საქართველოს მოქალაქე ბესიკ ბრეგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N2/4/294 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 5 მაისი 2005 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
2. ოთარ ბენიძე – წევრი;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი – წევრი;
4. ზაურ ჯინჯოლავა – მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: ელენე ლაღიძე.
დავის საგანი: „საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №10-ის მე-12 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14, მე-16, 31-ე, 34-ე და 37-ე მუხლებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელის წარმომადგენლები: ვლადიმერ სანიკიძე, ორაკლი ნარმანია და თენგიზ შერგელაშვილი. მოპასუხე მხარე – საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები: იოსებ ლომაშვილი, სალომე მეზვრიშვილი და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები: თამაზ ბარაბაძე, გურამ ღოთვაძე და ალექსანდრე მეტრეველი.
2004 წლის 30 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №294) მომართა მოქალაქე ბესიკ ბრეგაძემ.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტი და მე-16 მუხლი.
კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 2004 წლის 11 მაისს მიღებულ იქნა საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონი რომლითაც ქ. ქუთაისისათვის გადასაცემი მიზნობრივი ტრანსფერის ოდენობა განისაზღვრა 5 მლნ ლარის ოდენობით. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის მომზადებისას ქ. ქუთაისის საკრებულოსა და მერიის მიერ ფინანსთა სამინისტროსათვის წარდგენილი იქნა ქ. ქუთაისის ბიუჯეტის შესაბამისად მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც საკრებულოსა და მერიის მიერ კანონმდებლობით დაკისრებული დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო იყო 11.2 მილიონი ლარი, ე.ი 6.2 მლნ ლარით მეტი.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეები საქართველოს მოქალაქეების მიერ ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის მეშვეობით. ქ. ქუთაისში ამ საკითხების გადასაწყვეტად ადგილობრივ მკვიდრთა მიერ ჩამოყალიბებულია თვითმმართველობის ორგანოები – საკრებულო და მერია, რომელთაც, მოსარჩელის აზრით, მინიჭებული აქვთ სავალდებულო და ნებაყოფლობითი უფლებამოსილებები და მიაჩნია, რომ დელეგირებული უფლებამოსილების დაფინანსება უნდა მოხდეს ცენტრალური ბიუჯეტიდან.
კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მიუთითებს, რომ სახელმწიფო ორგანოების მიერ უფლებამოსილების დელეგირება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე ხდება კანონის საფუძველზე და ამ უფლებამოსილების განსახორციელებლად ადგილობრივ თვითმმართველობას სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადაეცემა ფინანსური სახსრები გონივრული ოდენობით. მიუხედავად იმისა, რომ საკრებულომ და მერიამ ცენტრალურ ხელისუფლებას – ფინანსთა სამინისტროს – წარუდგინა დასაბუთებული მოთხოვნა ამ დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის საჭირო თანხისა, ეს არ იქნა გათვალისწინებული სახელმწიფო ბიუჯეტში. სარჩელში მოყვანილია ის დელეგირებული საკითხები, რომლებიც ეხება განათლების, კულტურის, ჯანმრთელობის დაცვის, საფინანსო-ეკონომიკური და ბუნებრივი რესურსების სფეროებს, რასაც, მოსარჩელის აზრით, სჭირდებოდა დაფინანსება.
კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმით შესაძლებელია დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი რომლის თანახმად, „ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება”, ვინაიდან, მისი აზრით, ადგილობრივი ხელისუფლებისათვის საკმაოდ ფართო უფლებამოსილების დელეგირებითა და ამ უფლებამოსილებათა განხორციელების მწირი დაფინანსებით არსებობს დიდი ალბათობა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ვერ მოახერხებს ქ. ქუთაისში კომპლექსური სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების განხორციელებას სხვადასხვა სფეროში.
მოსარჩელე თვლის, რომ სადავო ნორმით დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი „სახელმწიფო ზრუნავს ქვეყნის მთელი ტერიტორიის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის. მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის უზრუნველსაყოფად კანონი ადგენს შეღავათებს“. მისი აზრით, ეს მუხლი აწესრიგებს ტერიტორიული ერთეულების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას თანასწორობის საფუძველზე მაღალმთიანი რეგიონებისათვის შეღავათების დაწესებით, თუმცა მასში ასევე მოიაზრება ტერიტორიული ერთეულების სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის მატერიალური უზრუნველყოფა ტრანსფერების გამოყოფით სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმით ასევე დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლი რომლის თანახმად, „სახელმწიფო ხელს უწყობს კულტურის განვითარებას, კულტურულ ცხოვრებაში მოქალაქეთა შეუზღუდავ მონაწილეობას, კულტურული თვითმყოფობის გამოვლინებასა და გამდიდრებას, ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა აღიარებასა და საერთაშორისო კულტურულ ურთიერთობათა გაღრმავებას“ უფლებამოსილების დელეგირებით ადგილობრივ ხელისუფლებას ეკისრება შემდეგი ვალდებულებები: მუზეუმებისა და გამოფენების, ბიბლიოთეკების, კულტურისა და სპორტის მოვლა-პატრონობის ხელშემწყობ ღონისძიებათა განხორციელება და იმ შემთხვევაში, თუ არ იქნა მიღებული სასწრაფოდ ეფექტური ღონისძიებები, შესაძლებელია ზოგიერთი კულტურული დაწესებულება დაიხუროს.
მოსარჩელე თვლის, რომ სადავო ნორმით დარღვეულია კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტის მოთხოვნები, რაც მნიშვნელოვნად ლახავს ადამიანის უფლებას, ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში. სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, უზრუნველყოს გარემოს დაცვა, რომელიც მოცემულ შემთხვევაში უნდა მოხდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ და ეს, მათი აზრით, საქართველოს 2004 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი თანხით წარმოუდგენელია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ბიუჯეტიდან 6.2 მლნ ლარით ნაკლები თანხის გამოყოფამ, მოსარჩელის აზრით, შელახა და შესაძლებელია შელახოს მისი კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებული უფლებები, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-14, მე-16, 31-ე 34-ე და 37-ე მუხლები და მოსარჩელე მოითხოვს საქართველოს 2004 წლის „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №10-ის მე-12 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას.
მოპასუხე მხარე – საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები არ ეთანხმებიან კონსტიტუციურ სარჩელს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოპასუხე მხარე არ ეთანხმება მოსარჩელეთა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სადავო ნორმით დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი, რომლის თანახმად, „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორი განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა”. მოპასუხე მხარის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ქ. ქუთაისისათვის ტრანსფერის არასრული გამოყოფით არ ირღვევა კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი, რადგან აღნიშნული მუხლი, მათი აზრით, იმას კი არ გულისხმობს, რომ სახელმწიფომ თავის ყველა რეგიონს ერთი და იმავე რაოდენობის ტრანსფერი გამოუყოს, არამედ მოიცავს ვალდებულებას, რომ კანონის მოთხოვნათა შესრულება ყველას ერთნაირად მოეთხოვება და რაიმე შეღავათების დაწესება კანონსაწინააღმდეგოა.
მათი აზრით, ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელე მხარის მტკიცება, რომ დარღვეულია კონსტიტუციის მე-16 მუხლი რომლის თანახმად, „ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება“. მოპასუხეთა განმარტებით განათლების, სოციალური უზრუნველყოფისა და სხვა სოციალური საკითხების მოწესრიგებას კონსტიტუციის სხვა მუხლები შეეხება და არა მე-16 მუხლი.
მოპასუხე მხარე ასევე არ ეთანხმება მოსარჩელის მოსაზრებას, რომ სადავო ნორმამ დაარღვია კონსტიტუციის 31-ე მუხლი, რომლის თანახმად, „სახელმწიფო ზრუნავს ქვეყნის მთელი ტერიტორიის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის. მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის უზრუნველსაყოფად კანონი ადგენს შეღავათებს”, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური გარემოს შექმნა არ გულისხმობს ყველა რეგიონისათვის ერთი და იმავე ოდენობის ტრანსფერის გადაცემას. სახელმწიფო, ტრანსფერის გაცემისას ითვალისწინებს კონკრეტული რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, ადგილმდებარეობასა და სხვა ფაქტორებს.
მოპასუხეთა განმარტებით, ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის წარმომადგენელთა მტკიცება, რომ დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 34-ე და 37-ე მუხლები და აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს გარემოს დაცვასა და რაციონალურ ბუნებათსარგებლობას და ეთანხმებიან მოსარჩელეს, რომ ამ უფლების დაცვა და განხორციელება დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე დაკისრებული აქვს ქ. ქუთაისის საკრებულოს, მაგრამ მოპასუხეთა აზრით, ამ უფლების განხორციელებისათვის ხელი არ შეუშლია მიზნობრივი ტრანსფერის „არასაკმარის ოდენობას“.
მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მესამე პუნქტით დელეგირებული უფლებამოსილებებით გათვალისწინებული პროგრამები და ღონისძიებები ფინანსდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ტრანსფერით ან/და სხვა შესაბამისი შემოსავლით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხე მხარის წარმომადგენლები თვლიან, რომ მოქალაქე ბესიკ ბრეგაძის მიერ წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მოპასუხე მხარე – საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებიც – არ ეთანხმება კონსტიტუციურ სარჩელს და მიაჩნია, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მესამე პუნქტით დელეგირებული უფლებამოსილებებით გათვალისწინებული პროგრამები და ღონისძიებები ფინანსდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ტრანსფერით ან/და სხვა შესაბამისი შემოსავლით, ანუ არა მხოლოდ ტრანსფერით, არამედ სხვა შემოსავლებითაც.
მოპასუხეთა განმარტებით, ტრანსფერის გამოყოფისას ყურადღება ექცევა იმ გარემოებას, თუ რა სახის შემოსავლები და ფინანსური რესურსები გააჩნია რეგიონს და ამასთანავე აღნიშნავენ, რომ მოსარჩელეთა მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება იმისა, რომ ქ. ქუთაისს ესაჭიროებოდა აღნიშნული მიზნებისთვის 11,2 მილიონი ლარი.
ამასთანავე მოპასუხეები თვლიან, რომ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა არანაირ სამართლებრივ შედეგს არ გამოიწვევს, რადგან საქართველოს პარლამენტი 2005 წელს ვეღარ იმსჯელებს საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე. მოპასუხეებს მიაჩნიათ, რომ მოსარჩელეებმა საერთოდ ვერ წარმოადგინეს მტკიცებულებები, თუ როგორ ირღვევა სადავო ნორმით მათ მიერ მოყვანილი კონსტიტუციის მუხლები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეებს მიაჩნიათ, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს ბესიკ ბრეგაძის კონსტიტუციური სარჩელი.
საქმეზე მოწმედ მოწვეულმა ფინანსთა სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა ბატონმა ანზორ მატკავამ სასამართლოს განუმარტა, რომ ქ. ქუთაისის ბიუჯეტში ცალკე შემოსავლები არ არის ისე გაყოფილი, რომ ექსკლუზიური უფლებამოსილება, რაც თვითმმართველობას გააჩნია, ცალკე იყოს ჩამოყალიბებული და დელეგირებული ფუნქციები – ცალკე. ესე იგი ქ. ქუთაისს სახელმწიფო აძლევს კანონმდებლობით განსაზღვრულ ადგილობრივ გადასახადებს, რომელიც მისია და გარდა ამისა ეძლევა ტრანსფერი. მოწმის აზრით, როდესაც გამიჯნული არ არის მმართველობა და თვითმმართველობა და ქ. ქუთაისი ერთი ბიუჯეტით არის წარმოდგენილი, ადგილობრივი გადასახადები თუ საერთო სახელმწიფოებრივი უნდა დარჩეს ქ. ქუთაისს, ხოლო დელეგირებულ ფუნქციებზე ცალკე მიიღოს ტრანსფერი. სახელმწიფომ, ესე იგი ცენტრალურმა ხელისუფლებამ, თავისი ფუნქციები მინიმალურ დონეზე, რომ შეასრულოს ამისათვის ცენტრალურ ბიუჯეტში განისაზღვრება ხარჯები და ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციები მინიმალურ დონეზე რომ შესრულდეს გამოიყოფა ტრანსფერი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელის გაანალიზების, საქმის არსებითი განხილვის სასამართლო სხდომაზე გამოსული მოსარჩელისა და მოპასუხე მხარის წარმომადგენლების, მათი დასკვნითი სიტყვებისა და მოწმის მოსმენის საფუძველზე გამოარკვია გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო შემდეგი გარემოებანი:
1. როგორც უკვე აღინიშნა, დავის საგანს წარმოადგენს „საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის №10 დანართის მე-12 პუნქტის კონსტიტუციურობის საკითხი საქართველოს კონსტიტუციის მე-14, მე-16, 31-ე და 37-ე მუხლებთან მიმართებით. მოსარჩელის აზრით ქ. ქუთაისისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭიროა არა 5 მილიონი ლარი, რომელიც მე-10 დანართის საფუძველზე გამოეყო ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერის სახით, არამედ 11,2 მილიონი ლარი. სწორედ ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის სიმცირე მოსარჩელე მხარეს მიაჩნია კონსტიტუციის ზემოთ ჩამოთვლილი მუხლებით გათვალისწინებულ ადამიანის უფლებების შელახვის საფუძვლად. სასამართლო კოლეგია ვერ გაიზიარებს მოსაჩელის ამ მოსაზრებას, რადგან საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” მე-7 მუხლში ჩამოთვლილია ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციები, ხოლო მე-8 მუხლის პირველ პუნქტში ადგილობრივი მმართველობის ფუნქციები. ამავე მუხლის მეორე პუნქტით კი ამ მუხლის პირველ პუნქტით გათვალისწინებული საკითხები კანონით დადგენილი წესით შეიძლება გადაეცეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ე.ი მოხდეს უფლებამოსილებათა დელეგირება, ხოლო ამავე კანონის 34-ე მუხლის მესამე პუნქტით დელეგირებული უფლებამოსილებებით გათვალისწინებული პროგრამები და ღონისძიებები ფინანსდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ტრანსფერით ან/და სხვა შესაბამისი შემოსავლით. სასამართლო კოლეგია იზიარებს მოპასუხეთა და მოწმის მოსაზრებებს და მიაჩნია, რომ სხვა შემოსავლების ცნების ქვეშ მოიაზრება „საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებისაგან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ნორმატივების სახით მიღებული შემოსავლები ანუ სახელმწიფოს მიერ ადგილობრივი ბიუჯეტისათვის დატოვებული საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადები _ საშემოსავლო და მოგების გადასახადი, ადგილობრივი გადასახადები და სხვა.
ამასთანავე, როგორც სასამართლო სხდომაზე იყო აღნიშნული ამჟამად ქუთაისის ბიუჯეტი არ არის ისე შედგენილი, რომ ექსკლუზიური უფლებამოსილება, რაც თვითმმართველობას გააჩნია ცალკე იყოს დაფინანსებული და დელეგირებული ფუნქციები - ცალკე. პრაქტიკულად ქ. ქუთაისის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, როგორც ექსკლუზიური, ისე დელეგირებული უფლებამოსილებისათვის ერთიან ცნებად არის წარმოდგენილი.
2. სასამართლო კოლეგია ვერ დაეთანხმება მოსარჩელის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ქ. ქუთაისისათვის საქართველოს ბიუჯეტიდან ტრანსფერის სახით ნაცვლად 11,2 მილიონი ლარისა 5 მილიონის გამოყოფამ დაარღვია მისი კანონის წინაშე თანასწორობის, თავისუფალი განვითარების, კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის ან სამედიცინო დახმარების უფლებათა შეზღუდვა.
ტერმინი „ტრანსფერი” ლათინური წარმოშობისაა და ნიშნავს გადაცემას, გადაგზავნას. თანამედროვე საფინანსო-საკრედიტო ლექსიკონში ტრანსფერი განმარტებულია, როგორც სახელმწიფოს ფულად საშუალებათა ფონდში მობილიზებული სახსრების გადანაწილების ფორმა, რომელიც ვლინდება სხვადასხვა დონის ტერიტორიული თვითმმართველობის ერთეულების ბიუჯეტისათვის ზედა დონის (ცენტრალური) ბიუჯეტიდან ფინანსური დახმარების გამოყოფაში.
საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ტრანსფერი ეს არის სახელმწიფოს მიერ გარკვეული რეგიონისათვის გამოყოფილი დახმარება. ტრანსფერის გამოყოფა კი მთლიანად ცენტრალური ხელისუფლების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული და მიმართულია რეგიონის განვითარებისაკენ. სასამართლოს აზრით ტრანსფერის ოდენობას მთლიანად განაზღვრავს ცენტრალური ბიუჯეტი არსებული სახსრებისა და რეგიონში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით. თუ რეგიონი, ქალაქი ამ დახმარებას არ საჭიროებს, მაშინ მას ტრანსფერი არ გამოეყოფა.
საკონსტიტუციო სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელე მხარის წარმომადგენლებმა ვერც პროცესის მსვლელობისას და ვერც თავიანთ დასკვნით სიტყვაში ვერ შეძლეს წარმოედგინათ საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც დაასაბუთებდა, რომ ქ. ქუთაისისათვის ტრანსფერის არასაკმარისი რაოდენობით გამოყოფამ გამოიწვია უშუალოდ მოსარჩელის კონსტიტუციურ უფლებათა და თავისუფლებათა შელახვა, ასევე ვერ დაასაბუთეს, რომ ქ. ქუთაისისათვის დელეგირებულ საბიუჯეტო უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის საჭირო იყო ზუსტად 11,2 მილიონი ლარი. სასამართლო ასევე თვლის, რომ მოსარჩელე მხარემ ვერც იმის დასაბუთება შეძლეს, რომ სახელმწიფოსაგან დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის ქ. ქუთაისის დაფინანსება მხოლოდ სახელმწიფო ცენტრალური ბიუჯეტიდან უნდა მომხდარიყო.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის მე-8 პუნქტით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე და 33-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე ბესიკ ბრეგაძის კონსტიტუციური სარჩელი „საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის დანართი №10-ის მე-12 პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-14, მე-16, 31-ე, 34-ე და 37-ე მუხლებთან მიმართებით.
2. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. გადაწყვეტილების პირი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
5. გადაწყვეტილება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნდეს 7 დღის ვადაში.
კოლეგიის წევრები:
1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი;
2. ოთარ ბენიძე;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი;
4. ზაურ ჯინჯოლავა.