მოქალაქე კახაბერ ძაგანია საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N2/2/245 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 22 ივნისი 2004 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ოთარ ბენიძე – სხდომის თავმჯდომარე;
2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – წევრი;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი – მომხსენებელი მოსამართლე;
4. ზაურ ჯინჯოლავა – წევრი;
სხდომის მდივანი – ელენე ლაღიძე;
საქმის დასხელება: მოქალაქე კახაბერ ძაგანია საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) 2003 წლის 14 აგვისტოს დადგენილება N 13.
საქმის განხილვის მინაწილენი: მოსარჩელე კახაბერ ძაგანია და მისი წარმომადგენლები – დავით ნოზაძე და შალვა ნათელაშვილი. მოპასუხე – საქართველოს ენერგტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენლები: იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი თამაზ ინაშვილი და ეკონომიკური ანალიზისა და ფასწარმოქმნის დეპარტამენტის ბუნებრივი გაზის სამმართველოს უფროსი გულნარა ბედოშვილი.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის 21-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, საქმე წარმოებაში მიიღო საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოარკვია:
2003 წლის 10 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით ( რეგისტრაცია N 245) მომართა მოქალაქე კახაბერ ძაგანიამ და მოითხოვა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2003 წლის 14 აგვისტოს N 13 დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობა და საბოლოო გადაწყვეტილებამდე სადავო აქტის მოქმედების შეჩერება.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასმართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი და „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე – 18 მუხლი.
კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, 2003 წლის 9 ივნისს სემეკმა მიიღო N8 დაგენილება, რომლითაც დამტკიცდა ბუნებრივი გაზის ახალი ტარიფი. აღნიშნული დადგენილება ძალადაკარგულად გამოცხადდა 2003 წლის 14 აგვისტოს სემეკის N13 დადგენილებით, რომლითაც კვლავ უცვლელი დარჩა სემეკის N8 დადგენილებით სააქციო საზოგადოება „თბილგაზისათვის“ დამტკიცებული ბუნებრივი გაზის განაწილების ტარიფი, რომელიც დღგ-ს ჩათვლით ყოველ 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზზე შეადგენდა 76,00 ლარს.
სემეკის 2002 წლის 5 ივლისის N9 დადგენილების მიხედვით, მომხმარებლისათვის სააქციო საზოგადოება „თბილგაზის“ მიერ ბუნებრივი გაზის საცალო განაწილების ტარიფი ყოველ 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზზე დღგ-ის ჩათვლით შეადგენდა 70,40 ლარს. ამ დროს სააქციო საზოგადოება „საქგაზი“ შუამავალ ორგანიზაციას წარმოადგენდა კომპანია „იტერასა“ და სააქციო საზოგადოება „თბილგაზს“ შორის, რომელიც ახორციელებდა კომპანია „იტერადან“ ბუნებრივი გაზის შესყიდავას და შეძენილ ბუნებრივ გაზს ბითუმად ასყიდებდა სააქციო საზოგადოება „თბილგაზს“. ბუნებრივი გაზის საბითუმო მიწოდების ტარიფიდან – 183 ლარდან „საქგაზის“ წილი იყო 5,60 ლარი.
2002 წლის დეკემბრიდან სააქციო საზოგადოება „საქგაზი“ აღარ წარმოადგენდა შუამავალ ორგანიზაციას სააქციო საზოგადოება „თბილგაზსა“ და კომპანია „იტერას“ შორის, ვინაიდან სააქციო საზოგადოება „თბილგაზმა“ პირდაპირი ურთიერთობა დაამყარა „იტერასთან“. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ, შესაბამისად, მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფი უნდა შემცირებულიყო იმ ოდენობით, რა ოდენობის თანხასაც სააქციო საზოგადოება „საქგაზი“ ბუნებრივი გაზის მიწოდებისათვის დამატებით ახდევინებდა სააქციო საზოგადოება „თბილგაზს“. ბუნებრივი გაზის საბითუმო ტარიფი 183 ლარის ნაცვლად გახდა 177,4 ლარი, მაგრამ სამომხმარებლო ტარიფი არ შემცირებულა, რადგან სააქციო საზოგადოება „თბილგაზმა“ ბუნებრივი გაზის განაწილების ტარიფი გაზარდა ზუსტად იმ ოდენობით, რა ოდენობითც სააქციო საზოგადოება „საქგაზის“ წილის ამოვარდნის შემდეგ ტარიფში დაიკლო საბითუმო ფასმა.
მოსარჩელის აზრით, სააქციო საზოგადოება „თბილგაზის“ წილის, განაწილების ტარიფში შეტანით არ იქნა დაცული მომხმარებელთა ინტერესები.
სააქციო საზოგადოება „თბილგაზი“ თბილისის მთავრობის მიერ მართვის უფლებით უნდა გადაეცეს ამხანაგობა „ახალ მენეჯმენტს“, რომლისთვისაც, როგორც მოსარჩელეს მიაჩნია, სემეკი წინასწარ ქმნის სასათბურე პირობებს.
სარჩელში აღნიშნულია, რომ ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფი გაძვირდა არა მარტო თბილისელი მომხმარებლისათვის, არამედ საქართველოს ყველა რაიონის მომხმარებლისთვისაც.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე თვლის, რომ ამ დადგენილების მიღებისას სემეკის მიერ შეილახა მომხმარებელთა ინტერესები, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტს და 39-ე მუხლს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2003 წლის 14 აგვისტოს N 13 დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობას.
სასამართლო განხილვის დროს, დასკვნით სიტყვაში, მოსარჩელის წარმომადგენელმა დავით ნოზაძემ დამატებით აღნიშნა, როს სემეკს სადავო აქტის მიღებისას უნდა ეხელმძღვანელა „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს “...ლიცენზიის მფლობელთა და მომხმარებელთა ინტერესების დაბალანსება, მომსახურებისა და საქონლის ეფექიანი ფასწარმოქმნა და მიწოდება”. ამ შემთხვევაში კი სემეკი ცალსახად მიემხრო ლიცენზიატს, ანუ ტარიფის შემადგენელ ზოგიერთ კომპონენტში სააქციო საზოგადოება “თბილგაზს” დაუდგინა უფრო მეტი, ვიდრე თვითონ განაცხადში იყო მოცემული.
ამასთანავე, მოსარჩელის წარმომადგენლის აზრით, ტარიფში ასახულია ისეთი კომპონენტები, რომელთა ასახვა დაუშვებელია, კერძოდ, სარეაბილიტაციო ხარჯი 1190,0 ლარი, ამ თანხის გადახდა მომხმარებელს ფაქტობრივად ორჯერ უწევს: 1. აბონენტად აღრიცხვისას და 2. ბუნებრივი აირის საფასურის გადახდისას, რადგან ეს თანხა გათვალის წინებულია ტარიფში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, “თუ ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს უკავია დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე, მაშინ საქმიანობის ამ სფეროში მას ეკისრება ხელშეკრულების დადების ვალდებულება. მას არ შეუძლია კონტრაჰენტს უსაფუძვლოდ შესთავაზოს ხელშეკრულების არათანაბარი პირობები.” მოსარჩელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კოდექსის ეს მოთხოვნა დღემდე არ არის განხორციელებული, არ არის დადებული არც საქართველოს და არც თბილისის მომხზმარებელთან არანაირი ხელშეკრულება გაზის მიწოდების სფეროში, რომელიც დაარეგულირებდა მომხმარებელსა და ლიცენზიატს შორის უფლებამოსილებებს, რაც საფუძველია იმისა, რომ გადაწყვეტილებების მიღება და შეუსაბამო ტარიფის დადგენა ხდება ცალსახად. სხვა შემთხვევაში ხელშეკრულების მხარეს უნდა შეეთავაზოს ტარიფი და მან გადაწყიტოს მისთვის მისაღებია თუ მიუღებელი შეთავაზებული პირობა.
