საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური წარდგინება |
ნომერი | N771 |
ავტორ(ებ)ი | პაატა სილაგაძე, ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი |
თარიღი | 17 ივნისი 2016 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) წარდგინება შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო უფლებამოსილია, წარდგინებით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ესა თუ ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის შეუსაბამოდ; გ) სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, რადგან სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანას“ მოხმარებისთვის, შესაძლოა მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის შეუსაბამოდ, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას კონსტიტუციასთან, კანონის, შესაბამისობის საკითხზე; დ) წარდგინებაში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ; ე) წარდგინებაში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით; ვ) არ არის დარღვეული წარდგინების შეტანის კანონით დადგენილი ვადა; ზ) სადავო ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი ნორმატიული აქტ(ებ)ის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე. |
ფაქტობრივი გარემოებები:
1. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 თებერვლის განაჩენით დავით მერაბიშვილი, - დაბადებული 1982 წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 2500 ლარი.
დავით მერაბიშვილს 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული უფლებები.
დავით მერაბიშვილს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 11 თებერვლიდან იმავე წლის 12 თებერვლის ჩათვლით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 აგვისტოს განაჩენით დავით მერაბიშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 3000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წელი, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე კვლავ ჩაეთვალა პირობით და მსჯავრდებულს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო - 2 წელი ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 3000 ლარი.
დავით მერაბიშვილს 3 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული უფლებები.
დავით მერაბიშვილს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2015 წლის 7 ივლისიდან.
3. 2015 წლის 11 ნოემბერს მსჯავრდებულმა დავით მერაბიშვილმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 24 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 აგვისტოს განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე დავით მერაბიშვილი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისაგან, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი ჰქონდა პირობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 აგვისტოს განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
5. მსჯავრდებულ დავით მერაბიშვილის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გიგლა მაჩიტიძე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში, მართალია, არ უმსჯელია საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლთან დაკავშირებით, მაგრამ მნიშვნელოვანია არა ის გარემოაბა, თუ რომელ მუხლზე იმსჯელა, არამედ ის, თუ რა დაადგინა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით. ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება - „მარიხუანის“ მოხმარებაში, ამდენად, იგი ასევე უნდა გათავისუფლდეს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისაგან.
სამართლებრივი გარემოებები:
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ცნობილ იქნა არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (70 გრამამდე), ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანას, პირადი მოხმარების მიზნებისთვის შეძენის და შენახვის გამო.
2. მოცემულ საქმეში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 აგვისტოს განაჩენით დავით მერაბიშვილს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებაში, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ - საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
3. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილებით, მართალია, დადგინდა პირადი მოხმარების მიზნით 70 გრამამდე ,,გამომშრალი მარიხუანის“ შეძენა-შენახვისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების არაკონსტიტუციურობა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაკონსტიტუციურად არ უცვნია სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი ქმედების ან/და სანქციის ნაწილში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ მუხლით პირის მსჯავრდებისას, მის მიმართ სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრის დროს, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მოტივაცია, კერძოდ:
- საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ბრალდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს უნდა მოხდეს ინდივიდუალური მიდგომა, ინდივიდუალური ქმედებისა და ამ ქმედებიდან მომდინარე კონკრეტული საფრთხის გაანალიზება მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით. თავისუფლების აღკვეთის საპირწონედ არის შეზღუდული თავისუფლება, რაც შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მაშინ, როცა ეს უკიდურესად აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.
- ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით პატიმრობა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად არასაკმარისია პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები.
- საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ცალსახად განიმარტა, რომ პირისათვის თავისუფლების აღკვეთა ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ ამ ქმედების ჩამდენს უქმნის საფრთხეს, მის ჯანმრთელობას შეიძლება აყენებდეს ზიანს და არ არის მიმართული (არ შეიძლება იყოს მიმართული) სხვათა უფლებების დარღვევისკენ, უმიზნო და, შესაბამისად, გაუმართლებელია.
დასკვნა:
საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს რა საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშულ მსჯელობას მიაჩნია, რომ 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემთხვევაში, როდესაც პირი ნარკოტიკის მოხმარებით საკუთარ ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს და არ არღვევს სხვა პირთა უფლებებს, შესაძლოა მისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება შეიძლება გაუმართლებელ ჩარევად ჩაითვალოს პირის თავისუფლებაში და შეუსაბამო იყოს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან.
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა