საქართველოს მოქალაქე ბაჭუა გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/5/317 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, |
თარიღი | 24 თებერვალი 2005 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ბესარიონ ზოიძე (სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე);
2. ვახტანგ გვარამია;
3. იაკობ ფუტკარაძე;
4. ნიკოლოზ შაშკინი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: ,,საქართველოს მოქალაქე ბაჭუა გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
დავის საგანი: ,,ომისა და სამხედრო ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე 2002 წლის 22 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტში, მე-15 მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტის პირველ აბზაცში, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის პირველ აბზაცსა და მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის პირველ აბზაცში შეტანილი დამატების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილე - მოსარჩელე ბაჭუა გაჩეჩილაძე.
საქართველოს მოქალაქე ბაჭუა გაჩეჩილაძის 317-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია 2005 წლის 8 თებერვალს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით, იგი გადმოეცა ამა წლის 11 თებერვალს, 18 თებერვალს კი გაიმართა ღია განმწესრიგებელი სხდომა.
კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლების საფუძველზე.
კონსტიტუციურ სარჩელსა და თანდართულ დოკუმენტებში მითითებულია ის მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელის აზრით, ადასტურებს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას.
კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ კანონით ელექტროენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებით დაწესებული შეღავათების თაობაზე კონსტიტუციური სარჩელი მოქალაქე ბაჭუა გაჩეჩილაძემ (სხვა მოსარჩელეებთან ერთად) ჯერ კიდევ 2000 წლის თებერვალში შემოიტანა. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ 2002 წლის 18 აპრილს №1/1/126,129,158 გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა და არაკონსტიტუციურად ცნო ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში 1999 წლის 24 დეკემბრის კანონით განხორციელებული ცვლილებები და დამატებები, რომლებითაც შემცირდა ელექტროენერგიით სარგებლობასთან დაკავშირებული შეღავათები.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს პარლამენტმა 2002 წლის 22 ნოემბერს მიიღო ახალი კანონი ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, რომლითაც დადგინდა ელექტოენერგიის მოხმარების შედარებით გაზრდილი ლიმიტები. მოსარჩელის აზრით, ასეთი ლიმიტების დაწესება მიუღებელია და კვლავაც უნდა აღდგეს ელექტროენერგიით უფასო სარგებლობის უფლება, რაც თავდაპირველად იყო გათვალისწინებული და რისი გაუქმებაც კანონით იყო აკრძალული.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მართალია ის საკითხი, რომელსაც იგი აყენებს, ერთხელ უკვე გადაწყვეტილია არსებითად საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, მაგრამ არ მომხდარა მისი სრულყოფილი აღსრულება და სადავო აქტის მიღება მოხდა ამ გადაწყვეტილების იგნორირებით.
აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებას და ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ კანონში ცვლილების და დამატებების შეტანის თაობაზე 2002 წლის 22 ნოემბრის საქართველოს კანონით განხორციელებული სადავო დამატებების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან მიმართებით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გაანალიზების, განმწესრიგებელ სხდომაზე თვით მოსარჩელის განმარტებათა საფუძველზე გამოარკვია წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებული გარემოებანი.
სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ ერთი მხრივ არ არსებობს მოქალაქე ბაჭუა გაჩეჩილაძის 317-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების კანონიერი საფუძველი, ხოლო მეორე მხრივ, სასარჩელო მოთხოვნა არც საჭიროებს შემდგომ განხილვას, ვინაიდან მოსარჩელის მიერ დასმული სადავო საკითხები ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისათვის დადგენილი შეღავათების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებში არსებითად უკვე გადაჭრილია კოლეგიის მიერ ადრე მიღებულ შესაბამის გადაწყვეტილებაში და წარმოდგენილ სარჩელში საქმე მის აღსრულებას შეეხება.
სასარჩელო მოთხოვნის მიღება არსებითად განსახილველად გამოირიცხება კანონით განსაზღვრული გარემოებების არსებობის გამო. კერძოდ, ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით ელექტროენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებული შეღავათების საკითხი სასამართლო კოლეგიამ განიხილა 126-ე, 129-ე და 158-ე ნომრებით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელების მონაცემებისა და საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეთა გამოსვლების, მოწმეთა ჩვენებების და საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებების გაანალიზების საფუძველზე. საკონსტიტუციო სასამართლომ გამოარკვია სათანადო გარემოებანი და სთხოვა საქართველოს პარლამენტს მოსარჩელეთა და შესაბამისი კატეგორიის სხვა მოქალაქეთა მდგომარეობის გათვალისწინებით, გონივრულ ვადებში მოეწესრიგებინა ელექტროენერგიით სარგებლობის საკითხი ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ 1995 წლის 17 ოქტომბრის კანონში. საქართველოს 2002 წლის 22 ნოემბრის კანონი ,,ომისა და სამხედრო“ ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, არსებითად წარმოადგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიღებულ აქტს. ასე რომ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მოსარჩელისა და მსგავსი კატეგორიის პირთათვის ელექტროენერგიის უფასოდ (შეღავათიან ფასად) მოხმარების საკითხთან მიმართებით უკვე შეასრულა კანონმდებლის მოთხოვნები და სრულად განახორციელა თავისი ფუნქცია.
ეს ფაქტობრივად აღიარა კიდეც მოსარჩელემ, როდესაც განმწესრიგებელ სხდომაზე განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ეს საკითხი კი გადაწყვიტა, მაგრამ პარლამენტმა არ შეასრულა მისი გადაწყვეტილება. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც მიიღო მან წინა სარჩელზე. მოსარჩელის სიტყვით, ამჯერად სარჩელის შემოტანის საფუძველი გახდა სწორედ ის, რომ საქართველოს პარლამენტმა არ შეასრულა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. ამდენად, მოსარჩელე ძირითადად უკმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ მისი აზრით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ჯეროვნად არ აღსრულებულა.
ამასთან დაკავშირებით სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ უდავოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულება უაღრესად მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავე დროს, საკუთარი გადაწყვეტილების აღსრულების საკითხის არსებითად განხილვა არ შედის საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაში. ეს საკითხი არ ექვემდებარება სასამართლო პროცესზე განხილვას.
ამრიგად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ 317-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სადავო საკითხი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უკვე გადაწყვიტა საკონსტიტუციო სასამართლომ 126-ე, 129-ე და 158-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განხილვის შედეგად. ასეთ შემთხვევაში კი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის ,,დ“ პუნქტის ძალით, 317-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად არ მიიღება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ხელმძღვანელობს რა ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის ,,დ“ პუნქტით და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქე ბაჭუა გაჩეჩილაძის კონსტიტუციური სარჩელი ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საქართველოს 2002 წლის 22 ნოემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტში, მე-15 მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტის პირველ აბზაცში, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის პირველ აბზაცსა და მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის პირველ აბზაცში შეტანილი დამატებების კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან მიმართებით და შეწყდეს სამართალწარმოება ამ საქმეზე;
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ბესარიონ ზოიძე (სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე)
ვახტანგ გვარამია
იაკობ ფუტკარაძე
ნიკოლოზ შაშკინი