საქართველოს მოქალაქეები – გიული ჩხაიძე და შოთა მესხელი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/8/240 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, |
თარიღი | 7 ივლისი 2003 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ბესარიონ ზოიძე –(თავმჯდომარე);
2. იაკობ ფუტკარაძე;
3. ნიკოლოზ შაშკინი (მომხსენებელი მოსამართლე);
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები – გიული ჩხაიძე და შოთა მესხელი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: “საპაიო-კომერციული შემნახველი ბანკის საწესდებო კაპიტალში სახელმწიფოს წილის ნახევრის მეპაიეებზე განაწილების შესახებ” საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 2 ივნისის №181 ბრძანებულების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელეები – გიული ჩხაიძე და შოთა მესხელი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას 2003 წლის 20 ივნისს გადმოეცა საქართველოს მოქალაქეების – გიული ჩხაიძისა და შოთა მესხელის 240-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი არსებითი განხილვისათვის მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით. ამ საკითხზე სასამართლოს ღია განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა 2003 წლის 30 ივნისს.
მოქალაქეებმა – გიული ჩხაიძემ და შოთა მესხელმა კონსტიტუციური სარჩელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს 2003 წლის 13 ივნისს. კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 19-ე მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი და 39-ე მუხლი, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლი.
კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, მოსარჩელეები იყვნენ საქართველოს სახელმწიფო-კომერციული შემნახველი ბანკის მეანაბრეები. აღნიშნული ბანკის საპაიო-კომერციულ შემნახველ ბანკად გარდაქმნასთან დაკავშირებით, მეანაბრეები 1994 წლის მაისში, მათზე რიცხული ანაბრების 1993 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით, გახდნენ საპაიო-კომერციული შემნახველი ბანკის მეპაიეები. მოსარჩელეებს მიაჩნდათ, რომ მეპაიის წილის დადგენის შემდეგ ყოველწლიურად საპაიო შენატანს დაემატებოდა დივიდენდები და დაიფარებოდა ბანკის დავალიანება მათ სასარგებლოდ. გავიდა წლები და რადგან ვერ მიიღეს ბანკის გამგეობის დანაპირები დივიდენდები, მათ გადაწყვიტეს მიეღოთ ზომები შეტანილი თანხების დასაბრუნებლად და დაიწყეს სათანადო დოკუმენტაციის შეგროვება. მოსარჩელეთა სიტყვით, როდესაც ისინი გაეცნენ ბანკის გამგეობის თავმჯდომარის ივანე ჩხარტიშვილის 1994 წლის 14 აპრილის განკარგულებასა და სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 2 ივნისის №181 ბრძანებულებას, დარწმუნდნენ, რომ ამ ორი დოკუმენტის წყალობით აღმოჩნდნენ მოტყუებულნი.
მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ სადავო ბრძანებულება ივ. ჩხარტიშვილის 1994 წლის 14 აპრილის განკარგულების გამოსვლიდან შეგნებულად 38 დღის დაგვიანებით გამოიცა. მათი აზრით, სადავო ბრძანებულებით “საპაიო წილის დასადგენად თითოეულ მეპაიეზე გაანგარიშებები უნდა ჩატარებულიყო 1993 წლის 01 აპრილის მდგომარეობით, როცა 1 აშშ დოლარი = 684 კუპ. 1 რუს. მან. = 1 კუპ., რაც შეგნებულად არ გააკეთეს. მათ მეანაბრეებს მეპაიედ გაწევრიანებამდე არ აცნობეს თუ გაანგარიშებები წილის დასადგენად ჩატარდებოდა 1994 წლის 01 იანვრის მდგომარეობით, როცა 1 აშშ დოლარი = 102300 კუპონს”.
მოსარჩელეების აზრით, მეანაბრეების მეპაიეებად გახდომის ფაქტს უნდა მიეცეს იურიდიული შეფასება – მეანაბრეთა “გაბითურება” დაკავშირებულია სადავო ბრძანებულებასთან, ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ მეანაბრეებისათვის არ მიეცათ ანაბარზე რიცხული თანხები და ამით ფაქტობრივად ჩამოერთვათ მათ ქონების განკარგვის უფლება. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ყველა ბრძანებულება, რომლებიც ეხება ანაბრებზე რიცხული თანხების დაბრუნების საკითხს, ცალსახად არღვევს როგორც მათი ოჯახების, ასევე საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებას, რომელიც მინიჭებული აქვთ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მოითხოვენ გაუქმდეს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 2 ივნისის №181 ბრძანებულება “საპაიო-კომერციული შემნახველი ბანკის საწესდებო კაპიტალში სახელმწიფოს წილის ნახევრის მეპაიეებზე განაწილების შესახებ” საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან წინააღმდეგობის გამო.