მოსარჩელის წარმომადგენელმა სასმამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის გარდამავალ დებულებებში, კეოძოდ კი, 1518-ე მუხლში ნათქვამია, რომ „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისმა სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებმა 1997 წლის 25 ნეოემბრამდე უზრუნველყონ ბინის მესაკუთრეთა და სხვა მომხმარებლებთან ხელშეკრულების გაფორმება გაზით, წყლით ელექტროენერგიით მომარაგებისა და სატელეფონო მომსახურების შესახებ“, რაც არ განხორცილებულა არც სახელმწიფოს, არც სემეკის და არც ლიცენზიატის მხრიდან. ხელშეკრულების დადებას არსებითი მნიშვნელობა აქვს აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას.
მოსარჩელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია ტარიფის გაიაფება, რასაც არ ახორეციელებს სემეკი. აქედან გამომდინარე იგი ფიქრობს, სემეკი ცალსხად იცავს არა მომხმარებლის, არამედ სახელმწიფს ან ლიცენზიატის ინტერესებს.
გარდა ამისა, მოსარჩელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ტარიფის დადგენისას ხელოვნურად არის გაზრდილი ვალუტის კურსი. გაანგარიშება უნდა მომხდარიყო არა 2,225 ლარის, არამედ 2,15 ლარის პირობებში, რაც სისხლისსამართლებრივ დარღვევად მიაჩნია.
2004 წლის 1 ივნისს ღია სასამართლო სხდომაზე მოწვეულ იქნენ სპეციალისტები – სააქციო საზოგადოება „საქტრანსგაზმრეწვის“ დირექტორტთა საბჭოს თვმჯდომარის მოადგილე ეკონომიკურ საკითხებში დავით ფასურიშვილი და ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი გოდერძი კიკნაველიძე, აგრეთვე მოწმეები – სააქციო საზოგადოება „საქგაზის“ გენერალური დირექტორი ვალერი აკოფოვი, სააქციო საზოგადოება „იტერა-საქართველოს“ წარმომადგენელი ვაჟა მარსაგიშვილი და სააქციო საზოგადოება „თბილგაზის“ ეკონომიკისა და დაგეგმვის განყოფილების უფროსი მარინა ბერიკაშვილი.
საქმის არსებითად განხილვის დროს მოპასუხის წარმომადგენელმა – საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორმა თამაზ ინაშვილმა და ეკონომიკური ანალიზისა და ფასწარმოქმნის დეპარტამენტის ბუნებრივი გაზის სამმართველოს უფროსმა გულნარა ბედოშვილმა მხარი არ დაუჭირეს სასარჩელო მოთხოვნას შემდეგ გარემოებათა გამო:
მოპასუხის აზრით, სარჩელში ზოგადადაა საუბარი იმის თაობაზე რომ დადგენილების მიღებისას არ იქნა დაცული მომხმარებელთა ინტერესები. მოსარჩელე გვერდს უვლის კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე -2 პუნქტის და 39-ე მუხლის სამართლებრივ დაკავშირებას სადავო ნორმატიულ აქტთან. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე -2 პუნქტი კრძალავს მონოპოლიურ საქმიანიბას, ბუნებრივი გაზის განაწილება პრაქტიკულად ხორციელდება ბუნებრივი მონოპოლიის მდგომარეობის დროს. ასეთი მდგომარეობა უკავია სწორედ სააქციო საზოგადოება „თბილგაზს“. მისი აზრით, კონკურენციის არარსებობა არსებითდ ამცირებს პროდუქციის ერთეულზე საწარმოო დანახარჯებს. ასეთ შემთხვევაში, კონსტიტუციის 30-ე მუხლის მეორე პუნქტზე აპელირება მას არასწორასდ მიაჩნია, ვინაიდან ეს პუნქტი კრძალავს მონოპოლიურ საქმიანობას, ხოლო თავისი საქმიანობის შინაარსით სააქციო საზოგადოება „თბილგაზი“ ბუნებრივი გაზის მიწოდების მონოპოლისტია როგორც კანონით დაშვებული გამონაკლისი, რასაც ასევე ითვალისწინებს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული მუხლი.
მოპასუხის აზრით, მომხმარებელთა უფლებების დაცვა გულისხმობს მათ დაცვას მონოპოლიურად მაღალი ფასებისაგან, ფალსიფიკაციისაგან, უხარისხო საქონლის მოხმარებისაგან და ა.შ. მომხმარებლის უფლებების დაცვა ხდება პროდუქციის მწარმოებლისა და გამყიდველების არამართლზომიერი ქმედებებისაგან. მას მიაჩნია, რომ მოსახლეობის სოციალური დაცვა სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა, იგი გულისხმობს ძირითადი სოციალური უფლებების (შრომის, დასვენების, საპენსიო უზრუნველყოფის და სხვა) დაცვას და ის არ არის ეკონომიკის, მისი დარგების, მათ შორის მარეგულირებელი ორგანოების ფუნქცია.
მომხმარებელთა უფლებები და ინტერესები ურთიერთდაკავშირებული, მაგარამ განსხვავებული ცნებებია და მის ქვეშ მხოლოდ ტარიფის შემცირების მოაზრება მოპასუხეს საშიშ შეცდომად მიაჩნია. ხელოვნურად დაბალი ტარიფისაკენ სწრაფვა ენერგეტიკისათვის ეკონომიკური საფუძვლის გამოცლის ტოლფასია – მიუთითებს მოპასუხე.
მოპასუხემ განმარტა, რომ სადავო დადგენილებით, სააქციო საზოგადოება „თბილგაზისათვის“ დამტკიცებული ტარიფი მიღებული იქნა შემდეგ გარემოებათა საფუძველზე:
1. “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ბუნებრივი გაზის რეგულირების ფუნქცია სემეკს დაეკისრა 1999 წლის ივნისიდან. ამ დროისათვის ქალაქ თბილისში ბუნებრივი გაზის მოხმარების ტარიფი შეადგენდი 288,25 ლარს 1000 კუბურ მეტრზე. აღნიშნულ ტარიფში 198,25 ლარი შეადგენდა გაზის შესასყიდად ფასს, ხოლო 90 ლარი სააქციო საზოგადოება თბილგაზის განაწილების ტარიფს. სემეკის 1999 წლის 27 აგვისტოს N 5 დადგენილებით, იმპორტირებული ბუნებრივი გაზის ფასის შემცირებასთან (60-დან 40 აშშ დოლარამდე) დაკავშირებით, შემცირდა სააქციო საზოგადოება “თბილგაზისათვის” სამომხმარებლო ტარიფი 250 ლარამდე 1000 კუბურ მეტრზე, სადაც გაზის შესასყიდი ფასი ტრანსპორტირების ტარიფის ჩათვლით 159,25 ლარია, ხოლო უცვლელი დარჩა განაწილების ტარიფი – 90 ლარი.
