საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - ნედლი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვის გამო.
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური წარდგინება |
ნომერი | N773 |
ავტორ(ებ)ი | პაატა სილაგაძე, ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი |
თარიღი | 17 ივნისი 2016 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) წარდგინება შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო უფლებამოსილია, წარდგინებით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ესა თუ ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის შეუსაბამოდ; გ) სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, რადგან სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება ,,ნედლი მარიხუანას“ პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისთვის, შესაძლოა მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის შეუსაბამოდ, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას კონსტიტუციასთან, კანონის, შესაბამისობის საკითხზე; დ) წარდგინებაში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ; ე) წარდგინებაში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით; ვ) არ არის დარღვეული წარდგინების შეტანის კანონით დადგენილი ვადა; ზ) სადავო ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი ნორმატიული აქტ(ებ)ის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
ფაქტობრივი გარემოებები:
1. თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის განაჩენით ასლან ფაშაევი, - დაბადებული 1983 წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 7 წლით; სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ასლან ფაშაევს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 5 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი - 3 წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. ასლან ფაშაევს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2014 წლის 16 სექტემბრიდან. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 წლით - საექიმო, ფარმაცევტული, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები. 2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 30 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ასლან ფაშაევის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაკმაყოფილდა და ცვლილება შევიდა თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის განაჩენში შემდეგი მიმართებით: მსჯავრდებულ ასლან ფაშაევის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია). თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად. 3. 2015 წლის 18 ნოემბერს მსჯავრდებულმა ასლან ფაშაევმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 26 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ასლან ფაშაევის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ იქნა დაშვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად. 5. მსჯავრდებული ასლან ფაშაევი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 26 ნოემბრის განჩინებას და ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვას. სამართლებრივი გარემოებები:
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ცნობილ იქნა არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (70 გრამამდე), ნარკოტიკული საშუალება - „გამომშრალი მარიხუანას“, პირადი მოხმარების მიზნებისთვის შეძენის და შენახვის გამო. 2. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს აგრეთვე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებას, სადაც მითითებულია, რომ „საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს ზოგადად კონკრეტული საკითხის ნორმატიულ შინაარსზე და შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას გასაჩივრებული დებულებით განპირობებული სავარაუდო პრობლემის ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე. ... შესაბამისად, კანონმდებლობაში იდენტური პრობლემის გამომწვევი ნორმის (ნორმების) შენარჩუნების შემთხვევაში, ის გადაწყვეტილების უგულებელმყოფელ და დამძლევ ნორმად ჩაითვლება“. 3. ხსენებული გადაწყვეტილების შინაარსი ცხადყოფს, რომ თავად საკონსტიტუციო სასამართლოა უფლებამოსილი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეაფასოს, არის თუ არა კონკრეტული ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დამძლევი ნორმა და, შესაბამისად, არაკონსტიტუციური. 4. მოცემულ შემთხვევაში ასლან ფაშაევი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ამჟამად მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, კერძოდ, დიდი ოდენობით - 291.6802 გრამი „ნედლი მარიხუანას“ უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვის გამო (ასევე ნარკოტიკული საშუალება „ნედლი მარიხუანას“ უკანონო გასაღებაში - 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით) და დანაშაულთა ერთობლიობით მისჯილი აქვს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. ხსენებული ნორმა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე. 5. საკასაციო პალატას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების გათვალისწინებით, რომლის თანახმადაც, ნარკოტიკული საშუალება ,,გამომშრალი მარიხუანას“ 70 გრამამდე პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვის გამო პირის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება ჩაითვალა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლთან შეუსაბამოდ, მიაჩნია, რომ არსებობს რისკი იმისა, რომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის (ამჟამად მოქმედი რედაქცია) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც იძლევა ნარკოტიკული საშუალება „ნედლი მარიხუანას“ პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისთვის საპატიმრო სასჯელის გამოყენების შესაძლებლობას, შესაძლოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების დამძლევ ნორმად და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურად იქნეს მიჩნეული. 6. საკასაციო პალატის ამ არგუმენტაციას ამყარებს ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ „საქართველოს კანონის დანართი N2-ის 92-ე გრაფაში დაფიქსირებული ოდენობები, კერძოდ, ,,ნედლი მარიხუანას“ შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხიმგებლობა დაწესებულია ,,გამომშრალი მარიხუანას“ ორმაგ ოდენობებზე. კერძოდ: დიდი ოდენობით ,,გამომშრალი მარიხუანას“ შეძენა-შენახვა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის შემადგენლობას იძლევა იმ შემთხვევაში თუ მისი რაოდენობა 50-დან 500 გრამამდეა, ხოლო ამავე დანაშაულის შემადგენლობას იძლევა ,,ნედლი მარიხუანას“ შეძენა-შენახვა 100-დან 1000 გრამამადე. კანონმდებლის აღნიშნული მიდგომა ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ ერთი და იმავე წონის ,,გამომშრალი მარიხუანისა“ და ,,ნედლი მარიხუანის“ შემთხვევაში, მიდგომა ,,გამომშრალ მარიხუანასთან“ მიმართებით უფრო მკაცრია.
დასკვნა:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება - ,,ნედლი მარიხუანას“ (291.6802 გრამამდე), პირადი მოხმარების მიზნებისთვის შეძენის და შენახვის გამო შეიძლება, მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მეორე პუნქტის შეუსაბამოდ. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა