საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობაზე, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება - „ნედლი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნებისთვის შეძენისა და შენახვის გამო; ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ექიმის დანიშნულების გარეშე „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებისთვის.
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური წარდგინება |
ნომერი | N784 |
ავტორ(ებ)ი | გიორგი შავლიაშვილი, ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე |
თარიღი | 29 ივნისი 2016 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) წარდგინება შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო უფლებამოსილია, წარდგინებით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ესა თუ ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის შეუსაბამოდ;
გ) სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება - „ნედლი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნებისთვის შეძენისა და შენახვის გამო; ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ექიმის დანიშნულების გარეშე „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებისთვის, შესაძლოა მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის შეუსაბამოდ, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას კონსტიტუციასთან, კანონის, შესაბამისობის საკითხზე;
დ) წარდგინებაში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) წარდგინებაში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით;
ვ) არ არის დარღვეული წარდგინების შეტანის კანონით დადგენილი ვადა;
ზ) სადავო ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი ნორმატიული აქტ(ებ)ის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე.
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
ფაქტობრივი გარემოებები:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 ივნისის განაჩენით ლევან კორკოტაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით (2013 წლის 29 ივლისის ეპიზოდი) - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 273-ე მუხლით (2013 წლის 9 სექტემბრის ეპიზოდი) - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით მას განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დადგენილმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 ივლისის განაჩენით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ლევან კორკოტაშვილს განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2013 წლის 8 ოქტომბრიდან.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 15 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 ივნისის განაჩენი შეიცვალა: ლევან კორკოტაშვილის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. ლევან კორკოტაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (2013 წლის 29 ივლისის ეპიზოდი) - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით (2013 წლის 9 სექტემბრის ეპიზოდი) - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ამავე კოდექსის 50-ე მუხლის საფუძველზე 3 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 წელი - ჩაეთვალა პირობით. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მას განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 50-ე მუხლის საფუძველზე 3 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 წელი - ჩაეთვალა პირობით. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დადგენილმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 ივლისის განაჩენით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 2000 ლარი და საბოლოოდ ლევან კორკოტაშვილს განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 50-ე მუხლის საფუძველზე 3 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 წელი - 64-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. ლევან კორკოტაშვილს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2013 წლის 8 ოქტომბრიდან.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 6 ნოემბრის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 15 აპრილის განაჩენი შეიცვალა და მსჯავრდებულ ლევან კორკოტაშვილის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია). განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
4. 2015 წლის 18 ნოემბერს მსჯავრდებულმა ლევან კორკოტაშვილმა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - გაგი მოსიაშვილმა და ირაკლი ბუზალაძემ შუამდგომლობით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და მოითხოვეს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მსჯავრდებულ ლევან კორკოტაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის პირველი დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ლევან კორკოტაშვილისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - გაგი მოსიაშვილისა და ირაკლი ბუზალაძის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.
6. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლევან კორკოტაშვილის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შუამდგომლობის დასაშვებად ცნობა.
სამართლებრივი გარემოებები:
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (70 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება - „გამომშრალი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნებისთვის შეძენისა და შენახვის გამო.
2. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს აგრეთვე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებას, სადაც მითითებულია, რომ „საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს ზოგადად კონკრეტული საკითხის ნორმატიულ შინაარსზე და შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას გასაჩივრებული დებულებით განპირობებული სავარაუდო პრობლემის ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე. ... შესაბამისად, კანონმდებლობაში იდენტური პრობლემის გამომწვევი ნორმის (ნორმების) შენარჩუნების შემთხვევაში, ის გადაწყვეტილების უგულებელმყოფელ და დამძლევ ნორმად ჩაითვლება“.
3. ხსენებული გადაწყვეტილების შინაარსი ცხადყოფს, რომ თავად საკონსტიტუციო სასამართლოა უფლებამოსილი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეაფასოს, არის თუ არა კონკრეტული ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დამძლევი ნორმა და, შესაბამისად, არაკონსტიტუციური.
