ალექსანდრე ცხოვრებაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N2/3/13 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - გია მეფარიშვილი, ავთანდილ აბაშიძე, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 5 დეკემბერი 1996 |
სასმართლოს შემადგენლობა:
გია მეფარიშვილი (თავმჯდომარე),
ავთანდილ აბაშიძე,
ლამარა ჩორგოლაშვილი,
ზაურ ჯინჯოლავა (მომხსენებელი).
სხდომის მდივანი: თამარ გაჩეჩილაძე.
დავის საგანი: საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონთა კოდექსში 213 - ე მუხლი.
საქმის განხილვის მონაწილენი:
1. მოსარჩელე: ალექსანდრე გიორგის ძე ცხოვრებაშვილი;
2. მოპასუხე: საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი, საქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი დავით გურამის ძე მუმლაძე. სასამართლო კოლეგიამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, 1996 წლის 10 ოქტომბერს, კონსტიტუციური სარჩელით მომართა საქართველოს მოქალაქემ-ალექსანდრე გიორგის ძე ცხოვრებაშვილმა. კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე მოითხოვს: საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონთა კოდექსის 213-ე მუხლის იმ ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც შეეხება პროკურატურის გამომძიებელთა შრომითი დავის საკითხების გადაწყვეტას ხელქვეითობის წესით.
მოსარჩელე ალექსანდრე ცხოვრებაშვილი კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნავს, რომ ადრე იგი მუშაობდა საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურატურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლად და საქართველოს მთავარმა სამხედრო პროკურორმა ნ. გოგიტიძემ, კანონის უხეში დარღვევით დაითხოვა სამუშაოდან. მოსარჩელემ, სამუშაოდან დათხოვნა ჩათვალა რა უკანონოდ, სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლოს. ქ. თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლომ, ალექსანდრე ცხოვრებაშვილის სარჩელი, 1996 წლის 10 მაისის განჩინებით არ მიიღო წარმოებაში და მიუთითა, რომ საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონთა კოდექსის 213-ე მუხლის შესაბაისად, აღნიშნული დავა, ამ შემთხვევაში პროკურატურის გამომძიებლის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ, განიხილება ზემდგომი ორგანოების მიერ.
ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიამ, 1996 წლის 5 ივლისის N 5-3026-06 განჩინებით, ქ. თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 10 მაისის განმწესრიგებელი სხდომის განჩინება,ალექსანდრე ცხოვრებაშვილის სასარჩელო განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ დატოვა უცვლელად, ხოლო ალექსანდრე ცხოვრებაშვილის კერძო საჩივარი დაუკმაყოფილებლად.
საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონთა კოდექსის 213-ე მუხლის შესაბამისად, დავა იმ ხელმძღვანელი მუშაკისა,რომელსაც ირჩევენ, ამტკიცებენ ან ნიშნავენ თანამდებობაზე სახელმწიფო ხელისუფლების და მმართველობის უმაღლესი ორგანოები,მოსამართლეების, პროკურორების, მათი მოადგილეებისა და თანაშემწეების, აგრეთვე პროკურატურის გამომძიებლების დათხოვნის, დათხოვნის მიზეზის ფორმულირებისა და თარიღის შეცვლის, სხვა სამუშაოზე გადაყვანის, იძულებით გაცდენილი ან დაბალხელფასიანი სამუშაოს შესრულების დროისათვის ანაზღაურების და დისციპლინური სახდელის დადების საკითხებზე განიხილება ზემდგომი ორგანოების მიერ. მოსარჩელე ალექსანდრე ცხოვრებაშვილი კონსტიუციურ სარჩელში მოითხოვს, საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონთა კოდექსის 213-ე მუხლის იმ ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც ეხება პროკურატურის გამომძიებელთა შრომითი დავების საკითხთა გადაწყვეტას ზემდგომი ორგანოების მიერ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1996 წლის 25 ნოემბრის განმწესრიგებელ სხდომაზე, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონთა კოდექსის 213-ე მუხლის მთლიანად არაკონს
ტიტუციურად ცნობა.
მოსარჩელის აზრით, საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონთა კოდექსის 213-ე მუხლი, არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლს, რომლის თანახმად - ყოველ ადამიანს, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად, შეუძლია მიმართოს სასამართლოს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, საქმის არსებითად განხილვისას,მოსარჩელე ალექსანდრე ცხოვრებაშვილმა გაზარდა სასარჩელო მოთხოვნის მოცულობა და დამატებით მოითხოვა საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონთა კოდექსის 214-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობა. ამ მუხლის მიხედვით, ზემდგომი ორგანოების გადაწყვეტილებით, წინანდელ სამუშაოზე მუშაკის აღდგენის შემთხვევაში, მუშაკს აუნაზღაურდება იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი სამუშაოდან დათხოვნის დღიდან ან აუნაზღაურდება ხელფასი დაბალხელფასიანი სამუშაოს შესრულების დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა.
მოპასუხე მხარემ, არ უარყო მოსარჩელის მიერ კონსტიტუციურ სარჩელში დაყენებული საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონთა კოდექსის 213-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის საფუძვლიანობა, ხოლო საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონთა კოდექსის 214-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნათა ჩათვლა ზედმეტად.
სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ მოსარჩელე ალექსანდრე ცხოვრებაშვილის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონთა კოდექსის 213-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პრიველი პუნქტის მიხედვით- ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონთა კოდექსის 213-ე მ უხლი კი, ზოგიერთი კატეგორიის მუშაკებს, კერძოდ, იმ ხელმძღვანელ მუშაკებს, რომლებსაც ირჩევენ, ამტკიცებენ ან ნიშნავენ თანამდებობაზე სახელმწიფო ხედისუფლებისა და მმართველობის უმაღლესი ორგანოები, მოსამართლეებს, პროკურორებს, მათ მოადგილეებს და თანაშემწეებს, აგრეთვე პროკურორის გამომძიებლებს, ფაქტიურად ართმევს საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას - თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონთა კოდექსის 213-ე მუხლით დადგენილი წესი, რომლის თანახმად აღნიშნული კატეგორიის მუშაკებს, არ შეუძლიათ თავიანთი უფლებების დასაცავად მიმართონ სასამართლოს, აშკარად არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებასა და თავისუფლებას.
2. სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონთა კოდექსის 213-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობა, თავისთავად გამოიწვევს საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს რესპუბლიკის კანონთა კოდექსის 214-ე და სხვა შესაბამისი მუხლების დებულებების გადასინჯვას.
იხელმძღვანელა რა, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის "ვ" ქვეპუნქტით, საქართველოს კანონის "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" 39-ე მუხლის პირველი პუნქტით,43-ე მუხლით, საქართველოს კანონის "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" 30-ე, 31-ე და 32-ე მუხლებით,
სასამართლო კოლეგია
ა დ გ ე ნ ს :
1. დაკმაყოფილდეს ალექსანდრე გიორგის ძე ცხოვრებაშვილის კონსტიტუციური სარჩელი. საქართველოს რესპუბლიკის შრომის კანონთა კოდექსის 213-ე მუხლი ცნობილი იქნას არაკონსტიტუციურად;
2. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაშია მისი სხდომაზე საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან;
3. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნდეს 7 დღის ვადაში;
4. გადაწყვეტილების პირები გადაეგზავნოთ მხარეებს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს უზენაეს სასმართლოს;
5. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
გ. მეფარიშვილი;
ა. აბაშიძე;
ლ. ჩორგოლაშვილი;
ზ. ჯინჯოლავა.