საქართველოს მოქალაქე მერაბ კიკვაძე საქართველოს პრეზიდენტის წინაამღდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/10/292 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, |
თარიღი | 17 ივნისი 2004 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე);
2. ვახტანგ გვარამია;
3. იაკობ ფუტკარაძე;
4. ნიკოლოზ შაშკინი (მომხსენებელი მოსამართლე).
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე მერაბ კიკვაძე საქართველოს პრეზიდენტის წინაამღდეგ.
დავის საგანი: „ფოთის საზღვაო ნავსადგურის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №705 ბრძანებულების იმ ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, რომელიც შეეხება ფოთის საზღვაო სავაჭრო ნავსადგურისათვის გადასაცემი ქონების ნუსხაში მითითებულ ნავთობპროდუქტების გადასაქაჩ მიწისზედა №1 და №2 ტერმინალს.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე მერაბ კიკვაძე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირევლ კოლეგიას 2004 წლის 2 ივნისს გადმოეცა საქართველოს მოქალაქის მერაბ კიკვაძის 292-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი ასებითი განხილვისათვის მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით. ამ საკითხზე ღია განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა 2004 წლის 11 ივნისს.
მოქალაქე მ. კიკვაძემ სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 2004 წლის 27 მაისს შემოიტანა. კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის საფუძველზე.
მოსარჩელე შპს „ლილი და კომპანიის” დამფუძნებელი პარტნიორია. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 24 თებერვლის განჩინებით, 2004 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებითა და საქმეზე გაცემული სააღსრულებო ფურცლებით ფოთის საზღვაო სავაჭრო ნავსადგურში ნავთობპროდუქტების გადასაქაჩი მიწისზედა №1 და №2 ტერმინალი შპს „ლილი და კომპანიის” საკუთრებას წარმოადგენს. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ „ფოთის საზღვაო ნავსადგურის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №705 ბრძანებულებით ფოთის საზღვაო ნავსადგურს უსასყიდლო უზუფრუქტით გადაეცა მის ბალანსზე რიცხული მთელი ქონება. ამ ბრძანებულებით დამტკიცებულ ფოთის საზღვაო განვსადგურის წესდების დანართში მოცემულია ჩამონათვალი, სადაც მის საკუთრებაში გადაცემულ ქონებაში მოხსენიებულია ნავთობპროდუქტების გადასაქაჩი მიწისზედა №1 და №2 ტერმინალი, რომელიც არც საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინიტროს და არც ფოთის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის ბალანსზე არ იმყოფებოდა. მოსარეჩლის მტკიცებით, ეს ქონება არ შეიძლებოდა გადაცემოდა ფოთის საზღვაო სავაჭრო ნავსადგურს მფლობელობასა და სარგებლობაში, რადგან იგი წარმოადგენს შპს „ლილი და კომპანიის” საკუთრებას. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ბრძანებულებით დარღვეულია მისი, როგორც შპს „ლილი და კომპანიის” დამფუძნებელი პარტნიორის საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლითა და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებები, რადგანაც უსაფუძვლოდ წაერთვა შესაძლებლობა სარგებელი მიეღო საკუთარი ქონებიდან. იმავდროულად შეიზღუდა მისი, როგორც მეწარმის უფლებები. ამიტომაც, საქართველოს პრეზიდენტის სადავო ბრძანებულება არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი იმ ნაწილში, სადაც ფოთის საზღვაო სავაჭრო ნავსადგურისათვის გადასაცემი ქონების ნუსხაში მითითებულია ნავთობპროდუქტების გადასაქაჩი №1 და №2 ტერმინალი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელისა და თანდართული მასალების, განმწესრიგებელ სხდომაზე მოწვეული მოსარჩელის განმარტებათა გაანალიზების საფუძველზე გამოარკვია სასარჩელო მოთხოვნის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისათვის საჭირო გარემოებანი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად. მოსარჩელე ფაქტობრივად ითხოვს ქონებრივი დავის, სადავო ქონების კუთვნილების საკითხის განხილვა-გადაწყვეტას, რაც არ შედის საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაში. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ... დასაბუთებული უნდა იყოს. კონსტიტუციურ სარჩელში ... აუცილებლად უნდა იყოს მოყვანილი ის მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელის ... აზრით ადასტურებენ სარჩელის ... საფუძვლიანობას”. ანალოგიურ დებულებას შეიცავს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტი. კანონმდებლობის ამ მოთხოვნაში იგულისხმება, რომ სარჩელის დასაბუთება და ამ მიზნით მოყვანილი მტკიცებულებები უნდა იყოს არა ფორმალური ხასიათის, არამედ საგნობრივი და სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობაზე მიმანიშნებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებულია – შინაარსით არ შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და ამიტომ იგი, ამავე კანონის მე-18 მუხლის „ა” პუნქტის ძალით, განსახილველად არ მიიღება.
