მოსარჩელე მურმან ბაკურიძე საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/2/277 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 12 მარტი 2004 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ოთარ ბენიძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – წევრი;
3. ლამარა ჩორგოლაშივლი – წევრი;
4. ზაურ ჯინჯოლავა – წევრი.
სხდომის მდივანი: ლია ჯალაღონია
საქმის დასახელება: მოსარჩელე მურმან ბაკურიძე საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს პრეზიდენტის “მიწის მართვის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ” 1996 წლის 25 დეკემბერს №836 ბრძანებულების კონსტიტუციურობის დადგენა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 30-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით.
საქმის განხივლის მონაწილენი: მოსარჩელე მურმან ბაკურიძე.
საქართველოს საკონსტიტუო სასამართლოს 2004 წლის 17 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №277) მომართა მოქალაქე მურმან ბაკურიძემ. სასამართლოს თავმჯდომარის რეზოლუციით კოლეგიას საქმე გადმოეცა ა.წ. 24 თებერვალს.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტით “ვ” ქვეპუნქტი, “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი და “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლი.
დავის საგანი წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის “მიწის მართვის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ” 1996 წლის 25 დეკემბრის №836 ბრძანებულების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 30-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 39-ე მუხლთან მიმართებით.
როგორც სარჩელიდან ირკვევა, მოსარჩელე – მურმან ბაკურიძე 1989 წლიდან მუშაობდა გარდაბნის რაიონის მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე, საიდანაც გათავისუფლებულ იქნა რაიონის გამგებლის 1995 წლის 8 აგვისტოს განკარგულების საფუძველზე.
მოსარჩელეს განცხადებით, მსგავსი უფლებამოსილება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის №831-ე დადგენილების თანახმად, მხოლოდ მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის დეპარტამენტის თავმჯდომარეს გააჩნია.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მან მიმართა საერთო სასამართლოს თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით, რაც დაკმაყოფილდა. მიუხედავად ამისა გადაწყვეტილება დღემდე არ იქნა აღსრულებული, რის მიზეზადაც მოსარჩელე მიიჩნევს პრეზიდენტის სადავო ბრძანებულების მე-2 პუნქტს, რომლის საფუძველზეც ლიკვიდირებულ იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიწის მართვისა და მიწის კადასტრის დეპარტამენტი.
სარჩელის ავტორი თვლის, რომ რეალურად განხორციელდა აღნიშნული ორგანიზაციის გარდაქმნა, სტრუქტურის გაძლიერება, ფუნქციების გაზრდა და არა მისი ლიკვიდაცია, რაც “საჯარო სამსახურის შესახებ”საქართველოს კანონის თანახმად სხვადასხვა სამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, 96-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაწესებულების ლიკვიდაცია შეიძლება მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდეს, რეორგანიზაცია კი არ ქმნის ასეთ საფუძველს.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ პრეზიდენტის სადავო ბრძანებით შეილახა მისი, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით აღიარებული უფლება, დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა და 30-ე მუხლით გარანტირებული უფლება შრომის თავისუფლებაზე, რაც აღიარებულია გაერთიანებული ერების 1948 წელს მიღებული “ადამიანთა უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის” 23-ე მუხლით. ასევე, სადავო აქტმა დაარღია საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლი, რომლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის იმ უფლებას, რომლებიც მართალია არ არის მოხსენიებული კონსტიტუციის მე-2 თავში, მაგრამ გამომდინარეობენ კონსტიტუციის ზოგადი პრინციპებიდან.