2. 2001 წლიდან კვლავ ეტაპობრივად დაიწყო ბუნებრივი გაზის ფასის გაზრდა, რომელმაც 2002 წლის დასაწყისისათვის მიაღწია 60 აშშ დოლარს და მისი საბითუმო მიწოდების ფასი განისაზღვრა 199,6 ლარით ტრანსპორტირების ჩათვლით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააქციო საზოგადოება „თბილგაზისათვის“ მოხმარების ტარიფი უნდა გაზრდილიყო არანაკლებ 40 ლარით 1000 კუბურ მეტრზე, მაგრამ მისი ზრდა განხორციელდა მხოლოდ 20 ლარით და მიაღწია 270 ლარს. ამასთან, ტარიფის ზრდის შესაბამისად მცირდებოდა სააქციო საზოგადოება „თბილგაზის“ წილი – განაწილების ტარიფი და იგი ბოლო გაძვირებისას განისაზღვრა 70 ლარით.
3. აღსანიშნავია, რომ 2002 წელს სააქციო საზოგადოება „თბილგაზის“ მიმწოდებელი იყო სააქციო საზოგადოება „საქგაზი“. მიუხედავად იმისა, რომ სააქციო საზოგადოება „თბილგაზის“ ხელმძღვანელობამ შესაბამისი სატარიფო განაცხადით 2002 წლის 24 მაისს მოითხოვა მოხმარების ტარიფის გაზრდა 290 ლარამდე 1000 კუბური მეტრისათვის, 2002 წლის 14 ივნისის სხდომაზე, რომელზეც იხილებოდა აღნიშნული მოთხოვნა, სააქციო საზოგადოება „თბილგაზის“ წარმომადგენლებმა შემოიტანეს წინადადება, რომ მოხმარების ტარიფი ამ ეტაპზე არ გაზრდილიყო, რადგან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები უცხოელ ინვესტორებთან და ასევე ხდებოდა ცვლილებები საკრებულოში. აღნიშნული წინადადება დაკმაყოფილებულ იქნა და 2002 წლის 5 ივლისის N9 დადგენილებით, სააქციო საზოგადოება „თბილგაზის“ მოხმარების ტარიფი – 27 თეთრი – დარჩა უცვლელი. ამან გამოიწვია მისი განაწილების ტარიფის შემცირება 90-დან 70,4 ლარამდე.
4. სემეკის 2003 წლის 9 ივნისის N 8 დადგენილებით, სააქციო საზოგადოება „თბილგაზს“, იმის გათვალისწინებით, რომ იგი პირდაპირ ახორციელებდა ბუნებრივი გაზის იმპორტს, მიწოდების ტარიფი დაუმტკიცდა 177,4 ლარი/1000 მ3, ანუ 5,6 ლარით ნაკლები სააქციო საზოგადოება „საქგაზის“ ტარიფზე, ხოლო ფასთა სხვაობა, ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების ცვლილებებისა და გაზსადენების მძიმე ტექნიკური და არსებული ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, მიმართული იქნა მიზნობრივად, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად. შესაბამისად, განაწილების ტარიფი გაიზარდა 5,6 ლარით და განისაზღვარა 76ლარი/1000მ3, ხოლო მოხმარების ტარიფი კვალავ უცვლელი დარჩა 27,0 ლარი მ3, დღგი-ის ჩათვლით. შესაბამისად, სამომხმარებლო ტარიფის გაზრდას ადგილი არ ჰქონია, რითაც სემეკის მიერ დაცულ იქნა მომხმარებლის ინტერესები.
მოპასუხეს მიაჩნია, რომ სემეკის მიერ სააქციო საზოგადოება „თბილგაზის“ ტარიფში მიზნობრივად გათვალისწინებული თანხა ნაწილობრივ მაინც წაადგება ქსელების რეაბილიტაციას და მისი შემცირება მიზანშეწონილი არ იქნებოდა, მით უმეტეს, რომ, ერთი მხრივ, როგორც ადგილობრივი სპეციალისტების, ასევე უცხოელი ინვესტორების გათვლებით სააქციო საზოგადოება „თბილგაზის“ ქსელების რეაბილიტაციას ესაჭიროება დაახლოებით 75 მლიონი აშშ დოლარი, ხოლო, მეორე მხრივ, ტარიფის 5,6 ლარით/1000 მ3 შემცირებით მოსახლეობა რაიმე მნიშვნელოვან შეღავათებს ვერ მიიღებდა, რადგან ყოველ 10 კუბურ მეტრზე ფასთა სხვაობა მხოლოდ 5,6 თეთრს შეადგენდა. ამასთნ, მოპასუხის აზრით, გადაუდებელი სარებილიტაციო სამუშაოების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მეტისმეტად მაღალი იქნებოდა მომხმარებლისათვის, ბუნებრივი გაზის მიწოდების მთლიანი ან ნაწილობრივ შეწყვეტის ალბათობა.
მოპასუხემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 1999 წლიდან, სემეკის მიერ ბუნებრივი გაზის რეგულირების პერიოდში, თბილისის მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის ტარიფები შემცირებულ იქნა 18,25 ლარით 1000 კუბური მეტრისთვის.
მოპასუხის აზრით, ასევე საყურადღებოა ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის შედეგად ბუნებრივი გაზის ან ელექტროენერგიის მიმწოდებელ საწარმოს ეზრდება გადასახადების ოდენობა, რაც ტარიფის ზრდის უმნიშვნელოვანეს გარემოებას წარმოადგენს. ამასთან, როგორც ცნობილია, საგადასახადო კოდექსი მუდმივად განიცდის ცვლილებას, რის გამოც სემეკის წინაშე დასაბეგრი საწარმოების მხრიდან მუდმივად არის მოთხოვნა სამომხმარებლო ტარიფის ზრდის თაობაზე.
ერთ-ერთი ასეთი საგადასახადო კანონმდებლობის გაუარესებად შეფასებული იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 29-ე მუხლში შესული ცვლილება, სადაც მოცემულია ტერმინთა განმარტება. კანონმდებლის მიერ დამატებულ იქნა „დანაკლისის“ განმარტება. ამ ცვლილების შედეგად, ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გზის ის რაოდენობა, რომელიც წარმოადგენს სხვაობას შეძენილ და მომხმარებელზე დარიცხულს შორის, ანუ, ე.წ. კომერციული დანაკარგი, ამავე კოდექსის 223–ე მუხლის შესაბამისად, ითვლება საქონლის მიწოდებად და იბეგრება გადასახადში. სწორედ ამ განმარტების – „დანაკლისის“ შეტანამ საგადასახადო კოდექსში განაპირობა სააქციო საზოგადოება „თბილგაზის“ მოთხოვნა – ბუნებრივი გაზის ტარიფი 27 თეთრიდან გაზრდილიყო 29 თეთრამდე, მაგრამ მიუხედავად ამისა, ტარიფი არ გაზრდილა. მოპასუხე თვლის, რომ მოსარჩელე საუბრობს არა ტარიფის გაზრდაზე, არამედ მის შესაძლო შემცირებაზე, ეს კი ერთი და იგივე არ არის. ტარიფის შემცირების მოთხოვნა, მოპასუხის აზრით, უნდა დადგეს მაშინ, როდესაც იგი აშკარად მაღალია და არის იმის მყარი გარანტიები, რომ უახლოეს მომავალში არ გახდება საჭირო მისი მომატება.