სასამართლო კოლეგიის აზრით, არც კონსტიტუციურ სარჩელში არ არის და ვერც განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელემ ვერ მოიყვანა ის მტკიცებულებები, რომლებიც სათანადოდ დაადასტურებდა კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას. უფრო მეტიც, კონსტიტუციური სარჩელის თანდართულ დოკუმენტებში არაა წარმოდგენილი სადავო ბრძანებულებით დამტკიცებული „ფოთის საზღვაო ნავსადგურის წესდების” მე-8 მუხლით გათვალისწინებული დანართი, რომლის გარეშეც სასარჩელო მოთხოვნის განხილვა შეუძლებელია. აღნიშნული გარემოება არსებითად სადავო სამართლებრივი აქტის წარმოუდგენლობის - „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტის დარღვევის ტოლფასია.
საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №705 ბრძანებით დამტკიცებული „ფოთის საზღვაო ნავსადგურის წესდების” მე-8 მუხლის თანახმად, „ნავსადგურის შექმნის მომენტისათვის მის საკუთრებაში გადაცემული ქონების ნუსხა მოცემულია დებულების დანართში, რომელიც წარმოადგენს წესდების განუყოფელ ნაწილს”. მოსარჩელემ განმწესრიგებელ სხდომაზე დამატებით წარმოადგინა რამდენიმე დოკუმენტი, რომლებიც, მისი აზრით, სწორად ზემოაღნიშნული დანართია. სასამართლო კოლეგიას კი მიაჩნია, რომ ეს დოკუმენტები შინაარსით სულ სხვა დებულებებს შეიცავენ და მაშასადამე, დანართი არც განმწესრიგებელ სხდომაზე არ იქნება წარმოდგენილი. ამასთან დაკავშირებით სასამართდო კოლეგია აღნიშნავს, რომ მან დანართის თაობაზე 2004 წლის 7 ივნის წერილით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (№01/08/263). 2004 წლის 11 ივნისის საპასუხო წერილის მიხედვით (№01/23/11-3525), „დანართი არ არის გამოქვეყნებული „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” და შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროს არ მოეპოვება” ეს გარემოება მიანიშნებს დავის საგნის არარსებობაზე და საერთოდ უსაფუძვლოს ხდის სასარჩელო მოთხოვნას.
იხელმძღვანელა რა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტით, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით. მე-18 მუხლის „ა” პუნქტითა და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-31 მუხლითა და 33-ე მუხლის პირველი პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქის მერაბ კიკვაძის 292-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი „ფოთის საზღვაო ნავსადგურის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, შექმნის შესახებ „საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 დეკემბრის №705 ბრძანებულების იმ ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, რომელიც შეეხება ფოთის საზღვაო სავაჭრო ნავსადგურისათვის გადასაცემი ქონების ნუსხაში მითითებულ ნავთოპროდუქტების გადასაქაჩ მიწისზედა №1 და №2 ტერმინლას და შეწყდეს სამართალწარმოება ამ სარჩელზე;
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ბ. ზოიძე (თავმჯდომარე)
ვ. გვარამია
ი. ფუტკარაძე
ნ. შაშკინი (მომხსენებელი მოსამართლე)/
ასლი დედანათნ სწორია
საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს მდივანი ნ. შაშკინი.