საქართველოს მოქალაქე შალვა ნათელაშვილი საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ-ის) წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/10/242 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, |
თარიღი | 18 მაისი 2005 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე);
ვახტანგ გვარამია;
იაკობ ფუტკარაძე;
ნიკოლოზ შაშკინი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე შალვა ნათელაშვილი საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ-ის) წინააღმდეგ.
დავის საგანი: ,,ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ-ის) 2003 წლის 15 აგვისტოს N14 დადგენილების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოპასუხის - საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ-ის) წარმომადგენლები - ამავე კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი თამაზ ინაშვილი და ეკონომიკური ანალიზისა და ფასწარმოქმნის დეპარტამენტის ელექტროენერგეტიკის სამმართველოს უფროსი ზურაბ ბერიშვილი.
საქართველოს მოქალაქის შალვა ნათელაშვილის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის ნომერი 242) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია 2003 წლის 19 აგვისტოს. იმავე წლის 7 ოქტომბრის განმწესრიგებელი სხდომის საოქმო ჩანაწერით იგი მიღებულ იქნა საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითი განხილვისათვის.
კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ" ქვეპუნქტის, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანული კანონის პირველი მუხლის, მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-10 მუხლის საფუძველზე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის თავმჯდომარის 2005 წლის 27 აპრილის რეზოლუციით, იმავე წლის 13 მაისისათვის დაინიშნა კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომა, რაც კანონმდებლობით დადგენილი წესით - სასამართლო უწყებით (N113) ეცნობა მოსარჩელე შალვა ნათელაშვილს.
სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 13 მაისის სხდომაზე მოსარჩელე მხარე - არც თვით მოსარჩელე და არც მისი წარმომადგენელი არ გამოცხადდა, ისე, რომ არ იყო ცნობა გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შესაძლებელი იყო საქმის გარჩევა მოსარჩელე მხარის დაუსწრებლად. მიუხედავად ამისა, სასამართლო კოლეგიამ სხდომა მაინც გადადო 17 მაისისათვის, რაც კვლავ ეცნობა მოსარჩელე მხარეს. ვინაიდან მოსარჩელე მხარე არც ამ სხდომაზე არ გამოცხადდა, სასამართლო კოლეგიამ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გადაწყვიტა საქმის არსებითი განხილვის დაწყება მოსარჩელე მხარის დაუსწრებლად.
კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განხილვის მიზნით, 2005 წლის 17 მაისს გაიხსნა სასამართლო კოლეგიის ღია სხდომა. საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე, მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა თამაზ ინაშვილმა სასამართლოს წინაშე დააყენა შუამდგომლობა კონსტიტუციურ სარჩელზე სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ.
მოპასუხის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ვინაიდან მას არ ჰქონდა უფლება მონაწილეობა მიეღო განმწესრიგებელ სხდომაზე, ახლა სურს აღნიშნულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით გამოთქვას თავისი მოსაზრებები. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ სადავო აქტს, რომლითაც გათვალისწინებულია მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის შესასყიდი ახალი ტარიფები ელექტროენერგიის მოხმარების რაოდენობის მიხედვით, არ დაურღვევია მომხმარებელთა უფლებები. მეტიც, ის სადავო პუნქტები, რომლებიც მოსარჩელეს მიაჩნია არაკონსტიტუციურად, არ მოქმედებდა, არ მოქმედებს და არც მომავალში ამოქმედდება და აქედან გამომდინარე, არც მომავალში დაარღვევს მომხმარებელთა უფლებებს. სს ,,თელასს" შემოტანილი აქვს ტარიფების ახალი პროექტი, რომელიც უნდა განვიხილოთ. მიმდინარეობს მოლაპარაკება სს ,,თელასსა" და სახელმწიფოს შორის, რომ არ მოხდეს ტარიფის დადგენა მოსახლეობის სოციალური ინტერესების გაუთვალისწინებლად. ახალ ტარიფშიც გათვალისწინებული იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს სათანადო გადაწყვეტილება.
მოპასუხის წარმომადგენელი თვლის, რომ ვინაიდან ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით უკვე გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, სასამართლო კიდევ არ უნდა დაუბრუნდეს ამ საკითხს. ტარიფები დგინდება ყოველწლიურად და არ შეიძლება ერთსა და იგივე საგანზე ყოველწლიურად იმსჯელოს სასამართლომ. ამ საქმის კვლავ განხილვით საფუძველი ეყრება ,,პროცესის უკვდავებას". ამიტომაც, სარჩელის არსებითი განხილვა არ უნდა მოხდეს და საქმე წარმოებით შეწყდეს.
სასამართლო კოლეგიამ გააანალიზა მოპასუხე მხარის შუამდგომლობასთან დაკავშირებული გარემოებანი.