რაც შეეხება ვალუტის კურსის საკითხს, მოპასუხე აღნიშნავს, რომ ტარიფი დგინდება არა გასული, არამედ მომავალი პერიოდისათვის, ამიტომ მათში უნდა აისახოს საპროგნოზო (სავარაუდო) კურსი, რომელიც ოფიციალურად დაგენილია ქვეყნის ბიუჯეტის შესახებ კანონში. იმ შემთხვევაში ტარიფს მხოლოდ „იმ“ დღისთვის დადგენილი კურსით გამოითვლიან, მაშინ საჭირო გახდება ტარიფის ყოველთვიური ცვლილების აუცილებლობა, რაც, მოპასუხის აზრით, აბსურდულია. თუმცა დღევანდელი ლარის კურსი ტარიფის გადასინჯვის საფუძველს იძლევა, მაგრამ სემეკი ელოდება ოფიციალურ ინფორმაციას ეროვნული ბანკიდან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან.
მოპასუხეს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს არა სააქციო საზოგადოება „თბილგაზისათვის“ დანახარჯების შემცირებისაკენ, არამედ ენერგეტიკის, მათ შორის გაზის სექტორში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების შემცირებისაკენ, რაც მნიშვნელოვან შეღავათს მისცემს მომხმარებელს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლო სხდომაზე სპეციალისტად მოწვეულმა – სააქციო საზოგადოება “საქტრანსგაზმრეწვის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ეკონომიკურ საკითხებში დავით ფასურიშვილმა სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ იგი გაეცნო სემეკის მიერ წარმოდგენილ მასალებს, კერძოდ, სააქციო საზოგადოება “თბილგაზის” მიერ სემეკში დასამტკიცებლად წარდგენილ სატარიფო განაცხადს ბუნებრივი გაზის მიწოდების და განაწილების ტარიფის გაანგარიშებას, აგრეთვე განმარტებით ბარათს.
მოწვეული სპეციალისტი დაეთანხმა მოსარჩელის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ 2002 წლის დეკემბრიდან სააქციო საზოგადოება “საქგაზის” საქართველოს ბაზრიდან გასვლის გამო უნდა შემცირებულიყო საერთო ტარიფის საფასური (ღირებულება) სულ მცირე მისი წილით.
სპეციალისტმა აღნიშნა, რომ დადგენილ ტარიფში შესული ხარჯების ანალიზისას გამოვლინდა, რომ, როგორც განაწილების ტარიფში, ასევე მიწოდების ტარიფში ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლართან მიმართებით აღებულია 2,225 ლარი, ნაცვლად განაცხადის წარდგენის და ტარიფის დამტკიცებისას არსებული კურსისა - 2,15 ლარი. აღნიშნულის შედეგად გაზრდილია ბუნებრივი გაზის ღირებულება 3,4 პროცენტით. ასევე გაზრდილია მიწოდების ტარიფი სესხის პროცენტის ხარჯის სახით. ამასთან დაკავშირებით, სპეციალისტი განმარტავს, რომ ბუნებრივი გაზის მომწოდებელსა და სააქციო საზოგადოება “თბილგაზს” შორის ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება ითვალისწინებს ისეთ ანგარიშსწორებას, რომლის დროსაც მიღებული ბუნებრივი გაზის საფასურის ანაზღაურება ხდება საანგარიშო თვის დასრულებიდან მომავალი თვის 15 რიცხვამდე. რაც საშუალებას აძლევს სააქიო საზოგადოება “თბილგაზს”, მის მიერ რეალიზებული გაზის 50%-ით ამოღების შემთხვევაშიც კი სრულად დაფაროს მომწოდებლიდან მიღებული ბუნებრივი გაზის საფასური პროცენტის სარგებლობის გარეშე. ამდენად, სპეციალისტს მიაჩნია, რომ მიწოდების ტარიფი ხელვანურად იქნა გაზრდილი სემეკის ინიციატივით, რადგანაც, როგორც სააქციო საზოგადოება “თბილგაზის” წარდგენილი პროექტიდან ჩანს, ხარჯის ეს კომპონენტი გათვალისწინებული არ ყოფილა. სპეციალისტის გამოთვლებით 1000 კუბური მეტრი ბუნერივი გაზის საბითუმო მიწოდების ტარიფი რეალურად შეადგენს 164,0 ლარს, ნაცვლად დამტკიცებული 177,4 ლარისა, ხოლო ტრანსპორტირების ტარიფი შეადგენს 180,6 ლარს ნაცვლად დამტკიცებული 194 ლარისა. აქედან გამომდინარე, სპეციალისტის აზრით, ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფი რეალურთან შედარებით დასმტკიცებულია 6,9%-ით, გაზრდილი სახით, რაც, თანხით, 1000 კუბურ მეტრზე შეადგენს 13,4 ლარს.
რაც შეეხება, სააქციო საზოგადოება “თბილგაზის” მიერ 2003 წლის 5 მაისის წერილით სემეკში წარდგენილ და დამტკიცებულ განაწილების ტარიფს- ხარჯების შესწავლისას გაირკვა, რომ ტექნოლოგიური დანაკარგების გაანგარიშებისას ხარჯებში გათვალისწინებულია ნორმირებული 12%, თუმცა სააქციო საზოგადოება “თბილგაზისასთვის” ეს ნორმა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი არ არის, ტარიფის დადგენისას ეს ტექნოლოგიური დანაკარგი, რომელიც სპეციალისტის გათვლით სემეკის მიერ გაზრდილია 443,5 ლარით, ანუ 10%-ით, მძიმე ტვირთად აწვება თვითღირებულებას.
სპეციალისტი ასევე შეეხო ბანკის სესხის პროცენტს, რომელიც გათვალისწინებულია მიწოდების ტარიფში, იგი შეადგენს 400,0 ლარს, რაც, მისი აზრით, არ არის გამართლებული.
აქედან გამომდინარე, სპეციალისტი აღნიშნავს, რომ გაზის თვითღირებულებაში შეტანილია სხვა ისეთი კომპონენტებიც, რომლებიც მისი აზრით, სრულიად გაუმართლებელია, რასაც შემდგომ ერიცხება საბიუჯეტო გადასახადები და იწვევს ტარიფის ხელოვნურ ზრდას.
რაც შეეხება მოპასუხის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს კანონის “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” 43-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, ბუნებრივი გაზის ტარიფში გათვალისწინებული უნდა იყოს სარეაბილიტაციო თანხა და ბანკის სესხის სარგებლობის პროცენტი, სპეციალისტი არ ეთანხმება და საფუძვლად მოჰყავს სემეკის 1999 წლის 8 ოქტომბრის N6 დადგენილება “ბუნებრივი გაზის ტარიფის დადგენის წესისა და მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ”, რომლის მე-6 მუხლში გათვალისწინებულია “ტარიფის დადგენის პრინციპი”, სადაც განსაზღვრულია ტარიფში შემავალი აბსოლუტურად ყველა კომპონენტი, მათ შორის სარემონტო ხარჯები, რომლის სიდიდეც ამავე კანონმდებლობით დაიანგარიშება საგადასახადო კოდექსის მიხედვით, საორიენტაციოდ საწარმოო ფონდების ნარჩენი ღირებულების 5%-ის ფარგლებში.