მურმან ბაკურიძე აღნიშნავს, რომ სადავო ბრძანებულება მხოლოდ მას შეეხო და არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენა სხვა თანამშრომლებთან მიმართებით. რამაც განაპირობა არამარტო მისი კონსტიტუციური უფლებების დარღვევა, ასევე გამოიწვია გამოუსწორებელი მატერიალური და მორალური ზიანის დადგომა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის “მიწის მართვის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ” 1996 წლის 25 დეკემბრის №836 ბრძანებულება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 30-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე განხილვის შედეგად, კონსტიტუციური სარჩელისა და მასზე თანდართული დოკუმენტების, ასევე სათანადო გარემოებების გაანალიზების, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებათა საფუძველზე გამოარკვია შემდეგი გარემოებანი:
1. სასამართლოს მიაჩნია, რომ კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნული არგუმენტები და მტკიცებულებები ძირითადად ეხება საერთო სასამართლოში განსახილველ დავებს და არავითარი მიმართება დავის საგანსა და სარჩელში მოყვანილ კონსტიტუციის მუხლებს შორის არ არსებობს. კერძოდ, მოსარჩელე აცხადებს, რომ უკანონოდ იქნა გათავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან და იმის გამო, რომ არ მომხდარა მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის დეპარტმენტის ლიკვიდაცია, როგორც ეს სადავო ბრძანებულების მე-2 პუნქტშია დადგენილი, არამედ სინამდვილეში ადგილი ჰქონდა მის რეორგანიზაციას, ხელი შეუშალა მის აღდგენას სამუშაოზე. აღნიშნული საკითხების განხილვა არ შედის საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების ფარგლებში. საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს დავებს ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის თაობაზე. ლიკვიდაცია მოხდა ფაქტობრივად თუ რეორგანიზაცია საერთო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს კონკრეტული შრომითი დავის განხილვის დროს.
2. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის სადავო №836-ე ბრძანებულების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა და კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი, სასარჩელო მოთხოვნის არსიდან გამომდინარე სხვადასხვა საკითხს ეხება. კერძოდ, საქართფველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: “საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს”. კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა არეგულირებს სახელმწიფო თანამდებობის დაკავების საფუძვლებს. იგი ადგენს საქართველოს ყოველი მოქალაქის უფლებას, დაიკავოს ნებისმიერი თანამდებობა, თუ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს. სადავო ბრძანებულების მე-2 პუნქტი კი განსაზღვრავს ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესს და არ წარმოადგენს რაიმე უფლების ამკრძალავ ნორმას. სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელი არ შეიცავს სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლთან მიმართებას.
“საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ხოლო საქართველოს კანონის “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” მე-18 მუხლის თანახმად: “კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება განსახილველად არ მიიღება, თუ:
ა) ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს”.
3. განმწესრიგებელ სხდომაზე სასამართლომ მოისმინა მოსარჩელის განმარტებები სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სადავო აქტის არაკონსტიტუციურად ცნობა კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტთან მიმართებით უსაფუძვლოა. კერძოდ, კონსტიტუციის ზემოაღნიშნული პუნქტებით აღიარებულია შრომის თავისუფლება, დადგენილია თავისუფალი მეწარმეობისათვის ხელშეწყობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ გარანტიები, ხოლო სადავო ბრძანებულებით დარეგულირებულია მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტმენტის სტრუქტურა, მისი უფლებამოსილების ფარგლები, ფუნქციები და ამოცანები და ა.შ.
4. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე, როგორც კონსტიტუციურ სარჩელში, ისე განმწესრიგებელ სხდომაზე ვერ შეძლო სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საფუძვლიანობის დასაბუთება. მან ვერ შეძლო დაესაბუთებინა, თუ როგორ დაარღვია სადავო აქტმა, ან შესაძლებელია მომავალში დაერღია, მისი უფლებები საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან მიმართებით.
ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად არ შეიძლება მიღებულ იქნეს, რადგანაც არ აკმაყოფილებს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
იხელმძღვანელა რა, საქართველოს კონსტიტუციის 89-ემუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 31-ე მუხლით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, “საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლით, მე-18 მუხლის “ა” პუნქტით და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად მოსარჩელე მურმან ბაკურიძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ “მიწის მართვის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 25 დეკემბრის №836-ე ბრძანებულების კონსტიტუციურობის თაობაზე, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 30-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 39-ე მუხლთან მიმართებით.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ო. ბენიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე)
ლ. ჩორგოლაშივლი
ნ. ჩერქეზიშვილი
ზ. ჯინჯოლავა