალეგიტიმური შემსრულებლის მიერ 2004 წლის 28 მარტს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული სისტემის ჩასატარებელი ხელახალი არჩევნების დანიშვნისა.
ასევე მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გადააჭარბა საკუთარ უფლებამოსილებას და თვითნებურად შეცვალა კანონით დადგენილი წესი ამომრჩეველთა სიის ფორმირების შესახებ. კერძოდ საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-9 მუხლი განსაზღვრავს ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების წესს, რომლისგანაც სრულიად განსხვავდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი წესი.
სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს საარჩევნო კომისიის დადგენილებით არ არის უზრუნველყოფილი საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის მოთხოვნები, რომლითაც საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება და უზრუნველყოფილია ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლინება. მოსარჩელეთა განცხადებით ხელისუფლება ქვეყნის მოსახლეობას ამომრჩევლებად და მოქალაქედ ყოფს. რაც ეწინააღმდეგება ადამიანთა უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტს, რომლის თანახმადაც “ხალხის ნება უნდა იყოს მთავრობის ძალაუფლების საფუძველი, ეს ნება უნდა გამოიხატებოდეს პერიოდულ და არაფალსიფიცირებულ არჩევნებში, რომლებიც უნდა ტარდებოდეს საყოველთაო და თანასწორი უფლებით, ფარული კენჭისყრით ან სხვა თანაბარი საშუალებებებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ხმის მიცემის თავისუფლებას.
მოსარჩელეები თვლიან, რომ 2004 წლის 28 მარტის არჩევნები ჩატარდა ტოტალური გაყალბებით და საარჩევნო კანონმდებლობის უხეში დარღვევით, წინასაარჩევნო რეგისტრაცია და საარჩევნო სია წარმოადგენდა გაყალბებების ძირითად საშუალებას, რადგან სიებში, რომლებიც წარმოდგენილი იყო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რეგისტრაციით მასში ფიქსირდებოდნენ ისეთი ამომრჩევლები, რომლებიც რეგისტრაციის მიხედვით სხვა საარჩევნო უბნის ამომრჩეველი იყო. ამით ერთდაიგივე ამომორჩეველს შეეძლო ორ საარჩევნო უბანზე მიეღო კენჭისყრაში მონაწილეობა.
ასევე კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველს, რომელსაც წარმოდგენილი ჰქონდა, როგორც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობა, რომლითაც დასტურდებოდა საარჩევნო უბნისათვის განკუთვნილი საზღვრები, უფლებას არ აძლევდნენ რეგისტრაცია გაევლო იმ დღეს მოსულ ამომრჩეველთა სიაში და მონაწილეობა მიეღო კენჭისყრაში თავის საარჩევნო უბანში.
მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ საუბნო კომისიის დალუქულ პაკეტებში სახელისუფლო პარტიის სასარგებლოდ მითვლილია ლეიბორისტული პარტიის ბიულეტენები, რაც გამოწვეულია იმით, რომ საარჩევნო ადმინისტრაციებში კომისიის თხუტმეტი წევრიდან, რვა წევრი არის ხელისუფლების წარმომადგენელი.
როგორც მოსარჩელეები აცხადებენ ქვემო ქართლის, მესხეთ-ჯავახეთის და აჭარის რეგიონების ხარჯზე 500000 ბიულეტინი ჩაყრილია, გაყალბებით, სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ.
აღსანიშავია ისიც, რომ ცსკომ გააუქმა ხულოსა და ქობულთეის ოლქებში არჩევნების შედეგები, და 18 აპრილისათვის დანიშნა ხელახალი არჩევნები. ამ ორ ოლქში 18 აპრილის ჩაშლილი არჩევნების მიუხედავად ცსკომ მათ გაუთვალისწინებლად მიიღო საბოლოო შემაჯამებელი ოქმი. ამ ოლქების ამომრჩეველთა რაოდენობა 60000 ითვლის, რაც შესაძლებლობას აძლევდა საარჩევნო სუბიექტებს 7%-იანი ბარიერის გადასალახავად.
გამწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელეთა წარმომადგენელმა საქართველოს კანონის “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” 13-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე გაზარდა სასარჩელო მოთხოვნის მოცულობა. კერძოდ, მან მოითხოვა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილების №30/2004 “საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული სისტემით 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული ღონისძიებებისა და ვადების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს კონსტიტუციის მე-14, მე-16, მე-17, მე-19, 26-ე, 28-ე, 38-ე, 39-ე, 44-ე და 45-ე მუხლებთან შეუსაბამობის საფუძვლით არაკონსტიტუციურად ცნობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მოითხოვენ არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 18 აპრილის განკარგულება №94/2004 “საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის 2004 წლის 28 მარტის პროპორციული სისტემით ჩატარებული ხელახალი არჩევნების შემაჯამებელი ოქმის შესახებ” და ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 27 თებერვლის დადგენილება №30/2004 “საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული სისტემით 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული ღონისძიებებისა და ვადების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს კონსტიტუციის მე-14, მე-16, მე-17, მე-19, 26-ე, 28-ე, 29-ე, 38-ე, 39-ე, 44-ე და 45-ე მუხლებთან მიმართებით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ საქმის გამწესრიგებელ სხდომაწე განხილვის შედეგად, კონსტიტუციური სარჩელისა და მასზე თანდართული დოკუმენტების, ასევე სათანადო გარემოებების გაანალიზების, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეთა წარმომადგენლების განმარტებათა საფუძველზე გამოარკვია შემდეგი გარემოებანი:
1. საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით “ვ” ქვეპუნქტის, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს მოქალაქეთა და იურიდიული პირების კონსტიტუციურ სარჩელს განიხილავს მხოლოდ ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე.
“ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლი ნორმატიულ აქტად მიიჩნევს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხოლოდ დადგენილებას. კონსტიტუციურ სარჩელში კი მოსარჩელეები მოითხოვენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის №94/2004 განკარგულების არაკონსტიტუციურად ცნობას.
“ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 53-ე მუხლი საქართველოში მოქმედი ყველა ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის აუცილებლად მიიჩნევს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 11 მაისის №01/23/11-2752 წერილის თანახმად საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის №94/2004 განკარუგელება ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული არ არის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლო მოქალაქეებისა და იურიდიული პირების სარჩელების საფუძველზე განიხილავს დავებს მხოლოდ ნორმატიული აქტების ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის “ა” და “გ” პუნქტების შესაბამისად კონსტიტუციური სარჩელი ამ ნაწილში არ მიიღება განსახილველად.
2. რაც შეეხება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 27 თებერვლის №30/2004 დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხს საქართველოს კონსტიტუციის მე-14, მე-16, მე-17, მე-19, 26-ე, 28-ე, 29-ე, 38-ე, 39-ე, 44-ე და 45-ე მუხლებთან მიმართებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ხოლო “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის თანახმად: “კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება განსახილველად არ მიიღება თუ ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეებმა და მათმა წარმომადგენლებმა, როგორც კონსტიტუციურ სარჩელში, ისე განმწესრიგებელ სხდომაზე ვერ შეძლეს სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საფუძვლიანობის დასაბუთება. მათ ვერ შეძლეს დაესაბუთებინათ, თუ როგორ დაარღვია სადავო აქტმა, ან შესაძლებელია მომავალში დაერღვია მათი უფლებები საქართველოს კონსტიტუციის მე-14, მე-16, მე-17, მე-19, 26-ე, 28-ე, 29-ე, 38-ე, 39-ე, 44-ე და 45-ე მუხლებთან მიმართებით.
3. მოსარჩელეებმა განმწესრიგებელ სხდომაზე განაცხადეს, რომ მათი სასარჩელო მოთხოვნა უკავშირდებოდა არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხს. ამასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ არ ითვალისწინებს მოქალაქეთათვის მსგავსი კომპეტენციის განხორციელების უფლებას. არჩევნების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით კანონი ადენს, როგორც სპეციალურ ვადებს მისი საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანისათვის ასევე, განსაზღვრულია სუბიექტთა წრე. კერძოდ, საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” 37-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად: საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: საქართველოს პრეზიდეტს, საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართა საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის, 49-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების ან/და 50-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით.
მოსარჩელეებს კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილი აქვთ, როგორც მოქალაქეებს (ფიზიკურ პირებს) და ზემოაღნიშნული ნორმის მოთხოვნის შესაბამისად, მათ ამისი უფლებამოსილება, ანუ იდავონ არჩევნების კონსტიტუციურობის თაობაზე, არ გააჩნიათ.
4. მოსარჩელეები თვლიან, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გადააჭარბა საკუთარ უფლებამოსილებას და თვითნებურად შეცვალა კანონით დადგენილი წესი ამომრჩეველთა სიების ფორმირების შესახებ, რაც სრულიად განსხვავდება საქართველოს ორგანული “საქართველოს საარჩევნო კოდექსი”-ს მე-9 მუხლით დადგენილი წესისაგან, რაც შემდეგში მოსარჩელეთა აზრით არჩევნების გაყალბების საფუძველი გახდა.
ამასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონებს შორის შესაბამობის თაობაზე დავების განხილვის უფლებამოსილება საკონსტიტუციო სასამართლოს კანონით არ გააჩნია. საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს დავებს ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის შესახებ.
ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონსტიტუციური სარჩელი არ შეიძლება მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად, რადგან არ აკმაყოფილებს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
იხელმძღვანელა რა, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტით, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 31-ე მუხლით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, “საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლით, მე-18 მუხლის “ა” პუნქტით და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილევლად მოქალაქეების შალვა ნათელაშვილის, გედევან დანელიას, კახაბერ ლორიას, რომანოზ რეხვიაშვილის, ავთანდილ საყვარელიძის, გიორგი დავითურის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ “საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის 2004 წლის 28 მარტის პროპორციული სისტემით ჩატარებული ხელახალი არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 18 აპრილის №94/2004 განკარგულების და “საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული სისტემით 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 18 აპრილის №94/2004 განკარუგელების და “საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული სისტემით 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული ღონისძიებებისა და ვადების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 27 თებერვლის №30/2004 დადგენილების კონსტიტუციურობის თაობაზე, საქართველოს კონსტიტუციის მე-14, მე-16, მე-17, მე-19, 26-ე, 28-ე, 29-ე, 38-ე, 39-ე, 44-ე და 45-ე მუხლებთან მიმართებით.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
1. ოთარ ბენიძე;
2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი;
3. ლამარა ჩორგოლაშივლი;
4. ზაურ ჯინჯოლავა.