სადავო ბრძანებულება ეკუთვნის საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს, რომლის თანამდებობაც ამჟამად აღარ არსებობს. ახლა მისი უფლებამონაცვლე საქართველოს პრეზიდენტია. ამიტომ მოპასუხე მხარედ კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია საქართველოს პრეზიდენტი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელისა და თანდართული მასალების, განმწესრიგებელ სხდომაზე მოწვეული მოსარჩელეების განმარტებათა გაანალიზების საფუძველზე გამოარკვია სასარჩელო მოთხოვნის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისათვის საჭირო გარემოებანი.
სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ არ არსებობს კანონიერი საფუძველი წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის არსებითად განსახილველად მიღებისათვის.
კოლეგია აღნიშნავს, რომ “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად “კონსტიტუციური სარჩელი ... დასაბუთებული უნდა იყო. კონსტიტუციურ სარჩელში ... აუცილებლად უნდა იყოს მოყვანილი ის მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელის ... აზრით ადასტურებენ სარჩელის ... საფუძვლიანობას”. ანალოგიურ დებულებას შეიცავს “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი. კანონმდებლობის ამ მოთხოვნაში იგულისხმება, რომ სარჩელის დასაბუთება და ამ მიზნით მოყვანილი მტკიცებულებები უნდა იყოს არა ფორმალური ხასიათისა, არამედ საგნობრივი და მართლა მიანიშნებდეს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და იგი, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-18 მუხლი “ა” პუნქტის ძალით, განსახილველად არ მიიღება.
სასამართლო კოლეგიის აზრით, არც კონსტიტუციურ სარჩელში არ არის და ვერც განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელეებმა ვერ მოიყვანეს ის მტკიცებულებები, რომლებიც სათანადოდ დაადასტურებდა კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას. მათ მიერ კონსტიტუციურ სარჩელში და განმწესრიგებელ სხდომაზე მოყვანილი არგუმენტები არ მიანიშნებენ, რომ სადავო აქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლს.
კოლეგია მიუთითებს, რომ სადავო აქტით შელახული არ არის მეპაიეთა უფლებები. მოსარჩელეები თვითონვე აღნიშნავენ, რომ მათი საპაიო-კომერციული შემნახველი ბანკის მეპაიეებად გახდომა 1994 წლის მაისის თვეში მოხდა ნებაყოფლობით, ბანკის გამგეობის განცხადებისა თუ განკარგულების საფუძველზე და იმ დროისათვის გამოცემულიც კი არ იყო საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის სადავო ბრძანებულება. ამ აქტის შინაარსიდან ჩანს, რომ იგი მეპაიეთა უფლებების საწინააღმდეგოდ კი არა, არამედ პირიქით, მათი ინტერესების დასაცავად გამოიცა - ბრძანებულების თანახმად, მოქალაქეთა ანაბრების გაუფასურების ნაწილობრივი კომპენსაციის მიზნით საპაიო-კომერციული შემნახველი ბანკის საწესდებო კაპიტალში სახელმწიფოს წილის ნახევარი თანხა მეანაბრე-მეპაეიეებზე განაწილდა. მოსარჩელეთა განმარტების საპირისპიროდ, სადავო ბრძანებულებით არ მომხდარა მეპაიეთა თანხების ინდექსაცია თუ გადაანგარიშება.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, იხელმძღვანელა რა “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტით, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, მე-18 მუხლის “ა” პუნქტითა და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლებით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქეების – გიული ჩხაიძისა და შოთა მესხელის კონსტიტუციური სარჩელი “საპაიო-კომერციული შემნახველი ბანკის საწესდებო კაპიტალში სახელმწიფოს წილის ნახევრის მეპაიეებზე განაწილების შესახებ” საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 2 ივნისის №181 ბრძანებულების კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით და შეწყდეს სამართალწარმოება ამ საქმეზე;
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
1. ბ. ზოიძე
2. ი. ფუტკარაძე
3. ნ. შაშკინი