საქართველოს მოქალაქეები - თორნიკე გერლიანი, თამარ ონიანი, ელისაბედ შენგელია და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N759 |
ავტორ(ებ)ი | თორნიკე გერლიანი, თამარ ონიანი, ელისაბედ შენგელია, ეკატერინე მუზაშვილი, ირაკლი კუპრაძე, გიგლა ვეკუა, დეა მინაძე |
თარიღი | 19 მაისი 2016 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ;
სარჩელი შემოტანილია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ. მოსარჩელეები არიან სტუდენტური გაერთიანება - აუდიტორია 115 წევრები; იმისათვის, რომ მოსარჩელეებმა აირჩიონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ საბჭოს წევრები ან აირჩიონ და მონაწილეობა მიიღონ ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საქმიანობაში, სადავო ნორმის საფუძველზე უნდა იყვნენ არჩეულნი უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრებად. უნივერსიტეტის თვითმმართველობა არის სახელმწიფოს მიერ შექმნილი და მის მიერ აღიარებული ერთადერთი საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელსაც ენიჭება უფლება - მონაწილეობა მიიღოს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვაში, მიიღოს დაფინანსება უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან. კანონში არსებობს ბუნდოვანიკ8 ჩანაწერი, რომელიც უნივერსიტეტის თვითმმართველობას ექსკლუზიურად ანიჭებს უფლებას თავისი წესდებით განახორციელოს ნებისმიერი „სხვა უფლებამოსილება“, რაც ქმნის მის პრივილეგირებულ მდგომარეობას სხვა ნებისმიერ სტუდენტურ გაერთიანებასთან მიმართებით, რითაც ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი. უმაღლესი დაწესებულების მართვაში მონაწილეობის მიღებისათვის კანონი ითხოვს იმას, რომ სტუდენტი საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი კენჭისყრის გზით არჩეული იქნას სტუდენტური თვითმმართველობის წევრად. თვითმმართველობის წევრობა თავის თავში მოიცავს იდეოლოგიურად დაპირისპირებულ თვითმმართველობის სხვა წევრებთან თანამშრომლობას, მათთან ასოცირებას. როდესაც ადამიანს საკუთარ საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობაში მონაწილეობის მიღების საფასურად უხდება მსოფლმხედველობრივად დაპირისპირებულ ჯგუფთან ასოცირება, ამით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული გაერთიანების თავისუფლება. სადავო ნორმით ასევე ხდება მოსარჩელეების დისკრიმინაცია, რაც აკრძალულია კონსტიტუციის მე-14 მუხლით. მოსარჩელეებს თვითმმართველობის წევრებისაგან განსხვავებით არა აქვთ, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოში არჩევის შესაძლებლობა, რითაც ირღვევა კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები
გ)სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) გასაჩივრებულია კანონ, რომელის კონსტიტუციურობაზე მსჯელობაც შესაძლებელია ზემდგომი ნორმატიული აქტის გა საჩივრებისაგან დამოუკიდებლად; |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1) სადავო ნორმის არსი,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, მხოლოდ სტუდენტური თვითმმართველობის წევრმა შეიძლება აირჩიოს აკადემიური საბჭოს წევრი. სხვა გაერთიანების წევრი სტუდენტები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, აირჩიონ აკადემიურ საბჭოს წევრები. აკადემიური საბჭო, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შეიმუშავებს და ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების სტრატეგიულ გეგმას; ამავე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აკადემიური საბჭო ირჩევს რექტორს. ამავე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, აკადემიური საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარმომადგენლობით საბჭოს (სენატს) წარუდგენს კონკურსის საფუძველზე გამოვლენილი ადმინისტრაციის უფროსის (კანცლერის) კანდიდატურას. ამგვარად, სტუდენტური თვითმმართველობის წევრის გარდა, სხვა სტუდენტური გაერთიანების წევრი მოკლებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. იმისთვის, რომ სტუდენტმა მონაწილეობა მიიღოს აკადემიური საბჭოს არჩევნებში, ის უნდა იყოს სტუდენტური თვითმმართველობის წევრი, თუნდაც საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ.
საკუთარი სურვილის მიუხედავად, სტუდენტს მოუწევს სტუდენტურ თვითმმართველობაში გაწევრიანება, იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღოს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის (თსუ-ს წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულია - ფაკულტეტი, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის მართვის ორგანოები - ფაკულტეტის საბჭო, დეკანი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური) საქმიანობაში. სადავოდ გამხდარი ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის (თსუ-ს შემთხვევაში ფაკულტეტის საბჭოს) შემადგენლობაში შედის სტუდენტური თვითმმართველობის წევრი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სტუდენტური თვითმმართველობის წევრები არ შეიძლება იყვნენ საბჭოს შემადგენლობის ¼-ზე ნაკლები. ამგვარად, სტუდენტი, რომელიც არ არის თვითმმართველობის წევრი, მოკლებულია შესაძლებლობას ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლით დადგენილი წესით მონაწილოება მიიღოს დეკანის თანამდებობაზე დანიშვნასა და გათავისუფლებაში.
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 45-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები აღიარებს სტუდენტთა მხოლოდ ერთი ორგანიზაციის - სტუდენტური თვითმმართველობის არსებობას. სტუდენტური საზოგადოება, ისევე როგორც მთლიანად საზოგადოება მრავალფეროვანია და სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს ამ მრავალფეროვნების განადგურებისაგან იდეოლოგიურად დაპირისპირებული ჯგუფებისათვის ერთი ორგანიზაციული სტრუქტურაში გაერთიანების იძულებით. ამ მოსაზრების საწინააღმდეგოდ, სახელმწიფო სადავო ნორმით (45-ე მუხლის პირველი პუნქტით) ადგენს, რომ ყოველ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებთან შეიქმნას ერთი სტუდენტური ორგანიზაცია - სტუდენტური თვითმმართველობა. ფაკულტეტებზე არჩეული თვითმმართველობების ერთობლიობა კი, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წარმოადგენს ერთ სუბიექტს, რომელიც ერთიან სადამფუძნებლო დოკუმენტს - წესდებას შეიმუშავებენ.
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 45-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტიდან გამომდინარეობს, რომ სტუდენტური თვითმმართველობა ერთი გაერთიანებაა, რომელიც ექსკლუზიურად ახორციელებს განსაზღვრული ტიპის უფლებამოსილებებს, რაც ხელმიუწვდომელია სხვა სტუდენტური გაერთიანებისათვის.