სპეციალისტმა ასევე აღნიშნა, რომ ამავე დადგენილების მე-9 მუხლში კანონმდებელმა დაადგინა, რომ “.... საბალანსო მოგების სიდიდე მოგების გადასახადის გადახდის შემდეგ უნდა აკმაყოფილებდეს ინვესტორის მოთხოვნებს ინვესტიციაზე მიზანშეწონილი ამონაგების მისაღებად.” აღნიშნულით, სპეციალისტის აზრით, დასტურდება, რომ ინვესტორის მიერ მოზიდული თანხები (ინვესტიციები) თვიღირებულებაში კი არ უნდა იქნეს ასახული, რაც გამოიწვევს ტარიფის ზრდას და ასევე მასზე დარიცხულ, ხელოვნურად გაზრდილ საბიუჯეტო გადასახადებს, ხოლო შემდგომ ამ გაზრდილი ტარიფით შემოსავლების მიღებას, არმედ ტარიფი უნდა აძლევდეს “... შესაძლებლობას ლიცენზიატს მთლინად დაფარონ მიზანშეწონილი ხარჯები და მიიღონ ამონაგების მიზანშეწონილი დონე” (მუხლი მე-5).
რაც შეეხება საბანკო სესხს, სპეციალისტმა აღნიშნა, რომ იგი თვითღირებულებაში რეგულირდება ამავე ნორმატიული აქტით, კერძოდ, მე-10 მუხლით, სადაც ხაზგასმით არის დადგენილი, რომ “... დროებითი ფინანსური სიძნელეების დასაძლევად აღებულ მოკლევადიან სესხებზე გადახდილი პროცენტები გაითვალისწინება საექსპლუატაციო დანახარჯებში, მაგრამ არა უმეტეს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ნორმისა.” სადავო აქტში კი, სპეციალისტის თქმით, თვითღირებულებაში, ანუ საექსპლუატაციო ხარჯებში გათვალისწინებულია სესხზე გადახდილი პროცენტები, კერძოდ, მიწოდების ტარიფში 1 550 000 ლარი, ხოლო განაწილების ტარიფში 400 000 ლარი, რაც სპეციალისტის აზრით გაუმართლებელია.
ამდენად, სპეციალისტი თვლის, რომ ტარიფის დადგენის მეთოდოლოგიური საფუძვლებიდან და ძირითადი პრინციპებიდან გამომდინარე, რის საფუძველზეც ხდება ბუნებრივი გაზის მიწოდების, ტრასპორტირების და განაწილების ტარიფის დადგენა (მე-14, მე-15 და მე-17 მუხლები), არ ითვალისწინებს იმ მოსაზრებებს, რომლებიც გამოთქვა მოპასუხემ.
სპეციალისტი თვლის, რომ სააქციო საზოგადოება “საქგაზის” გასვლის შედეგად და მისი წილის შემცირების გამო, უდავად უნდა მომხდარიყო როგორც მიწოდების, ასევე განაწილების ტარიფის დახვეწა და შესაბამისად მის შემცირება მომხმარებელთა ინტერესების სასარგებლოდ. კერძოდ, მიწოდების ტარიფი 194 ლარის ნაცვლად დამტკიცებული იყო 180,6 ლარით, ხოლო განაწილების ტარიფი 76 ლარის ნაცვლად 63,4 ლარით, ეს იგი, საერთო ჯამში, სამომხმარებლო ტარიფის - 27,0 ლარის შემცირება 26,0 ლარამდე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სპეციალისტი –დავით ფასურიშვილი – მხარს უჭერს საკონსტიტუციო სარჩელს და მიაჩნია, რომ სადავო აქტით დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მეორე პუნქტი და 39- ე მუხლი.
საქმეზე სპეციალისტად მოწვეულმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკისა და მენეჯმენტის კათედრის დოცენტმა გოდერძი კიკნაველიძემ აღნიშნა, რომ სმეკში მის მიერ შესწავლილი იქნა სააქციო საზოგადოება “თბილგაზის” ბუნებრივი გაზის განაწილებისა და მიწოდების ტარიფის კალკულაცია, რის შედეგადაც მან გამოარკვია, რომ სემეკის ეკონომიკურმა დეპარტამენტმა სააქციო საზოგადოება “თბილგაზის” მიერ წარმოდგენილი განაცხადის საფუძველზე, მიზანშეწონილად ჩათვალა ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და განაწილების ტარიფში გათვალისწინებული ყოფილიყო 1950,0 ათასი ლარი ბანკის სესხის სარგებლობის პროცენტი და 1190,0 ათასი ლარი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად, რითაც საცალო მოხმარებისა და განაწილების ტარიფი გაიზარდა 15-51 ლარით.
სპეციალისტი ასევე აღნიშნავსს, რომ წლის განმავლობაში გეგმით გათვალისწინებული შესასყიდი გაზის ღირებულების მთლინად ბანკის სესხით ანაზღაურების შემთხვევაშიც კი პროცენტის ასანაზღაურებლად (თვიური 2%) საჭირო იქნებოდა 737,0 ათასი ლარი, ნაცვლად კალკულაციით გათვალისწინებული 1950,0 ათასი ლარისა. ესე იგი, ხარჯი გაზრდილია 1213,0 ათასი ლარით, რამაც გამოიწვია ტარიფის გაზრდა 6 ლარით. რაც შეეხება სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის გათვალისწინებულ 1190, 0 ათას ლარს, სპეციალისტი თვლის, რომ იგი მექანიკურად არის გადმოტანილი სააქციო საზოგადოება “თბილგაზის” ტარიფში და იწვევს ტარიფის გაზრდას 5,60 ლარით.
სპეციალისტის აზრით, 2002 წლის დეკემბრიდან, ანუ მას შემდეგ, რაც “საქგაზი” აღარ მონაწილეობდა ბუნებრივ გაზის მიღება-განაწილებაში, აღნიშნული ტარიფი სემეკის მიერ უმდა გაუქმებულიყო.
სპეციალისტი გოდერძი კიკნაველიძე თვლის, რომ სემეკის მიერ 2003 წლის 14 აგვისტოს N13 დადგენილებით სააქციო საოგადოება “თბილგაზისათვის” დამტკიცებული ბუნებრივი გაზის ტარიფი არასწორია და საერთო ჯამში გაზრდილია 11-60 ლარით. მან აღნიშნა, რომ აღნიშნული ტარიფის ზრდას არავითარი კავშირი არა აქვს სააქციო საზოგადოება “თბილგაზში” მართვის უფლებით ამხანაგობა “ახალი მენეჯმენტის” შემოსვლასთან და მისი ხარჯების ანაზღაურებასთან. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სპეციალისტის აზრით, “თბილგაზის” მმართველობაში “ახალი მენეჯმენტის” შემოსვლას არავითარი დადებითი შედეგები არ მოუტანია სააქციო საზოგადოების მუშაობის გაუმჯობესების საქმეში.
