შპს “ჟინერი” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/13/297 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, |
თარიღი | 6 ოქტომბერი 2004 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე);
2. ვახტანგ გვარამია;
3. იაკობ ფუტკარაძე; (მომხსენებელი მოსამართლე).
4. ნიკოლოზ შაშკინი;
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: შპს “ჟინერი” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს 2004 წლის 15 ივნისის კანონის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილე: შპს “ჟინერი”-ს წარმოადგენელი გიორგი ყავლაშვილი.
შპს “ჟინერი”-ს კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 2004 წლის 27 ივლისს შემოვიდა (რეგისტრაციის ნომერი 297). სასამართლოს პირველ კოლეგიას იგი მიმდინარე წლის 20 სექტემბერს გადმოეცა არსებითი განხილვისათვის მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით. კოლეგიის ღია განმწესრიგებელი სხდომა 2004 წლის 28 სექტემბერს გაიმართა.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 45-ე მუხლი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” რგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი, საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, 2004 წლის 15 ივნისის კანონი “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე” ზღუდავს საქართვენლოს კერძო სამართლის იურიდიული პირის შპს “ჟინერი”-ს უფლებებს, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავის არის გარანტირებული. სადავო აქტით, “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” კანონის 22-ე მუხლს დაემატა მე-9 და მე-10 პუნქტები. დამატებული პუნქტები, მოსარჩელის მტკიცებით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებსა და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტს. დამატებათა ძალით, საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარს (ელექტრობაზარს) უფლება ეძლევა ჰქონდეს საკუთარი სრულფასოვანი ანგარიშსწორების ანგარიში და ამავე დროს ქვეანგარიშების დაწესებით შეზღუდოს მისი წევრების ანგარიშზე რიცხული თანხების საკუთარი შეხედულებებისამებრ გამოყენების უფლება, რაც არღვევს თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს, კონკურენციის წესებსა და საკუთრების უფლებას.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საკუთრების უფლება აღიარებული და გარანტირებულია. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ უნდა შექმნას პირობები საკუთრების ობიექტით თავისუფალი სარგებლობის უფლების განხორციელებისათვის. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კანონით დასაშვებია საკუთრების უფლების შეზღუდვა, მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის. მოსარჩელის განმარტებით მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება ელექტრობაზრის წევრთა საკუთრების უფლების შეზღუდვისათვის. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის გამგეობის 1993 წლის 26 თებერვლის №1 დადგენილებით დამტკიცებული №5 ინსტრუქცია, რომლის თანახმად სუბანგარიში (ქვეანგარიში) წარმოადგენს საწარმოების, ორგანიზაციების, დაწესებულებების შუამდგომლობით მათ არასამეურნეო-ანგარიშიან ქვეგანაყოფებთან (მაღაზიები, საწყობები, ფილიალები) ანგარიშსწორებისათვის გახსნილ ანგარიშებს შემოსავლის ჩასარიცხად. მოსარჩელის განმარტებით კი, განსახილველ შემთხვევაში, ელექტრობაზარი არის დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირი, ხოლო წევრები წარმოადგენენ ელექტრობაზრისაგან დამოუკიდებელ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს და არა მის ქვედანაყოფებს.
მოსარჩელე “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მოითხოვს გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერებას საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. მისი განმარტებით, სადავო აქტი შეიძლება გამოცხადდეს ძალადაკარგულად, რაც არ ნიშნავს ბათილად ცნობას – მას არ ექნება გავლენა გამოცხადებამდე წარმოშობილ ვალდებულებებსა და სამართლებრივ შედეგებზე. ამასთან, კონსტიტუციური სარჩელს განხილვის ექვსთვიანი ვადის გათვალისწინებით შპს “ჟინერ”–ს შეიძლება დიდი ხნით შეეზღუდოს საკუთრების უფლება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ გაანალიზა შპს “ჟინერი”–ს 297-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი, თანდართული მასალები, მოსარჩელის წარმოადგენლის განმარტებები განმწესრიგებელ სხდომაზე და ამის საფუძველზე გამოარკვია სასარჩელო მოთხოვნის არსებითი განხილვისათვის მიღების საკითხის გადასაწყვეტად საჭირო გარემოებანი.
სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ კონსტიტუციურ სარჩელში არ არის დაცული კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
“საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის უპირველესი, თანაც კატეგორიული მოთხოვნაა, რომ “კონსტიტუციური სარჩელი ხელმოწერილი უნდა იყოს მოსარჩელეთა მიერ (თუ მოსარჩელე საქართველოს პრეზიდენტი ან საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფია, მათი ხელმოწერები დამოწმებული უნდა იყოს ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტში აღნიშნული წესით)”. განსახილველი (297-ე ნომრით რეგისტრირებული) კონსტიტუციური სარჩელი კი ხელმოწერილია არა შპს “ჟინერი”-ს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი თანამდებობის პირის მიერ, არამედ მას ხელს აწერენ მინდობილობით წარმომადგენლები ლევან ალაფიშვილი და გიორგი ყავლაშვილი, რაც არ შეესაბამება “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლის ზემოთ მოყვანილ დებულებას.
“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს – შეიცავდეს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის დამადასტურებე მტკიცებულებებს. საქმეში არსებული მასალები კი არ მიანიშნებს, რომ სადავო აქტით დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს მოსარჩელის კონსტიტუციური უფლებები. შესაბამისად, არ დასტურდება სადავო აქტის მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის სათანადო დებულებებთან.
სასარჩელო მოთხოვნის დასასაბუთებლად მოსარჩელე ეყრდნობა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის გამგეობის 1993 წლის 26 თებერვლის №1 დადგენილებით დამტკიცებულ №5 ინსტრუქციას “საქართველოს რესპუბლიკის საბანკო დაწესებულებაში საანგარიშსწორებო, საკორესპონდენტო, სავალუტო, მიმდინარე, საბიუჯეტო და დროებითი ანგარიშების გახსნის შესახებ. მაგრამ იგი არ არის შეტანილი ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში, ხოლო 1999 წელს დამტკიცდა შესაბამისი დროებითი ინსტრუქცია, ამჟამად კი მოქმედებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2004 წლის 17 მარტის ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია “საქართველოს საბანკო დაწესებულებაში ანგარიშების გახსნის შესახებ”.
კონსტიტუციურ სარჩელში გასაჩივრებული აქტის გამომქვეყნებელ ორგანოდ “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ნაცვლად მითითებულია “საქართველოს პარლამენტის უწყებანი” და ამასთან ერთად, მოთხოვნის არსიც არასწორადაა ჩამოყალიბებული. შპს “ჟინერი” არის საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის (ელექტრობაზრის) წევრი-ლიცენზიატი, სადავო აქტი კი პირდაპირ მომხმარებლებსაც შეეხება. მიუხედავად ამისა, მოსარჩელე სადავო აქტი მთლიანად ძალადაკარგულად გამოცხადებას მოითხოვს.
ყოველივე ზემოაღნიშულიდან ჩანს, რომ შპს “ჟინერი”-ს 297-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი არც ფორმითაა და არც შინაარსით არ შეესაბამება “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის 16-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, რის გამოც იგი, ამავე კანონის მე-18 მუხლის “ა” პუნქტის ძალით, განსახილველად არ მიიღება.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლითა და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით, მე-18 მუხლის “ა” პუნქტითა და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-31 მუხლებითა და 33-ე მუხლის პირველი პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითი განხილვისათვის შპს “ჟინერი”-ს კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს 2004 წლის 15 ივნისის კანონის კონსტიტუციურობის საკითხზე საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით და შეწყდეს სამართალწარმოება ამ სარჩელზე;
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ბ. ზოიძე (თავმჯდომარე)
ვ. გვარამია
ი. ფუტკარაძე (მომხსენებელი მოსამართლე)
ნ. შაშკინი
ასლი დედანთან სწორია.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი:
ნიკოლოზ შაშკინი.