მოქალაქე ალექსანდრე დანელია და მოქალაქე გიორგი ცომაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N1/2-14/19 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ოთარ ბენიძე, იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, |
თარიღი | 30 დეკემბერი 1996 |
ძალადაკარგულად ცნობის თარიღი | 28 ნოემბერი 2019 |
კოლეგიის შემადგენლობა:
იაკობ ფუტკარაძე (სხდომის თავმჯდომარე, კოლეგიის თავმჯდომარე),
ოთარ ბენიძე (მომხსენებელი მოსამართლე),
ნიკოლოზ შაშკინი,
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი,
სხდომის მდივანი - დარეჯან ჩალიგავა,
ღია სასამართლო სხდომის მონაწილეები: მოსარჩელეები - ადექსანდრე დანელია და გიორგი ცომაია, მათი წარმომადგენელი - არჩილ კბილაშვილი, მოპასუხის - საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი, დავით მუმლაძე.
საქმის დასახელება - "მოქალაქე ალექსანდრე დანელია და მოქალაქე გიორგი ცომაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ".
მოსარჩელეებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის "ვ" ქვეპუნქტის, "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის "ე" პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის, "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე - 2 პუნქტისა და მე-16 მუხლის საფუძველზე.
დავის საგანია "საგადასახადო სისტემის საფუძვლების შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 21 დეკემბრის კანონის პირველი თავის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის პირველი აბზაცის და მე-12 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის ბოლო აბზაცის, მე-3 თავის მე-18 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი აბზაცისა და მე-4 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის საკითხი საქართველოს კონსტიტუციის 21 მუხლის მე-3 პუნქტთან, 30- ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასა და 42 - ე მუხლის პირველ,მე - 2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
მტკიცებულებებად მოსარჩელეთა მიერ დასახელებულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი, 30 მუხლის, მე-2 პუნქტის პირველი წინადადება, 42 -ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები, 85-ე მუხლის მე-3 პუნქტი, "საგადასახადო სისტემის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე - 5 პუნქტი და 22-ე მუხლი, "საკუთრების უფლების შესახებ"საქართველოს 1993 წლის 15 ივლისის კანონის 22-ე მუხლი,"საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის შესახებ" საქართველოს 1993 წლის 2 დეკემბრის კანონის პირველი მუხლი.
საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა გამოიწვია იმან, რომ მოსარჩელეებზე, როგორც იურიდიული პირის (საწარმოს) დამფუძნებლებსა და ხელმძღვანელებზე ვრცელდება "საგადასახადო სისტემის საფუძვლების შესახებ" კანონის სადავო ნორმათა მოქმედება. კონსტიტუციური სარჩელის ავტორები თვლიან, რომ აღნიშნული ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ დებულებებს. სახელდობრ, მოსარჩელეთა აზრით:
კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესს და 30 -ე მუხლის მე - 2 პუნქტის პირველი წინადადებით გათვალისწინებულ სახელმწიფოს ვალდებულებას - ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითრებას, ეწინააღდეგება სადავო ნორმატიული აქტის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის პირველი აბზაცი, მე - 12 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის ბოლო აბზაცი, მე-18 მუხლის პირველი და მე - 2 პუნქტები;
კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმადაც ყოველ ადამიანს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს, და ამავე მუხლის მე-3 პუნქტით აღიარებულ და გარანტირებულ დაცვის უფლებას ეწინააღმდეგება სადავო აქტის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადება; კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის მიხედვითაც ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე, და ამავე მუხლის მე-3 პუნქტს ეწინააღმდეგება სადავო აქტის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი.
მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ "საგადასახადო სისტემის საფუძვლების შესახებ" კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი აბზაცი იმ შემთხვევაში, თუ საწარმო არ ეთანხმება ზემდგომი საგადასახადო სამსახურის გადაწყვეტილებას, ითვალისწინებს საკითხის საბოლოო გადაწყვეტისათვის საარბიტრაჟო სასამართლოსადმი მიმართვას, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადებით, საჩივრის შეტანა არ აჩერებს საგადასახადო სამსახურის თანამდებობის პირთა გადაწყვეტილების აღსრულებას.საარბიტრაჟო სასამართლო არ წარმოადგენს დამოუკიდებელ სასამართლო ორგანოს (იგი ანგარიშვალდებულია ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების წინაშე) და საგადასახადო სამსახურიც სახელმწიფო ორგანოა. ამიტომ საარბიტრაჟო სასამათლოს მიერ საწარმოს,როგორც კერძო სამართლებრივ ორგანიზაციასა და საგადასახადო სამსახურს, როგორც საჯარო სამართლებრივ ორგანიზაციას შორის დავის შემთხვევაში ირღვევა სამართალწარმოების მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე განხორციელების პრინციპი. კონსტიტუციური სარჩელის ავტორები თვლიან, რომ საჩივრის შეტანამ სასამართლოში უნდა შეაჩეროს გადაწყვეტილების აღსრულება,რადგან საგადასახადო სამსახურის თანამდებობის პირთა არამართლზომიერ ქვედებას თან მოჰყვება საკუთრების კონსტიტუციური უფლების დისკრიმინაცია. ეს არღვევს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის დებულებას, რომლის თანახმადაც"დაცვის უფლება გარანტირებულია", დაცვის უფლება კი იურიდიული ფაქტის დადგენას უნდა უსწრებდეს წინ და არა მოსდევდეს მას. ამგვარად,ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით აღიარებულ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის დებულებები.
სადავო აქტის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის პირველი აბზაცი ითვალისწინებს გადასახადის გადამხდელთა პასუხისმგებლობას საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის. ამ დარღვევებზე ფინანსურ სანქციებს ახორციელებენ სახელმწიფო საგადასახადო ორგანოები. ეს პუნქტი ავალებს გადამხდელებს გადასახადის თანხა დამალული ან შემცირებული დასაბეგრი ობიექტების მიხედვთით და ჯარიმების საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის ბიუჯეტში შეიტანონ 10 დღის ვადაში სახელმწიფო საგადასახადო ორგანოების მიერ აქტის შედგენის დღიდან. 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით კი გათვალისწინებულია საგადასახადო სამსახურის თანამდებობის პირთა მოქმედების გასაჩივრება. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეები თვლიან, რომ ათდღიანი ვადის დაცვის კატეგორიული და სავალდებულო მოთხოვნა ააშკარავებს შემდეგ წინააღმდეგობას: კანონმდებელს მიაჩნია, რომ საგადასახადო სამსახურის ნებისმიერი გადაწყვეტილება ამ საკითხზე ჭეშმარიტია, მაგრამ ამავე დროს კანონი უშვებს საგადასახადო სამსახურის თანამშრომელთა არამართლზომიერი ქმედების საფუძველზე ქონების ჩამორთმევის შესაძლებლობას.
იგივე წინააღმდდეგობას შეიცავს მე-12 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის ბოლო აბზაცი, მე-18 მუხლის პირველი და მე - 2 პუნქტები. ისინი სახელმწიფო საგადასახადო ორგანოებს აძლევს უფლებას - განკარგულების საფუძველზე უდავო წესით გადაახდევინონ საწარმოებს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილ ვადებში შეუტანელი გადასახადები, ჯარიმები და სხვა გადასახდელები. საკუთრების ჩამორთმევის ამგვარი წესი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტს, რომლის თანახმადაც საკუთრების ჩამორთმევა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას და მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით. ამასთანავე, მოსარჩელეეებს მიაჩნიათ, რომ ყველა სადავო ნორმა ეწინააღმდეგება "საკუთრების უფლების შესახებ" საქართველოს 1993 წლის 15 ივლისის კანონის 22-ე მუხლის იმ დებულებას, რომ "ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილება მესაკუთრის უფლების შეწყვეტის შესახებ, თუ მას მესაკუთრე არ ეთანხმება,ძალაში ვერ შევა სასამართლოს გადაწყვეტილებამდე".
აქედან გამომდინარე, მოსარჩელეები თვლიან, რომ თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებების საფუძველზე ქონების ჩამორთმევა შეიძლება არამართლზომიერად მოხდეს და გადასახადის გადამხდელი არ არის ვალდებული პირველ რიგში და უდავოდ შეასრულოს არამართლზომიერი ქმედების სამართლებრივი შედეგი.
ზემოაღნიშნული გარემოებანი, მოსარჩელეთა აზრით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებას, რომ "სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას".
ამგვარად, კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, სადავო ნორმები არ შეესაბამებიან და არღვევენ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტს, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასა და 42-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებს.
კონსტიტუციური სარჩელის ავტორები მოითხოვენ სადავო ნორმების გაუქმებას. მოპასუხემ ერთობლივად, ზოგადად გამოხატა თავისი პოზიცია სადავო დებულებების მიმართ. მას მიაჩნია, რომ არსებითად საქმე ეხება სადავო ნორმათა არა კონსტიტუციურობას, არმედ მათი დახვეწისა და დასაბუთებულობის მიზანშეწონილობას. ამდენად, ეს საკითხი არის არა საკონსტიტუციო სასამართლოს, არამედ საკანონმდებლო ორგანოს განხილვის საგანი. მოპასუხე არ ეთანხმება მოსარჩელის იმ პოზიციას,რომ გადასახდელი თანხის უდავო წესით გადახდევინება იგივეა,რაც საქართველოს კონსტი ტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა. ამასთან, იგი აღნიშნავს, რომ ეს თანხები იმთავითვე სახელმწიფოს საკუთრებაა და არ შეიძლება ჩაითვალოს საკუთრების ჩამორთმევად. მას მართებულად მიაჩნია გადასახადის გადახდასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გასაჩივრების არსებული წესი.გადასახადების გადახდევინება, მოპასუხის აზრით, არის მმართველობის შესაბამისი ორგანოს კომპეტენცია და გაუმართლებელი იქნებოდა მასში სასამართლო ხელისუფლების თავიდანვე ჩარევა. დაცვის უფლება კი სწორედ სასამართლო ხელისუფლების ორბიტაში ამოქმედდება. მოპასუხემ აღნიშნა, რომ საარბიტრაჟო სასამართლოს კონსტიტუციურობის საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე გადაწყვეტილია. ამდენად, ზემოაღნიშნული დავები საარბიტრაჟო სასამართლოს განსჯადია.
მოპასუხე არ ცნობს სასარჩელო მოთხოვნას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პირველი კოლეგიის შემადგენლობით დაადგინა შემდეგი გარემოებანი:
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1996 წლის 1 ნომებრის N 1/1-10 გადაწყვეტილების თანახმად, "საქართველოს რესპუბლიკაში საარბიტრაჟო სასამართლოს შესახებ" საქართველოს 1991 წლის 23 აპრილის კანონი ცნობილი იქნა კონსტიტუციურად.
აღნიშნული კანონის მე-18 მუხლის მიხედვით, "საარბიტრაჟო სასამართლო იხილავს ეკონომიკური ხასიათის დავას საწარმოებს, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს შორის, რომლებიც არიან იურიდიული პირები, მათი უწყებრივი დაქვემდებარების, საკუთრების ფორმის და სადავო თანხის ოდენობის მიუხედავად". ამდენად, საარბიტრაჟო სასამართლოს უფლებამოსილებაში შედის იურიდიულ პირებს შორის ეკონომიკური ხასიათის დავის განხილვა.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტით გარანტირებულია დაცვის უფლება. მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს დაცვის გარანტიებს გადასახადის გადამხდელთათვის. "საგადასახადო სისტემის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს "მოითხოვოს ბიუჯეტში ზედმეტად ჩარიცხული თანხების უკან დაბრუნება". ამავე კანონის 22-ე მუხლი კი ითვალისწინებს საგადასახადო სამსახურის თანამდებობის პირთა მოქმედების გასაჩივრებას ზემდგომ საგადასახადო სამსახურში და საარბიტრაჟო სასამართლოსადმი მიმართვას საკითხის საბოლოოდ გადასაწყვეტად. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 42 - ე მუხლის მე - 9 პუნქტის თანახმად, "ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან". აქედან გამომდინარე:
ყველასათვის გარანტირებულია უკანონოდ მიყენებული ზარალის ანაზღაურება; ზარალი მიყენებული უნდა იყოს სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან;
მიყენებული ზარალი ანაზღაურდება სასამართლოს წესით;
ანაზღაურება მოხდება სრულად სახელმწიფო სახსრებიდან.
კონსტიტუციის ზემოაღნიშნულ მუხლს უკავშირდება "საგადასახადო სისტემის საფუძვლების შესახებ" კანონის 12-ე მუხლის პირველი პუნქტი: "საგადასახადო სამსახურის მიერ არასწორად გადახდევინებული გადასახადების თანხები და სხვა სავალდებულო გადასახადები ექვემდებარება დაბრუნებას, ხოლო საგადასახადო სამსახურების და მათი თანამდებობის პირთა მიერ არამართლზომიერი ქმედითი გადასახადის გადამხდელისათვის მიყენებული ზარალი (მათ შორის ხელიდან გაშვებული სარგებელი) ანაზღაურდება დადგენილი წესით".
"საგადასახადო სისტემის საფუძვლების შესახებ" კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ზარალის "დადგენილი წესით" ანაზღაურება არის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით დაკანონებული "სასამართლო წესით ... ანაზღაურება".