უფლებამოსილებების ნაწილი, რასაც ექსკლუზიურად სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესით შექმნილი მონოპოლიური მდგომარეობის მქონე სტუდენტური თვითმმართველობა ახორციელებს მოწესრიგებულია სხვა სადავო ნორმებით. სტუდენტური თვითმმართველობა, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ თანახმად, უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვაში; ამავე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ირჩევს წარმომადგენლებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოში; ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის 45-ე მუხლის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტი ორგანულ და სისტემურ კავშირშია ამ სარჩელით სადავოდ ქცეულ ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან და 27-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან, რაც გამორიცხავს სტუდენტური თვითმმართველობის წევრის გარდა სხვა გაერთიანების წევრის ან აფილირების არმქონე სტუდენტის შესაძლებლობას აირჩიოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური საბჭოს წევრი და მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საქმიანობაში.
გარდა ამისა, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სტუდენტური თვითმმართველობა ახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას. კანონი არ აკონკრეტებს რა შეიძლება იყოს ეს უფლებამოსილება. ამის ნაცვლად, კანონი უთითებს სტუდენტური თვითმმართველობის დებულებაზე. თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის დებულების მე-7 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად (დანართის სახით იხილეთ დებულების ასლი), სტუდენტური თვითმმართველობის მიზანს წარმოადგენს, შექმნას ოპტიმალური პირობები სტუდენტთა დასვენების, შრომითი მოღვაწეობის ან სხვა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად გაამრავალფეროვნოს სტუდენტური ცხოვრება. ამავე დებულების მე-8 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სტუდენტური თვითმმართველობა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გეგმავს ორგანიზებას უწევს და ახორციელებს სტუდენტთა დასვენების, შრომითი მოღვაწეობისა და სხვა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად შეხვედრებს, დებატებს, დისკუსიებს, ტრენინგებს, ინტელექტუალურ თამაშებს, საგანმანათლებლო-სამეცნიერო, კულტურულ, სპორტულ, გასართობ და კანონით ნებადართულ სხვა სახის ღონისძიებებს; სტუდენტური თვითმმართველობის დებულების მე-9 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სტუდენტური თვითმმართველობის დაფინანსების წყაროა უნივერსიტეტის ბიუჯეტი და სპეც-სახსრებიდან მიღებული შემოსავალი;“
ამგვარად, სტუდენტური თვითმმართველობის მიერ დაგეგმილი და ორგანიზებული კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად ნებადართულია უნივერსიტეტის საბიუჯეტო სახსრების დახარჯვა. ეს არის სტუდენტური თვითმმართველობის ის სხვა უფლებამოსილება რაც გათვალისწინებულია სტუდენტური თვითმმართველობის დებულებით.
ამის პარალელურად არსებობს „უმაღლესი განათლების შესახებ კანონის“ 43-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, რომელიც მიუთითებს, რომ ნებისმიერმა სტუდენტმა თანაბარ პირობებში უნდა ისარგებლოს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. შესაბამისად, არსებობს უნივერსიტეტის ბიუჯეტით სტუდენტის მიერ სარგებლობის მომწესრიგებელი ორი ნორმა: 43-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი და 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი. ერთი მხრივ, პირველი ჩანაწერი ზოგადად ანიჭებს უფლებას სტუდენტებს, რომ ისარგებლონ უნივერსიტეტის ფინანსებით, ხოლო მეორე მხრივ, ჩანაწერი „სხვა უფლებამოსილებებზე“ და მისი არაგამჭვირვალე შინაარსი აძლევს სტუდენტურ თვითმმართველობას შესაძლებლობას, თავად მოაწესრიგოს ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის საკითხები. ნებისმიერ სხვა სტუდენტურ გაერთიანებას ნორმის ბუნდოვანი შინაარსი არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს თვითმმათველობასთან, როგორც საკანონმდებლო დონეზე აღიარებულ ერთადერთ გაერთიანებასთან მიმართებით. შესაბამისად ეს წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან. ნორმის ბუნდოვანი შინაარსი ფაქტობრივად ხდება უთანასწორო მოპყრობის წინაპირობა. თუ ეს ჩანაწერი არ იარსებებს, მაშინ სტუდენტური თვითმმართველობა გამოეთიშება უნივერსიტეტის ფინანსების მართვაზე პრივილეგირებულ წვდომას, რაც გაათანაბრებს მას სხვა სტუდენტებთან ან გაერთიანებებთან.
რაც შეეხება ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას, რომლითაც სტუდენტური თვითმმართველობა ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას, აღნიშნული ნორმა არ არის დავის საგანი შემდეგი გარემოებების გამო. ეს ნორმა პირველ რიგში აღმჭურველი ხასიათისაა თავად სტუდენტებისათვის, მიუხედავად იმისა არიან თუ არა ისინი სტუდენტური თვითმმართველობის წევრები. ამასთან, სტუდენტების უფლებების დაცვა საჯარო განცხადებებით, საპროტესტო აქციებით, უნივერსიტეტის მმართველი ორგანოებისათვის ან სასამართლოსათვის მიმართვის გზით შეუძლია ყველას, იქნება ეს სტუდენტური გაერთიანება, ინდივიდუალური სტუდენტი თუ გარეშე პირი და ეს მხოლოდ სტუდენტური თვითმმართველობის პრივილეგიას არ შეიძლება წარმოადგენდეს.
აღნიშნული სარჩელით ასევე არ ვხდით სადავოდ ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტს. ეს უკანასკნელი ანიჭებს სტუდენტურ თვითმმართველობას უფლებას, შეიმუშავოს და სათანადო ორგანოს წარუდგინოს წინადადება საგანმანათლებლო სისტემისა და სწავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად. არაფერი არ კრძალავს იმას, რომ ასეთივე ქმედება განახორციელოს ნებისმიერმა ინდივიდუალურმა სტუდენტმა ან სტუდენტურმა გაერთიანებამ. სადავო ნორმა არ ადგენს რაიმე წესს იმის თაობაზე, რომ უფლებამოსილმა ორგანომ ასეთი წინადადება რაიმე განსხვავებული წესით განიხილოს, ვიდრე სხვა ინდივიდის ან ჯგუფის მიერ წარდგენილი წინადადება ან სავალდებულო წესით მოხდეს სტუდენტური თვითმმართველობის წინადადების გაზიარება.
ასევე აღმჭურველი ხასიათისაა ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტი, რაც უკრძალავს საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში ჩარევას. შესაბამისად, ეს ნორმა ვერ გახდება სასამართლოში დავის საგანი.
