საქართველოს მოქალაქეების – მანგული ხუბუას, სოსო ლაგვილავას, შალვა შანიძის და ლაშა გვასალიას კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/15/247 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 13 ოქტომბერი 2003 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ოთარ ბენიძე – თავჯდომარე;
2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – (წევრი, მომხსენებელი მოსამართლე);
3. ლამარა ჩორგოლაშივლი – წევრი;
4. ზაურ ჯინჯოლავა – წევრი.
სხდომის მდივანი: ლიკა ჯალაღონია.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეების – მანგული ხუბუას, სოსო ლაგვილავას, შალვა შანიძის და ლაშა გვასალიას კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე მანგული ხუბუა.
დავის საგანი: საქართველოს ორგანული კანონის ”საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 128-ე მუხლის მე-5 ნაწილის ”გ” პუნქტისა და მე-8 ნაწილის ”ა” პუნქტის, 1281-ე მუხლის მე-5 ნაწილის და 1282-ე მუხლის მე-5 ნაწილის ის წინადადებები, რომლებითაც საოლქო და საუბნო კომისიების ოთხ-ოთხი წევრის დანიშვნის უფლება 2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას ქ. თბილისში პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში ოთხი საუკეთესო შედეგის მქონე პარტიას აქვს მინიჭებული, კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 28-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.
საქართველოს მოქალაქეების – მანგული ხუბუას, სოსო ლაგვილავას, შალვა შანიძის და ლაშა გვასალიას 247-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია 2003 წლის 22 სექტემბერს. დასახელებული კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა მიმდინარე წლის 26 სექტემბერს მისი საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად.
აღნიშნულ კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძვლად დასახელუბლია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ვ” ქვეპუნქტი, ”საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ”ე” ქვეპუნქტი, 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტი, ”საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-10 მუხლის პირველი პუნქტი.
კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ ”საქართველოს საარჩევნო კოდექსის”საქართველოს ორგანული კანონის 128-ე მუხლის მე-5 ნაწილის ”გ” პუნქტი და მე-8 ნაწილის ”ა” პუნქტი, 1281-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 1282-ე მუხლის ის წინადადებები, რომლებითაც საოლქო და საუბნო კომისიების ოთხ-ოთხი წევრის დანიშვნის უფლება 2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას ქალაქ თბილისში პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში ოთხი საუკეთესო შედეგის მქონე პარტიას აქვს მინიჭებული, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს და 28-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად ”ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა”. ხოლო, საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების თანახმად ”უზრუნველყოფილია ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება”.
მოსარჩელეთა განცხადებით, საქართველოს ორგანული კანონის ”საქართველოს საარჩევნო კოდექსის, სადავო დებულებებით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, აგრეთვე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების ოთხ-ოთხი წევრის დანიშვნის უფლება მინიჭებული აქვთ 2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას ქალაქ თბილისში პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში ოთხი საუკეთესო შედეგის მქონე პარტიას, რაც მოსარჩელეთა აზრთი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს და 28-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებას, ვინაიდან ქალაქ თბილისში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა ხმებს, კონკრუტულ შემთხვევაში უპირატესი ძალა ენიჭება საქართველოს სხვა რეგიონების ამომრჩეველთა ხმებთან შედარებით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელის განხილვის და გამწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელეთა წარმომადგენლის განმარტებათა საფუძველზე გამოარკვია კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებული შემდეგი გარემოებანი:
1. მოსარჩლე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს ორგანული კანონის ”საქართველოს საარჩევნო კოდექსის” იმ დებულებების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, რომლებითაც ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებისას ოთ-ოთხი წევრის დანიშვნის უფლება აქვთ 2002 წელს ქალაქ თბილისში პროპორციული სისტემით ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ ოთხ პარტიას.
სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ერთ-ერთ სუბიექტად ”საქართველოს საარჩევნო კოდექსი” აყალიბებს 2002 წელს ქალაქ თბილისში პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე ოთხ პარტიას. აღნიშნული კოდექსისი109-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე 2002 წელს ჩატარდა მხოლოდ თბილისში, და შესაბამისად მხოლოდ თბილისის მაგალითზე მო შესაძლებელი პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებულ არჩევნებში ოთხი საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის გამოვლენა. საარჩევნო კოდექსის იმავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საქართველოს სხვა რეგიონებში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა არა პროპორციული, არამედ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, რაც, თავის მხრივ შეუძლებელს ხდიდა საქართველოს რეგიონებში, პირდაპირ გვესაუბრა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას რომელიმე პოლიტიკური პარტიის შედეგებზე. სწორედ ამის გამო დაედო ეს პრინციპი საფუძვლად ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების სადავო კრიტერიუმებს.
ამრიგად, სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში შეუძლებელია ვისაუბროთ ქალაქ თბილისში რეგისტრირებული ამომრჩევლების ხმათა უპირატესობაზე საქართველოს სხვა რეგიონების ამომრჩევლების ხმებთან მიმართებით, ვინაიდან საქმე გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების ორ განსხვავებულ სისტემასთან, როდესაც ერთ შემთხვევაში ამომრჩეველი ხმას აძლევს პარტიას, ხოლო მეორე შემთხვევაში კი მაჟორიტარ კანდიდატს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს დავის საგნის საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართება, ვინაიდან კონსტიტუციის აღნიშნული დებულება განსაზღვრავს ყველა ადამიანის კანონის წინაშე თანასწორობას ”განურჩევლად... საცხოვრებელი ადგილისა”, კონკრეტულ შემთხვევაში კი – ქალაქ თბილისში რეგისტრირებული ამომრჩევლების ხმებს არა აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს სხვა რეგიონების ამომრჩევლების ხმებთან მიმართებით.
2. სასამართლო კოლეგია, ასევე მიიჩნევს, რომ უსაფუძვლოა ”საქართველოს საარჩევნო კოდექსის” სადავო დებულებების მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ ნაწილთან. კონსტიტუციის აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს, რომ ”საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. უზრუნველყოფილია ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება”. კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეების აქტიურ უფლებას მონაწილეობა მიიღონ საქართველოში ჩატარებულ რეფერენდუმში, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმაართველობის ორგანოების არჩევნებში, რაც არანაირ კავშირში არ არის ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებასთან.
რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებას, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნულ შემთხვევაშიც საკითხი შეეხება არჩევნების ჩატარებას საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგია ვერ დაეთანხმება მოსარჩელე მხარის განცხადებას, რომ კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის დებულებაში – ”უზრუნველყოფილია ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება” – იგულისხმება, აგრეთვე საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესიც.
ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია, ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს და ადგენს იმ მოთხოვნებს, რომელთა დაცვითაც, საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა განახორციელოს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ შეიცავს იმ ძირითად პრინციპებს, რომელთა დაცვითაც უნდა შეიქმნას და დაკომპლექტდეს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია. ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციების შექმნისა და დაკომპლექტების წესი საქართველოს კონსტიტუციით არ არის გადაწყვეტილი. ”საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ”ე” პუნქტის შესაბამისად კი – ”კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება განსახილველად არ მიიღება, თუ ... ე) მასში მითითებული არც ერთი სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით”.
3. ზემოაღნიშნულის გამო, ვინაიდან კონსტიტუციური სარჩელი არ მიიღება არსებითად განსახილველად, არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას მოსარჩელის შუამდგომლობაც სასამართლო განხილვის დასრულებამდე სადავო ნორმატიული აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე ”საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე იხელმძღვანელა რა ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ”ე” ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, ”საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, მე-18 მუხლის ”ე” პუნქტით და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით,
საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქეების – მანგული ხუბუას, სოსო ლაგვილავას, შალვა შანიძისა და ლაშა გვასალიას 247-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი და საქმეზე შეწყდეს სამართალწარმოება;
2. ეს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ოთარ ბენიძე;
ლამარა ჩორგოლაშვილი;
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი;
ზაურ ჯინჯოლავა;