საქართველოს მოქალაქე ვალერი გელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N1/2/378 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, |
თარიღი | 13 ივლისი 2006 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ბესარიონ ზოიძე - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ვახტანგ გვარამია - წევრი;
იაკობ ფუტკარაძე - წევრი;
ნიკოლოზ შაშკინი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
2006 წლის 12, 15, 19, 22, 26, 27 ივნისისა და 4 ივლისის ღია სასამართლო სხდომებზე, რომლებშიც მონაწილეობდნენ მოსარჩელის წარმომადგენლები _ თინათინ ხიდაშელი, ზურაბ მარაქველიძე და კახა კუკავა, მოპასუხე მხარის – საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები _ საქართველოს პარლამენტის წევრები პავლე კუბლაშვილი, ნიკა გვარამია და საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებში წარმომადგენლობის განყოფილების უფროსი ბათარ ჩანქსელიანი, მოწმეები _ საქართველოს მეცნიერებისა და განათლების მინისტრი ალექსანდრე ლომაია, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი, შპს ,,ევრას“ დირექტორი მეგი ლომიძე, ქ. თბილისის 84-ე საშუალო სკოლის პედაგოგი გულნარა ფრანგიშვილი და ,,ავლაბრის ფონდის“ დირექტორი ალექსანდრე ჩხეიძე, სპეციალისტები _ საადვოკატო ბიურო ,,მიგრიაული და პარტნიორების“ დამფუძნებელი, იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი როინ მიგრიაული და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედებითი სამმართველოს უფროსი, იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი ვასილ გონაშვილი,
განიხილა საქმე: ,,საქართველოს მოქალაქე ვალერი გელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ".
დავის საგანია _ ,,ვალერი გელაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე” საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 31 მარტის დადგენილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტთან მიმართებით.
ვალერი გელაშვილის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია 2006 წლის 13 აპრილს (რეგისტრაციის N378). იმავე წლის 2 მაისის საოქმო ჩანაწერით, საქმე მიღებული იქნა არსებითად განსახილველად. კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის პირველი პუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტი და მე-40-ე მუხლის პირველი პუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე ვალერი გელაშვილი იყო საქართველოს პარლამენტის წევრი და სადავო დადგენილებით მას ვადამდე შეუწყდა სადეპუტატო უფლებამოსილება, ვინაიდან პარლამენტმა დადასტურებულად მიიჩნია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2006 წლის 30 მარტის N4592/4-12 დასკვნაში წარმოდგენილი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მან, პარლამენტის წევრმა ვ. გელაშვილმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ლომაიას შესთავაზა შპს ,,ევრას” მეშვეობით 84-ე საშუალო სკოლის ძველი შენობის ნაცვლად ახლის აშენება. ასევე დადასტურებულად ჩაითვალა ის გარემოება, რომ ვ. გელაშვილი ამავე მიზნით აწარმოებდა მოლაპარაკებებს სკოლის პედაგოგიური კოლექტივის წარმომადგენლებთან, კერძოდ, გულნარა ფრანგიშვილთან. საქართველოს პარლამენტმა დადასტურებულად ჩათვალა პარლამენტის წევრის ვ. გელაშვილის მიერ კონსტიტუციის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით, ,,საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ” კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-3 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით, ასევე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-9 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-3 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება. კონსტიტუციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვ. გელაშვილს ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება.
კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე ვ. გელაშვილს შპს ,,ევრასა” და განათლების სამინისტროს ურთიერთობაში მონაწილეობა არ მიუღია. ა. ლომაიას იგი ესაუბრა ,,ავლაბრის ფონდის” სახელით, რაც აისახა კიდეც საქარველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტისათვის მიცემულ წერილობით განმარტებაში. ის ფაქტი, რომ მოსარჩელე არის შპს ,,ევრას” დამფუძნებელი და ფლობს მის წილს, არ ითვლება სამეწარმეო საქმიანობად, რადგან ,,საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ” კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,სამეწარმეო საქმიანობასთან პარლამენტის წევრის სტატუსის შეუთავსებლობის მოთხოვნები არ ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ საკუთრების უფლებას. ის შეიძლება ფლობდეს აქციებს, წილს და სხვა ქონებას”. მოსარჩელის წარმომადგენელთა განმარტებით, ვალერი გელაშვილს თავისი წილი სამართავად სხვისთვის ჰქონდა გადაცემული და ამდენად, არ არღვევდა საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნებს. იგი ასევე არ ახორციელებდა არც საწარმოს ხელმძღვანელობით და წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, რადგან არ იყო შპს ,,ევრას” არც დირექტორი და არც სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო და საკონსულტაციო ორგანოს წევრი.
მოსარჩელეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაეგზავნა შესაბამისი შეტყობინება, საქმის არსებითად განხილვის შესახებ, მაგრამ იგი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. სასამართლო კოლეგია მიზანშეწონილად მიიჩნევდა არსებითი განხილვის სხდომაზე თავად მოსარჩელის გამოცხადებას კონსტიტუციურ სარჩელში დასმულ ცალკეულ საკითხებზე განმარტების მისაცემად, რის შესახებაც არაერთხელ შეახსენა ვ. გელაშვილის წარმომადგენლებს. ისინი კი სასამართლოს განუმარტავდნენ, რომ მოსარჩელის გამოცხადების საჭიროებას ვერ ხედავენ, ვინაიდან სრულად შეუძლიათ წარმოადგინონ იგი და ნებისმიერ კითხვას გასცენ პასუხი. ამ გარემოების გათვალისწინებით, სასამართლო სხდომები ჩატარდა უშუალოდ მოსარჩელის მონაწილეობის გარეშე.