ამგვარად, სტუდენტი მოკლებულია შესაძლებლობას, თვითმმართველობაში გაერთიანების გარეშე მიიღოს მონაწილეობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვაში, ასევე არათანაბარ მდგომარეობაშია ფინანსების გამოყენების საკითხში სტუდენტურ თვითმმართველობასთან მიმართებით. ამის გამო სადავო ნორმა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან და მე-14 მუხლთან.
2) კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იმისათვის, რომ სტუდენტმა შეძლოს თავისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოებში მონაწილეობა ასეთი სტუდენტი, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, უნდა გაწევრიანდეს სტუდენტურ თვითმმართველობაში. კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,ყველას აქვს საზოგადოებრივი გაერთიანებების, მათ შორის პროფესიული კავშირების შექმნისა და მათში გაერთიანების უფლება.“ სადავო ნორმით კი სახელმწიფო თავად ადგენს იმას, რომ ერთადერთი სტუდენტური გაერთიანება, რომელიც უფლებამოსილია საგანმანათლებლო დაწესებულების მართვაში მიიღოს მონაწილოება, არის სტუდენტური თვითმმართველობა.
გაერთიანების თავისუფლებას აქვს ორი ასპექტი - პოზიტიური და ნეგატიური. პოზიტიური ასპექტი გულისხმობს ადამიანის უფლებას, იყოს კონკრეტული გაერთიანების წევრი. გაერთიანების თავისუფლების ნეგატიური ასპექტი ანიჭებს ადამიანს უფლებას, თავისუფლად თქვას უარი ნებისმიერ ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე და ამის გამო არ გახდეს სახელმწიფოს მხრიდან უარყოფითი ტვირთის მატარებელი (უარი არ ეთქვას, მაგალითად, უნივერსიტეტის მართვის ორგანოებში მონაწილეობაზე). გაერთიანების თავისუფლების ნეგატიური ასპექტი კარგად არის ნაცნობი საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკისთვისაც.
საკონსტიტუციო სასამართლომ 2009 წლის 15 სექტემბერს მიღებულ გადაწყვეტილებაში საქმეზე ომარ ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების მე-2 თავის მე-9 პუნქტში შემდეგნაირად განმარტა კონსტიტუციის 26-ე მუხლის პუნქტით დაცული სფერო: ,,საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი პირდაპირ არ ახსენებს უფლებას, არ დაექვემდებარო იძულებას გაერთიანებისას. თუმცა, გაერთიანების ნეგატიური თავისუფლება გამომდინარეობს თავად თავისუფლების არსიდან. თავისუფლება ნიშნავს აკეთო ის, რაც გსურს და არ აკეთო ის, რაც არ გსურს. ე.ი. თავისუფლებას ყოველთვის აქვს როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური კომპონენტი. ეს არის ერთი და იგივე მონეტის ორი აუცილებელი მხარე. თავისთავად ის ფაქტი, რომ პირს ენიჭება უფლება შევიდეს საზოგადოებრივ გაერთიანებაში, ნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუცია თავად მას მიიჩნევს გაერთიანების წევრობის თაობაზე გადაწყვეტილების მიმღებ სუბიექტად. შესაბამისად, გქონდეს გაერთიანების უფლება, იმავდროულად, გულისხმობს თანმდევ უფლებას, თავი აარიდო რომელიმე გაერთიანებაში შესვლას ან თავისუფლად მიიღო გადაწყვეტილება გაერთიანების დატოვების თაობაზე.“
კონკრეტული ორგანიზაციის წევრობაზე უარის თქმის გამო ადამიანისათვის უარყოფითი ტვირთის დაკისრების გამო გაერთიანების თავისუფლების დარღვევა ასევე ცნობილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალშიც. როდესაც გაერთიანებაში გაწევრიანების გამო ადამიანი კარგავს სამუშაო ადგილს, ამით ირღვევა კონვენციის მე-11 მუხლი (გაერთიანების თავისუფლება)
ამ კუთხით საინტერესოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე იანგი, ჯეიმსი და ვებსტერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-57608). საქმე ეხებოდა ,,დახურული კარის“ (closed shop) შეთანხმებას, რაც იდებოდა ერთი მხრივ, დამსაქმებლებს, მეორე მხრივ, პროფკავშირებს შორის. დახურული კარის შეთანხმებით, დამსაქმებლები ვალდებულებას იღებდნენ სამსახურიდან გაეთავისუფლებინათ თანამშრომლები, თუკი ისინი არ გაწევრიანდებოდნენ რომელიმე პროფკავშირში. არსებობდა ორი ტიპის დახურული კარის შეთანხმების ინსტიტუტი: წინასწარ გაღებული კარის (pre-entry shop) შეთანხმება, რომლის მიხედვითაც დასაქმებული სამუშაოს დაწყებამდე უნდა გაწევრიანებულიყო პროფკავშირში, სხვანაირად არ მოხდებოდა მისი დასაქმება) შემდგომში გაღებული კარის (post-entry" shop) შეთანხმება, რომლითაც დასაქმებულს ეძლეოდა ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა გაწევრიანებულიყო პროფკავშირში. ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში ხდებოდა დასაქმებულის გათავისუფლება. შემდგომი გაღებული კარის შეთანხმება უფრო მეტად იყო გავრცელებული (გადაწყვეტილების მე-13 პარაგრაფი). დახურული კარის შეთანხმებით სამსახურიდან გათავისუფლებულები იმ შემთხვევაში იგებდნენ დამსაქმებლებთან დავას, თუკი დაასაბუთებდნენ, რომ მათი უარი პროფკავშირში გაწევრიანებაზე იყო დასაბუთებული (გადაწყვეტილების მე-14 პარაგრაფი). თუკი დასაქმებული ამგვარ საფუძველს შრომით ტრიბუნალში დაასაბუთებდა, დასაქმებული მიიღებდა კომპენსაციას, ხოლო დამსაქმებელი მისი სამსახურში აღდგენის რეკომენდაციას (გადაწყვეტილების მე-17 პარაგრაფი).
