მოქალაქე რომან ფულარია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/17/253-2 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 13 ნოემბერი 2003 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ოთარ ბენიძე – სხდომის თავმჯდომარე;
2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – წევრი;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი – მომხსენებელი მოსამართლე;
4. ზაურ ჯინჯოლავა – წევრი.
სხდომის მდივანი: ლია ჯალაღონია
საქმის დასახელება: მოქალაქე რომან ფულარია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ორგანული კანონი ”საერთო სასამართლოების შესახებ”
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე – რომან ფულარია
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ ღია სასამართლო სხდომაზე
გამოარკვია:
2003 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა მოქალაქე რომან ფულარიამ და მოითხოვა საქართველოს ორგანული კანონის” საერთო სასამართლოების შესახებ”: 47-ე, 48-ე, 53-ე, მე-60, 63-ე და 66-ე მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობა.
სარჩელის საფუძვლად მითითებულია ”საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 39-ე მუხლის ”ა” პუნქტის და საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის ”ვ” პუნქტი.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო აქტი არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით მინიჭებულ მოქალაქის უფლებას მიმართოს სასამართლოს;
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 1997 წლის 14 თებერვალს მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მისი დარღვეული უფლებების აღსადგენად. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ დღემდე გაკეთებული აქვს 40-მდე მიმართვა და განცხადება, რომელთა უმრავლესობაც სასამართლო ხელისუფლების მოვალეობის შეუსრულებლობას შეეხება, მათზე პასუხი ან არ არსებობს ან არაფრის მომცემია. ამიტომ მოსარჩელეს საჭიროდ მიაჩნია ჩატარდეს სათანადო დარგის ექსპერტიზა მის საჩივრებზე, მიმართვებზე და დადგინდეს რა მოქმედებები უნდა შესრულებულიყო სასამართლოების მიერ და რამდენადაა დაცული საქმის წარმოების წესები და ნორმები ამ დროს.
მოსარჩელის თქმით, იგი იძულებული გახდა სარჩელი აღეძრა სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ და 2002 წლის 22 ივლისს უზენაეს სასამართლოს მიმართა სასარჩელო განცხადებით სასამართლო ხელისუფლების მიერ მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმის თაობაზე. უზენაესი სასამართლოს აპარატის მითითებით მან ახალი სასარჩელო განცხადებით მიმართა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს, მაგრამ სასამართლომ სარჩელი არ მიიღო და ვერ მიაღწია საერთო სასამართლოებში ამ საკითხის განხილვას.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ ფაქტობრივად სასამართლომ უარი თქვა მართლმსაჯულების განხორციელებაზე, მოსარჩეელე გულისხმობს მთლიანად სასამართლო ხელისუფლებას და არა კონკრეტულად რომელიმე შემსრულებელს. მისი აზრით, სასამართლო ხელისუფლება არის სისტემა, რომელიც მრავალ რგოლს და მრავალ საფეხურს შეიცავს, რის გამოც მას ეკისრება პასუხისმგებლობა იმ შედეგებზე, რომელიც გამომდინაროებს რომელიმე რგოლის საქმიანობიდან.
მოსარჩელე მიუთითეთბს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 69-ე მუხლის თანახმად ”საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური”.
საქართველოს კანონის ”საერთო სასამართლოების შესახებ” მე-60 მუხლის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის საბჭო არის პრეზიდენტის სათათბირო ორგანო და მის სხდომებს თავმჯდომარეობს საქართველოს პრეზიდენტი, ანუ აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური. ამავე კანონის 47-ე მუხლის 5-ე პუნქტით საქართველოს იუსტიციის საბჭო კონკურსის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატს წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნავად”. 48-ე მუხლით ”რაიონული (საქალაქო) საოლქო სასამართლოების მოსამართლეებს ბრძანებულებით ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი იუსტიციის საბჭოს წარდგინებით”.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ, დანიშვნის წესის ანალოგიურია მოსამართლეთა განთავისუფლების წესი. ამავე კანონის 53-ე მუხლის თანახმად ”რაიონული (საქალაქო) საოლქო სასამართლოების მოსამართლეებს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით”.
საქართველოს პრეზიდენტის წინასწარი წერილობითი თანხმობაა აუცილებელი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეთა დანიშვნა-განთვისუფლების დროსაც.
ზემოთ მოყვანილ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე მოსარჩელე თვლის, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედი საერთო სასამართლოების მოსამართლეებს ბრძანებულებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს აღმსარულებელი ხელისუფლების მეთაური, მისივე სათათბირო ორგანოს წარდგინებით, ე.ი. აღმასრულებელი ხელისუფლება სრულად ქმნის სასამართლო ხელისუფლებას.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ასეთი წესით შექმნილი სასამართლოები ვერ დაუპირისპირდება და ვერ ალაგმავს თანამდებობის პირთა თვითნებობას, იგი ვერ იქნება დამოუკიდებელი და შესაბამისად მიუკერძოებელი.