მოსარჩელის წარმომადგენელთა განმარტებით, ვ. გელაშვილის შეხვედრა ა. ლომაიასთან განაპირობა იმან, რომ ავლაბრის ტერიტორიაზე შენდება მისი საცხოვრებელი სახლი და მას ჰყავს სკოლის ასაკის შვილები. ამიტომაც სიამოვნებით შეუერთდა ,,ავლაბრის ფონდის” იდეის ავტორებსა და ინიციატორებს და ქველმოქმედებით ზრუნავდა საკუთარი საცხოვრებელი უბნის იერსახეზე. მისთვის ცნობილი იყო ავლაბრის ტერიტორიის განაშენიანების გეგმის თაობაზე. იცოდა ისიც, რომ ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობდა 84-ე საშუალო სკოლის მოძველებული შენობა. ამიტომ მინისტრს აცნობა, რომ სამინისტროს შეეძლო ესარგებლა განაშენიანების გეგმით და აღნიშნული ავარიული შენობის ნაცვლად მიეღო სკოლის თანამედროვე შენობა.
მოსარჩელის წარმომადგენელთა აზრით, არ დასტურდება ვ. გელაშვილის მოლაპარაკებები 84-ე საშუალო სკოლის პედაგოგიური კოლექტივის წარმომადგენლებთან. თავად მოწმე გ. ფრანგიშვილის ჩვენებით არც ის იკვეთება, რომ ვ. გელაშვილი მასთან საუბრობდა, როგორც შპს ,,ევრას” წარმომადგენელი. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის სადავო დადგენილების საწინააღმდეგოდ, მოსარჩელის წარმომადგენელთა განმარტებით, დაუშვებელია, რომ ვ. გელაშვილის მოქმედება შეფასდეს, ჯერ ერთი, როგორც ,,საქმიანი მოლაპარაკებები” ,,მის საკუთრებაში არსებული კომერციული იურიდიული პირის” ,,სახელით და ...ინტერესებში” და მეორე, როგორც ,,საზოგადოების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების უშუალოდ განხორციელება საზოგადოების მიზნებისათვის”.
აქედან გამომდინარე, მოსარჩელის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სადავო დადგენილება უნდა გამოცხადდეს არაკონსტიტუციურად, ძალადაკარგულად და აღდგენილი იქნეს საქართველოს პარლამენტის წევრის ვ. გელაშვილის უფლებამოსილება.
მოპასუხე მხარის – საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელთა განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს. სადავო დადგენილებით, პარლამენტმა დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2005 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის წევრი ვ. გელაშვილი შეხვდა საქარველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ა. ლომაიას, რომელსაც შესთავაზა შპს ,,ევრას” მეშვეობით 84-ე საშუალო სკოლის ძველი შენობის ნაცვლად ახლის აშენება სხვა ტერიტორიაზე. ვ. გელაშვილი ასევე შეხვდა ამავე სკოლის პედაგოგს გ. ფრანგიშვილს, რომელიც იმჟამად ასრულებდა დირექტორის მოვალეობას, მასაც ესაუბრა სკოლის ძველი შენობის სანაცვლოდ ახლის აშენების თაობაზე და ამასთან დაკავშირებით გააცნო რამდენიმე ვარიანტი. მოპასუხე მხარის წარმომადგენელთა აზრით, ვ. გელაშვილმა ამით წარმოადგინა შპს ,,ევრა” მესამე პირებთან ურთიერთობაში. ეს იმით ვლინდება, რომ მის მიერ ა. ლომაიასა და გ. ფრანგიშვილისათვის გაკეთებული შეთავაზება 84-ე სკოლის დანგრევისა და სანაცვლოდ ახალი სკოლის სხვა ტერიტორიაზე აშენების თაობაზე შედიოდა სწორედ შპს ,,ევრას” ბიზნესინტერესებში. ამავეს ადასტურებს ა. ლომაიასთან შეხვედრიდან 3 დღის შემდეგ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის სახელზე შპს ,,ევრას” დირექტორის მეგი ლომიძის ხელმოწერით გაგზავნილი წერილი, რომელიც ანალოგიურია ვ. გელაშვილის მიერ ა. ლომაიასთვის გაკეთებული სიტყვიერი შეთავაზებისა.
მოპასუხის წარმომადგენელთა აზრით, ვ. გელაშვილი მინისტრ ალექსანდრე ლომაიასთან აწარმოებდა საქმიან მოლაპარაკებებს კერძო კომპანია ,,ევრას” სახელით, რაც ემსახურებოდა ამ კომპანიის მიზნებს. იგი თანმიმდევრულად აგვარებდა საქმეს უწყებრივი ქვემდებარეობის თავლსაზრისით, ქვედა რგოლიდან (სკოლის პედკოლექტივი) მოყოლებული, იმისათვის, რომ შემდგომ, სკოლის შენობის განკარგვაზე უფლებამოსილი კომპეტენტური ორგანოს მიერ საკითხის განხილვისას, არ წამოჭრილიყო რაიმე პრობლემა. იგი აწარმოებდა მოლაპარაკებებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ა. ლომაიასთან, რადგან სამინისტრო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების თანამონაწილეა. ამ ქმედებებით ვ. გელაშვილი ცდილობდა შპს ,,ევრასათვის” შეექმნა ხელსაყრელი ბიზნესპირობები, რითაც მან საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ განახორციელა პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა. მოპასუხის წარმომადგენელთა აზრით, პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებლად უნდა იქნეს მიჩნეული არა მხოლოდ ისეთი ფორმალური ნიშნის არსებობა, როგორიცაა პარლამენტის წევრის მიერ დირექტორის თანამდებობის ოფიციალურად დაკავება, არამედ დეპუტატის მიერ იმ უფლებამოსილებების ფაქტობრივად განხორციელება, რაც გააჩნია საწარმოს ხელმძღვანელი ორგანოს წევრს (დირექტორს). პარლამენტის წევრის მიერ სამეწარმეო საქმიანობის ფაქტობრივი განხორციელება, რაც ძირითადად ფარულ ხასიათს ატარებს, მოპასუხის წარმომადგენელთა აზრით, თავისი შინაარსით კიდევ უფრო მეტი საფრთხის მატარებელია, ვიდრე ღია და დეკლარირებული კანონდარღვევა დირექტორის თანამდებობის დაკავების სახით.
მოწმე ალექსანდრე ლომაიამ სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ 28 ოქტომბერს მასთან მივიდა საქართველოს პარლამენტის წევრი ვ. გელაშვილი. მან უთხრა, რომ მისი სამშენებლო კომპანია ,,ევრა” დაინტერესებულია 84-ე საშუალო სკოლის ტერიტორიით. საუბარში დეპუტატმა გამოთქვა სურვილი, რომ მისი ფირმა ძველის სანაცვლოდ ააშენებდა ახალ სკოლას და ისაუბრა რამდენიმე შესაძლო ვარიანტზე. მოწმის განმარტებით, მან შესთავაზა ვ. გელაშვილს, წერილობითი ფორმით მიემართა მეცნიერებისა და განათლების სამინისტროსათვის, რათა ეს საკითხი განხილულიყო. 31 ოქტომბერს მის სახელზე შპს ,,ევრას” დირექტორის მ. ლომიძის ხელმოწერით შემოვიდა წერილი, რომლის შინაარსიც ანალოგიური იყო მისი და ვალერი გელაშვილის საუბრის შინაარსისა. საკითხი იქნა განხილული და ვერ გადაწყდა დადებითად, რადგან კანონით, საგანმანათლებლო ობიექტების პრივატიზება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ შენობა არის ამორტიზებული და არ ასრულებს საგანმანათლებლო ფუნქციას. კანონი ითვალისწინებს პროცედურას, რომელიც არ იყო დაცული და, ამის გამო, შპს ,,ევრას” ეთქვა უარი, რაც ეცნობა მის წარმომადგენლებს. ამის შემდეგ, 7 მარტს, 84-ე საშუალო სკოლის დირექტორისაგან სამინისტროში შემოვიდა წერილი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობას აწარმოებდა პარლამენტარი და ბიზნესმენი ვ. გელაშვილი. სკოლის დირექცია ატყობინებდა სამინისტროს, რომ სკოლის კედელს საყრდენი ჰქონდა გამოცლილი და ითხოვდა გამაგრებითი სამუშაოებისა და რემონტის ჩატარებას. სკოლის დირექტორი აღნიშნულში ხელს ადებდა ფირმა ,,ევრას”, რომელიც დაინტერესებული იყო სკოლის ტერიტორიით.
მოწმე ხათუნა გოგორიშვილმა სასამართლოს განუმარტა, რომ ის ხელმძღვანელობს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საქმეთა და წესების კომიტეტს, რომელშიც მომზადდა დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის ვ. გელაშვილის სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის თაობაზე. კომიტეტის მიერ გამოთხოვილი იქნა ვ. გელაშვილის დეკლარაცია, შემოწმდა მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების რეგისტრაციის საკითხი, დაიკითხნენ მოწმეები, მათ შორის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და 84-ე საშუალო სკოლის პედაგოგები. ვ. გელაშვილთან კომიტეტის წარმომადგენლებს ჰქონდათ სატელეფონო კავშირი, მან ჩამოსვლაზე უარი განაცხადა და გამოაგზავნა წერილობითი ახსნა-განმარტება. სატელეფონო საუბრებში ის ადასტურებდა ა. ლომაიასთან შეხვედრის ფაქტს, მაგრამ განმარტავდა, რომ მინისტრს შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ავლაბრის” სახელით. თავდაპირველად არსებობდა კომიტეტის დასკვნის სხვა ვარიანტი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბატონმა კახა კუკავამ წარმოადგინა ვ. გელაშვილის მიერ შპს ,,ევრას” წილის სამართავად სხვა პირისათვის გადაცემის დამადასტურებელი დეკუმენტები, პროექტი შეიცვალა და საბოლოოდ ჩამოყალიბდა იმ სახით, რა სახითაც იქნა შემდგომ მიღებული.
მოწმე მეგი ლომიძემ აღნიშნა, რომ 2004 წლის 1 სექტემბრიდან ის არის სამშენებლო კომპანია შპს ,,ევრას” დირექტორი. ,,ევრას” ერთადერთი პარტნიორი და წილის 100 % მფლობელია ვ. გელაშვილი. მოწმის მტკიცებით, ვ. გელაშვილი საწარმოს მართვაში მონაწილეობას არ იღებდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაგზავნილი წერილის თაობაზე მოწმემ განმარტა, რომ იგი შეადგინა და გაგზავნა უშუალოდ მან და ვ. გელაშვილმა არ იცოდა ამის შესახებ. მოწმემ არ იცოდა რამდენიმე დღით ადრე ვ. გელაშვილის განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან შეხვედრის შესახებ.
