საქართველოს მოქალაქე ნელი ნებიერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/11/293 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, |
თარიღი | 2 ივლისი 2004 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე);
2. ვახტანგ გვარამია;
3. იაკობ ფუტკარაძე;
4. ნიკოლოზ შაშკინი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ნელი ნებიერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: (1) „მიწის რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების, 32-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და (2) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა მე-14, მე-16, მე-17, მე-20, 21-ე მუხლებთან, 42-ე მუხლის პირველ, მე-3, მე-7 და მე-9 პუნქტებთან და 44-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილე – მოსარჩელის წარმომადგენელი ზურაბ ინაშვილი.
მოქალაქე ნელი ნებიერიძის 293-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია 2004 წლის 14 ივნისს. სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებიათდ განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით 17 ივნისს გადმოეცა, 25 ივნისს კი ღია განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა.
საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძვლად კონსტიტუციურ სარჩელში დასახელებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-15 და მე-16 მუხლები.
კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე აღნიშნავს, რომ „მიწის რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტები, 32-ე მუხლის მე-3 პუნქტი და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მე-3 პუნქტი და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილი ხელყოფენ საქართველოს კონსტიტუციის მე-14, მე-16, მე-17, მე-20, 21-ე მუხლებით, 42-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-7 და მე-9 პუნქტებითა და 44-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მის კონსტიტუციურ უფლებებს. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დამატებით დაასახელა აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლი. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმებით ადმინსტრაციულ ორგანოს ფაქტიურად უფლება ეძლევა სახელმწიფოს სახელით ხელმეორედ აღიაროს სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მისი უკვე აღიარებული (რეაბილიტირებული) უფლება. ადმინისტრაციული ორგანო რეგისტრაციის ფაქტით ამ უფლებას ანიჭებს დამატებით იურიდიული ძალას, რაც თავისთავად იწვევს სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ სამოქალაქო უფლებების დარღვევას. ამის გამო, უკვე ოთხი წელია, იგი ვერ ახერხებს კუთვნილი ქონების მფლობელობისა და განკარგვის უფლებამოსილებათა განხორციელებას. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის არსებობის შემთხვევაში, რადგანაც რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, სასამართლო პროცესებზე შეუძლებელი ხდება რაიმეს დამტკიცება და მოსარჩელის უფლებების დაცვა.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტზე დაყრდნობით მოსარჩელე მოითხოვს სადავო ფორმების მოქმედების შეჩერებას სასამართლოს მიერ ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების, ასევე განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტების გაანალიზების საფუძველზე გამოარკვია კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებასათნ დაკავშირებული გარემოებანი.
სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად. შესაბამისად, ცხადია, აღარ განიხილება მოსარჩელის მოთხოვნა სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების შესახებ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ 2004 წლის 30 მარტს განმწესრიგებელ სხდომაზე განიხილა 281-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი „მიწის რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის ე-2 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებისა და 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-14, მე-17, 21-ე მუხლებთან, 42-ე მუხლის პირველ, მე-7 და მე-9 პუნქტებთან და 44-ე მუხლის პირველ პუნქტან მიმართებით. 6 აპრილს კოლეგიამ ამ საკითხზე გამოიტანა განჩინება (№1/7/281) და დაადგინა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელი არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად.
ამგვარად, მოქალაქე ნელი ნებიერიძის კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული დავის საგნის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი „მიწის რეგისტრაციის შესახებ” კანონის სადავო ნორმებთან მიმარეთბით საკონსტიტუციო სასამართლომ 2004 წლის 6 აპრილს გადაწყვიტა. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-18 მუხლის „დ” პუნქტის ძალით კი, კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად არ მიიღება, თუ მასში მითითებული სადავო საკითხი უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
მდგომარეობას ვერ ცვლის ის გარემოება, რომ წინა სარჩელისაგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში, მოსარჩელე „მიწის რეგისტრაციის შესახებ” კანონის სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმებას მოითხოვს აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის მე-16 და მე-20 მუხლებთან, 42-ე მუხლის მე-3 პუნქტათნ და 43-ე მუხლთან მიმართებით – არ დასტურდება სადავო ნორმების საგნობრიივ მიმართება კონსტიტუციის დასახელებულ დებულებებთან.
ასეევე ვერ განიხილება არსებითად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის საკითხიც.
სასამართლო კოლეგია მიუთითეთბს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის მიხედვითაც „კონსტიტუციური სარჩელი ... დასაბუთებული უნდა იყოს. კონსტიტუციურ სარჩელში ... აუცილებლად უნდა იყოს მოყვანილი ის მტკიცებულებები, რომლებიც მოსარეჩლის .... აზრით ადასტურებენ სარჩელის ... საფუძვლიანობას”. ანალოგიურ მოთხოვნას შეიცავს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტიც. ამაევ პუნქტის „დ” ქვეპუნქტის მიხედვით, კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული უნდა იყოს „საქართველოს კონსტიტუციის დებულებანი, რომლებსაც, მოსარჩელის აზრით, არ შეესაბამება არ არღვევს სადავო აქტი”. კანონმდებლობის აღნიშნული მოთხოვნა იმაზე მიგვანიშნებს, რომ კონსტიტუციური სარჩელიდან უნდა გამოჩნდეს როგორც უფლებების ხელყოფის ფაქტი (კერძოდ, მისი დარღვევა) ან უშუალოდ დარღვევის შესაძლებლობა, ისე გამოკვეთილი უნდა იყოს მოთხოვნის საგნობრივი შემხებლობა კონსტიტუციის შესაბამის დებულებებთან. არც კონსტიტუციური სარჩელიდან არ ჩანს და არც გამწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებიდან არ ირკვევა ის, თუ რითი გამოიხატება სათანადო უფლების ხელყოფა სამოქალაქო კოდექსის სადავო ნორმასთან მიმარეთბით. ასევე არ დასტურდება ამ შემთხვევაშიც სადავო ნორმის საგნობრივი მიმართება კონსტიტუციის დასახელებულ დებულებებთან.
ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის სადავო ნორმასთან მიმართებით დასაბუთებულად ვერ ჩაითვლება. იგი შინაარსით არ შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და ამავე კანონის მე-18 მუხლის „ა” პუნქტის ძალით, კონსტიტუციური სარჩელი ვერც ამ ნაწილში ვე იქნება განსახილველად მიღებული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, მე-18 მუხლის „ა” და „დ” პუნქტებით და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-31-ე მუხლებითა და 33-ე მუხლის პირველი პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქის ნელი ნებიერიძის 293-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი (1) „მიწის რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების, 32-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და (2) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-14, მე-16, მე-17, და მე-20, 21-ე მუხლებთან, 42-ე მუხლის პირველ, მე-3, მე-7 და მე-9 პუნქტებთან, 43-ე მუხლთან და 44-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით და შეწყდეს სამართალწარმოება ამ სარჩელზე;
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე)
ვახტანგ გვარამია
იაკობ ფუტკარაძე
ნიკოლოზ შაშკინი.