საქმეზე მოწმედ მოწვეულმა სააქციო საზოგადოება “საქგაზის” გენერალურმა დირექტორმა ვალერი აკოფოვმა აღნიშნა, რომ იმ პერიოდში, როდესაც სააქციო საზოგადოება “საქგაზი” იყო შუამავალი ორგანიზაცია, ანუ “იტერესაგან” იძენდა ბუნებრივ გაზს და აწოდებდა “თბილგაზს”, მისი წილი 5,6 ლარი განსაზღვრული იყო ტარიფში. მოწმე არ ფლობს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ სად აისახა ეს თანხა მათი ხელშეკრულებიდან გასვლის შემდეგ.
მოწმედ მოწვეულმა “თბილგაზის” ეკონომიკისა და დაგეგმვის განყოფმილების უფროსმა მარინა ბერიკაშვილმა აღნიშნა, რომ გამოთავსუფლებული 5,6 ლარი დაემატა “თბილგაზის” განაწილების ტარიფს. მან ისაუბრა იმ პროცესებზე, რომელსაც ამ დროს ადგილი ჰქონდა სააქციო საზოგშადოება “თბილგაზში”, კერძოდ, მოწმემ აღნიშნა, რომ 2001-2002 წლებში, როდესაც მომწოდებელი ბუნებრივ გაზს აძვირებდა, სააქციო საზოგადოება “თბილგაზის” განაწილების ტარიფი 90 ლარიდან შემცირდა 70 ლარამდე, იმის გამო, რომ სამომხმარებლო ტარიფი არ გაზრდილიყო. ახლა კი სააქციო საზოგადოება “თბილგაზს” საშუალება მიეცა ცოტათი მაინც აღედგინა თავისი მდგომარეობა. სააქციო საზოგადოება “თბილგაზის” წარმომადგენელმა აღნიშნა რომ ყოველთვის, როდესაც დგებოდა მომავალი წლის პროექტი, ტარიფში დაფიქსირებული იყო სარეაბილიტაციო თანხები, თუმცა 2003 წლამდე ტარიფის ეს პუნქტი სემეკს არ დაუმტკიცებია. მან ასევე აღნიშნა, რომ სააქციო საზოგადოება “თბილგაზში“ მდგომარეობა გაუმჯობესებულია, კერძოდ, აღნიშნული 5.6 ლარი წელიწადში შეადგენს დაახლოებით მილიონ სამასი ათასს, ამსთან, ბუნებრივი გაზის დანაკარგის პროცენტი ბოლო თვეებში ჩამოსულია 47-50 პრცენტამდე, ხოლო მოხმარებული გაზიდან ამოღებული თანხების პროცენტული მაჩვენებელი უკვე 85-90 პროცენტს აღწევს.
საქმეზე მოწმედ მოწვეულმა “იტერა-საქართველოს” წარმომადგენელმა ვაჟა მარსაგიშვილმა აღნიშნა, რომ “იტერა-საქართველო” 2003 წლიდან აწარმოებს გაზის რეალიზაციას, ანუ ბუნებრივი აირის საზღვარზე შესყიდვას და მის განაწილებას სხვადასხვა რეგიონებში. მისი თქმით, აღნიშნულ დავასთან მის მიერ წარმოდგენილ კომპანიას არ ჰქონდა შეხება. “იტერა-საქართველო” მხოლოდ ჩაენაცვლა სააქციო საზოგადოება “საქგაზს” ბუნებრივი გაზის რეალიზაციის მიზნით. იგი არ დაეთანხმა სადავო აქტის გაუქმებას, რადგან ამით უქმდება ის ტარიფი, რომელიც “იტერა-საქართველოსთვის” იყო დადგენილი.
საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელის მასალების საქმის არსებითად განხილვის დროს მოწმეთა ჩვენებების, სპეციალისტთა წერილობითი დასკვნების საფუძველზე დაადგინა გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო გარემოებანი.
1. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2003 წლის 14 აგვისტოს N13 დადგენილებით, სააქციო საზოგადოება “თბილგაზსა” და კომპანია “იტერას” შორის შუამავალი რგოლის – სააქციო საზოგადოება “საქგაზის” გაუქმებასთან დაკავშირებით, ბუნებრივი გაზის საბითუმო მიწოდების ტარიფი 183 ლარი 1000 კუბური მეტრზე შემცირდა სააქციო საზოგადოება “საქგაზის” წილით - 5,60 ლარით, სანაცვლოდ გაიზარდა განაწილება –მიწოდების ტარიფი მიწოდების ტარიფის შემცირების ადეკვატურად და 1000 კუბურ მეტრ გაზზე 70,00 ლარის ნაცვლად გახდა 76,00 ლარი. მოხმარების ტარიფი უცვლელი დარჩა.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მოპასუხემ მიწოდების ტარიფიდან გამოთავსუფლებული “საქგაზის” წილით - 5,60 ლარით, ნაცვლად მოხმარების ტარიფის შემცირებისა, გაზარდა განაწილება – მიწოდების ტარიფი, რითაც არ დაიცვა მომხმარებელთა ინტერესები, დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მეორე პუნქტი, რომლითაც აღიარებულია: “სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით”.
მაგრამ არ შეიძლება გვერდი ავუაროთ იმ გარემოებას, რომ ქვეყანაში ბუნებრივი გაზის განაწილება რეალურად ბუნებრივი მონოპოლიის პირობებში ხორციელდება. სწორედ ასეთი მდგომარეობა უკავია სააქციო საზოგადოება “თბილგაზს”, თუმცა, მოპასუხემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება ბუნებრივი მონოპოლიების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ, რომელსაც “მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. აღნიშნულ კანონში ბუნებრივ მონოპოლიად ითვლება “სასქონლო ბაზრის მდგომარეობა, როდესაც ამ ბაზარზე მოთხოვნილების დაკმაყოფილება წარმოებს ტექნოლოგიუკრი თავისებურებიდან გამომდინარე (წარმოების მასშტაბების გაფართოების შესაბამოსად პროდუქციის ერთეულზე საწარმო დანახარჯების არსებით შემცირებასთან დაკავშირებით) უფრო ეფექტიანია კონკურენციის არარსებობის პიროებეში, ხოლო ბუნებრივი მონოპოლიის სუბიექტების მიერ წარმოებული საქონელი შეუძლებელია მოხმარებისას შეიცვალოს სხვა საქონლით, რის გამოც მოთხოვნილება ბუნებრივი მონოპოლიის პროდუქციაზე, სხვა სახის საქონელზე მოთხოვნილებასთან შედარებით, ნაკლებად არის დამოკიდებული ამ საქონლის ფასის ცვლილებაზე”.
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, არ გამორიცხავს მონოპოლიურ საქმიანობას, ხოლო ზემოაღნიშნული კანონის მე-5 მუხლი უშვებს, ნაწილობრივ ან მთლიანად არ გავრცელდეს კანონის მოქმედება მონოპოლიური საქმიანობის ცალკეულ სახეებზე. აქედან გამომდინარე, სააქციო საზოგადოება “თბილგაზი”, რომელიც თავისი საქმიანობით ფაქტობრივად ბუნებრივ მონოპოლისტს წარმოადგენს, საქართველოს კონსტიტუციით დაშვებულ და საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ამ გამონაკლის შემთხვევად უნდა იქნეს მიჩნეული.
