საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტიის თავმჯდომარე თემურ ჟორჟოლიანი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/16/251 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 27 ოქტომბერი 2003 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ოთარ ბენიძე – სხდომის თავმჯდომარე;
2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – წევრი;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი – მომხსენებელი მოსამართლე;
4. ზაურ ჯინჯოლავა – წევრი.
სხდომის მდივანი: ლია ჯალაღონია
საქმის დასახელება: საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტიის თავმჯდომარე თემურ ჟორჟოლიანი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2003 წლის 21 სექტემბრის №37/2003 განკარგულება.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე – თემურ ჟორჟოლიანი არ გამოცხადდა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ ღია სასამართლო სხდომაზე
გამოარკვია
2003 წლის 29 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა თემურ ჟორჟოლიანმა და მოითხოვა “საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2003 წლის 21 სექტემბერის №37/2003 განკარგულების” არაკონსტიტუციურად ცნობა.
სარჩელის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის “დ” და “ვ” ქვეპუნქტები. “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი და 16-ე მუხლები და “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი და “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 77-ე მუხლის პირველი პუნქტი.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადაო აქტი არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 48-ე, 49-ე, 50-ე მუხლებს, და ზღუდავს მოსარჩელისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-12, მე-13, 28-ე, 29-ე, 39-ე მუხლებით მინიჭებულ უფლებებს, ვინაიდან საქართველოში კონსტიტუციის 45-ე მუხლის თანახმად, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი ვრცელდება, აგრეთვე, იურიდიულ პირებზე, რომელთა შორის პარტიაც მოიაზრება.
აღნიშნული განკარგულებით რეგისტრირებულ პარტიას/ბლოკს, რომლის ინიციატივაც უკვე დადასტურებულია 50 000 ამომრჩევლის ხელმოწერით ეკრძალება ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში დამატებით 1000 ხელმოწერით დადასტურებული ინიციატივის გარეშე წარადგინოს პარტიის/ბლოკის პასიური უფლების მქონე კანდიდატი და მოახდინოს საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების რეალიზაცია.
მოსარჩელე თვლის, რომ სადაო ნორმატიული აქტი არ არის გამოცემული უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რადგანაც ამ ნორმატიულ აქტს “საქართველოს საარჩევნო კოდექსში” ცვლილება შეაქვს და სამართლებრივი ნორმის ხასიათს ატარებს, ეს კი, საქართველოს კონსტიტუციის 48-ე და 66-ე მუხლების თანახმად საქართველოს პარლამენტის პრეროგატივაა. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია არა მარტო გასცდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებს, არამედ არასწორად განმარტა და №37/2003 განკარგულებაში, დაერყნო რა საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლის პირველ და მეხუთე პუნქტებს, დაარღვია აღნიშნული მუხლებისა და 49-ე მუხლით დადგენილი კონსტიტუციური მოთხოვნები. კერძოდ, რეგისტრირებული პარტიის/ბლოკის მიერ პარტიულ სიაში შეყვანილ პირებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირების მომენტიდან მოპოვებული აქვთ პასიური საარჩევნო უფლება, რაც პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის ხელშეუხებელი გარანტიაა და დადასტურებულია 50 000 ხელმოწერით.
მოსარჩელე, ასევე, აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლის თანახმად მაჟორიტარული სისტემით არჩევნებში პარტიების მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებზე არ უნდა გავრცელდეს 1000 ხელმოწერის წარმოდგენის ვალდებულება, ვინაიდან იგი ეხება მაჟორიტარული სისტემით არჩევნებში სხვა წესით წარდგენილ პირებს, რომლის ინიციატივა დადასტურებული იქნებს 1000 ხელმოწერით მაინც ან რომელიც ბოლო არჩევნებით იყო პარლამენტის წევრი. პოლიტიკურმა გაერთიანებამ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ისედაც უნდა წარმოადგინოს არანაკლებ 50 000 ამომრჩევლის ხელმოწერა, რომელიც მოიცავს მაჟორიტარი კანდიდატისათვის დაწესებულ 1000 ხელმოწერას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელელ მოითცოვს სადაო აქტის არაკონსტიტუციურად ცნობას.
განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელელ არ გამოცხადდა.
სასამართლო კოლეგია თვლის, რომ არ არსებობს კანონიერი საფუძველი წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განხილვისათვის მისაღებად.
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტის და 39-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს მოქალაქეთა და იურიდიული პირების კონსტიტუციურ სარჩელებს განიხილავს მხოლოდ ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე.
“ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლი ნორმატიულ აქტად მიიჩნევს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხოლოდ დადგენილებას, ხოლო კონსტიტუციური სარჩელი ცენტრალური საარჩევნო კომისიის №37/2003 განკარგულების არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2003 წლის 15 ოქტომბრის №01/23/11-6302 წერილის თანახმად ცენტრალური საარჩევნო კომისიის №37/2003 განკარგულება ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული არ არის.
“ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 53-ე მუხლი საქართველოში მოქმედი ყველა ნორმატიული აქტის საქართველოს ნორმატული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციას აუცილებლად მიიჩნევს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლო მხოლოდ ნორმატიული აქტის კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობახე დავას განიხილავს მოქალაქეებისა და იურიდიული პირების სარჩელების საფუძველზე, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის “ა” და “გ” პუნქტების შესაბამისად კონსტიტუციური სარჩელი არ მიიღება განსახილველად.
იხელმძღვანელა რა, “საქართველოს კონსტიტუციის” 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 19-ე მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტით და 39-ე მუხლით, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის “ა” და “გ” პუნქტებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტიის თავმჯდომარის თემურ ჟორჟოლიანის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს ცენტრალური კომისიის წინააღმდეგ 2003 წლის 21 სექტემბერის №37/2003 განკარგულების კონსტიტუციურობის თაობაზე და შეწყდეს სამართალწარმოება ამ საქმეზე;
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ოთარ ბენიძე – სხდომის თავმჯდომარე;
2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – წევრი;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი – მომხსენებელი მოსამართლე;
4. ზაურ ჯინჯოლავა – წევრი.