მოწმე ალექსანდე ჩხეიძემ სასამართლოს განუმარტა, რომ იგი იყო ,,ავლაბრის ფონდის” თანადირექტორი 2000-2005 წლებში. ვ. გელაშვილს ჰქონდა სურვილი, გამხდარიყო ამ ფონდის დამფუძნებელი, არაოფიციალურად შეხვდა კიდეც დამფუძნებლებს, მაგრამ საბოლოოდ ეს ვერ განხორციელდა. თუმცა, მოწმის აზრით, ვ. გელაშვილი რომც ყოფილიყო ,,ავლაბრის ფონდის” დამფუძნებელი, ფონდის სახელით მოქმედების უფლება მაინც არ ექნებოდა.
მოწმე გულნარა ფრანგიშვილმა აღნიშნა, რომ არის 84-ე საშუალო სკოლის პედაგოგი, მნე. ვ. გელაშვილთან შეხვედრისას იგი ასრულებდა სკოლის დირექტორის მოვალეობებს, რადგან იყო ზაფხული და პედაგოგები იყვნენ შვებულებაში. ვ. გელაშვილი მივიდა სკოლაში, შეხვდა მას და დაინტერესდა, თუ რა ფართობზე იყო განლაგებული სკოლა, რა სიდიდის იყო სკოლის ეზო. მას ასევე აინტერესებდა, დათანხმდებოდა თუ არა სკოლის პედაგოგიური კოლექტივი სხვა ადგილზე გადასვლას _ ამ სკოლის სანაცვლოდ სხვაგან რომ აეშენებინა ახალი სკოლა. მოწმის მტკიცებით, ვ. გელაშვილმა შესთავაზა მას სკოლის ადგილმდებარეობის რამდენიმე ვარიანტი, რომელთაგანაც ერთ-ერთი მისაღები აღმოჩნდა. ამის შემდეგ ვ. გელაშვილმა თქვა, რომ მოსალაპარაკებლად წავიდოდა განათლების სამინისტროში. მოწმის განმარტებით, სკოლის პედაგოგებმა მინისტრს წერილით მხოლოდ მაშინ მიმართეს, როდესაც გვერდით მიმდინარე მშენებლობამ სკოლის კედელი დააზიანა, ხოლო ვ. გელაშვილთან დაკავშირებული ინფორმაცია მის მიერ გაცხადდა სკოლის დაწვის დღეს რამდენიმე ტელეკომპანიის ეთერში.
სპეციალისტმა როინ მიგრიაულმა სასამართლოში წარმოდგენილ დასკვნაში აღნიშნა, რომ ქართული სამეწარმეო სამართალი სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორს ან ასეთი საზოგადოების დირექტორს არ განიხილავს სამეწარმეო ურთიერთობის მონაწილეებად. მეწარმედ განიხილება მხოლოდ სამეწარმეო საზოგადოება და ინდივიდუალური მეწარმე. ლეგალური დეფინიციით, სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მოგებაზე ორიენტირებული, ორგანიზებულად და დამოუკიდებლად განხორციელებული მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა. ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების განხორციელება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში კანონით შეუძლიათ დირექტორებს. ასეთად კი სამეწარმეო საზოგადოებაში იწოდება ის პირი, რომელიც ამ სტატუსით არის რეგისტრირებული სამეწარმეო რეესტრში. საზოგადოების ხელმძღვანელობის უფლება სხვა პირს არა აქვს, ხოლო არაუფლებამოსილი პირის მიერ ხელმძღვანელობის ფარგლებში განხორციელებული ქმედებები არ წარმოშობს არავითარ სამართლებრივ შედეგებს. სპეციალისტის აზრით, დეპუტატ ვ. გელაშვილის მიერ განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ა. ლომაიასთან, ასევე 84-ე სკოლის პედაგოგიურ კოლექტივთან განხორციელებული მოლაპარაკება შპს ,,ევრას” სახელით ძველი სკოლის სანაცვლოდ ახლის აშენების თაობაზე, არ უნდა იქნეს მიჩნეული ,,მეწარმეთა შესახებ” კანონით გათვალისწინებული ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებად, ხოლო მის მიერ განხორციელებული მოქმედებები _ სამეწარმეო საქმიანობად.
სპეციალისტმა ვასილ გონაშვილმა აღნიშნა, რომ სამეწარმეო საქმიანობას პარლამენტის წევრის მანდატთან შეუთავსებლად აცხადებს მრავალი ქვეყნის კანონმდებლობა. შეუთავსებლობა შეიძლება დაიყოს სამ მიმართულებად _ (1) ყოველგვარი სამეწარმეო საქმიანობის აკრძალვა, (2) საწარმოში რაიმე თანამდებობის დაკავებისა და თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელების აკრძალვა და (3) წილის ფლობის აკრძალვა. საქართველოს კანონმდებლობით, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება შეუთავსებელია დეპუტატის სტატუსთან. პარლამენტის წევრს უფლება არა აქვს განახორციელოს ასევე ის უფლებამოსილებანი, რაც გააჩნია საწარმოს დირექტორს. სპეციალისტის აზრით, მოსარჩელემ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნები და განახორციელა სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა.
საქმესთან დაკავშირებით წერილობითი დასკვნა-ინფორმაცია წარმოადგინა აგრეთვე სასამართლო კოლეგიის მიერ სპეციალისტად მოწვეულმა პროფესორმა ჰანს-ფეთერ შნაიდერმა (ჰანოვერი, გერმანია). მასში აღნიშნულია, რომ სამეწარმეო საქმიანობის კონსტიტუციურ-სამართლებრივი აკრძალვა მხოლოდ გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტზე, ფედერალურ კანცლერსა და ფედერალურ მინისტრებზე ვრცელდება. სასამართლო პრაქტიკის განმარტებით, სამეწარმეო ან პროფესიული საქმიანობის ,,განხორციელების” ცნებაში იგულისხმება ასევე ნებისმიერი სახის კერძო შრომითი საქმიანობაც. სპეციალისტის აზრით, მოსარჩელისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შესაწყვეტად უნდა დამტკიცდეს ცალკეულ შემთხვევაში, რომ მან ახალი სკოლის მშენებლობაზე საუბრების დროს მხოლოდ გაკვრით კი არ ახსენა საკუთარი საწარმო, არამედ კონკრეტულად შესთავაზა ის შესაძლო სამშენებლო კომპანიის სახით. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი მისთვის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ბრალდების წაყენება.
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ საქმის არსებითად განხილვის შედეგად, კონსტიტუციური სარჩელის მონაცემების, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეთა გამოსვლების, მოწმეთა ჩვენებების, სპეციალისტთა დასკვნებისა და საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებების გაანალიზების საფუძველზე დაადგინა გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო გარემოებანი.
I. სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ მოსარჩელე ვ. გელაშვილს საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა ,,ვალერი გელაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე" საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 31 მარტის (N2828-Iს) დადგენილების საფუძველზე. დადგენილებაში ნათქვამია: ,,საქართველოს პარლამენტი დადასტურებულად მიიჩნევს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2006 წლის 30 მარტის N4592/4-12 დასკვნაში წარმოდგენილ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან, ბატონ ალექსანდრე ლომაიასთან, 2005 წელს მისული იყო საქართველოს პარლამენტის წევრი ვალერი გელაშვილი, რომელმაც მას შესთავაზა შპს ,,ევრას” მეშვეობით 84-ე საშუალო სკოლის ახალი შენობის აშენება ძველის ნაცვლად. ამ საუბრის შინაარსი დადასტურებულია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2006 წლის 27 მარტის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით. იმავეს ადასტურებს ვალერი გელაშვილის წერილობითი ახსნა-განმარტება, რომელიც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 2006 წლის 29 მარტს მიიღო (N4504/9-38). ასევე დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს ის გარემოება, რომ ვალერი გელაშვილი იმავე მიზნით აწარმოებდა მოლაპარაკებებს 84-ე საშუალო სკოლის პედაგოგიური კოლექტივის წარმომადგენლებთან. კერძოდ, გულნარა ფრანგიშვილმა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2006 წლის 27 მარტის სხდომაზე დაადასტურა, რომ ვალერი გელაშვილი მასაც ესაუბრა ზემოაღნიშნულ საკითხზე.
აღნიშნული ქმედებებით საქართველოს პარლამენტის წევრმა ვალერი გელაშვილმა, რომელიც საქმიან მოლაპარაკებებში წარმოადგენდა მის საკუთრებაში არსებულ კომერციულ იურიდიულ პირს, მოქმედებდა მისი სახელით და მის ინტერესებში, უშუალოდ განახორციელა ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული საზოგადოების ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, რაც ემსახურება საზოგადოების მიზანს; ამდენად, მან უშუალოდ განახორციელა სამეწარმეო საქმიანობა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. დადასტურებულად ჩაითვალოს საქართველოს პარლამენტის წევრის ვალერი გელაშვილის მიერ საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით, ,,საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-3 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით, ასევე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-9 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-3 პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება.
2. საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად ვალერი გელაშვილს ვადამდე შეუწყდეს უფლებამოსილება.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე."
აღნიშნული დადგენილება გამოქვეყნდა ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში" 2006 წლის 5 აპრილს (N46; მუხ.530).
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სადავო დადგენილებაში მოხსენიებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ევრა" რეგისტრირებულია ხაშურის რაიონის სასამართლოს მიერ 1996 წლის 5 იანვრის დადგენილებით (რეგისტრაციის æ65/4-19). საზოგადოების წესდების ახალი რედაქციის თანახმად, რომელიც რეგისტრირებულია ქ. გორის საგადასახადო ინსპექციის მიერ 2005 წლის 14 ნოემბერს (რეგისტრაციის N5/077/65/4-19), შპს ,,ევრას" ერთადერთი პარტნიორი და 100%-იანი წილის მფლობელია ვ. გელაშვილი. წესდების თანახმად ამ საზოგადოების საქმიანობის ერთ-ერთ საგანს წარმოადგენს არქიტექტურული, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო, სამშენებლო და სავაჭრო კომერციული საქმიანობა.
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას მიაჩნია, რომ სადავო დადგენილების კონსტიტუციურობის შემოწმებისას, ჯერ უნდა გაირკვეს საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსთან სამეწარმეო საქმიანობის შეუთავსებლობის პრინციპული გარემოებანი, შემდგომ კი, მის საფუძველზე, უნდა შეფასდეს საქმეში არსებული ყველა პირდაპირი თუ არაპირდაპირი მტკიცებულებანი, რომლებიც გამომდინარეობენ სადავო დადგენილებიდან და წარმოაჩენენ შპს ,,ევრას" ინტერესებთან მოსარჩელის საქმიანობის კავშირ-ურთიერთობის ბუნებას.