4. მოცემულ საქმეში ლევან კორკოტაშვილი მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ - 42,63 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ნედლი მარიხუანის“ უკანონო შეძენა, შენახვის გამო და მისჯილი აქვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. ხსენებული ნორმა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუ ბრალდებულს აღმოაჩნდება ნარკოტიკული საშუალება „ნედლი მარიხუანა“ და მისი ოდენობა 100 გრამს არ აღემატება.
5. საკასაციო პალატას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების გათვალისწინებით, რომლის თანახმადაც, ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანის“ 70 გრამამდე პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვის გამო პირის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება ჩაითვალა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლთან შეუსაბამოდ, მიაჩნია, რომ არსებობს რისკი იმისა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც იძლევა ნარკოტიკული საშუალება „ნედლი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისთვის საპატიმრო სასჯელის გამოყენების შესაძლებლობას, შესაძლოა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების დამძლევ ნორმად და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურად იქნეს მიჩნეული.
6. საკასაციო პალატის ამ არგუმენტაციას ამყარებს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 92-ე გრაფაში დაფიქსირებული ოდენობები, კერძოდ, „ნედლი მარიხუანის“ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია „გამომშრალი მარიხუანის“ ორმაგ ოდენობებზე. კერძოდ: „გამომშრალი მარიხუანის“ შეძენა-შენახვა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შემადგენლობას იძლევა იმ შემთხვევაში, თუ მისი რაოდენობა 5-დან 50 გრამამდეა, ხოლო ამავე დანაშაულის შემადგენლობას იძლევა „ნედლი მარიხუანის“ შეძენა-შენახვა 10-დან 100 გრამამადე. კანონმდებლის აღნიშნული მიდგომა ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ ერთი და იმავე წონის „გამომშრალი მარიხუანისა“ და „ნედლი მარიხუანის“ შემთხვევაში, მიდგომა „გამომშრალ მარიხუანასთან“ მიმართებით უფრო მკაცრია.
7. ლევან კორკოტაშვილი მსჯავრდებულია ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში - ექიმის დანიშნულების გარეშე „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარების გამო და მისჯილი აქვს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
8. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილებით, მართალია, დადგინდა პირადი მოხმარების მიზნით 70 გრამამდე „გამომშრალი მარიხუანის“ შეძენა-შენახვისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების არაკონსტიტუციურობა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაკონსტიტუციურად არ უცვნია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი ქმედების ან/და სანქციის ნაწილში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ მუხლით პირის მსჯავრდებისას, მის მიმართ სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრის დროს, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მოტივაცია, კერძოდ:
- საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ბრალდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს უნდა მოხდეს ინდივიდუალური მიდგომა, ინდივიდუალური ქმედებისა და ამ ქმედებიდან მომდინარე კონკრეტული საფრთხის გაანალიზება მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით. თავისუფლების აღკვეთის საპირწონედ არის შეზღუდული თავისუფლება, რაც შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მაშინ, როცა ეს უკიდურესად აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.
- ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით პატიმრობა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად არასაკმარისია პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები.
- საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ცალსახად განიმარტა, რომ პირისათვის თავისუფლების აღკვეთა ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ ამ ქმედების ჩამდენს უქმნის საფრთხეს, მის ჯანმრთელობას შეიძლება აყენებდეს ზიანს და არ არის მიმართული (არ შეიძლება იყოს მიმართული) სხვათა უფლებების დარღვევისკენ, უმიზნო და, შესაბამისად, გაუმართლებელია.
დასკვნა:
საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშულ მსჯელობას და მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება - „ნედლი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნებისთვის შეძენისა და შენახვის გამო, შეიძლება მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მეორე პუნქტის შეუსაბამოდ; ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემთხვევაში, როდესაც პირი ნარკოტიკის მოხმარებით საკუთარ ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს და არ არღვევს სხვა პირთა უფლებებს, შესაძლოა მისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება შეიძლება გაუმართლებელ ჩარევად ჩაითვალოს პირის თავისუფლებაში და შეუსაბამო იყოს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან.
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა