შ.პ.ს. “ჯორჯიან ეარვეისი" საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/14/320 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 29 დეკემბერი 2005 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – სხდომის თავმჯდომარე,
ოთარ ბენიძე – მომხსენებელი მოსამართლე,
ლამარა ჩორგოლაშვილი – წევრი,
ზაურ ჯინჯოლავა – წევრი.
სხდომის მდივანი: ელენე ლაღიძე.
საქმის დასახელება: შ.პ.ს. “ჯორჯიან ეარვეისი" საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის წინააღმდეგ.
დავის საგანი: 1) “ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ" (2001 წლის 20 ივლისის N1012 რს) კანონის 231-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. 2) საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2004 წლის 16 აგვისტოს N3 ბრძანების “სამოქალაქო ავიაციის დარგში რეგულირების საფასურის შესახებ" კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: შ.პ.ს. “ჯორჯიან ეარვეისის" წარმომადგენელი გიორგი მოლოდინაშვილი. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი ქეთევან რობაქიძე და იოსებ ლომაშვილი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 17 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის N320) მომართა შ.პ.ს. “ჯორჯიან ეარვეისის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ თ. გაიაშვილმა.
მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის საოქმო ჩანაწერით 2005 წლის 2 მარტს კონსტიტუციური სარჩელი მიღებული იქნა არსებითად განსახილველად საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ" ქვეპუნქტი, “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე" ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტი, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმებით შეილახა, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 21-ე და 30-ე მუხლებით გარანტირებული უფლებები, ასევე დარღვეულია საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნა. კერძოდ, მიღებულია (გამოცემულია) ისეთი შინაარსის სამართლებრივი აქტები, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს N2/1/187-188 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის სადავო N3 ბრძანების საფუძველზე კიდევ უფრო გაფართოვდა რეგულირების საფასურის ცნება.
რეგულირების საფასურის შემოღებით გაიზარდა წარმოების ხარჯები, რამაც, გამოიწვია ავიასაწარმოების მომსახურების ფასების ზრდა და შესაბამისად, მომხმარებელთა უფლებების დარღვევა. სატრანსპორტო საწარმოოს ეკონომიკაზე მძიმედ აისახება საფასურის სადავო ნორმატიული აქტებით დაწესებული რეჟიმი და საბოლოოდ ილახება იურიდიული პირის საკუთრების უფლებაც, რადგან ყოველი უკანონოდ გადახდილი საფასური ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულ საკუთრების უფლებას. ასევე იგი თავისი შინაარსით წარმოადგენს სამოქალაქო ავიაციის დარგში ხელისშემშლელ გარემოებას სატრანსპორტო საწარმოებისათვის, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელის ავტორი მოითხოვს არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი “ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ" საქართველოს კანონის 231-ე მუხლი და “სამოქალაქო ავიაციის დარგში რეგულირების საფასურის შესახებ" 2004 წლის 16 აგვისტოს საქართველოს სამოქალაქო ადმინისტრაციის თავმჯდომარის N3 ბრძანება საქართველოს 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელისა და თანდართული მასალების გაანალიზების, მოსარჩელისა და მოპასუხე მხარეთა განმარტებათა საფუძველზე გამოარკვია შემდეგი გარემოებანი:
საქმის არსებითად განხილვამდე მოსარჩელემ დააყენა შუამდგომლობა სასამართლო პროცესის გადადების თაობაზე საქართველოს პარლამენტში სადავო ნორმის გაუქმებისათვის კანონით დადგენილი პროცედურის დასრულებამდე.
საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პროცედურა დაწყებულია და უახლოეს სხდომაზე ეს საკითხი დასრულდება, ხოლო, ვინაიდან ახალი კანონის მიღებით სადავო აქტი აღარ გამოიყენება, დავის საგნის არ არსებობის გამო მოპასუხემ იშუამდგომლა საქმის შეწყვეტის თაობაზე.
მოსარჩელის მიერ დაყენებულ შუამდგომლობაზე სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ სასამართლო პროცესის განუსაზღვრელი ვადით გადადებას საკონსტიტუციო სასამართლოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. პროცედურულად ეს შეუძლებელია ვინაიდან “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, “კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღებიდან"…
სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ შეუძლებელია იმ ვადის განსაზღვრა თუ რა დროისათვის დასრულდება საქართველოს პარლამენტში სადავო აქტის ძალადაკარგულად ცნობის ფორმალური პროცედურა, ამასთან სასამართლო ითვალისწინებს იმას, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ 2005 წლის 1 ივლისს მიღებულია საქართველოს კანონი რეგულირების საფასურის შესახებ, რომელიც დღეისათვის მოქმედებს და შესაბამისად ახლებურად არეგულირებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ სადავო საკითხებს, რაც შეეხება სადავო აქტებს ამ დროისათვის არსებობს კანონპროექტი, სადაც სადავო 231-ე მუხლი მთლიანად ამოღებულია.
აღსანიშნავია, რომ “ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტით “იერარქიის ერთი და იგივე საფეხურის ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის წარმოქმნისას მოქმედებს უფრო გვიან მიღებული აქტით დადგენილი ნორმა", გამოყენების თვალსაზრისით კი ამავე კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი ავალდებულებს სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირს “გამოიყენოს ის ნორმატიული აქტი, რომელიც უფრო გვიან არის მიღებული".
მიუხედავად იმისა, რომ პროცედურულად სადავო აქტი გაუქმებული არ არის, სასამართლოს აზრით, დღეისათვის იგი მოქმედ ნორმად არ ჩაითვლება, ვინაიდან მის მიერ დარეგულირებული საკითხი ახალი კანონით იქნა მოწესრიგებული. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის შუამდგომლობას, სხდომის გადადების თაობაNე სასამართლო ვერ გაიზიარებს.
რაც შეეხება მეორე სადავო აქტს, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2004 წლის 16 აგვისტოს N3 ბრძანებას “სამოქალაქო ავიაციის დარგში რეგულირების საფასურის შესახებ", იგი სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2005 წლის 25 ივლისის N4 ბრძანებით გაუქმებულია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
იხელმძღვანელა რა “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე" ქვეპუნქტით, 22-ე მუხლის პირველი პუნქტით, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლით
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. შეწყდეს სამართალწარმოება საქმეზე შ.პ.ს. “ჯორჯიან ეარვეისი" საქართველოს პარლამენტის და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის წინააღმდეგ;
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი,
ოთარ ბენიძე,
ლამარა ჩორგოლაშვილი,
ზაურ ჯინჯოლავა.