საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ძოწენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/11/377 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, |
თარიღი | 15 მაისი 2006 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ბესარიონ ზოიძე (სხდომის თავმჯდომარე);
2. ვახტანგ გვარამია (მომხსენებელი მოსამართლე);
3. იაკობ ფუტკარაძე;
4. ნიკოლოზ შაშკინი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ძოწენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს კონსტიტუციის მე-14, მე-19, 21-ე, 24-ე, 39-ე, მე-40 მუხლებთან და 42-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით, (1) ,,ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ" 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ქურდულ სამყაროს, ქურდული სამყაროს წევრს და კანონიერ ქურდს, (2) ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ" 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი, (3) ,,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ" 2005 წლის 20 დეკემბრის კანონის პირველი მუხლით აღნიშნულ კოდექსში შეტანილი ცვლილებები იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ქურდული სამყაროს წევრს, (4) ,,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ" 2005 წლის 20 დეკემბრის კანონის პირველი მუხლით ამ კოდექსში შეტანილი ცვლილებები და დამატებები იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ქურდულ სამყაროს, ქურდული სამყაროს წევრს და ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებულ პირს.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელის წამომადგენლები - ლალი აფციაური და ლევან ჩხეიძე.
საქართველოს მოქალაქის ვლადიმერ ძოწენიძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია 2006 წლის 12 აპრილს (რეგისტრაციის №377). სასამართლოს პირველ კოლეგიას იგი 14 აპრილს გადმოეცა არსებითი განხილვისათვის მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით. 2006 წლის 27 აპრილს გაიმართა კოლეგიის ღია განმწესრიგებელი სხდომა.
საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძვლად კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 82-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ"ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავოდ დასახელებულმა ნორმებმა ნორმატიული მნიშვნელობა მიანიჭა სასამართლოსათვის აქამდე უცნობ ისეთ ცნებებსა და ტერმინებს, როგორიცაა ,,ქურდული სამყარო", ,,ქურდული სამყაროს წევრი" და ,,კანონიერი ქურდი", თანაც, კანონიერ ქურდად ყოფნა და ქურდული სამყაროს წევრობა გამოაცხადა დანაშაულებრივ და დასჯად ქმედებად.
მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმების არსიდან გამომდინარე, ქურდულ სამყაროსთან და ქურდული სამყაროს წევრების წინააღმდეგ ბრძოლა გულისხმობს არა რაიმე კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედების წინააღმდეგ ბრძოლას, არამედ დევნას აზრის გამო. ამის შედეგად დაირღვა კონსტიტუციის მე-19 და 24-ე მუხლებით გარანტირებული და საერთაშორისო აქტებით საყოველთაოდ აღიარებული სიტყვის, აზრისა და რწმენის თავისუფლების პრინციპები.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ისეთი დანაშაულებრივი ქმედებები, როგორიცაა მუქარა, იძულება და დანაშაულში არასრულწლოვანის ჩამბა, სისხლის სამართლის კოდექსში ცალ-ცალკე დანაშაულად არის გათვალისწინებული. სადავო ნორმების ძალით, ქურდული სამყაროს წევრს, ამ დანაშაულთა ჩადენის შემთხვევაში, ფაქტობრივად ეკისრება ორმაგი პასუხისმგებლობა. ეს კი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-14 მუხლით და საერთაშორისო აქტებით დადგენილ კანონის წინაშე ყველას თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპს.
სარჩელში აღნიშნულია, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა, დაარღვია დასახელებული კოდექსის მთლიანობა, რადგან მისი ზოგადი ნაწილი არ შეიცავს რაიმე დებულებას, რომელსაც დაეყრდნობოდა სადავო ნორმები.
მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმებით, კონკრეტული დანაშაულის ჩადენის გარეშე, დაწესებულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაა და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლს, ასევე საერთაშორისო აქტებით აღიარებულ დებულებებს.
სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმებმა დაარღვიეს კონსტიტუციით დადგენილი და საყოველთაოდ აღიარებული საკუთრების ხელშეუხებლობის უფლება. სასამართლოს შეუძლია ქურდული სამყაროს წევრისა და მასთან დაკავშირებული პირების ქონება ცნოს უკანონოდ, თუ არ არსებობს ამ ქონების მართლზომიერად მიღების დამადასტურებელი საბუთი ან მტკიცებულება. ამასთან დაკავშირებით მოსარჩელე მიუთითებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი დამატებითი სისხლის სამართლებრივი სასჯელის სახით ქონების კონფისკაციის გამოყენება. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმებმა ფაქტობრივად, გარეგნული სახეცვლილებებით, აღადგინა გაუქმებული სასჯელი - ქონების კონფისკაცია.
