საქართველოს მოქალაქე ალლადინ მაკარიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/1/354 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 14 თებერვალი 2006 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
2. ოთარ ბენიძე – წევრი;
3. ზაურ ჯინჯოლავა – წევრი.
სხდომის მდივანი: ელენე ლაღიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ალლადინ მაკარიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 38-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და 21-ე მუხლთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე ალლადინ მაკარიძის წარმომადგენელი თამარ კორძაია და ნინო ლომჯარია. აგრეთვე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი იოსებ ლომაშვილი.
354-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია მიმდინარე წლის 18 იანვარს.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე„ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ„ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-16 მუხლი.
მოსარჩელე ალლადინ მაკარიძე კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნავს, რომ სადავო აქტით დაირღვა მისი, როგორც საქართველოს მოქალაქის საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით და 38-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით აღიარებული კანონის წინაშე თანასწორობის და საქართველოს მოქალაქეთა სოციალური უფლებები. კერძოდ, „..საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებმაც პოლიტიკური რეპრესია განიცადეს ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე 1921 წლის 25 თებერვლიდან 1990 წლის 28 ოქტომბრამდე“. ამავე კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი შეღავათები არ ვრცელდება (რეპრესირებულ) ეთნიკურ ჯგუფებს მიკუთვნებულ პირებზე, რომელთა რეაბილიტაციის წესი ცალკე განისაზღვრება.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო აქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებულ საკუთრების უფლებას, რადგან, მისი აზრით, საკუთრებაში მოიაზრება არა მხოლოდ რეალურად არსებული ქონება, არამედ ის მატერიალური სიკეთე და სარგებელიც, რომელსაც შესაბამისი პირი მიიღებდა, რომ არა გარკვეული დაბრკოლება და სამართლებრივი ბარიერი. აღნიშნული საკუთრების უფლების შეზღუდვის საფუძველია სადავო კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი, რომელიც კანონის მოქმედებას და, შესაბამისად, სოციალური დაცვისა და შეღავათების გავრცელებას დისკრიმინაციულად კრძალავს ეთნიკურ ჯგუფზე.
მოსარჩელის განცხადებით, სადავო აქტი ეწინააღმდეგება ასევე „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ მე-2, მე-7 და 22-ე მუხლების დებულებებს. ამ დეკლარაციით გამოცხადებული უფლებები და თავისუფლებები უნდა ჰქონდეს ყველა ადამიანს, განურჩევლად რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული და სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობის საფუძველზე. მოსარჩელე თვლის, რომ ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და უფლება აქვს, თავი დაიცვას ნებისმიერი დისკრიმინაციისაგან.
მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა თ. კორძაიამ განმწესრიგებელ სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის ამოქმედებით, აღნიშნული კანონით დადგენილი შეღავათები არ გავრცელებულა ეთნიკურ ჯგუფებს მიკუთვნებულ პირებზე, მიუხედავად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 9 თებერვლის (№2/1/314) განჩინებისა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს მოქალაქეებზე უნდა გავრცელდეს ეს კანონი, განურჩევლად იმისა, ეკუთვნის თუ არა პიროვნება ეთნიკურ ჯგუფს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო კანონი სოციალური დაცვის გარანტიების მისაღებად საქართველოს მოქალაქეთა ნაწილს უდგენს განსხვავებულ წესს, რაც არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს მიკუთვნებულ საქართველოს მოქალაქეებს.
მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა მოსარჩელე ალლადინ მაკარიძის კონსტიტუციურ სარჩელს. მისი განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლომ 2005 წლის 9 თებერვლის განჩინებით უარი უთხრა საქართველოს მოქალაქე ფედლი კულაევს კონსტიტუციური სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, რომელშიც დავის საგანს წარმოადგენდა ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 21-ე მუხლთან და 38-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. მოპასუხე თვლის, რომ მოსარჩელე ალლადინ მაკარიძის კონსტიტუციურ სარჩელში დავის საგანი ანალოგიური შინაარსისაა, რაც გამორიცხავს კონსტიტუციური სარჩელის წარმოებაში მიღებას, რადგან, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად არ მიიღება, თუ მასში მითითებული სადავო საკითხი უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების განხილვის საფუძველზე გამოარკვია 354-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღება - არმიღების საკითხთან დაკავშირებული გარემოებები.
საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია აღნიშნავს, რომ „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებმაც პოლიტიკური რეპრესია განიცადეს ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე 1921 წლის თებერვლიდან 1990 წლის 28 ოქტომბრამდე და შემდგომ დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიაზე“. ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „ეს კანონი არ ვრცელდება 1921 წლის 25 თებერვლიდან 1990 წლის 28 ოქტომბრამდე პერიოდში დეპორტირებულ ეთნიკურ ჯგუფებს მიკუთვნებულ პირებზე, რომელთა რეაბილიტაციის წესი ცალკე განისაზღვრება“.
სასამართლო კოლეგია მიუთითებს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 9 თებერვლის (#2/1/314) განჩინებაზე, რომლის სამოტივაციო ნაწილის თანახმად, „დასახელებული სადავო კანონი, გამომდინარე პირველი მუხლის მე-2 პუნქტიდან, უნდა გავრცელდეს საქართველოს ყველა მოქალაქეზე, ვინც შესაბამის პერიოდში განიცადა პოლიტიკური რეპრესია, განურჩევლად მათი ეთნიკური წარმომავლობისა“. რაც შეეხება კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარ ნორმას, რომლის თანახმადაც, „ეს კანონი არ ვრცელდება 1921 წლის 25 თებერვლიდან 1990 წლის 28 ოქტომბრამდე პერიოდში დეპორტირებულ ეთნიკურ ჯგუფებს მიკუთვნებულ პირებზე, რომელთა რეაბილიტაციის წესი ცალკე განისაზღვრება“, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ იგი გულისხმობს სამართლებრივი, ადმინისტრაციული და პოლიტიკური პირობების შექმნას მათი რეპატრიაციის პროცესის დასაწყებად. სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით, სასურველია დარეგულირდეს „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სოციალური დაცვის გარანტიების გავრცელება საქართველოს მოქალაქეების მიმართ.
სასამართლო კოლეგია თვლის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე განხილული 314-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელში და წარმოდგენილ 354-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელში დავის საგანი არსებითად ერთგვაროვანია. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 2005 წლის 9 თებერვლის დასახელებულ (№2/1/314) განჩინებაში საკონსტიტუციო სასამართლომ განმწესრიგებელ სხდომაზე უკვე იმსჯელა და გადაწყვიტა 314-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელის არ მიღების საკითხი. „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიუღებლობა გამორიცხავს იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით განმეორებით ან სხვა კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიღებას.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ„ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის მე-5, მე-8 და მე-9 პუნქტებით, „საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით და 21 მუხლის მე-2 პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად მოსარჩელე ალლადინ მაკარიძის 354-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც ეხება „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 38-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და 21 მუხლთან მიმართებით.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი
ოთარ ბენიძე
ზაურ ჯინჯოლავა
ასლი დედანთან სწორია
საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს მდივანი იაკობ ფუტკარაძე