საქართველოს მოქალაქე ქართლოს ფრიდონაშვილი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/14/298 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, |
თარიღი | 13 ოქტომბერი 2004 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე);
2. ვახტანგ გვარამია (მომხსენებელი მოსამართლე).
3. იაკობ ფუტკარაძე;
4. ნიკოლოზ შაშკინი;
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ქართლოს ფრიდონაშვილი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოში სამეცნიერო ხარისხების მინიჭების წესის შესახებ” დებულებასა და ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 28 ივნისის №316 ბრძანებულებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 და მე-19 მუხლებთან, 23-ე მუხლის პირველ და 35-ე მუხლის მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილე: მოსარჩელე ქართლოს ფრიდონაშვილი.
მოქალაქე ქართლოს თრიდონაშვილის 298-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია 2004 წლის 28 ივლისს. აღნიშნული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით 21 სექტემბერს გადმოეცა, 5 ოქტომბერს კი ღია განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა.
საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძვლად კონსტიტუციურ სარჩელში დასახელებულია საქართვველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტი და 39-ე მუხლი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტი.
მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 28 ივნისის 316 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოში სამეცნიერო ხარისხების მინიჭების წესის შესახებ” ინსქრუქციის მე-4 მუხლის მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების თანახმად, სამეცნიერო ხარისხის მაძიებლისათვის სავალდებულოა განსაზღვრული რაოდენობის სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს (სეს-ის) მიერ აღიარებულ გამოცემებში. ამასთან, საკანდიდატო დისერტაციის დაცვასა და სადოქტორო დისერტაციის წარდგენას შორის, ინტერვალი უნდა იყოს სულ ცოტა 7 წელი. მოსარჩელის აზრით, აღნიშნული ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტს, რომლითაც დადგენილია სახელმწიფოს მოვალეობა უზრუნველყოს ქვეყნის საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობა საერთაშორისო წესებთან და სტანდარტებთან. ამასთან, არცერთი განვითარებული ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემა და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტი არ ითვალისწინებს სადავო ნორმებით დადგენილ რთულ პროცედურებს.
მოსარჩელის მტკიცებით, საკანდიდატო დისერტაციის დაცვასა და სადოქტორო დისერტაციის წარდგენას შორის არსებული შვიდწლიანი ინტერვალი აგრეთვე ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით და 23-ე მუხლის პირველ პუნქტით უზრუნველყოფილ კვლევისა და სწავლების თავისუფლებას, პიროვნების თავისუფალი განვითარებიმს უფლებას და ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლებას. გარდა ამისა, იგი აღნიშნავს, რომ ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი „სტატიების გამოქვეყნების იძულება, პირდაპირ არის დაკავშირებული შეხედულებათა გამოთქმის იძულებასთან, თუნდაც ეს შეეხებოდეს სამეცნიერო საკითხებს”. ეს ეწინაამღდეგება კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის თანახმადაც დაუშვებელია ადამიანის იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებით.
მოსარჩელე მოითხოვს კონსტიტუციური სარჩელის მიღებას არსებითად განსახილველად და სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების, ასევე განმწესრიგებელ სხდომაზე მოწვეული მოსარჩელის განმარტებების გაანალიზების საფუძველზე გამოარკვია სასარჩელო მოთხოვნის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებული გარემოებანი.
საქმის მასალებიდან ჩანს, რომ კონსტიტუციური სარჩელი ვერ უპასუხებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ზ” ქვეპუნქტის მოთხოვნით, კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონისა და ამ კანონის (ე.ი. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის) დებულებები, რომლბიც მოსარჩელეს აძლევს კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებას. მოსარჩელე საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძვლად კონსტიტუციურ სარჩელში „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტს ასახელებს. ეს პუნქტი კი არ შეიცავს დებულებას, რომელიც მოსარჩელეს აძლევს კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებას. ასევე, მითითებული უნდა იყოს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 39-ე მუხლი არა მთლიანად, არამედ მისი მხოლოდ პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტი.
