საქართველოს მოქალაქე დინა ფოფხაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/4/258 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, |
თარიღი | 22 თებერვალი 2005 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე);
2. ვახტანგ გვარამია;
3. იაკობ ფუტკარაძე;
4. ნიკოლოზ შაშკინი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე დინა ფოფხაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1323-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელის წარმომადგენლები – თამარ გაბისონია, მაკა გიოშვილი და მანანა კობახიძე, მოპასუხის - საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები - საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებში წარმომადგენლობის განყოფილების უფროსი ბათარ ჩანქსელიანი და ამავე განყოფილების მოწვეული სპეციალისტი სალომე მეზვრიშვილი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას 2003 წლის 17 ნოემბერს გადმოეცა მოქალაქე დინა ფოფხაძის 258-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი. 2003 წლის 2 დეკემბერს საოქმო ჩანაწერით იგი მიღებული იქნა არსებითი განხილვისათვის.
კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, საქართველოს „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის და მე-16 მუხლის საფუძველზე.
საქართველოს მოქალაქე დინა ფოფხაძის 258-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განხილვის მიზნით, 2005 წლის 21 თებერვალს გაიხსნა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის სხდომა. სარჩელის არსებითად განხილვის დაწყებამდე, სხდომაზე მოწვეული მოსარჩელის წარმომადგენლების ინფორმაციით, ცნობილი გახდა, რომ მოსარჩელე დინა ფოფხაძე გარდაიცვალა.
ამასთან დაკავშირებით, სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის შინაარსის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელთან მიმართებით ფიზიკური პირის საპროცესო უფლებაუნარიანობა წყდება მისი გარდაცვალებით. ვინაიდან არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნა კონკრეტული მოსარჩელის გარეშე, აგრეთვე, საკონსტიტუციო სამართალწარმოების ბუნებიდან და პრინციპებიდან გამომდინარე, კერძოდ კი იმის გათვალისწინებით, რომ საკონსტიტუციო სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა შეჯიბრებითობის საფუძველზე და მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები, სასამართლო კოლეგია მოსარჩელის გარდაცვალებას მიიჩნევს ისეთ გარემოებად, რომელიც იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში სამართალწარმოების შეწყვეტას.
ამასთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განმწესრიგებელ სხდომაზე და საქმის არსებითად განხილვისათვის მომზადების პერიოდში გამოიკვეთა სადავო ნორმით – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1323-ე მუხლით („სამკვიდროს გახსნა კომლში“) გათვალისწინებული ურთიერთობების საკანონმდებლო მოწესრიგების სრულყოფის საჭიროება.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ხელმძღვანელობს რა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2, მე-7 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის პირველი და მესამე პუნქტებით, 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს სამართალწარმოება მოქალაქე დინა ფოფხაძის კონსტიტუციურ სარჩელზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1323-ე მუხლის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
2. განჩინების პირი გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტს;
3. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ბესარიონ ზოიძე (სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე)
ვახტანგ გვარამია
იაკობ ფუტკარაძე
ნიკოლოზ შაშკინი