საქართველოს კონსტიტუცია ცნობს და იცავს საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, ასევე, აღიარებს, რომ, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, მაგრამ საქართველოს საკანონმდებლო აქტებში გამორჩენილია უფლება სამართლიან, მიუკერძოებელ სასამართლოზე. საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს, მაგრამ როგორი უნდა იყოს ეს სასამართლოს სამართლიანობის თვალსაზრისით, მოსარჩელის აზრით, ბუნდოვანია.
მოსარჩელე მოითხოვს სასამართლომ გამოარკვიოს რატომ ვერ შეასრულეს სასამართლოებმა თავისი მოვალეობა – ვალდებულებები მასთან მიმართებაში, რითაც დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით მისთვის მინიჭებული უფლება მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა მოქალაქე რომან ფულარიას კონსტიტუციური სარჩელი, თანდართული მასალები, მოისმინა მოსარჩელის განმარტება განმწესრიგებელ სხდომაზე და ამის საფუძველზე გამოარკვია სასარჩელო მოთხოვნის არსებითად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საჭირო გარემოებები.
1. საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ვ” ქვეპუნქტის – საქართველოს ორგანული კანონის ”საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” მე-19 მუხლის პირველი პუნქტის და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუცური სარჩელის შეტანის უფლება მოქალაქეს (ფიზიკურ პირს) მხოლოდ იმ შემთხვევაში ეძლევა, თუ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მისი უფლებანი და თავისუფლებანი.
ყველა სხვა შემთხვევაში, კანონის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში განიხილება კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის, ”საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 19-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტით და 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, სახელდობრ, კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის უფლებამოსილება გააჩნია საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს პარლამენტის წევრთა ერთ მეხუთედს.
მოსარჩელე რომან ფულარიას მიაჩნია, რომ საერთო სასამართლოების მოსამართლეთა საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშვნით და თანამდებობიდან გათავისუფლებით, რაც მოცემულია ”საერთო თანამდებობიდან გათავისუფლებით, რაც მოცემულია ”საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს კანონის სადავო მუხლებში, ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით აღიარებული მისი უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად სასამართლოზე მიმართვის თაობაზე.
სასამართლო თვლის, რომ ვერც კონსტიტუციურ სარჩელში და ვერც განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, რომ სადავო მუხლების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლთან მიმართებით უნდა შემოწმდეს.
მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ შეილახა სასამართლოზე მიმართვის მისი უფლება. კონსტიტუციურ სარჩელზე დართული მასალებით დასტურდება, რომ მისი საქმე წლების მანძილზე იხილებოდა სხვადასხვა ინსტანციებში, ხოლო სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ აღძრული სარჩელი სასამართლომ არ მიიღო განსახილველად მხოლოდ საქმის კონკრეტული ხარვეზების თავიდან აცილების მოტივით და არა იმიტომ, რომ მას საერთოდ ეთქვა უარი სარჩელის მიღებაზე.
ამას გარდაც, მოსარჩელე ვერ ასაბუთებს რა კავშირშია საქართველოს პრეზიდენტის მიერ საერთო სასამართლოების კანონით დადგენილი წესი მოქალაქის აღიარებულ უფლებასთან სასამართლოზე მიმართვის შესახებ.
საგულისხმოა, რომ მოსარჩელე გვერდს უვლის იმ გარემოებას, რომ საერთო სასამართლოების უმაღლეს რგოლს – უზენაეს სასამართლოს საკანონმდებლო ორგანო – პარლამენტი ირჩევს.
”საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ”ა” და ”ბ” პუნქტების თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი არ მიიღება განსახილველად თუ იგი ფორმით და შინაარსით არ შეესაბამება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და აგრეთვე შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ.
იხელმძღვანელა რა, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ა” და ”ვ” პუნქტებით, ”საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ”ა” და ”ე” ქვეპუნქტებით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტით, ”საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ”ა” და ”ბ” პუნქტებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად მოქალაქე რომან ფულარიას კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს ორგანული კანონის ”საერთო სასამართლოების შესახებ” 47-ე, 48-ე, 53-ე, 55-ე, მე-60, 63-ე და 66-ე მუხლების კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლთან მიმართებით და შეწყდეს სამართალწარმოება ამ საქმეზე;
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
კოლეგიის წევრები:
1. ნიკოლოზ ბენიძე (თავმჯდომარე);
2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (წევრი);
3. ლამარა ჩორგოლაშვილი (მომხსენებელი მოსამართლე)
4. ზაურ ჯინჯოლავა (წევრი).