საქართველოს მოქალაქე პაატა ქობულაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/18/346 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, |
თარიღი | 17 ოქტომბერი 2005 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ბესარიონ ზოიძე (სხდომის თავმჯდომარე);
2. ვახტანგ გვარამია(მომხსენებელი მოსამართლე);
3. იაკობ ფუტკარაძე;
4. ნიკოლოზ შაშკინი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე პაატა ქობულაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით “საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ 2000 წლის 23 თებერვლის საქართველოს კანონის 746 მუხლის მე-3 პუნქტი და 75-ე მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვები – „ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება – დაუყონებლივ“.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე პაატა ქობულაძე
მოქალაქე პაატა ქობულაძის 346-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 2005 წლის 8 სექტემბერს შემოვიდა. 26 სექტემბერს სარჩელი გადმოეცა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას იმის გადასაწყვეტად, რომ (1) მისაღებია თუ არა იგი არსებითად განსახილველად და (2) განსახილველად მიღების შემთხვევაში შესაძლებელია თუ არა მისი გაერთიანება №1/2/330/331 საქმესთან - „საქართველოს მოქალაქეები – პაატა ქობულაძე და ალექსი მარიამიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. 2005 წლის 6 ოქტომბერს გაიმართა სასამართლო კოლეგიის ღია განმწესრიგებელი სხდომა.
საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძვლად კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო არაკონსტიტუციურად სცნობს №1/2/330/331 სასამართლო საქმეში დასახლებულ სადავო ნორმებს, სახელდობრ კი “საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ კანონის 741 მუხლის პირველ პუნქტსა და 743 მუხლს, მაშინ მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მიერ გამოტანილი ყველა გადაწყვეტილება უკანონო –არაკონსტიტუციური იქნება. ამასთან ერთად, არაკონსტიტუციური იქნება აღნიშნული კანონის ის დებულებაც, რომლის შესაბამისადაც, უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება საბოლოოა, არ საჩივრდება და კანონიერ ძალაში უნდა შევიდეს დაუყონებლივ. მოსარჩელის აზრით, გაუქმებულ ნორმატიულ აქტზე დაფუძნებული გადაწყვეტილება არ შეიძლება იყოს საბოლოო და იგი არა თუ დაუყონებლივ, არამედ საერთოდ არ უნდა შევიდეს კანონიერ ძალაში. ამასთან, უსამართლო იქნება ისიც, რომ ამგვარი უკანონო გადაწყვეტილება არ დაექვემდებაროს გასაჩივრებას. მოსარჩელეს აზრით, სარჩელში სადავოდ დასახელებული ნორმების არსებობის შემთხვევაში, მას აღარ შეეძლება გამოიყენოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით მინიჭებული უფლებები.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელისა და მასზე თანდართული დოკუმენტების, მოსარჩელის განმარტებების და გაანალიზების საფუძველზე გამოარკვია სასარჩელო მოთხოვნის არსებითი განხილვისათვის მიღების საკითხის გადასაწყვეტად საჭირო გარემოებანი:
1.სასამართლოს კოლეგია მიიჩნევს, რომ კონსტიტუციურ სარჩელში არ არის დაცული „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნები.
„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის დებულებანი, რომლებსაც, მოსარჩელის აზრით, არ შეესაბამება ან არღვევს სადავო აქტი. ეს ნიშნავს, რომ კონსტიტუციურ სარჩელში გამოკვეთილი და ცხადი უნდა იყოს სადავო აქტის საგნობრივი მიმართება კონსტიტუციის შესაბამის დებულებებთან. არც 346-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელიდან არ იკვეთება და მოსარჩელემ ვერც განმწესრიგებელ სხდომაზე ვერ დაასაბუთა ამგვარი კავშირი, ერთი მხრივ, საქართელოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიის საბოლოო გადაწყვეტილებასა და მის დაუყონებლივ აღსრულებას, ხოლო, მეორე მხრივ, კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ სასამართლოსადმი მიმართვისა და სათანადო იურისდიქციის სასამართლოს მიერ განსჯის უფლებას შორის. ამასთან, მოსარჩელემ ვერ ახსნა, თუ სად შეიძლება გასაჩივრდეს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „კონსტიტუციური სარჩელი ... დასაბუთებული უნდა იყოს. კონსტიტუციური სარჩელში... აუცილებლად უნდა იყოს მოყვანილი ის მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელის ... აზრით, ადასტურებენ სარჩელის ... საფუძვლიანობას“. ანალოგიურ მოთხოვნას შეიცავს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტიც, რომლის თანახმადაც, კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული უნდა იყოს „მტკიცებულებანი, რომლებიც, მოსარჩელის აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას“. სასამართლო კოლეგიის აზრით, კანონმდებლობის აღნიშნული მოთხოვნა 346-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელში არ არის შესრულებული. კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი არგუმენტები და განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის განმარტებები არ მიანიშნებენ, რომ სადავო ნორმებით დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გარანტირებული უფლებები.
ამგვარად, კონსტიტუციური სარჩელი თავისი შინაარსით არ შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. ასეთ შემთხვევაში კი იგი, ამავე კანონის მე-18 მუხლის „ა“ პუნქტის ძალით, განსახილველად არ მიიღება.
ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლების პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე–2 პუნქტით, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, მე-18 მუხლის „ა“ პუნქტითა და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-31 მუხლებითა და 33-ე მუხლის პირველი პუნქტით
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქის პაატა ქობულაძის 346-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი იმის თაობაზე, რომ კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით “საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ 2000 წლის 23 თებერვლის საქართველოს კანონის 746 მუხლის მე-3 პუნქტი და 75-ე მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვები – „ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება – დაუყონებლივ“ და შეწყდეს სამართალწარმოება ამ სარჩელზე.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
ბესარიონ ზოიძე (სხდომის თავმჯდომარე);
ვახტანგ გვარამია(მომხსენებელი მოსამართლე);
იაკობ ფუტკარაძე;
ნიკოლოზ შაშკინი.