საქართველოს მოქალაქე ზაზა ბერიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/17/345 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, |
თარიღი | 11 ოქტომბერი 2005 |
კოლეგიის შემადგენლობა
1. ბესარიონ ზოიძე - სხდომის ტავმჯდომარე;
2. ვახტანგ გვარამია;
3. იაკობ ფუტკარაძე;
4. ნიკოლოზ - შაშკინი - მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩაგილავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ზაზა ბერიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლისმე-5 ნაწილის (1999 წლის 13 მაისის რედაქციით) და 140-ე მუხლის პირველი ნაწილის (1998 წლის 26 ივნისის რედაქციით) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის მეორე წინადადებასთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილე: მოსარჩელის წარმომადგენელი ჯემალ შელია.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას 2005 წლის 23 სექტემბერს გადმოეცა საქართველოს მოქალაქის ზაზა ბერიაშვილის 345-ე ნომრიტ რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი არსებითი განხილვისათვის მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით. კოლეგიის ღია განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა 2005 წლის 4 ოქტომბერს.
ზაზა ბერიაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელიტ მიმართა 2005 წლის 12 აგვისტოს. კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია საქართველოს კონსტიტუცის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ" ქვეპუნქტის, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-10 მუხლის საფუძველზე.
კონსტიტუციური სარჩელის მიხედვიტ, მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2002 წლის 26 მარტის ბრძანებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით ,,თ" და ,,კ" პუნქტებითა და 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" პუნქტით ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემულ ზაზა ბერიშვილს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 140-ე,151-156-ე მუხლების საფუძველზე აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა დაპატიმრება. მოსარჩელის აზრით, მისი ბრალდების საქმე უზენაესი სასამართლოს განსჯადია, ამიტომდაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიეღო უზენაეს სასამართლოს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 140-ე მუხლის 1998 წლისმ 26 ივნისის რედაქცია კი, რომელიც გამოიყენა მცხეთის რაიონულმა სასამართლომ, აღკვეთი ღონისძიების - დაპატიმრების ან თავისუფლების სხვაგვერი შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებას ანიჭებს სასამართლო ორგანოებს გამოძიების ადგილის მიხედვით. მოსარჩელის აზრით, მისი საქმის განხილვა იმ სასამართლოს უფლებამოსილებაა, რომლის განსჯადობასაც იგი უნდა განეკუთვნებოდეს. სწორედ ამიტომ, არაუფლებამოსილი სასამართლო ორგანოს მიერ დაპატიმრების გადაწყვეტილების მირებიტ უხეშად დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის მეორე წინადადება. აღნიშნული არგუმენტიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის დასახელებული ნორმა ირღვევა სისხლის სამართკის საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის მე-5 ნაწილითაც (1999 წლის 13 მაისის რედაქციით).
მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას.
ამასთან, მოსარჩელის წარმომადგენელმა ჯემალ შელიამ განმწესრიგებელ სხდომაზე განაცხადა, რომ სადავო ნორმები - საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის მე-5 ნაწილი 1999 წლის 13 მაისის რედაქციითა და 140-ე მუხლის პირველი ნაწილი 1998 წლის 26 ივნისის რედაქციით, რომელთა არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელსი, ამჟამად უკვე აღარ მოქმედებენ. ამასთან დაკავშირებით სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, კანონმდებლობის შესაბამისად, მოქალაქის სარჩელის საფუძველზე იხილავს მოქმედი ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით. სასამართლო კოლეგია მიუთითებს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის მიხედვითაც ,, ... საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას".
ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ" ქვეპუნქტით, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით და 21 მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-31 მუხლებითა და 39-ე მუხლის პირველი პუნქტით,
საქარათველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. შეწყდეს საქმე - ,,საქართველოს მოქალაქე ზაზა ბერიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ";
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ბ. ზოიძე (სხდომის თავმჯდომარე)
ვ. გვარამია
ი. ფუტკარაძე
ბ.შაშკინი (მომხსენებელი მოსამართლე)
ასლი დედანთან სწორია:
საქარტველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს მდივანი ი. ფუტკარაძე