მოქალაქე მზია ჯღარკავას 316-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/2/316 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 9 თებერვალი 2005 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (სხდომის თავმჯდომარე,მომხსენებელი მოსამართლე);
2. ოთარ ბენიძე -წევრი;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი - წევრი;
4. ზაურ ჯინჯოლავა - წევრი.
სხდომის მდივანი: ელენე ლაღიძე.
საქმის დასახელება: მოქალაქე მზია ჯღარკავას 316-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე მზია ჟღარკავა.
დავის საგანი: „ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვები -„ ... 25 წელზე მეტი“.
მოქალაქე მზია ჯღარკავას 316-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია 2005 წლის 17 იანვარს. განმწესრიგებელი სხდომა დაინიშნა მიმდინარე წლის 2 თებერვალს.
წარმოდგენილ კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი და მე-16 მუხლები.
კონსტიტუციური სარჩელის ავტორი აღნიშნავს, რომ იმისათვის, რომ გაეგო ჰქონდა თუ არა ადგილი სახელმწიფო ორგანოთა მხრიდან მის პირად ცხოვრებაში ჩარევას, კერძოდ, მისი ან მისთვის გამოგზავნილი საფოსტო–სატელეგრაფო გზავნილების დათვალიერების, დაყადაღების ან ამოღების ფაქტს, აღნიშნულთან დაკავშირებით 2004 წლის 9 ნოემბერს მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს დასახელებული ინფორმაციის მოწოდების თაობაზე, საიდანაც პასუხად აცნობეს, რომ „ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე აკრძალულია ასეთი სახის მონაცემებისა და დოკუმენტების გაცნობა სამეცნიერო ან სხვა მიზნით, თუ მისი მოპოვებიდან გასული არ არის 25 წელზე მეტი.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ „ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი 25 წლიანი ვადა არაგონივრულია, რადგან ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობის ღონისძიებების ჩატარების დროს შეუძლებელია პირმა დაადგინოს ჰქონდა თუ არა ადგილი სახელმწიფო ორგანოთა მხრიდან მისი უფლებებისა და თავისუფლებების უკანონო შეზღუდვას, რაც შეუძლებელს ხდის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულ სასამართლოსადმი მიმართვის უფლების განხორციელებას. მოსარჩელის განცხადებით, ის ფაქტი, რომ პირს მხოლოდ 25 წლის შემდეგ შეუძლია გაასაჩივროს მის მიმართ ჩატარებული ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს მოქმედება ასევე ლახავს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულ ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუვალობას.
მოსარჩელე თვლის, რომ სადავო აქტი ასევე ეწინააღმდეგება „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ“ ევროპის კონვენციის მე-6 მუხლს, რომლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრის ან მისდამი წარდგენილი ყოველგვარი სისხლის სამართლის ბრალდების წარდგენის დროს ითხოვოს მისაღები ვადის განმავლობაში დამოუკიდებელი და მიუმხრობელი სასამართლოს მიერ საქმის სამართლიანად და საჯაროდ განხილვა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ, 316-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი, თანდართული დოკუმენტების განხილვისა და განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის განმარტებათა საფუძველზე გამოარკვია წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად მიღება–არმიღების საკითხთან დაკავშირებული გარემოებანი:
1. მოსარჩელე მოითხოვს არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვები - „ ... 25 წელზე მეტი“ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 და 42-ე მუხლების პირველ პუნქტებთან მიმართებით.
საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა ეხება ოპერატიულ –სამძებრო საქმიანობის ამსახველი მონაცემებისა და დოკუმენტების გაცნობას მათი მოპოვებიდან 25 წლის გასვლის შემდეგ. მოსარჩელის აზრით, აღნიშნული მონაცემებისა და დოკუმენტების გაცნობისათვის დადგენილი 25 წლიანი ვადა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის შესაბამისად „ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია“. სასამართლო კოლეგია თვლის, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი იცავს ადამიანის პატივსა და ღირსებას, ხოლო სადავო ნორმა ეხება ოპერატიულ –სამძებრო ღონისძიებების ამსახველი ფორმალური მონაცემებისა და დოკუმენტების სამეცნიერო ან სხვა მიზნით გაცნობისათვის ვადის დადგენას. ამრიგად, აღნიშნული სადავო ნორმა მოიცავს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლისაგან არსებითად განსხვავებული სამართლებრივი რეგულირების სფეროს და იგი ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუვალობას არ შეეხება. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად ვერ იმსჯელებს სადავო აქტის კონსტიტუციურობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლთან მიმართებით.
2. რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლისა და ევროკონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტებს, ისინი ძირითადად ადგენენ ყოველი ადამიანის უფლებას თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს და მისი სამოქალაქო უფლება–მოვალეობათა განსაზღვრისას ან სისხლის სამართლებრივი ბრალდების წარდგენისას მოითხოვოს საქმის სასამართლოში განხილვა. სადავო ნორმა კი არ აწესრიგებს ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობასთან დაკავშირებული სასამართლო დავების განხილვის წესს არამედ მოიცავს არსებითად განსხვავებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
3. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერც კონსტიტუციურ სარჩელში და ვერც განმწესრიგებელ სასამართლო სხდომაზე ვერ მოიყვანა „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ის მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საფუძვლიანობას, კერძოდ სადავო აქტის მიმართებას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 და 42-ე მუხლების პირველ პუნქტებთან მიმართებით, რაც ამავე კანონის მე-18 მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად არმიღების საფუძველია.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, მე-18 მუხლის „ა“ პუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით და 22-ე მუხლით,
საკონსტიტუციო სასამართლოს
მეორე კოლეგია
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად მოქალაქე – მზია ჯღარკავას 316-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც ეხება „ოპერატიულ–სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვების „... 25 წელზე მეტი“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის და 42-ე მუხლების პირველ პუნქტებთან მიმართებით;
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (სხდომის თავმჯდომარე);
ოთარ ბენიძე (წევრი);
ლამარა ჩორგოლაშვილი (წევრი);
ნიკოლოზ შაშკინი(წევრი).