ბრიტანეთის რკინიგზამ გააფორმა დახურული კარის შეთანხმება სამ პროფკავშირთან. ამ შეთანხმებით რკინიგზის თანამშრომლები უნდა ყოფილიყვნენ ერთ-ერთი პროფკავშირის წევრები მაინც. ამ მოთხოვნიდან გამონაკლისი იყო დაშვებული იმ თანამშრომლებისათვის, რომელთა რელიგიაც კრძალავდა პროფკავშირის წევრობას (გადაწყვეტილების 29-ე პარაგრაფი). გაფრთხილება პროფკავშირში გაწევრიანების შესახებ გამოკრული იქნა რკინიგზის კუთვნილ შენობაზე (30-ე პარაგრაფი). სამი პროფკავშირიდან ერთ-ერთში გაწევრიანებისათვის უარის გამო რკინიგზიდან 54 თანამშრომელი იქნა გათავისუფლებული (31-ე პარაგრაფი). პროფკავშირში გაწევრიანებამდე ადამიანს უნდა მოეწერა ხელი განსაზღვრულ პირობაზე, რაც გულისხმობდა პროფკავშირის მიზნების მიღწევისათვის ხელშეწყობას. ერთ-ერთი პროფკავშირის მიზანს კაპიტალისტური სისტემის სოციალისტურით ჩანაცვლება წარმოადგენდა. მეორე პროფკავშირს ჰქონდა საწევრო შენატანებით ფორმირებული პოლიტიკური ფონდი, რომლიც მხოლოდ ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის სასარგებლოდ შეიძლებოდა დახარჯულიყო (გადაწყვეტილების 32-ე პარაგრაფი).
ერთ-ერთ მომჩივანს იანგს არ უნდოდა პროფკავშირში გაწევრიანება არა რელიგიური მოსაზრებების გამო, არამედ იმიტომ რომ ორგანიზაციაში გაწევრიანება, იანგის რწმენით, უნდა ყოფილიყო ნებაყოფლობითი. იანგი არ იზიარებდა ერთ-ერთი პროფკავშირის პოლიტიკურ პოზიციას, იმას, რომ პროფკავშირის ფონდით ფინანსდებოდა ლეიბორისტული პარტიის მიმართ მიკერძოებული გაზეთი, ასევე პროფკავშირის მიერ თავისი წევრებისათვის დაკისრებულ ვალდებულებას, მონაწილეობა მიეღოთ გაფიცვაში. იანგის აზრით, პროფკავშირის ქმედებები ახდენდა ქვეყნის დისკრედიტაციას. ამის გამო იანგმა უარი თქვა პროფკავშირში გაწევრიანებაზე, რისთვისაც გათავისუფლდა კლერკის ტიპის თანამდებობიდან, რაც მას რკინიგზაში ეკავა (გადაწყვეტილების 34-ე პარაგრაფი). მეორე მომჩივანს ბატონ ჯეიმსს არ სურდა ისევ იმ პროფკავშირში ხელახლა გაწევრიანება, რომელიც ერთხელ უკვე დატოვა თავისი შრომითი უფლებების სათანადო დაუცველობის გამო. ჯეიმს თავისი კვალიფიკაციის გამო შეეძლო სამიდან მხოლოდ ერთ - თავის ყოფილ პროფკავშირში -გაწევრიანება (გადაწყვეტილების 37-ე პარაგრაფი). მესამე მომჩივანს ვებსტერს პროფკავშირების საქმიანობა მავნებლობად მიაჩნდა, ვინაიდან ისინი არ იყვნენ წარმომადგენლობითი, არ გამოხატავდნენ მუშების ინტერესებს. ვებსტერისათვის პროფკავშირების მიერ მოთხოვნილი კოლექტიური ხელფასები გაუმართლებელი იყო ეკონომიკურ, საწარმოო და სოციალურ სფეროში. ვებსტერს არ სურდა გაფიცვებში მონაწილეობა და სწამდა ადამიანის არჩევანის თავისუფლების, მათ შორის პროფკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით (43-ე პარაგრაფი). დამსაქმებელმა არ გაზიარეს ვებსტერის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ მას ჰქონდა კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა პროფკავშირულ საქმიანობასთან დაკავშირებით და გაათავისუფლეს სამსახურიდან (გადაწყვეტილების 44-ე პარაგრაფი).
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: ის გარემოება, რომ ადამიანის უფლება - არ გაწევრიანდეს გაერთიანებასა და პროფკავშირში - საგანგებოდ იქნა გამოტოვებული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტში, არ გულისხმობს იმას, რომ გაერთიანების თავისუფლების ნეგატიური ასპექტი სრულად არის დატოვებული კონვენციის მე-11 მუხლით დაცული სფეროს მიღმა. კონვენციიდან არც ის გამომდინარეობს, რომ ადამიანზე ნებისმიერი ზემოქმედება, გაწევრიანდეს გაერთიანებაში, შესაბამისობაში მოდის კონვენციის მე-11 მუხლთან. კონვენციის მე-11 მუხლის იმგვარად განმარტება, თითქოს ეს დებულება იძლევა გაერთიანებაში გაწევრიანების მიზნით ადამიანზე ნებისმიერი სახის ზეწოლის განხორციელების შესაძლებლობას, ანადგურებს იმ თავისუფლების არსს, რის დაცვასაც ეს უფლება უნდა ემსახურებოდეს (გადაწყვეტილების 52-ე პარაგრაფი).
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ასევე განაცხადა: მომჩივნები იყვნენ შემდეგი დილემის წინაშე ისინი ან უნდა გაწევრიანებული ყოფილიყვნენ გაერთიანებაში ან უნდა დაეკარგათ ის სამუშაო, რისთვისაც პროფკავშირის წევრობა მოითხოვებოდა. თითოეული მომჩივანი, სამსახურის შენარჩუნების პირობით გაერთიანებაში გაწევრიანებას, მიიჩნევს მათი გაერთიანების თავისუფლებაში ჩარევას. გარდა ამისა, მოსარჩელეების ნაწილი არ ეთანხმება პროფკავშირის პოლიტიკას, საქმიანობას და პოლიტიკურ კავშირებს. მომჩივანთა აზრით, გაუმართლებელი ზეწოლის მიმართ დაუმორჩილებლობის გამო, მომჩივანები გაათავისუფლეს სამსახურიდან (გადაწყვეტილების 54-ე პარაგრაფი). ევროპული სასამართლოს განმარტებით: ,,სიტუაცია, რომელშიც მომჩივანები აღმოჩნდნენ ეწინააღმდეგება გაერთიანების თავისუფლების ნეგატიურ ასპექტს (55-ე პარაგრაფი).“
ეს საქმე ეხება ადამიანის არჩევანის თავისუფლების - თავად აირჩიოს გაერთიანება, სადაც საკუთარი სურვილით გაწევრიანდებოდა - შეზღუდვას. ადამიანი ვერ სარგებლობს გაერთიანების თავისუფლებით, თუკი მას რეალურად არა აქვს მოქმედების ან არჩევანის შესაძლებლობა ან ეს შესაძლებლობა იმდენად შეზღუდულია, რომ მას არავითარი პრაქტიკული ღირებულება არ გააჩნია. სასამართლოს აზრით, მომჩივანებზე ზეწოლის ვითარებას არ ცვლის ის გარემოება, რომ მომჩივანებს ჰქონდათ სხვა გაერთიანების შექმნის და მისი წევრობის შესაძლებლობა. ამის მიუხედავად, მომჩივანები მაინც დაკარგავდნენ სამსახურს, თუკი ისინი არ გაწევრიანდებოდნენ სამიდან ერთ-ერთ პროფკავშირში მაინც (56-ე პარაგრაფი).