I. მოსარჩელე შალვა ნათელაშვილის 242-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფებთან დაკავშირებით მესამე სარჩელია, რომლის თაობაზეც უხდება მსჯელობა სასამართლო კოლეგიას. პირველ - 136-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით 2002 წლის 30 დეკემბერს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება (N1/3/136), რომლითაც არაკონსტიტუციურად ჩაითვალა მოსახლეობისათვის იმ დროს მოქმედი ელექტროენერგიის შესასყიდი ტარიფები. საკონსტიტუციო სასამართლომ სამართლიან ტარიფთან მიმართებით განსაზღვრა სათანადო გარემოებანი და სთხოვა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ-ს), საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ მიზნით განეხორციელებინათ მათზე დამოკიდებული ღონისძიებანი. ასე რომ, ამ გადაწყვეტილებით, სასამართლომ მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის შესასყიდი ტარიფების საკითხის განხილვასთან მიმართებით შეასრულა კანონმდებლობის მოთხოვნები და სრულად განახორციელა თავისი ფუნქცია. აქედან გამომდინარე აღნიშნა სასამართლო კოლეგიამ თავის 2003 წლის 18 მარტის განჩინებაში (N1/5/226) მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის შესასყიდი ტარიფების თაობაზე შალვა ნათელაშვილის უკვე მეორე - 226-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით, რომ სარჩელში მითითებული სადავო საკითხი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს 136-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განხილვის შედეგად.
II. მოპასუხის წარმომადგენლის მიერ დაყენებული შუამდგომლობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის დადგენა არ წარმოადგენს ერთჯერად აქტს. მისივე განცხადებით, ტარიფი შეიძლება იცვლებოდეს ყოველწლიურად და თუ ყველა შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებას გამოიტანს, ამით საფუძველი ჩაეყრება ,,პროცესის უკვდავებას". მოპასუხის წარმომადგენელი გამოთქვამს აზრს, რომ ყოველი ახალი ტარიფის დადგენისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება.
სასამართლო კოლეგია თვლის, რომ 2002 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბდა სახელმძღვანელო პრინციპები მოსახლეობისათვის შესასყიდი ელექტროენერგიის ტარიფების კონსტიტუციურობასთან მიმართებით, რისი შესრულებაც ატარებს ზოგადსამართლებრივ ხასიათს. ყველა სუბიექტი, რომელსაც ტარიფის შემუშავებასთან აქვს კავშირი, კონსტიტუციურადაა ვალდებული ითვალისწინებდეს სასამართლო გადაწყვეტილების დებულებებს. ასეთი მიდგომა ხელს უწყობს კონსტიტუციური მართლშეგნებისა და კონსტიტუციური მართლწესრიგის დამკვიდრებას ქვეყანაში. ყოველივე ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ სასამართლოს არ უნდა უხდებოდეს ერთხელ განხილული და დადგენილი გარემოებების ხელმეორედ შესწავლა.
III. მხედველობაშია მისაღები მოპასუხე მხარის წარმომადგენლის ის განცხადება, რომ სადავო ნორმებს არ დაურღვევია მომხმარებელთა უფლებები, არც ამჟამად არღვევს და ასეთი დარღვევა მომავალშიც გამორიცხულია. ეს კი განპირობებულია იმით, რომ სადავო ნორმები მათი მიღებიდან დღემდე არ ამოქმედებულა - მათი ამოქმედება გადავადებულია 2006 წლის 1 იანვრამდე, მაგრამ არც ამ დროიდან არ ამოქმედდება, ვინაიდან მანამდე მოსალოდნელია ახალი ტარიფების შემოღება. ამჟამად კი მოქმედებს ძველი ტარიფები, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით იქნა მიღებული.
სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ სადავო ნორმების ამოქმედება ზედიზედ ხუთჯერ გადავადდა. ასეთი გადავადება ფაქტობრივად უმოქმედოდ აქცევს მათ. ნორმის ავ-კარგიანობის მიუხედავად, სამართალშემოქმედების პროცესისადმი ამგვარი დამოკიდებულება არ გამოხატავს ადამიანის უფლებებისადმი კონსტიტუციური პასუხისმგებლობით მიდგომას. ეს კი მიგვანიშნებს იმაზე, რომ ნორმატიული აქტის მიღება ყველა აუცილებელი გარემოების გათვალისწინებით უნდა ხდებოდეს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ 2005 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით (N1/3/301) საკანონმდებლო პროცესისადმი ასეთი დამოკიდებულება მიიჩნია კანონმდებლის კონსტიტუციურ ვალდებულებად.
სასამართლო კოლეგია მოპასუხე მხარის, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ-ის) საყურადღებოდ აღნიშნავს - ნებისმიერ შემთხვევაში ტარიფი ისე უნდა დადგინდეს, რომ ამან არ გამოიწვიოს მომხმარებელთა ხარჯზე ვინმეს უსაფუძვლო გამდიდრება და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული პრინციპული დებულებებიდან გადახვევა.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონის მე-18 მუხლის ,,დ" პუნქტის შინაარსის გათვალისწინებით, სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელი აღარ ექვემდებარება შემდგომ განხილვას.
ხელმძღვანელობს რა ასევე ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2, მე-7 და მე-8 პუნქტებით, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით და საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 36-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს სამართალწარმოება მოქალაქე შალვა ნათელაშვილის კონსტიტუციურ სარჩელზე საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ ,,ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ" საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ-ის) 2003 წლის 15 აგვისტოს N14 დადგენილების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით;
2. განჩინების პირი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას;
3. ეს განჩინება გამოქვეყნდეს პრესაში.
4. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე),
ვახტანგ გვარამია,
იაკობ ფუტკარაძე,
ნიკოლოზ შაშკინი.