ამასთან ერთად, სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „კონსტიტუციური სარჩელი... დასაბუთებული უნდა იყოს. კონსტიტუციურ სარჩელში... აუცილებლად უნდა იყოს მოყვანილი ის მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელის... აზრით, ადასტურებენ სარჩელის... საფუძვლიანობას”. ანალოგიურ მოვხოვნას შეიცავს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტიც, რომლის თანახმადაც კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული უნდა იყოს „მტკიცებულებანი, რომლებიც მოსარჩელის აზრით, ადასტურებენ კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას”. სასამართლო კოლეგიის აზრით, კანონმდებლობის აღნიშნული მოთხოვნა კონსტიტუციურ სარჩელში არ არის შესრულებული და ამიტომ იგი დასაბუთებულად ვერ ჩაითვლება. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტები და მოსარჩელის განმარტებები განმწესრიგებელ სხდომაზე არ მიანიშნებენ მოსარჩელის იმ უფლებების დარღვევაზე, რომლებიც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-16 და მე-19 მუხლებით, 23-ე მუხლის პირველი და 35-ე მუხლის მე-2 პუნქტებით.
სასამართლო კოლეგია ვერ დაეთანხმება მოსარჩელის იმ არგუმენტს, რომ სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად ნაშრომების გამოქვეყნება წარმოადგენს აზრის გამოთქმის იძულებას. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის განმარტების მიხედვით, საკანდიდატო ხარისხის მაძიებელმა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო მეცნიერებათა კანდიდატმა სადოქტორო დისერტაცია შეიძლება დაიცვას ისე, რომ საერთოდ არ გამოაქვეყნოს არცერთი სამეცნიერო ნაშრომი, ეს, სასამართლო კოლეგიის აზრით, ხელს ვერ შეუწყობს მეცნიერული აზრის განვითარებას.
მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმებას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 და მე-19 მუხლებთან, 23-ე მუხლის პირველ და 35-ე მუხლის მე-2 პუნქტებთან მიმართებით. ამასთან დაკავშირებით სასამართლო კოლეგია მიუთითებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტზე. ამ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის დებულებანი, რომლებსაც, მოსარჩელის აზრით, არ შეესაბამება ან არღვევს სადავო აქტი. აქ, ცხადია, იგულისხმება სადავო აქტის არა ფორმალური არამედ საგნობრივი მიმართება კონსტიტუციის შესაბამის დებულებებთან. არც კონსტიტუციური სარჩელიდან არ ჩანს და ვერც განმწესრიგებელ სხდომაზე მოწვეულმა მოსარჩელემ ვერ აჩვენა სადავო ნორმების არსებითი შემხებლობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 და მე-19 მუხლებთან, 23-ე მუხლის პირველ და 35-ე მუხლის მე-2 პუნქტების სათანადო დებულებასთან.
ამგვარად, ირკვევა, რომ მოქალაქე ქართლოს ფრიდონაშვილის 298-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი შინაარსით არ შეესაბაბმება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლის „დ” „ე” და „ზ” ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს. ამის გამო კი იგი, ამავე კანონის მე-18 მუხლის „ა” პუნქტის ძალით, ვერ იქნება განსახილველად მიღებული.
მიუხედავად ამისა, საქართველოს კოლეგია აღნიშნავს, რომ ამჟამად განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე სერიოზული რეფორმის, მოწინავე საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინების ფონზე, მიზანშეწონილია სამეცნიერო ხარისხების მინიჭების სისტემასთან დაკავშირებული კანონმდებლობის სრულყოფა, მისი შემდგომი დახვეწა-განვითარება.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტისა „ვ” ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, მე-18 მუხლის „ა” პუნქტითა და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-31-ე მუხლებითა და 33-ე მუხლის პირველი პუნქტით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქის ქართლოს ფრიდონაშვილის 298-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი „საქართველოში სამეცნიერო ხარისხების მინიჭების წესის შესახებ” დებულებისა და ინსტუქციის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 28 ივნისის №316 ბრძანებულებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-16 და მე-19 მუხლებთან, 23-ე მუხლის პირველ და 35-ე მუხლის მე-2 პუნქტებთან მიმართებით და შეწყდეს სამართალწარმოება ამ სარჩელზე:
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება
ბესარიონ ზოიძე
ვახტანგ გვარამია
იაკობ ფუტკარაძე
ნიკოლოზ შაშკინი