,,გაერთიანების თავისუფლების ავტონომიური როლისა და განსხვავებული დაცული სფეროს მიუხედავად, მოცემული საქმე განხილული უნდა იყოს კონვენციის მე-9 (მრწამსის თავისუფლება) და მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) მუხლების ჭრილში. ორი მომჩივანი არ ეთანხმებოდა გაერთიანების პოლიტიკას და საქმიანობას, ერთი მომჩივანი გაერთიანების პოლიტიკურ პრეფერენციას, მესამე მომჩივანის მოტივაცია, არ ყოფილიყო გაწევრიანებული გაერთიანებაში, განსხვავებული ხასიათის იყო, ამის მიუხედავად, მესამე მომჩივანის უარიც უკავშირდებოდა არჩევანის თავისუფლებას და მის მიერ გაკეთებულ დასკვნას, რომ პროფკავშირის წევრობა არავითარ სარგებელს არ მოუტანდა მას. პერსონალური მოსაზრება დაცულია კონვენციის მე-9 და მე-10 მუხლებით. პერსონალური მოსაზრების დაცვა ქმნის სინდისის, რელიგიის და გამოხატვის თავისუფლების შინაარსს. იმავდროულად ადამიანის პერსონალური მოსაზრების დაცვა წარმოადგენს გაერთიანების თავისუფლების მიზანსაც. მე-11 მუხლის (გაერთიანების თავისუფლება) არსის საწინააღმდეგო იქნება ნებისმიერი სახის ზემოქმედება ადამიანზე, საკუთარი მრწამსის საწინააღმდეგოდ გაწევრიანდეს რომელიმე გაერთიანებაში“ (57-ე პარაგრაფი).
აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ საქმეზე ამერიკის ბოი სკაუტები დეილის წინააღმდეგ მიღებულ ,,სიტყვის თავისუფლებით დაცული საქმიანობაში იგულისხმება სხვებთან გაერთიანების უფლება, რაც მიზნად ისახავს პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, საგანმანათლებლო, რელიგიური და კულტურული მიზნების მიღწევას. ეს უფლება (გაერთიანების თავისუფლება) ხელს უშლის უმრავლესობას, თავისი აზრები მოახვიოს ჯგუფს, რომლებსაც მეინსტრიმული აზრების ნაცვლად სურს, სხვა არაპოპულარული იდეების გამოხატვა. კონსტიტუცია იცავს განსაზღვრული იდეოლოგიის მქონე გაერთიანებას (,,ექსპრესიულ ასოციაციას“ - expressive association) იმ მიზნით, რომ შენარჩუნებული იქნას კულტურულად და პოლიტიკურად განსხვავებული საზოგადოება და დისიდენტები დაცულნი იყვნენ უმრავლესობის მხრიდან ზეწოლისაგან. ხელისუფლების მხრიდან გაერთიანების თავისუფლებაზე არაკონსტიტუციურ ტვირთის დაკისრება შეიძლება ნებისმიერი ფორმით გამოიხატოს. ერთ-ერთ ასეთ ფორმას წარმოადგენს ასოციაციის შიდა სტრუქტურაში და საქმეებში ჩარევა. სახელმწიფოს მხრიდან ისეთი რეგულაციის დადგენა, რაც ჯგუფს აიძულებს. ორგანიზაციაში ისეთი პირის გაწევრიანებას, რომელიც მიუღებელია ჯგუფისათვის, უარყოფით გავლენას ახდენს ჯგუფის შესაძლებლობაზე გამოხატონ ის მოსაზრებები, რომელთა გამოხატვასაც ისახავდა ეს ჯგუფი. გაერთიანების თავისუფლება თავის თავში მოიცავს თავისუფლებას არ იყო ვინმესთან ასოცირებული.“
ამგვარად, სადავო ნორმები ექცევა კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროში, ვინაიდან სტუდენტი დგება დილემის წინაშე: გაწევრიანდეს სტუდენტურ თვითმმართველობაში ან დაკარგოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი უნივერსიტეტის შიგნით შესაძლებელია სხვა საერთო მსოფლმხედველობის მქონე გაერთიანების შექმნა, ეს გარემოება გავლენას ვერ ახდენს იმ პირობაზე, რომ უნივერსიტეტის მართვის ორგანოების საქმიანობაში მონაწილეობისათვის სტუდენტს მოეთხოვება, იმავდროულად, სტუდენტურ თვითმართველობაში გაწევრიანება. სტუდენტის გაერთიანების თავისუფლების არჩევანი შეზღუდულია ერთი ორგანიზაციით - სტუდენტური თვითმმართველობით, იმისათვის რომ ამ სტუდენტმა ისარგებლოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოებში არჩევის უფლებით. ამგვარად, ადამიანის თავისუფალი მოქმედებისა და არჩევანის შესაძლებლობა იმდენად შეზღუდულია ერთი სტუდენტური თვითმმართველობით, რომ ამ არჩევანს რეალურად არავითარი პრაქტიკული ღირებულება არ გააჩნია.
რაც ყველაზე მთავარია, გაერთიანების თავისუფლების მიზნების საწინააღმდეგოდ სადავო ნორმა უნივერსიტეტის მართვაში მონაწილეობის მიღებისათვის აიძულებს სტუდენტებს, გაერთიანდეს იმ ორგანიზაციაში, რომლის საქმიანობა და პოლიტიკური იდეოლოგიაც მიუღებელია ამ სტუდენტისათვის. კონსტიტუციით გარანტირებული გაერთიანების თავისუფლების არსთან წინააღმდეგობაში მოდის, ადამიანის იძულება - იყოს ასოცირებული იმ ორგანიზაციასთან - რომლის ღირებულებებს, საქმიანობას და მსოფლმხედველობასაც ეს ადამიანი ეწინააღმდეგება. სადავო ნორმა სტუდენტური თვითმმართველობის მიერ უნივერსიტეტის მართვაში მონოპოლიური უფლებამოსილების განმტკიცებით უშვებს იმას, რომ უნივერსიტეტის მართვა განახორციელოს მხოლოდ სტუდენტური თვითმმართველობის ორგანოებში მოხვედრილმა, ერთი განსაზღვრული მსოფლმხედველობის მქონე ჯგუფმა. სტუდენტთა მეორე ჯგუფი, რომლისთვისაც მიუღებელია სტუდენტურ თვითმმართველობაში არჩეული პირების მსოფლმხედველობა და საქმიანობა, აქედან გამომდინარე, მათთან ასოცირება, მოკლებულია უნივერსიტეტის მართვაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას.
