"საქართველოს მოქალაქეები – გურამ სოსელია და ავთანდილ იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ"
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/11/252 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, |
თარიღი | 31 ოქტომბერი 2003 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე);
2. ვახტანგ გვარამია;
3. იაკობ ფუტკარაძე;
4. ნიკოლოზ შაშკინი – მომხსენებელი მოსამართლე
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები – გურამ სოსელია და ავთანდილ იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს 1997 წლის 11 დეკემბრის კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის მეორე წინადადების კონსტიტციურობა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელეები – გურამ სოსელია და ავთანდილ იმნაძე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას 2003 წლის 13 ოქტომბერს გადმოეცა საქართველოს მოქალაქეების – გურამ სოსელიასა და ავთანდილ იმნაძის 252-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი არსებითი განხილვისათვის მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით. ამ საკითხზე ღია განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა 2003 წლის 22 ოქტომბერს.
მოქალაქეებმა გურამ სოსელიამ და ავთანდილ იმნაძემ სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 2003 წლის 6 ოქტომბერს შემოიტანეს. კონსტიტუციმური სარჩელი შემოტანილია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტისა და “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-10 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე.
კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო აქტში 1999 წლის 24 დეკემბერს შეტანილი ცვლილებებით პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლთათვის “ელექტროენერგიის უფასო მოხმარება თვეში განისაზღვრა 30 კვტ სთ-ის ოდენობით, ხოლო ოჯახში ორი ან მეტი შეღავათის მქონე პირის არსებობისას -45 კვტ სთ-ის ოდენობით”. მოსარჩელეები მიეკუთვნებიან რეპრესირებულთათვის დაწესებული შეღავათებით მოსარგებლე პირთა კატეგორიას და მიიჩნევენ, რომ შეილახა მათთვის ადრე - “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” 1997 წლის 11 დეკემბრის კანონით მინიჭებული სოციალური უფლება მოხმარებული ელექტროენერგიის 50%-იანი შეღავათის შესახებ. კანონის ახალმა რედაქციამ გააუარესა მათი მდგომარეობა, რაც იმით გამოიხატა, რომ ელექტროენერგიით ფასდაკლებით (50%-იანი შეღავათით) სარგებლობის უფლება გაუქმდა და დაწესდა ლიმიტები, რასაც სიმბოლურად თუ შეიძლება ეწოდოს შეღავათი. 1999 წლის 24 დეკემბერს მომხდარი საკანონმდებლო ცვლილებით დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლი. მოსარჩელეები თვლიან, რომ მათი მოთხოვნები შეეხება იმ კატეგორიის სოციალური უფლებების დაცვას, რაც, მართალია, ცალკე არ არის გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციით, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ მისი პრინციპებიდან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები ითცოვენ კონსტიტუციური სარჩელის მიღებას, მის განხილვას და სადავო ნორმის გაუქმებას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელისა და თანდართული მასალების, განმწესრიგებელ სხდომაზე მოწვეული მოსარჩელეების განმარტებათა გაანალიზების საფუძველზე გამოარკვია სასარჩელო მოთხოვნის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისათვის საჭირო გარემოებანი.
მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 18 აპრრილის №1/1/126,129,158 გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს პარლამენტმა განიხილა ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისათვის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზოუკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებისათვის ელექტროენერგიით სარგებლობისათვის დაწესებული შეღავათების საკითხი და “მნიშვნელოვნად აღადგინა შეღავათის ოდენობა”. მოსარჩელეების აზრით, იმავდროულად უნდა გადაწყვეტილიყო პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულთა საკითხიც და მათ მიმართაც უნდა გაუქმებულიყო 1999 წლის 24 დეკემბრის კანონით დაწესებული ანალოგიური შეზღუდვა. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელეებმა განაცხადეს, რომ კარგი იქნება, თუ სადავო საკითცის ანალოგიურად გადაწყვეტის მიზნით საკონსტიტუციო სასამართლო შესაბამისი წინადადებით მიმართავს საქართველოს პარლამენტს.
სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 18 აპრილის №1/1/126,129,158 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებისათვის “საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” 1999 წლის 24 დეკემბრის კანონით ელექტროენერგიის სარგებლობისათვის დაწესებული საშეღავათო ლიმიტები. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს პარლამენტმა განახორციელა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება.
საქართველოს მოქალაქეების – გურამ სოსელიასა და ავთანდილ იმნაძის 252-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელშიც დავის საგანი არსობრივად იმ სასარჩელო მოთხოვნის იდენტურია, რომლის არსებითად განხილვის შედეგადაც იქნა მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვტეილება – აქაც საქმე შეეხება 1999 წლის 24 დეკემბრის კანონით შესაბამისი კატეგორიის მოქალაქეებისათვის ელექტროენერგიის უფასო მოხმარების ლიმიტირების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან მიმართებით. ასე რომ, ეს სადავო საკითხი ფაქტობრივად უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ და ამიტომ “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-18 მუხლის “დ” პუნქტის გათვალისწინებით სასამართლო კოლეგია მიზანშეწონილად არ მიიჩნევს შესაბამისი სასარჩელო მოთხოვნის არსებითად განხილვას.
ამასთან, მხედველობაშია მისაღები თვით მოსარჩელეთა სურვილიც, რომ სასამართლო კოლეგიამ მიმართოს საქართველოს პარლამენტს სადავო საკითხის სათანადოდ გადაწყვეტის მიზნით.
გასათვალისწინებელია აგრეთვე ის გარემოება, რომ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობისა და სათანადო საკანონმდებლო მოწესრიგებამდე არსებული შეღავათების გაუქმების შემთხვევაში უფრო გაუარესდება შესაბამისი კატეგორიის ათასობით მოქალაქის მატერიალური მდგომარეობა.
ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქეების – გურამ სოსელიასა და ავთანდილ იმნაძის 252-ე ნომრის რეგისტრირებული კონსტიტციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს 1997 წლის 11 დეკემბრის კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის მეორე წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან მიმართებით და შეწყდეს სამართალწარმოება ამ საქმეზე;
2. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს მოაწესრიგოს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა კატეგორიას მიკუთვნებულ პირთათვის ელექტროენერგიის უფასო მოხმარების საკითხი იმის ანალოგიურად, როგორც განისაზღვრა ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისათვის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებისათვის ელექტროენერგიით სარგებლობის შეღავათები საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 18 აპრილის №1/1126, 129, 158 გადაწყვეტილების საფუძველზე;
3. ამ განჩინების ასლი გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტს;
4. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
1. ოთარ ბენიძე;
2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი;
4. ზაურ ჯინჯოლავა