საქართველოს მოქალაქე პაატა შარაშენიძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/19/259 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 9 დეკემბერი 2003 |
კოლოეგიის შეამდგენლობა:
1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – სხომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
2. ლამარა ჩორგოლაშვილი – წევრი;
3. ზაურ ჯინჯოლავა – წევრი.
სხდომიდ მდივანი: ლიკა ჯალაღონია.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე პაატა შარაშენიძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელის წარმომადგენლები მანანა კობახიძე და თამარ გაბისონია.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 290-ე მუხლის მე-7 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქართველოს მოქალაქე პაატა შარაშენიძის 259-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია მიმდინარე წლის 12 ნოემბერს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის რეზოლუციით განმწერიგებელი სხდომა დაინიშნა მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, ხოლო მომხსენებელ მოსამართლედ – საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი.
დასახელებულ კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი, 31-ე მუხლი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი და მეორე პუნქტი, მე-10 მუხლის პირველი პუნქტი და ამავე კანონის მე-16 მუხლი.
მოპასუხედ დასახელებულია საქართველოს პარლამენტი.
259-ე ნომრით რეგიტრირებული კონსტიუვციური სარჩელის ავტორი აღნიშნავს, რომ 2002 წლის დეკემბერში მან შეიძინა მიწის ნაკვეთი ავტოგასამართი სადგურის მშენებლობის ნებართვით. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე აშენებული იქნა ავტოგასამართი სადგური, რომელიც იჯარით გადაეცა შპს „უნისერვისს“ წლიური 5000 ლარის გადახდის პირობით. ხელშეკრულების შესაბამისად გადახდა მიმდინარეობდა ყოველ 10 დღეში ერთხელ. მიმდინარე წლის აგვისტოსა და სექტემბრის თვეებში ანგარიშსწორება არ მომხდარა, რაც დამქირავებლის განმარტებით განპირობებული იყო იმით, რომ საქართველოს შსს საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ ამოღებული იქნა შპს „უნისერვისიდან“ 2001-2003 წლების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ამსახველი სრული დოკუმენტაცია, რაც ნებადართული იყო ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის ბძანებით.
მოსარჩელის განმარტებით, დამქირავებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შედეგად მას მიადგა მნიშვნელოვანი ზარალი, რომელიც თვეში შეადგენს 416 ლარს.
კონსტიტუციური სარჩელის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერება მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩხრეკა, ამოღება, ... ქონებაზე ყადაღის დადება და ქონების ჩამორთმევა შეიძლება მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით ან სასამართლოს განჩინებით (დადგენილებით), ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 290-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად მოსამართლის ბრძანება ამოღების გასატარებლად ნებართვის გაცემის თაობაზე არ საჩივრდება. მოსარჩელის განცხადებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 290-ე მუხლის მე-7 ნაწილი სარჩელის ავტორს ართმევს უფლებას აღნიშნული ბრძანების კანონიერების დასადგენად მიმართოს სასამართლოს და დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები. აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრების მექანიზმის არარსებობა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, რომლის შესაბამისადაც, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმა წინააღმდეგობაში მოდის არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან, არამედ 21-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთანაც.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე პაატა შარაშენიძე მოითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 290-ე მუხლის მე-7 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. ამასთან, მოსარჩელე სასამართლოს თხოვს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეაჩეროს სადავო ნორმის მოქმედება.
259-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელის გაანალიზების, აგრეთვე მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებათა საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ გამოარკვია კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებული შემდეგი საკითხები:
როგორც კონსტიტუციური სარჩელიდან და აგრეთვე, მასზე თან დართული არასაცხოვრებელი ფართის იჯარაზე დადებული ხელშეკრულების ტექსტიდან ირკვევა, მოსარჩელე პაატა შარაშენიძემ – გამქირავებელმა – სარგებლობაში გადასცა დამქირავებელ – შპს „უნისერვისს“ არასაცხოვრებელი ფართი (ავტოგასამართი სადგური), რაშიც დამქირავებელს ყოველწლიურად უნდა გადაეხადა 5000 ლარი. მოსარჩელის განცხადებით ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ქირის გადახდა მიმდინარეობდა ყოველ ათ დღეში ერთხელ, ხოლო მიმდინარე წლის ივლისის შემდეგ, რამოდენიმე თვის განმავლობაში ანგარიშსწორება არ მომხდარა. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, შპს „უნისერვისის“ მხრიდან ანგარიშსწორების შეწყვეტა გამოწვეული იყო საქართველოს შს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ შპს „უნისერვისიდან“ 2001-2003 წლების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის ამოღებით, რაც თავის მხრივ ნებადართული იყო ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს მიერ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასმართლო თვლის, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სადავო 290-ე მუხლის საფუძველზე საფინანსო-სამეურნეო დოკუმენტაციის ამოღება განხორციელდა შპს „უნისერვისის“ და რა თვით მოსარჩელის მიმართ და შესაბამისად უფლების დარღვევას შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს არა მოსარჩელის, არამედ შპს „უნისერვისის“ მიმართ. სასამართლო კოლეგია, აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, „1. საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: ა) საქართველოს მოქალაქეებს ..., თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი; ...“
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია აღნიშნავს, რომ ვერც კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილმა მტკიცებულებებმა და ვერც განმწესრიგებელ სხდომაზე გამოსულმა მოსარჩელის წარმომადგენელმა ვერ დაასაბუთეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 290-ე სადავო მუხლის საფუძვეზე განხორციელებული საფინანსო-სამეურნეო დოკუმენტაციის ამოღების მიმართება მოსარჩელის კონსტიტუციურ უფლებებთან. ამრიგად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოქალაქე პაატა შარაშენიძე ვერ ჩაითვლება იმ უფლებამოსილ სუბიექტად, რომელსაც შეუძლია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მისი უფლებების დარღვევის გამო. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება განსახილველად არ მიიღება, თუ:... ბ) შეტანილი არ არის უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ;...“.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, აგრეთვე, მე-18 მუხლის „ბ“ და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტებით,
საკონსტიტუციო სასამართლოს
მეორე კოლეგია
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქე პაატა შარაშენიძის 259-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი და საქმეზე შეწყდეს სამართალწარმოება;
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ლამარა ჩორგოლაშვილი (წევრი)
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (წევრი, მომხსენებელი მოსამართლე)
ზაურ ჯინჯოლავა (წევრი)