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ "საგადასახადო სისტემის საფუძვლების შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 21 დეკემბრის კანონის 22-ე მუხლის სადავო ნორმები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებს.
საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, "სავალდებულო გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობით და წესით". ამრიგად, გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა სავალდებულოა და იგი უნდა განხორციელდეს კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. კონსტიტუციის ამ მოთხოვნის საფუძველზე,გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა რეგულირდება სათანადო საკანონმდებლო აქტებით, რომელთა შორის საბაზისოა კანონი "საგადასახადო სისტემის საფუძვლების შესახებ".
სახელმწიფო, ერთი მხრივ, ადგენს სავალდებულო გადასახადებსა და მოსაკრებლებს და, მეორე მხრივ, მათი გადახდევინების მექანიზმს. კერძოდ, "საგადასახადო სისტემის საფუძვლების შესახებ" კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით,"საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის გადამხდელთა მიმართ გამოიყენება... ფინანსური სანქციები".
კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, "აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას და მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით". მაშასადამე, საკუთრების ჩამორთმევისათვის აუცილებელია რამდენიმე პირობა: საკუთრების ჩამორთმევა გამოწვეული უნდა იყოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებით;
კანონით პირდაპირ უნდა იყოს დადგენილი შემთხვევები, როცა დასაშვებია საზოგადოებრივი საჭიროებისას საკუთრების ჩამორთმევა; აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევისას სავალდებულოა სასამართლოს გადაწყვეტილება;
საკუთრების ჩამორთმევა შესაძლებელია გადაუდებელი აუცილებლობისას; გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევები უნდა დაადგინოს ორგანულმა კანონმა; საკუთრების ჩამორთმევა დაუშვებელია სათანადო ანაზღაურების გარეშე. "საგადასახადო სისტემის საფუძვლების შესახებ" კანონის მე-11 მუხლის მე - 4 პუნქტის პირველი აბზაცით, მე-12 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის ბოლო აბზაცით, მე-18 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული უდავო წესით გადახდევინება წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ დადგენილ სანქციას სავალდებულო გადასახადებისა და მოსაკრებლების კანონით განსაზღვრული წესით გადაუხდელობის შემთხვევაში. იგი არ უკავშირდება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტსა და 30-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველ წინადადებას, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებას- "ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას".
გადასახადებსა და მოსაკრებლების გადახდის ზემოაღნიშნული წესი შეესაბამება აღიარებულ საერთაშორისო-სამართლებრივ ნორმებს. კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის 1950 წლის კონვენციის პირველი ოქმის პირველი მუხლი ადგენს: "ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს უფლება აქვს მშვიდობიანად გამოიყენოს თავისი ქონება. არავის არ შეიძლება ჩამოერთვას ქონება,გარდა საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის აუცილებლობის შემთხვევაში და პირობების დაცვით,რომლებიც გათვალისწინებულია კანონმდებლობით და საერთაშორისო სამართლის საერთო პრინციპებით.
ზემოხსენებული დებულება არავითარ შემთხვევაში არ ზღუდავს სახელმწიფოს უფლებას მიიღოს ისეთი კანონები, რომლებიც მას მიაჩნია საჭიროდ ქონების გამოყენებაზე კონტროლის განხორციელებისათვის საერთო ინტერესების შესაბამისად ან გადასახადების გადახდის ან სხვა შესატანების და ჯარიმების გადახდის უზრუნვეყოფისათვის".
ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის "ვ" ქვეპუნქტითა და მე - 2 პუნქტით, "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანული კანონის მე-19 მუხლის "ე" პუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 23-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 39-ე მუხლით, "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონის 32-ე და 33-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს :
1. არ დაკმაყოფილდეს მოსრჩელეების - მოქ. ალექსანდრე დანელიასა და მოქ.გიორგი ცომაის კონსტიტუციური სარჩელი;
2. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი სხდომაზე საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან;
3. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
4. გადაწყვეტილება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნდეს 7 დღის ვადაში;
5. გადაწყვეტილების პირი გაეგზავნოთ მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კოლეგიის შემადგენლობა
ი. ფუტკარაძე (კოლეგიის თავმჯდომარე, სხდომის თავმჯდომარე)
ო. ბენიძე (მომხსენებელი მოსამართლე)
ნ. შაშკინი (წევრი)
ნ. ჩერქეზიშვილი (წევრი)