ამ ვითარებას ვერ გაამართლებს ის გარემოება, რომ თვითმმართველობის წევრები აირჩევიან საყოველთაო და პირდაპირი არჩევნების გზით არჩევნებში მონაწილე სტუდენტთა უმრავლესობის მიერ, სწორედ იმის გამო, რომ სტუდენტთა უმრავლესობა იზიარებს სტუდენტური თვითმმართველობაში არჩეული ადამიანების იდეოლოგიას და იწონებს მათ წარსულ საქმიანობას. გაერთიანების თავისუფლება იცავს არა მხოლოდ უმრავლესობის მიერ მოწონებულ მეინსტრიმულ იდეებს, არამედ გაერთიანების თავისუფლების მიზანი სწორედ ის არის, რომ დაიცვას არაპოპულარული იდეების გამავრცელებელი დისიდენტური ჯგუფები, მათთან დაპირისპირებულ მეინსტრიმულ ჯგუფთან ერთად ერთ ორგანიზაციულ სტრუქტურაში არსებობისაგან. ამგვარი დაცვის გარეშე დისიდენტური ჯგუფის მოსაზრებების გავრცელებას შეუძლებელს გახდის. როგორც აშშ-ს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე რეინქვესტი ბოი სკაუტების საქმეში აცხადებდა, მარგინალური მოსაზრებები არ იმსახურებს პოპულარულ იდეებზე ნაკლებ დაცვას, მხოლოდ იმიტომ, რომ მას საზოგადოების ნაკლები წარმომადგენელი იზიარებს. ამის მიზეზია ერთმანეთის გვერდით განსხვავებული საზოგადოებრივი ჯგუფების მშვიდობიანი თანაარსებობა. სხვადასხვა ჯგუფის არსებობასთან დაკავშირებული პოტენციური კრიზისის აღმოფხვრის მიზნით სახელმწიფოს არა აქვს უფლება უარი თქვას პლურალიზმზე (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე მუსლიმთა წმინდა უმაღლესი საბჭო ბულგარეთის წინააღმდეგ 96-ე პარაგრაფი).
ამგვარად, სადავო ნორმა იჭრება კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული გაერთიანების თავისუფლებაში. ეს შეზღუდვა გაუმართლებელია, თუკი მას არ გააჩნია სათანადო საკანონმდებლო საფუძველი, ლეგიტიმური მიზანი და არ არის დაკმაყოფილებული თანაზომიერების ტესტის მოთხოვნები.
3) კანონით გათვალისწინებული, ლეგიტიმური მიზანი და თანაზომიერების ტესტი
მართალია, ლეგიტიმური მიზნის დასახელება პარლამენტის ფუნქციაა, თუმცა შესაძლოა სადავო ნორმის მიღების ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს ის, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციისათვის სტუდენტების სრული წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ ერთ გაერთიანებასთან ურთიერთობა განსაკუთრებით მოსახერხებელია ვიდრე რამდენიმე სტუდენტურ გაერთიანებასთან ერთდროულად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია სტუდენტური საჭიროების მიზნებისათვის უნივერსიტეტის საბიუჯეტო რესურსის ხარჯვაზე. მმართველ ორგანოში სხვადასხვა სტუდენტური ორგანიზაციის წარმომადგენლის გამორიცხვის და მასში მხოლოდ თვითმმართველობის წევრების შეყვანით, სავარაუდოდ, სახელმწიფომ თავიდან აიცილა სტუდენტების უმრავლესობის მხრიდან სათანადო მხარდაჭერის არმქონე ადამიანების არჩევა. განვიხილოთ მართვის ორგანოებში მონაწილეობა და სტუდენტური პროგრამების დაფინანსება ცალ-ცალკე.
ა) აკადემიურ საბჭოსა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი ერთეული საბჭოში მონაწილეობა
ძირითადი ერთეულის საბჭოში სტუდენტების უმრავლესობის მხრიდან სათანადო ლეგიტიმაციის არმქონე ადამიანების მოხვედრის თავიდან ასაცილებლად, ასეთივე ლეგიტიმაციის არმქონე სტუდენტური გაერთიანებისათვის აკადემიური საბჭოს ფორმირების პროცესიდან გარიცხვა არ არის აუცილებელი ხდებოდეს ამ პირების გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვის გზით. ამ კუთხით მნიშვნელოვანია სენატის არჩევის წესი. ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სენატი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით. ამავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სტუდენტები აკადემიური პერსონალისაგან განცალკევებით ირჩევენ სენატის წევრებს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სტუდენტები შეადგენენ სენატის სრული შემადგენლობის ერთ მესამედს. ამგვარად, სენატის შემადგენლობის ერთ მესამედს არ ირჩევენ მხოლოდ სტუდენტური თვითმმართველობის წევრები და სენატის წევრი შესაძლოა არც იყოს სტუდენტური თვითმმართველობის წევრი.
ამ წესით აკადემიური საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოების არჩევა მოხსნიდა კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროში შეჭრის შესაძლებლობას. მართალია, სტუდენტური თვითმმართველობა თავადაც საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი არჩევნების წესით ფარული კენჭისყრით აირჩევა და ამიტომ თვითმმართველობის წევრებს გააჩნიათ სტუდენტური საზოგადოების ლეგიტიმაცია, მაგრამ როგორც ზემოთ ვთქვით, თუნდაც მაღალი ლეგიტიმაციის მქონე პირების მონაწილეობა აკადემიური საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოს ფორმირებაში არ გამორიცხავს იმ სხვა სტუდენტების გაერთიანების თავისუფლებაში ჩარევის შესაძლებლობას, რომელიც ამ ორგანოების ფორმირების პროცესიდან არიან გამორიცხულნი. კონსტიტუცია ავალდებულებს კანონმდებელს ლეგიტიმურ მიზანს ისე მიაღწიოს, რომ თავიდან აიცილოს ძირითად უფლებაში შეჭრა, როცა ეს შესაძლებელია. მოცემულ შემთხვევაში, კანონმდებლის მიზანი - აკადემიური საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა და ფაკულტეტის საბჭოში არჩევა მოხდეს სტუდენტების მხრიდან სათანადო ლეგიტიმაციის მქონე პირების მიერ, შესაძლოა მიღწეული იქნეს გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვის გარეშე. კერძოდ, სტუდენტების მიერ ფაკულტეტის საბჭოში არჩევა უნდა მოხდეს სტუდენტური თვითმმართველობის გვერდის ავლით, სტუდენტთა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი არჩევნებით. ხოლო აკადემიური საბჭოს დაკომპლექტება მოხდება სტუდენტების მიერ პირდაპირი, საყოველთაო და თანასწორი არჩევნების შედეგად ფაკულტეტის საბჭოში არჩეული სტუდენტების მიერ. ამით თავიდან იქნება აცილებული სტუდენტური თვითმმართველობის უპირატეს მდგომარეობაში, ხოლო სხვა სტუდენტური გაერთიანების არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენება. ამასთან სხვა გაერთიანების წევრი აღარ იქნება იძულებული ფაკულტეტის საბჭოში მოსახვედრად საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ არჩეული იყოს თვითმართველობის წევრად. ფაკულტეტის საბჭოში წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა იდეოლოგიის მატარებელი პირები, რომელიც საკუთარი ამომრჩევლის ინტერესების გამომხატველია. ამით საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას გაუმარტივდება ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტების სრული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების აღჭურვილ პირებთან ურთიერთობა.