მიუხედავად ფაქტობრივი მონოპოლიური მდგომარეობისა, მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა დასაბუთება, რომ სააქციო საზოგადოება “თბილგაზი” სარგებლობდა ამ მდგომარეობით და მაღალი ფასების დაწესებას მოითხოვდა სემეკის სატარიფო პოლიტიკის წინააღმდეგ, რომლის ამოცანაა მომხმარებელთა მონოპოლიური ფასებისაგან დაცვა.
2. რაც შეეხება კონსტიტუციური სარჩელის საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მეორე პუნქტის იმ ნაწილთან მიმართებას, რომლის შესაბამისად “მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით”, სასამართლო კოლეგია თვლის, რომ, კონსტიტუციის აღნიშნული მუხლის აზრიდან გამომდინარე, სწორედ კანონმა უნდა გაითვალისწინოს ამ უფლების დაცვასთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებები. “მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესავალ ნაწილში განსაზღვრულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებელთა უფლებების დაცვა მოიცავს სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ საფუძვლებს. ამდენად, მოპასუხის მოსაზრება, რომ სოციალური დაცვა სახელმწიფოს ფუნქციაა და იგი არ შედის ეკონომიკის, მათ შორის მარეგულირებელი ორგანოების მოვალეობაში, არ ემყარება კანონს.
იმავე კანონის ზოგადი დებულებების მე-2 მუხლი ჩამოთვლის მომხმარებელთა უფლებებს: “საქონლის, სამუშაოს, სავაჭრო და სხვა სახის მომსახურების სტანდარებთან შესაბამისი სათანადო ხარისხი; პროდუქციის უსაფრთხოება; სათანადო ინრფორმაცია პროდუქციის რაოდენობაზე, ხარისხსა და ასორტიმენტზე; არასათანადო ხარისხის მქონე ან მომხმარებლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, აგრეთვე მისი ქონებისათვის საზინაო პროდუქციით მიყენებული ზარალის ანაზღაურება; საკუთარი უფლებების დაცვა სასამართლოსა და შესაბამისი რწმუნების მქონე სახელმწიფო ორგანოს მიერ.”
კოლეგია თვლის, რომ საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული მუხლის დებულებაში კანონით დადგენილი ამ და სხვა უფლებების დაცვა იგულისხმება.
რა თქმა უნდა, ტარიფის დადგენის ამოსავალ დებულებად მიიჩნევა, რომ იგი სრულად ფარავდეს ყველა საფეხურებზე გაწეული მომსახურების ღირებულებას, გათვალისწინებული იქნეს ქვეყნის ეკონომიკეური მდგომარეობა, მოსახლეობის გადახდისუნარიანობა და სოციალური დაცვის ასპექტები.
სამართლიანი ტარიფის არსებობა შესაბამისი სფეროს ნორმალური და სტაბილური სამოქალაქო ბრუნვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ამასთან ერთად, კოლეგია ეთანხმება მოპასუხეს, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვაში მხოლოდ ტარიფების შემცირების მოაზრება სწორი არ იქნებოდა. გაზის ქსელის გამართულ მდგომარეობაში ყოფნა, ბუნებრივი გაზის განუწყვეტელი მიწოდების უზრუნველყოფა, ავარიების თავიდან აცილება და სხვა მომხმარებელთა უფლებების დაცვისაკენ მიმართულ საქმიანობას წარმოადგენს.
3. კონსტიტუციური სარჩელი სემეკის დადგენილებას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფის გაძვირების მოტივით. სინამდვილეში, მოსარჩელის აზრით, მოპასუხეს სააქციო საზოგადოება “საქგაზის” გამოთავისუფლებული წილი, შესაბამისად, მოხმარების ტარიფის შემცირებისაკენ უნდა მიემართა. მაშასადამე, მოსარჩელე ტარიფის არა გაზრდას, არამედ შემცირებაზე უარს ხდის სადავოდ, რაც ერთი და იგივე არ არის და იურიდიული შედეგიც სხვადასხვა დგება.
მოსარჩელლე სადავოდ არ ხდის ბუნებრივი გაზის მიწოდების არსებულ ტარიფს და არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ამ მიმართებით. არ დაფიქსირებულა ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფის განუწყვეტელი ზრდის ტენდენცია ან მოსალოდნელი ზრდის შესაძლებლობა, განსხვავებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით დადგენილი ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის მუდმივი ზრდისა, რაც გახდა კიდეც კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. არ შეიძლება ერთნაირად იქნეს გაგებული ბუნებრივი გაზის ტარიფის ზრდა და არსებული ტარიფის შემცირების მოთხოვნა.
კოლეგიას მიაჩნია, რომ მიწოდების ტარიფის ცვლილება, სამომხმარებლო ტარიფის უცუვლელად შენარჩუნებით, არ წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მეორე პუნქტით აღიარებულ მომხმარებელთა კანონით დაცული უფლებების შელახვას.
4. არც კონსტიტუციურ სარჩელში და არც შემდეგ საქმის არსებითი განხილვის დროს მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლით გათვალისწინებული ადამიანისა და მოქალაქის რა საყოველთაოდ აღიარებული უფლებები დაირღვა, რაც კონსტიტუციაში არ არის მოხსენებული და კონსტიტუციის რა პრინციპები აქვს მხედველობაში მოსარჩელეს.
5. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია მუდმივმოქმედი დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოა, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებასა და ორგანიზაციას, “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის “ბ” პუნქტით, კომისიის ძირითად ფუნქციად აღიარებულია “...ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების, განაწილების, მიწოდებისა და მოხმარების საბითუმო და საცალო ტარიფების დადგენა და რეგულირება.”
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ სემეკი, რომელმაც სააქციო საზოგადოება “საქგაზის” წასვლის შემდეგ მოახდინა ტარიფის შიგნით “საქგაზის” წილის გადანაწილება-გადაადგილება, მოქმედებდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ვინაიდან ბუნებრივი გაზის საბითუმო და საცალო ტარიფების დადგენა მხოლოდ მის კომპეტენციას განეკუთვნება.
ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია ლიცენზიატის (სააქციო საზოგადოება “თბილგაზი”) უფლებები, რაც იმაში გამოიხატება, რომ კომისიის მიერ დადგენილი ტარიფები “შესაძლებლობას აძლევს ლიცენზიატებს დაფარონ თავიანთი ხარჯები, რომლებიც მოიცავს ეკონომიკურად გამართლებულ ფასებში შეძენილ საწვავის ღირებულებას, საექსპლუატაციო დანახარჯებს მიმდინარე და კაპიტალური რემონტების დანახარჯებს, საბრუნავი კაპიტალის სახით აღებული სესხების ძირითადი ნაწილისა და პროცენტის გადასახადებს.”
კოლეგია თვლის, რომ ტარიფის დადგენის ან შეცვლის დროს ტარიფის შიგნით მისი ცალკეული კომპონენტების გადაადგილების, ტარიფში ცალკეული დანახარჯების შეტანის სისწორის დადგენა სცილდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს;
6. ამასთან ერთად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლენგია აღნიშნავს, რომ საქმის არსებითად განხილვის დროს გამოვლენილი იქნა გაზის მიწოდების ტარიფის დადგენის მეთოდოლოგიისა და პრინციპების საქმეში არსებული ხარვეზები, რაც ხელს უშლის მიმწოდებლისა და მომხმარებლის ინტერესების შეხამებას და არ შეიძლება დარჩეს სასამართლოს მხედველობის მიღმა:
ა. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ბუნებრივი გაზის განაწილების ტარიფის გაანგარიშების მიხედვით სააქციო საზოგადოების “საქგაზის” გამოთავისუფლებულმა წილმა ასახვა პოვა თავითღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოების (მიზნობრივი) გრაფაში, რაც წარმოდგენილი კალკულაციის შესაბამისად, ადრინდელ წლებში გათვალისწინებული არ ყოფილა. საქმეზე მოწვეულ სპეციალისტებს – სააქციო საზოგადოება “საქტრანსგაზმრეწვის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ეკონომიკურ საკითხებში დავით ფასურიშვილს და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ენერგეტიკის, ეკონომკისა და მენეჯმენტის N 111 კათედრის დოცენტს, ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატს გოდერძი კიკნაველიძეს არასწორად მიაჩნია სარეაბილიტაციო თანხების გაზის ტარიფში შეტანა.
საქართველოს კანონის “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” 43-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, “ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს კაპიტალდაბანდებების ამონაგების კეთილგონიერ და სამართლიან დონეს, რომელიც საკმარისი უნდა იყოს დარგის რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით ინვესტიციების მოსაზიდად”. მაშასადამე, დარგის რეაბილიტაცია და განვითარება ინვესტიციების მოზიდვის გზით მიიღწევა. აღნიშნული იმითაც დასტურდება, რომ “ბუნებრივი გაზის ტარიფის დადგენის წესისა და მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნული კომისიის 1999 წლის 8 ოქტომბრის დადგენილების მე-3 თავში, ტარიფის ყველა კომპონენტის ჩამონათვალში, სარეაბილიტაციო სამუშაოები არ მოიხსენიება.
საგულისხმოა, რომ ამ გარემოებას ნაწილობრივ მოპასუხეც ადასტურებს თავის დასკვნით სიტყვაში, მაგრამ სრულად დაუსაბუთებლად ამას ტერმინოლოგიურ უზუსტობად მიიჩნევს იმაზე მითითებით, რომ სემეკს შეეძლო ეს თანხა სხვა დანახარჯებზე მიემართა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა გადაიხადოს გაზის თვითღირებულებაში სარეაბილიტაციო სამუშაოების შეტანის საფუძვლიანობა;
ბ. სპეციალისტის დასკვნით, მიწოდებისა და განაწილების ტარიფში ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში აღებულია 2,225 ლარი, ნაცვლად განაცხადის წარდგენისა და ტარფის დამტკიცებისას არსებული კურსისა - 2,15 ლარი, რითაც გაზრდილია ბუნებრივი გაზის ღირებულება და მიწოდების ტარიფიც. მოპასუხე დასკვნით სიტყვაში არ უარყოფს ამ მოტივით ტარიფის გადაანგარიშების აუცილებლობას დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე;
გ. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ დაუშვებლად გაზრდილია ტარიფში გათვალისწინებული ბანკის სესხის სარგებლობის პროცენტი. მოპასუხე მიწოდებული გაზის ღირებულების ამოღების დაბალი პროცენტით ამართლებს პროცენტის მაღალ დონეს, რაც საკმარისად დასაბუთებულად არ შეიძლება მვიჩნიოთ. სპეციალისტ გ. კიკნაველიძის აზრით, შესასყიდი გაზის ღირებულების მთლიანად ბანკის სესხით ანაზღაურების შემთხვევშიც საჭირო იქნებოდა ტარიფში შეტანილი თანხის მხოლოდ ერთ მესამედზე ცოტა მეტი. სპეციალისტ დ. ფასურიშვილს მიაჩნია, რომ რეალიზებული ბუნებრივი გაზის 50% ამოღების შემთხვევაშიც კი სააქციო საზოგადოება “თბილგაზს” საშუალება აქვს, გაზის საფასური სრულად დაფაროს პროცენტის სარგებლობის გარეშე;
დ. სპეციალისტი დ. ფასურიშვილი თვლის, რომ განაწილების ტარიფში ტექნოლოგიური დანაკარგების გაანგარიშებისას გამოყენებულია ნორმირებული დანაკარგი 12%-ის ოდენობით, თუმცა, ეს ნორმა “თბილგაზს” სათანადო წესით დამტკიცებული არა აქვს. გარდა ამისა, სემეკის მიერ დამტკიცებულ ხარჯებთან მიმართებაში თვითღირებულების ეს კომპონენტი გაზრდილია 10%-ით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ტარიფის დადგენის მეთოდოლგიური საფუძვლები და ძირითადი პრინციპები, რის საფუძველზეც ხდება გაზის მიწოდების, ტრანსპორტირების და განაწილების ტარიფების დადგენა, ტარიფის ზემოაღნიშნულ კოპონენტებთან მიმართებაში დაზუსტებას მოითხოვს, ვინაიდან წარმოდგენილი მასალების და პროცესის მონაწილეთა აზრით, არსებული ხარჯები ტარიფის ხელოვნურ ზრდას იწვევს.
სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ გადასახედია ბუნებრივი გაზის ტარიფის აღნიშნული კომპონენტის სისწორე, რაც მომხმარებელთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობემების ერთ-ერთი პირობაა.
7. მოსარჩელე ბუნებრივი გაზის მიწოდების მოუწესრიგებლობას მომხმარებელთან სახელშეკრულებო ურთიერთობის არარსებობითაც ხსნის.
სასამართლო კოლეგია თვლის, როიმ განსაკუთრებით საბაზრო ეკონომიკის არსებობის პირობებში მოქალაქეთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს მხარეების უფლება-მოვალეობათა გამიჯვნა, რაც არ შეიძლება მოწესრიგდეს ფაქტობრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის პირობებში. მიუღებელია, რომ სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეს მხოლოდ ვალდებულებები ეკისრებოდეს და შემხვედრი ვალდებულებები არ იყოს დადგენილი ხელშეკრულებით ან ხელშეკრულების პირობებს მხოლოდ ერთი მხარე ადგენდეს და მეორე მხარის უფლებები არ იყოს განსაზღვრული.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით და მეორე პუნქტით, “საქართველოს საკონსტიტიუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მეორე პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტითა და მეორე პუნქტით, 43-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-7 და მე-8 პუნქტებით, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის 32-ე და 33-ე მუხლებით,
საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია
ადგენს:
1. არ დაკმაყოფილდეს მოქალაქე კახაბერ ძაგანიას კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) წინააღმდეგ, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) 2003 წლის 14 აგვისტოს N 3 დადგენილების “ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ” არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით.
2. ეთხოვოს საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემკს), გადახედოს ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფის იმ კომპონენტების კანონთან შესაბამისობას, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას სამოტივაციო ნაწილის მე-6 პუნქტშია მითითებული.
3. ეთხოვოს საქართველოს მთავრობას შესაბამისი უწყებების მეშვეობით შეისწავლოს და მეთვალყურეობა გაუწიოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულ საკითხებს.
4. ეს გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან.
5. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. გადაწყვეტილება გაეგზავნოს საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტს და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
7. გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” 7 დღის ვადაში.
კოლეგიის წევრები:
1. ოთარ ბენიძე.
2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი.
3. ლამარა ჩორგოლაშვილი.
4. ზაურ ჯინჯოლავა.