II. როგორც სადავო დადგენილებიდან ჩანს, მოსარჩელე ვალერი გელაშვილისათვის სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვეტიათ პარლამენტის წევრისთვის შეუთავსებელი საქმიანობის გამო. სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა სპეციალურად აწესრიგებს თანამდებობის პირთა საქმიანობაში ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხს. 1997 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ". ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ,,ინტერესთა შეუთავსებლობა საჯარო სამსახურში" არის თანამდებობის პირის ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესების დაპირისპირება სახელმწიფო სამსახურის ინტერესებთან". ამ მხრივ თანამდებობის პირის კონსტიტუციურ-სამართლებრივი სტატუსი განსხვავდება ჩვეულებრივი მოქალაქის კონსტიტუციურ-სამართლებრივი სტატუსისაგან. კანონმდებელი თანამდებობის პირს საგანგებოდ ავალდებულებს, არ გამოიყენოს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა პირადი ინტერესების სასარგებლოდ და ამით ზიანი არ მიაყენოს საჯარო ინტერესებს. აღნიშნული კანონის მე-7 მუხლის ძალით, ,,თანამდებობის პირს უფლება არა აქვს საჯაროსამსახურებრივი უფლებამოსილება ან მასთან დაკავშირებული შესაძლებლობა გამოიყენოს საჯარო სამსახურის ინტერესების საწინააღმდეგოდ ან იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც არ განეკუთვნება მის საჯაროსამსახურებრივ უფლებამოსილებას". გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულია ,,სახელმწიფო თანამდებობის პირთა ქცევის საერთაშორისო კოდექსი", რომლის ძალითაც, სახელმწიფო თანამდებობის პირმა თავისი ოფიციალური მდგომარეობა არ უნდა გამოიყენოს შეუფერებელი პირადი ან ოჯახური ანდა ფინანსური სარგებლის მისაღებად (მუხ.4).
კერძო და საჯარო ინტერესთა კონფლიქტის ნებისმიერ ვითარებაში, ეს კონფლიქტი უნდა მოიხსნას და არჩევანი გაკეთდეს რომელიმე ინტერესის სასარგებლოდ. თანამდებობის პირის ვალდებულება - შორს დაიჭიროს თავი ინტერესთა კონფლიქტისაგან, წარმოადგენს მის არა მარტო სამართლებრივ, არამედ ეთიკურ-ზნეობრივ ვალდებულებასაც, რაც მისი საქმიანობის განსაკუთრებული ხასიათიდან გამომდინარეობს. ამაზე მიანიშნებს იმ ნორმატიული აქტების სახელწოდებანიც (,,ქცევის კოდექსი", ,,ოფიციალური ქცევის კოდექსი", ,,სახელმწიფო მოსამსახურეთა ეთიკის შესახებ" კანონები), რითაც წესრიგდება ინტერესთა შეუთავსებლობა სხვადასხვა ქვეყნებში. საჯარო სამსახური ავალდებულებს პიროვნებას, აცნობიერებდეს აღნიშნული ვალდებულების არსს და მოქმედებდეს მის შესაბამისად.
III. აღნიშნული ვალდებულება თანაბრად ვრცელდება საქართველოს პარლამენტის წევრებზეც, - სახელისუფლებო სისტემაში მათი მდგომარეობიდან გამომდინარე, შეიძლება მომეტებულადაც კი. ამაზე მიანიშნებს ისიც, რომ საქართველოს კონსტიტუცია და სპეციალური კანონმდებლობა საგანგებოდ აწესრიგებს საქართველოს პარლამენტის წევრის სამსახურებრივი შეუთავსებლობის შემთხვევებს.
საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,პარლამენტის წევრს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. შეუთავსებლობის შემთხვევებს განსაზღვრავს კანონი". ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ" ქვეპუნქტის საფუძველზე, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება.
კონსტიტუციის 53-ე მუხლის საფუძველზე და მისი ინტერპრეტაციის მიზნით მიღებულად უნდა ჩაითვალოს ,,საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ" კანონის მე-8 მუხლი და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-9 მუხლი.
მოსარჩელე ვ. გელაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის ბრალდებით.
,,საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ" კანონის მე-8 მუხლის მიხედვით, ,,1. დაუშვებელია პარლამენტის წევრის სტატუსთან სამეწარმეო საქმიანობის ან სახელმწიფო სამსახურში რაიმე თანამდებობის შეთავსება. შეუთავსებლობის შემთხვევები განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით ,,საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ", ,,მეწარმეთა შესახებ", ამ და სხვა კანონებით.
2. სამეწარმეო საქმიანობასთან პარლამენტის წევრის სტატუსის შეუთავსებლობის მოთხოვნები არ ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ საკუთრების უფლებას. ის შეიძლება ფლობდეს აქციებს, წილს და სხვა ქონებას.
3. პარლამენტის წევრს უფლება არა აქვს:
ა) უშუალოდ განახორციელოს არაერთჯერადი საქმიანობა მოგების მიზნით მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური საშუალებების სამართავად;
ბ) უშუალოდ განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო და საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებანი".
საქართველოს პარლამენტის სადავო დადგენილების თანახმად, მოსარჩელე ვ. გელაშვილმა დაარღვია ,,საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ" კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი და მე-3 პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტი, ასევე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი და მე-3 პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტი, რომლებიც შეიცავენ შინაარსობრივად ,,საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ" კანონის დასახელებული ნორმების ანალოგიურ ნორმებს.
IV. საქართველოს პარლამენტის სადავო დადგენილებაში კონსტიტუციის 53-ე მუხლში აღნიშნული სამეწარმეო საქმიანობის შინაარსი ისეა ახსნილი, როგორც ამაზე მიანიშნებს პარლამენტის წევრის სამსახურებრივი შეუთავსებლობის მომწესრიგებელი კანონმდებლობა. კერძოდ, როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, ეს გამოიხატება იმით, რომ ვ. გელაშვილი საქმიან მოლაპარაკებებში წარმოადგენდა მის საკუთრებაში არსებულ კომერციულ იურიდიულ პირს, მოქმედებდა მისი სახელით და მის ინტერესებში. ამით მან უშუალოდ განახორციელა ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული საზოგადოების ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, რაც ემსახურება საზოგადოების მიზანს".
,,მეწარმეთა შესახებ" კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,საზოგადოების ხელმძღვანელობის უფლება აქვთ: სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში - ყველა პარტნიორს, კომანდიტურ საზოგადოებაში - პერსონალურად პასუხისმგებელ პარტნიორებს (კომპლემენტარებს), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივში - დირექტორებს."
ზემოთ მოყვანილი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ პარლამენტის წევრის საქმიანობაში ინტერესთა შეუთავსებლობასთან მიმართებით, საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სამეწარმეო საქმიანობაში უნდა იგულისხმებოდეს მისი როგორც კერძო-სამართლებრივი, ისე საჯარო-სამართლებრივი შინაარსი.
სამეწარმეო საქმიანობის სუბსტანციური კერძო-სამართლებრივი ცნება განსაზღვრულია ,,მეწარმეთა შესახებ" კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადებით: ,,სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად." ამავე პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, სამეწარმეო საქმიანობის მონაწილეს (სხვა სიტყვებით - მეწარმეს) წარმოადგენს გარკვეული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით მოწყობილი საწარმო. კერძოდ, ,,მეწარმეთა შესახებ" კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,საწარმოთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმებია: ინდივიდუალური საწარმო, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს), კომანდიტური საზოგადოება (კს), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), სააქციო საზოგადოება (სს) ან კოოპერატივი".
ამდენად, ქართული სამეწარმეო სამართალი, როგორც ამას სპეციალისტი როინ მიგრიაულიც ადასტურებს, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილებას ანიჭებს ინდივიდუალურ მეწარმეს, როგორც ფიზიკურ პირს და საზოგადოებებსა და კოოპერატივს, როგორც იურიდიულ პირებს.
აქედან გამომდინარე, წმინდა კერძო-სამართლებრივი გაგებით, საქართველოს პარლამენტის წევრი, ამ კონკრეტულ შემთხევევაში მოსარჩელე ვ. გელაშვილი სამეწარმეო საქმიანობას განახორციელებდა, თუკი იგი იქნებოდა ინდივიდუალური მეწარმე. ამ სახით სამეწარმეო საქმიანობას დაუშვებლად მიიჩნევს ,,საქართველოს პარლამენტის წვერის სტატუსის შესახებ" კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტი.
სამეწარმეო საქმიანობის კერძო-სამართლებრივი გაგების ვითარებაში, როდესაც მეწარმე იურიდიული პირია, შეუძლებელია და ლოგიკას მოკლებულია საწარმოს ხელმძღვანელი (წარმომადგენელი) განვიხილოთ მეწარმედ, ვინაიდან უსაფუძვლოა საწარმო მისი დირექტორის, ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის იდენტური იყოს.
აღნიშნული პოზიციიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვ. გელაშვილი მის მიერ დაფუძნებული შპს ,,ევრას" დირექტორიც რომ ყოფილიყო, ის მაინც ვერ მიიჩნეოდა სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელ პირად, ვინაიდან დირექტორი ვერ ჩაითვლება მეწარმედ. ამაზე მიანიშნებს დასახელებული კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტი, რომელშიც საგანგებოდ ხაზგასმულია, რომ ,,მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი" სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის ხელმძღვანელია. ეს სუბიექტი კი, კერძო-სამართლებრივი გაგებით, საზოგადოებაა.
რაც შეეხება კონსტიტუციური-სამართლებრივ ურთიერთობებს, ამ თვალსაზრისით, კერძოდ, საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის პოზიციიდან, სამეწარმეო საზოგადოებაში დეპუტატის ხელმძღვანელობითი საქმიანობა შეიძლება განხილული იქნეს საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სამეწარმეო საქმიანობად.
აღნიშნული შეფასების საფუძველს იძლევა სამართლებრივ ფასეულობათა ძირითადი ცნებების გვერდით მიზნობრივი ცნებების არსებობა. მოქმედ კანონმდებლობაში, საკმაოდ ხშირად, ამა თუ იმ კანონის მიზნებიდან გამომდინარე, ტრადიციული ცნებები განსხვავებულადაც განიმარტება (თუმცა, მიზნობრივი ცნების საყრდენს ყველა შემთხვევაში სუბსტანციური - ძირითადი ცნება წარმოადგენს). საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ 2000 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებაში (N1/1/107) ,,ლელა ინწკირველი და ეკატერინე ჩაჩანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" საგანგებოდ მიაპყრო ყურადღება მიზნობრივი ცნების ბუნებას და ჩათვალა, რომ სწორია საგადასახადო კოდექსით სანოტარო საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობად მიჩნევა.
V. სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ მხარეებმა დიამეტრულად საპირისპირო შეხედულებები გამოთქვეს სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობის კონსტიტუციურ-სამართლებრივი კუთხით შეფასებასთან დაკავშირებით.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის 53-ე მუხლთან მიმართებით შეიძლება შეფასდეს მხოლოდ ფორმალური - ,,მეწარმეთა შესახებ" კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე დანიშნული დირექტორის მოქმედება. მათი აზრით, ასე უნდა განიმარტოს ,,საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ" კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის შინაარსი. მასში იგულისხმება არა ფაქტობრივი, არამედ მხოლოდ ფორმალური დირექტორი, როგორც ხელმძღვანელი. ვინაიდან მოსარჩელე ვ. გელაშვილი არ ყოფილა შპს ,,ევრას" დირექტორი, ვერც მისი მოქმედება ჩაითვლება დირექტორის მოქმედებად და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურად.