მართალია, აკადემიური და ფაკულტეტის საბჭოების საყოველთაო არჩევნები დამატებით ადმინისტრაციული და ფინანსური ხარჯების გაღებასთან არის დაკავშირებული, მაგრამ ცალკე აღებული ადმინისტრაციული და ფინანსური ტვირთი, მით უმეტეს მაშინ, როცა მისი ტარება შესაძლებელია, ვერ გაამართლებს კონსტიტუციით გარანტირებული ძირითადი უფლების შეზღუდვას.
ამგვარად, აკადემიური საბჭოს არჩევნების ჩატარება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი წესით, სადაც თვითმმართველობის წევრებთან ერთად, აქტიური საარჩევნო ხმის უფლებით ისარგებლებენ სხვა სტუდენტური გაერთიანების წევრები ანდა ისეთი სტუდენტი, რომელიც არც ერთი გაერთიანების წევრი არ არის, თავიდან აგვაცილებდა გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვას, ასევე დისკრიმინაციას. ფაკულტეტის საბჭოების არჩევნების ჩატარება იმავე წესით, როდესაც თვითმმართველობის წევრების გარდა, სხვა სტუდენტური გაერთიანების წევრები ან დამოუკიდებელი სტუდენტები უზრუნველყოფილნი არიან, როგორც აქტიური, ისე პასიური (ფაკულტეტის საბჭოს წევრად არჩევის) უფლებით, თავიდან გვაცილებს გაერთიანების თავისუფლებასა და სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებაში შეჭრას, ასევე არსებითად თანასწორი პირების უთანასწორო მოპყრობას. ამიტომ საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი არჩევნები კონსტიტუციურად აქცევდა აკადემიური საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოს ფორმირების პროცესს.
გ) სტუდენტური ღონისძიებების დაფინანსება
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი არ პასუხობს განჭვრეტადობის მოთხოვნებს. ეს ნორმა ანიჭებს სტუდენტურ თვითმმართველობას განუსაზღვრელ მონოპოლიურ უფლებამოსილებას. ამ ნორმის საფუძველზე მიღებული იქნა თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის დებულება, რომელიც სტუდენტურ თვითმმართველობას ანიჭებს სპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო პროექტების დასაფინანსებლად უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან ფულადი სახსრების მიღებას.
არადისკრიმინაციული და გაერთიანების თავისუფლებაზე ზემოქმედების არმქონე ღონისძიება იქნებოდა კონკურსის ჩატარება. კონკურსი არის ინკლუზიური პროცესი, რომელშიც სტუდენტურ თვითმმართველობასთან ერთად მონაწილეობს სხვა სტუდენტური ჯგუფები და ინდივიდუალური სტუდენტები. კონკურსის საფუძველზე უპირატესობა ენიჭება საუკეთესო საპროექტო განაცხადს, რომელიც შესაძლოა წარდგენილი იყოს თვითმმართველობის ან მისი კონკურენტი სტუდენტური გაერთიანების თუ ინდივიდის მიერ დამოუკიდებლად.
ამგვარად, გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვა, მით უმეტეს ბუნდოვანი კანონმდებლობით, არ არის აუცილებელი ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, რის გამოც სადავო ნორმები არღვევს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტისა და მე-14 მუხლის მოთხოვნებს.
4) კონსტიტუციის მე-14 მუხლი
სადავო ნორმა ასევე არღვევს თანასწორობის უფლებას. სადავო ნორმა მხოლოდ სტუდენტურ თვითმმართველობას და მის წევრებს აძლევს აკადემიურ და ფაკულტეტის საბჭოს ფორმირებაში მონაწილეობის შესაძლებლობას, ასევე ბუნდოვნად აყალიბებს აქტივობის დასაფინანსებლად უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან ფულადი სახსრების მიღების შესაძლებლობას. თვითმმართველობის წევრის გარდა სხვას არა აქვს ძირითად საგანმანათლებლო ერთეულის (ფაკულტეტის) საბჭოში არჩევის შესაძლებლობა. დიფერენცირება ხდება გაერთიანების წევრობის ნიშნით, რაც არ არის კონსტიტუციის მე-14 მუხლით გათვალისწინებული კლასიკური ნიშანი. ამის მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გამოიყენოს მკაცრი შეფასების ტესტი, ვინაიდან სტუდენტური თვითმმართველობის არაწევრი სტუდენტი სრულად არის მოკლებული ცალკეულ მართვის ორგანოში მონაწილეობის შესაძლებლობას.
ამ კონსტიტუციური სარჩელის მე-3 პუნქტში მითითებულია ის, რომ არსებითად თანასწორ პირთა დიფერენცირების გარეშე შესაძლებელია ის, რომ მიღწეული იქნას ისეთი მწვავე სახელმწიფო ინტერესი, როგორიცაა აკადემიურ და ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტთა ლეგიტიმური წარმომადგენლების მონაწილეობა, ასევე ნათელი და განჭვრეტადი კანონმდებლობით ჩატარებული კონკურსის საფუძველზე დაფინანსების უზრუნველყოფა სხვადასხვა გაერთიანების ან ინდივიდუალური სტუდენტის მიერ წარდგენილი საპროექტო განაცხადისათვის. ამის გამო დიფერენცირება ვერ პასუხობს მკაცრი შეფასების ტესტის მოთხოვნას და სადავო ნორმები არღვევს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მოთხოვნას.
5) საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები
საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტით გარანტირებულია სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლება. ამ მუხლთან მიმართება გააჩნია იმ სადავო ნორმებს, რომლიც ადგენს შეზღუდვას, რომ ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წევრად მხოლოდ თვითმმართველობის წევრი სტუდენტი შეიძლება იყოს არჩეული. ის გარემოება, რომ სტუდენტური თვითმმართველობის არაწევრ სტუდენტს არა აქვს ფაკულტეტის საბჭოს წევრად არჩევის უფლება, ამით ხდება სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებაში შეჭრა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ფართოდ განმარტავს სახელმწიფო თანამდებობის ცნებას. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, სახელმწიფო თანამდებობად ითვლება საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვის (იხილეთ დავით კანდელაკი, ნატალია დვალი და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება) და ნოტარიუსის (ია უჯმაჯურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქმეზე მიღებული საოქმო ჩანაწერი) პოზიცია.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე დავით კანდელაკი, ნატალია დვალი და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილების მეორე თავის მე-3 მუხლში განაცხადა: ,,„სახელმწიფო თანამდებობა“ არის კონსტიტუციური ტერმინი, რომელიც უნდა განიმარტოს მისი ავტონომიური კონსტიტუციური მნიშვნელობით, მისი ბუნებისა და კონსტიტუციურ-სამართლებრივი დატვირთვის გათვალისწინებით.“ ამავე გადაწყვეტილების მეორე თავის მე-4 პარაგრაფში საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა: ,,კონსტიტუციის მიზნებისთვის, პრინციპულად არასწორი იქნებოდა „სახელმწიფო თანამდებობის“ ცნებაში მხოლოდ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და კანონით განსაზღვრული საჯარო მოხელეების მოაზრება. კონსტიტუციური ტერმინის ამგვარი ვიწრო განმარტება კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტიების მიღმა დატოვებდა საჯარო ფუნქციის განმახორციელებელ სხვა პირებს, ადეკვატური კონსტიტუციური რეგულირების გარეშე დატოვებდა საჯარო ხასიათის საქმიანობის მნიშვნელოვან სეგმენტს, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით არ მიეკუთვნება საჯარო სამსახურს. ამით გაუმართლებლად გაფართოვდებოდა ხელისუფლების დისკრეცია საჯარო ხასიათის ამოცანების შემსრულებელ პირთა დანიშვნის (არჩევის) და საქმიანობის მომწესრიგებელი ნორმების მიღების პროცესში, რაც აშკარა წინააღმდეგობაში მოვიდოდა კონსტიტუციის 29-ე მუხლის მიზნებთან.“ ამავე გადაწყვეტილების მეორე თავის მე-5 პარაგრაფში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა: სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობა, თავისი შინაარსით, წარმოადგენს შრომითი ურთიერთობის განსაკუთრებულ, სპეციფიკურ სეგმენტს. მისი სპეციფიკურობა უპირველესად განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ამ შემთხვევაში დამსაქმებელს წარმოადგენს სახელმწიფო. დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და, როგორც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული შრომითი ურთიერთობების ერთობლიობა, გარკვეულწილად წარმოადგენს სახელმწიფო რესურსს, რომელზე წვდომაც თითოეულ მოქალაქეს თანაბრად უნდა გააჩნდეს. საქმეზე დავით კანდელაკი და ნატალია დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებული საოქმო ჩანაწერის მეორე თავის 27-ე პუნქტის თანახმად: ,,სახელმწიფო თანამდებობის განსაზღვრის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია ... ორგანიზაციის სამართლებრივი სტატუსი და ბუნება ...“ ძირითადი საგანმანთლებლო ერთეული ასევე წარმოადგენს საჯარო ფინანსებით მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელ ორგანოს. ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ20 პუნქტის თანახმად, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო. ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის მართვის ორგანოები (მმართველი სუბიექტები) არიან: ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანი, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო კანცლერს წარუდგენს აღნიშნული ერთეულის ბიუჯეტის პროექტს, ირჩევს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეკანს, დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის სტრუქტურასა და დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ირჩევს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს; ეს ფუნქციები ცალსახად მიუთითებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს მხრიდან ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების განხორციელებაზე. ამგვარად, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წევრობა არის სახელმწიფო თანამდებობაზე სამსახური, ვინაიდან დაკავშირებულია სახელმწიფო ფინანსებით მოქმედ ორგანიზაციაში ხელმძღვანელობით და ადმინისტრაციული ფუნქციის განხორციელებასთან. ,,სადავო ნორმებით დადგენილი წესი ადგენს ბარიერს სახელმწიფო თანამდებობის დაკავების მიმართ.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ნინო კვენეტაძე, ნინო ოდიშარია და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მეორე თავის 35-ე პარაგრაფი). ბარიერი გამოიხატება იმაში, რომ სტუდენტებისათვის ძირითადი საგანმანათლებლო საბჭოს წევრის თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელია ისინი გაწევრიანდნენ სტუდენტურ თვითმმართველობაში. სტუდენტური თვითმმართველობის არაწევრ სტუდენტს არა აქვს აკადემიურ საბჭოში და საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი ერთეულის საბჭოში არჩევის შესაძლებლობა. ნინო ოდიშარია, ნინო კვენეტაძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქმეში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის მე-40 პარაგრაფში აღნიშნულია: ,,სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების ნებისმიერი შეზღუდვა ამცირებს მოქალაქის შესაძლებლობას, მიიღოს მონაწილეობა საჯარო მმართველობაში და უშუალოდ განახორციელოს საჯარო ფუნქციები. სახელმწიფოს მმართველობის პროცესის და მასში მონაწილეობის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ამ ურთიერთობიდან პირის დისტანცირება მხოლოდ მნიშვნელოვანი კონსტიტუციურ-სამართლებრივი ღირებულებით უნდა გამომდინარეობდეს.“ ამავე გადაწყვეტილების მე-2 თავის 41-ე პარაგრაფში ნათქვამია: ,, დასაშვებია როგორც სახელმწიფო თანამდებობის დაკავების, ისე საარჩევნო უფლების შეზღუდვა ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, თანაზომიერი საშუალების გამოყენებით, იმგვარად, რომ არ იწვევდეს მოქალაქის დაუსაბუთებელ, არაგონივრულ დისტანცირებას საჯარო მმართველობის პროცესიდან. ლეგიტიმურ მიზანსა და თანაზომიერების ტესტის, ისევე როგორც ლეგალურობის ტესტის თაობაზე საუბარია ამ სარჩელის მე-3 თავში. ამის გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმების ნაწილი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებს. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა