საქართველოს მოქალაქეები - მანანა კობახიძე, არჩილ ჩოფიკაშვილი და მაკა გიოშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/6/319 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, |
თარიღი | 7 მარტი 2005 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ბესარიონ ზოიძე - თავმჯდომარე;
2. ვახტანგ გვარამია;
3. იაკობ ფუტკარაძე;
4. ნიკოლოზ შაშკინი - მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - მანანა კობახიძე, არჩილ ჩოფიკაშვილი და მაკა გიოშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით ,,ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონის 213 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის სიტყვები - ,,ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის“, ამავე მუხლის მე-2 პუნქტში ,,ბ“ ქვეპუნქტზე მითითება და 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელეები - მანანა კობახიძე, არჩილ ჩოფიკაშვილი და მაკა გიოშვილი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას 2005 წლის 18 თებერვალს გადმოეცა საქართველოს მოქალაქეების მანანა კობახიძის, არჩილ ჩოფიკაშვილისა და მაკა გიოშვილის 319 ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი არსებითი განხილვისათვის მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით. ამ საკითხზე კოლეგიის ღია განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა 2005 წლის 25 თებერვალს.
სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 2005 წლის 11 თებერვალს შემოვიდა. კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ ისინი არიან ადვოკატები და სადავო ნორმებით შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს მათი კონსტიტუციური უფლებები. სახელდობრ, მათთვის მიუღებელია დისციპლინური სახდელის დაკისრებისა და ადვოკატთა ასოციაციის წევრობის შეწყვეტის ის წესი, რასაც ითვალისწინებენ ,,ადვოკატთა შესახებ“ კანონის 233 და 34-ე მუხლების სადავო ნორმები. ადვოკატისათვის ასოციაციის წევრობის შეწყვეტა ნიშნავს საადვოკატო საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, ვინაიდან არ არსებობს სხვა ალტერნატიული გზა ამ უფლების განსახორციელებლად. მოსარჩელეთა აზრით, მიუღებელია საადვოკატო საქმიანობის უფლების ჩამორთმევის უფლებამოსილებით სარგებლობდეს ისეთი ორგანოები, როგორიცაა ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია და ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო. ასეთი უფლებამოსილებით ისინი ითვისებენ სასამართლოებისათვის მინიჭებულ ფუნქციებს, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის მე-2 პუნქტთან. ,,ადვოკატთა შესახებ“ კანონის 34-ე მუხლის სადავო ნორმით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი - საადვოკატო საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ფაქტობრივად წარმოედგენს სასაჯელს, რაც გათვალისწინებულია მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსით და მისი შეფარდებს უფლება აქვს მხოლოდ სასამართლოს. ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიასა და ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს არ უნდა ჰქონდეს აღნიშნული უფლებამოსილება, ვინაიდან მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივაა პიროვნების დამნაშავედ ცნობა და მართლმსაჯულების განხორციელება.
მოსარჩელეები ასევე ითხოვენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეჩერდეს სადავო ნორმების მოქმედება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია კონსტიტუციური სარჩელისა და თანდართული მასალების, განმწესრიგებელ სხდომაზე მოწვეული მოსარჩელეების განმარტებათა გაანალიზების საფუძველზე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
სასამართლო კოლეგია მიუთითებს ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც ,,კონსტიტუციური სარჩელი ... დასაბუთებული უნდა იყოს. კონსტიტუციურ სარჩელში ... აუცილებლად უნდა იყოს მოყვანილი ის მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელის ... აზრით, ადასტურებენ სარჩელის ... საფუძვლიანობას“. ანალოგიურ მოთხოვნას შეიცავს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის 16-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტიც. ამავე პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის დებულებანი, რომლებსაც, მოსარჩელის აზრით, არ შეესაბამება ან არღვევს სადავო აქტი. ყოველივე ეს ნიშნავს, რომ კონსტიტუციურ სარჩელში დასაბუთებული უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნა და მისი საგნობრივი შემხებლობა კონსტიტუციის შესაბამის დებულებებთან.
სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ არც კონსტიტუციურ სარჩელში არაა ნაჩვენები და ვერც განმწესრიგებელ სხდომაზე ვერ დაასაბუთეს მოსარჩელეებმა, თუ რატომ არ უნდა ჰქონდეს ადვოკატთა ასოციააციას მასში გაერთიანებულ პირთა წევრობის შეწყვეტის უფლებამოსილება. ამის საწინააღმდეგო არგუმენტად ვერ ჩაითვლება ის გარემოება, რომ არ არსებობს ადვოკატისათვის ალტერნატიული ასოციაცია საადვოკატო საქმიანობის განსახორციელებლად.
არ დასტურდება სადავო ნორმების მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველ პუნქტთან. ამ პუნქტში საუბარია სისხლის სამართლის დანაშაულზე. არც სარჩელიდან და არც მოსარჩელეთა განმარტებებიდან არ ჩანს, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიება არის სასჯელი დანაშაულისათვის, რაც შესაბამისად გამორიცხავს მათ შეფასებას კონსტიტუციის აღნიშნულ პუნქტთან მიმართებით. ასევე არ დასტურდება სადავო ნორმების მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტთან.
ამგვარად, კონსტიტუციური სარჩელი შინაარსით არ შეესაბამება ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნებს და ამის გამო, ამავე კანონის მე-18 მუხლის ,,ა“ პუნქტის ძალით, განსახილველად არ მიიღება.
ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტით, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, მე-18 მუხლის ,,ა“ პუნქტითა და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-31 მუხლებითა და 33-ე მუხლის პირველი პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქეების - მანანა კობახიძის, არჩილ ჩოფიკაშვილისა და მაკა გიოშვილის კონსტიტუციური სარჩელი იმის თაობაზე, რომ კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით ,,ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონის 213 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის სიტყვები - ,,ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის“, ამავე მუხლის მე-2 პუნქტში ,,ბ“ ქვეპუნქტზე მითითება და 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები;
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ბ.ზოიძე (თავმჯდომარე)
ვ. გვარამია
ი. ფუტკარაძე
ნ. შაშკინი (მომხსენებელი მოსამართლე)