მოქალაქე ნელი ნებიერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/13/352 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 15 დეკემბერი 2005 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
2. ოთარ ბენიძე – წევრი;
3. ლამარა ჩორგალაშვილი – მომხსენებელი მოსამართლე;
4. ზაურ ჯინჯოლავა – წევრი;
სხდომის მდივანი: ელენე ლაღიძე
საქმის დასახელება: მოქალაქე ნელი ნებიერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2671 მუხლი საქართველოს კონსტიტუციის მე-14, მე-16, 21-ე მუხლებთან, 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 39-ე მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი:
2005 წლის 22 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №352) მომართა ნელი ნებიერიძემ და მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპრიცესო კოდექსის 2671 მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14, მე-16, 21-ე მუხლებთან, 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 39-ე მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით და საქმის არსებით განხილვამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული ნორმების გარდა ეწინააღმდეგება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველ, მე-3 და მე-5 პუნქტებს, მე-7 მუხლის პირველ პუნქტს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლს, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ და მე-2 მუხლებს და ასევე ადამიანის უფლებათა და პირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ უფლებას.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, აგრეთვე „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ„ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-15 და მე-16 მუხლები.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით მისთვის გარანტირებული უფლება – ყველა ადამიანის კანონის წინაშე თანასწორობის თაობაზე, რაც იმაში გამოიხატება, რომ სხვა საქმეებზე სააღსრულებო ფურცლების გაცემა შეუფერხებლად ხდება, ხოლო მისი კერძო სამართლის საქმეზე მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომელმაც დაადგინა იურიდიული ფაქტი მემკვიდრედ ცნობის თაობაზე, არ აღსრულდა და სადავო ნორმამ ახალი სასამართლო დავა გამოიწვია. თბილისის სამოქალაქო საქმეთა საქალაქო სასამართლომ, 2005 წლის 14 სექტემბრის განჩინებით, არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ, იმ მოტივით რომ, 2000 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეები ცნობილი არიან მემკვიდრეებად, მაგრამ არ არის მითითებული კონკრეტულად რომელ ქონებაზე. იურიდიული ფაქტის დადგენის გადაწყვეტილების აღსრულება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 316-ე მუხლის შესაბამისად უნდა მოხდეს.
გარდა ამისა, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ კანონის მე-2, 26-ე და 36-ე მუხლებს, რადგან მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია მისი უფლებამონაცვლეობა, რაც „სააღსრულებლო წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად უნდა აღსრულდეს.
მოსარჩელის აზრით, სადავო აქტით ასევე ირღვევა მისი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით გარანტირებული თავისუფალი განვითარების უფლება, რადგან იგი კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებზე განჩინების ფორმით ახალი გადაწყვეტილების მიღებას აკანონებს, რაც საფუძველი გახდა იმისათვის, რომ სასამართლომ თავის შეხედულებით აღწერილობით ნაწილში მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დადგენილი საცხოვრებელი ადგილი დადგენილად არ მიიჩნია და ფაქტობრივად ახალი გადაწყვეტილება მიიღო.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმატიული აქტით, დაირღვა კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი და 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, რადგან მის საფუძველზე შეიზღუდა გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების კანონით დადგენილი უფლება.
მოსარჩელე თვლის, რომ მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით მისი ცხოვრების აქცესორული უფლებაა დადგენილი, რასაც ადასტურებს 1875 წლის სასამართლოს ჩანართი ფურცელი, 1879 წლის სანოტარო აქტი და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო განყოფილების 1919 წლის 17 ოქტომბრის სასამართლო აქტი, მაგრამ ზემოაღნიშული გადაწყვეტილების აღსრულებას ხელი შეუშალა შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა. კერძოდ, 1921 წლის 6 აპრილის გამოცემული №17 დეკრეტით გაუქმდა მისი მოთხოვნის უფლება, რომელიც აღდგა 1990 წლის 9 მარტის უზენაესი საბჭოს №214-XI დადგენილებით „საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის გარანტიების შესახებ“ და მასში 1990 წლის 20 ივნისს შეტანილი ცვლილებებითა და დამატებებით გაუქმებული იქნა რიგი აქტებისა, მათ შორის 1919 წლის 17 ოქტომბრის დეკრეტი. უზენაესი საბჭოს 1990 წლის 20 ივნისის დადგენილებით აღდგა 1921 წლის კონსტიტუციით დაცული უფლებები და მათ შორის მოსარჩელის მამკვიდრებლების მიწის ნაკვეთზე მესაკუთრის უფლებები. მოგვიანებით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლმაც ძალადაკარგულად გამოაცხადა მიწის ნაციონალიზაციის შესახებ აქტები და მის მიერ გამოწვეული შედეგებიც, რაც მოსარჩელის აზრით საკუთრების სავალდებულო რეგისტრაციის საფუძველია.
კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსში 2000 წელს შეტანილმა ცვლილებამ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების გვერდის ავლის საშუალება მისცა მოსამართლეს, რომელმაც სუბიექტურად გადაწყვიტა საქმე.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით მამამისი აღიარებულია რეპრესიების მსხვერპლად, როგორც უკანონოდ მსჯავრდებული, ხოლო დედა და დეიდა მუნიციპალიზაციის გამო დაზარალებულად, ანუ მათი უფლებები სამართლებრივად რეაბილიტირებულია, ხოლო ქონების გადასაცემად მისაღებია სათანადო ნორმები, რაც, მოსარჩელის აზრით, უნდა განხორციელდეს სააღსრულებო წესით, ყადაღის დადების გზით, რასაც ხელს უშლის სადავო ნორმა. „მიწის რეგისტრაციის შესახებ საქართველოს კანონის“ 32-ე და 33-ე მუხლები ითვალისწინებენ მოსარჩელის განცხადების საფუძველზე შესაბამისი რეგისტრაციის განხორციელებას, ხოლო სადავო ნორმა ადგენს სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე დამატებითი გადაწყვეტილების მიღებას კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების საწინააღმდეგოდ.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება იურიდიული ფაქტის დადგენის შესახებ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 316-ე მუხლის საფუძველზე რეგისტრირებული უნდა იყოს მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოში ან სხვა ორგანოში და წარმოადგენს საფუძველს ასეთი რეგისტრაციისა და გაფორმებისათვის, მაგრამ ვერ შეცვლის ამ ორგანოს მიერ გასაცემ დოკუმენტს. აღნიშნული რეგისტრაცია კი სადავო ნორმის გათვალისწინებით ვერ იქნა მის მიერ განხორციელებული.
მოსარჩელე თვლის, რომ სადავო ნორმა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველ პუნქტს, კერძოდ, მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილების თანახმად, მისი მამკვიდრებლები ცხოვრობდნენ თბილისში, ყოფილ ბარიატინსკის ჩიხი #3-ში, რისი საკუთრების უფლებასაც ადასტურებს 1919 წლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მას შუძლია ისარგებლოს და საცხოვრებლად აირჩიოს მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგენილი მისი მამკვიდრებლების საცხოვრებელი ადგილი.
კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმა აშკარად ზღუდავს მოსარჩელის მოთხოვნებს, რადგან ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლს, ასევე, გაეროს გენერალური ასამბლეის 40\34 რეზოლუციით მიღებული „მართლმსაჯულების ძირითადი პრინციპების დეკლარაციის“ მე-6 მუხლს, რომელიც ადგენს, რომ „საჭიროა ხელშეწყობა, რათა სასამართლო და ადმინისტრაციული პროცედურები უპირატესად შეესატყვისებოდეს მსხვერპლთა მოთხოვნებს„.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2671 მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14, მე-16, 21-ე მუხლებთან, 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 39-ე მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით და საქმის არსებით განხილვამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელისა და თანდართული მასალების გაანალიზების საფუძველზე გამოარკვია კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებული გარემოებანი:
მოსარჩელე ნელი ნებიერიძე სადავოდ ხდის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2671 მუხლის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობას, რომლის თანახმად, გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები სასამართლო სხდომაზე განიხილება, განხილვის დროისა და ადგილის მხარეებისათვის შეტყობინებით, რომელთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საკითხის გადაწყვეტას. სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს განჩინების ფორმით, რომელიც საჩივრდება.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით სასამართლოსათვის ხელახალი სხდომის ჩატარების უფლების მინიჭება, ფაქტობრივად, ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველზე წარმოადგენს, მაშინ, როდესაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 265-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიშვება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2671 მუხლის გამოყენებით საერთო სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს მოსარჩელის მოთხოვნა მემკვიდრეობის უფლების ცნობაზე მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის შესახებ და სასამართლოს მიეცა საშუალება გვერდი აევლო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების მოთხოვნის უფლებისათვის.
მოსარჩელე თვლის, რომ აღნიშნული მუხლის მიერ სამართალწარმოების განახლების შემოღებით ილახება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტით, 22-ე მუხლის პირველი პუნქტით, 39-ე მუხლით და 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული უფლებები.
საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2671 მუხლი მოთავსებულია სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერი ძალისა და გადაწყვეტილებათა დაუყოვნებლივ აღსრულების თავში და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისა და გადაწყვეტის ზოგად წესს ადგენს, რითაც ხელმძღვანელობს სასამართლო სააღსრულებო წარმოების შეჩერების, შეწყვეტის, სააღსრულებო საბუთების დაბრუნების და კანონში ჩამოთვლილი სხვა სააღსრულებო მოქმედების ჩატარების დროს. Eეს წესი ფართოდ გამოიყენება პრაქტიკაში გადაწყვეტილებათა აღსრულების დროს წამოჭრილი სხვადასხვა გარემოებების მოსაწესრიგებლად. აღნიშნული მუხლის დეფინიცია მთლიანად გამორიცხავს სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის შესაძლებლობას, რასაც აწესრიგებს ამ კოდექსის ცალკე, მესამე წიგნი – სასამართლო გადაწყვეტილებათა გასაჩივრების თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების მოთხოვნა იმ საფუძვლით, რომ სადავო მუხლი სამართალწარმოების ხელახლა დაწყებას, ფაქტობრივად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას მოჰყვა, არ ემყარება რეალურ მასალებს. როგორც ზემოთ აღინიშნა, სადავო, 2671 მუხლი არ განიხილავს თვით სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შესაძლებლობას. გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაში არ შედის თავისთავად კონსტიტუციური ნორმის სასამართლო პრაქტიკაში გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.
„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, მოსარჩელემ, მართალია, მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მუხლებზე, მაგრამ სათანადოდ ვერ დაასაბუთა თავისი მოსაზრება სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის დებულებებთან მიმართებაში და მაშასადამე, კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება.
„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად არ მიიღება, თუ ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.
ამასთანავე, სასამართლო კოლეგია თვლის, რომ არ არსებობს საფუძველი სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებისათვის, ვინაიდან მოსარჩელეს უარი ეთქვა საქმის არსებითად განსახილველად მიღებაზე, რაც თავისთავად გამორიცხავს იმ ნორმის მოქმედების შეჩერების შესაძლებლობას, რომლის კონსტიტუციურობა არსებითად განხილვის საგანი არ არის.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ე„ პუნქტით და 39-ე მუხლის პირველი პუნქტით, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-9 პუნქტებით, საქართველოს კანონის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ მე-16 მუხლით, მე-18 მუხლის „ა“ პუნქტით,
სასამართლო კოლეგია
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად მოქალაქე ნელი ნებიერიძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2671 მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-14, მე-16, 21-ე მუხლებთან, 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 39-ე მუხლთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
კოლეგიის წევრები:
1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი
2. ოთარ ბენიძე
3. ლამარა ჩორგოლაშვილი
4. ზაურ ჯინჯოლავა