მოსარჩელე მოითხოვს კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვისათვის მიღებას და სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების, მოსარჩელის წარმომადგენელთა განმარტებების გაანალიზების საფუძველზე გამოარკვია სასარჩელო მოთხოვნის არსებითი განხილვისათვის მიღების გადასაწყვეტად საჭირო გარემოებანი.
სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ კონსტიტუციურ სარჩელში არ არის დაცული ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ" და ,,ე" ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნები.
სასამართლო კოლეგია მიუთითებს ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც ,,კონსტიტუციური სარჩელი . . . დასაბუთებული უნდა იყოს. კონსტიტუციურ სარჩელში . . . აუცილებლად უნდა იყოს მოყვანილი ის მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელის . . . აზრით ადასტურებენ სარჩელის . . . საფუძვლიანობას". ანალოგიურ მოთხოვნას შეიცავს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტიც, რომლის თანახმადაც კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული უნდა იყოს ,,მტკიცებულებანი, რომლებიც მოსარჩელის აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას". სასამართლო კოლეგიის აზრით, კანონმდებლობის აღნიშნული მოთხოვნა კონსტიტუციურ სარჩელში არ არის შესრულებული.
სარჩელში და განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელთა განმარტებებში ძირითადი ყურადღება გადატანილია სისხლის სამართლის კანონმდებლობაში მოსარჩელე მხარის აზრით არსებულ წინააღმდეგობებზე, აგრეთვე სამართალგამოყენების პრაქტიკაზე. სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ სადავო აქტებისადმი ასეთი მიდგომა სცილდება ფიზიკური პირის კონსტიტუციური სასარჩელო უფლებამოსილებისა და კონკრეტული საკონსტიტუციო კონტროლის ფარგლებს.
,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ" ქვეპუნქტის მიხედვით, კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის დებულებანი, რომლებსაც, მოსარჩელის აზრით, არ შეესაბამება ან არღვევს სადავო აქტი. ეს ნიშნავს, რომ კონსტიტუციურ სარჩელში გამოკვეთილი და ცხადი უნდა იყოს სადავო აქტის საგნობრივი მიმართება კონსტიტუციის შესაბამის დებულებებთან. არც კონსტიტუციური სარჩელიდან არ იკვეთება და ვერც მოსარჩელის წარმომადგენლებმა განმწესრიგებელ სხდომაზე ვერ დაასაბუთეს ამგვარი კავშირი, ერთი მხრივ, ქურდული სამყაროს, ქურდული სამყაროს წევრისა და კანონიერი ქურდის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებსა და, მეორე მხრივ, კონსტიტუციის სათანადო დებულებით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს შორის. სარჩელში მოყვანილი არგუმენტები და განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელთა განმარტებები არ მიანიშნებენ, რომ სადავო ნორმებით დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მე-14, მე-19, 21-ე, 24-ე, 39-ე, მე-40 მუხლებითა და 42-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გარანტირებული უფლებები.
ამგვარად, კონსტიტუციური სარჩელი თავისი შინაარსით არ შეესაბამება ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. ასეთ შემთხვევაში კი იგი, იმავე კანონის მე-18 მუხლის ,,ა" პუნქტის ძალით, განსახილველად არ მიიღება.
ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ" ქვეპუნქტით, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, ,,საქართველოს სამართალწარმოების შესახებ" კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, მე-18 მუხლის ,,ა" პუნქტითა და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-31 მუხლებითა და 33 მუხლის პირველი პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქის ვლადიმერ ძოწენიძის 377-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი იმის თაობაზე, რომ კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს კონსტიტუციის მე-14, მე-19, 21-ე, 24-ე, 39-ე, მე-40 მუხლებთან და 42-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით (1) ,,ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ" 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ქურდულ სამყაროს, ქურდული სამყაროს წევრს და კანონიერ ქურდს, (2) ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ" 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი, (3) ,,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ" 2005 წლის 20 დეკემბრის კანონის პირველი მუხლით აღნიშნულ კოდექსში შეტანილი ცვლილებები იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ქურდული სამყაროს წევრს, (4) ,,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" 2005 წლის 20 დეკემბრის კანონის პირველი მუხლით ამ კოდექსში შეტანილი ცვლილებები და დამატებები იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ქურდულ სამყაროს, ქურდული სამყაროს წევრს და ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებულ პირს და შეწყდეს სამართალწარმოება ამ სარჩელზე;
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
ბესარიონ ზოიძე (სხდომის თავმჯდომარე)
ვახტანგ გვარამია (მომხსენებელი მოსამართლე)
იაკობ ფუტკარაძე
ნიკოლოზ შაშკინი