მოპასუხე მხარის წარმომადგენლები თვლიან, რომ კონსტიტუციის 53-ე მუხლით, დეპუტატისათვის დაუშვებელია როგორც ფორმალური, ისე ფაქტობრივი დირექტორობა. ვ. გელაშვილი, მართალია, ფორმალურად არ იყო დირექტორი, მაგრამ სინამდვილეში ახორციელებდა შპს ,,ევრას" დირექტორის უფლებამოსილებას. მუდმივმოქმედი ხელმძღვანელის უფლებამოსილების განხორციელებაში, რაზედაც საუბარია ,,საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ" კანონის მე-8 მუხლის დასახელებულ ქვეპუნქტში, ივარაუდება დირექტორის უფლებამოსილების ფაქტობრივი განხორციელება.
სასამართლო კოლეგიის აზრით, მხარეთა მიერ წარმოდგენილი არც ერთი დოკუმენტიდან არ ჩანს, რომ მოსარჩელე ვ. გელაშვილი იყო შპს ,,ევრას" ფორმალური დირექტორი. დასტურდება მხოლოდ ის, რომ იგი იყო ამ საწარმოს ერთადერთი პარტნიორი და 100%-იანი წილის მფლობელი. აქედან გამომდინარე, მისი მოქმედება ვერ შეფასდება, როგორც ფორმალური დირექტორის საქმიანობა.
საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მიზანმიმართულებიდან გამომდინარე, მისი გონივრული განმარტება უნდა გულისხმობდეს დეპუტატის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დაუშვებლობას არა მარტო ფორმალური - კანონის მოთხოვნათა საფუძველზე დანიშნული დირექტორის სახით, არამედ იმ პირის მიერაც, რომელიც, მართალია, არ არის დირექტორი, მაგრამ ფაქტობრივად ახორციელებს დირექტორის ფუნქციას. ასე უნდა იქნეს გაგებული ,,საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ" კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის შინაარსი, მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისით, იგი ვერ ტოვებს სრულყოფილ (უხარვეზო) შთაბეჭდილებას და ხდება არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის წყარო.
საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მიზანმიმართულება ისეთია, რომ პარლამენტის წევრმა არ გამოიყენოს თავისი ძალაუფლება პირადი ინტერესების სასარგებლოდ და საზოგადო ინტერესების საზიანოდ. კონსტიტუციურ-სამართლებრივად შეფასებას მოკლებული ვერ იქნება საწარმოს ხელმძღვანელის უფლებამოსილების ფაქტობრივი განხორციელება. როცა საუბარია დეპუტატის მხრიდან სამეწარმეო საქმიანობის შეუთავსებლობაზე, მართლწესრიგისათვის მიუღებელია ამ საქმიანობის არა მარტო ჩვეულებრივი სახით (ფორმალური ნიშნების დაცვით) განხორციელება, არამედ ფაქტობრივი განხორციელებაც. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სამართალში ფორმას არა აქვს დამოუკიდებელი დატვირთვა და ამდენად, ფორმა არ არსებობს ფორმისათვის. ნებისმიერი ფორმის უკან დგას კონკრეტული შინაარსი და მართლწესრიგისათვის მთავარია ამ შინაარსის განხორციელება ან არგანხორციელება. როცა ეს შინაარსი სინამდვილედ იქცევა ფორმის გარეშე, ის, ცხადია, ვერ იქნება მოკლებული შეფასებაუნარიანობას. როცა დაუშვებელ საქმიანობაზეა საუბარი, საჯარო წესრიგისათვის საშიში იქნება ფაქტობრივი სინამდვილის იგნორირება და არსებულად მხოლოდ იმისი აღიარება, რაც მხოლოდ ფორმალურად არსებულია. ასეთი მიდგომა ხელ-ფეხს გაუხსნიდა თანამდებობის პირებს, განეხორციელებინათ სამეწარმეო საქმიანობა და ფორმის არარსებობის მოტივით ემართლებინათ თავი. ამდენად, ის, რაც ფორმის დაცვითაც მიუღებელია, ივარაუდება, რომ ფაქტობრივადაც მიუღებელია. როცა თანამდებობის პირი არ შეიძლება იყოს სამეწარმეო საზოგადოების დირექტორი, ივარაუდება, რომ მას ეკრძალება შესაბამისი ფაქტობრივი ხელმძღვანელობითი საქმიანობაც. ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობა ცალკე გამოყოფს სამსახურებრივი შეუთავსებლობის ფორმალურ და ფაქტობრივ მხარეს. მაგალითად, კანადაში პალატის წევრებს ეკრძალებათ კომერციული საწარმოს როგორც ფაქტობრივი ხელმძღვანელობა და მართვა, ისე იქ დირექტორის თანამდებობის დაკავება.
სასამართლო კოლეგია თვლის, რომ ფაქტობრივი სინამდვილე მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს უარყოფითი შეფასების ობიექტი, როცა იგი აკმაყოფილებს გარკვეულ რაოდენობრივ-თვისებრივ მონაცემებს. მაშინ, როცა პარლამენტის წევრის მხოლოდ დირექტორად დანიშვნის ფაქტია საკმარისი ინტერესთა კოლიზიისათვის (ვინაიდან დირექტორი გარკვეული ფუნქციური სუბიექტია), არაფორმალური ხელმძღვანელობის აღიარებისათვის უნდა არსებობდეს საკმარისი გარემოებანი. ამაზე მიანიშნებს გერმანელი სპეციალისტის, პროფესორ ჰანს-ფეთერ შნაიდერის დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია: ,,მოსარჩელისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შესაწყვეტად უნდა დამტკიცდეს ცალკეულ შემთხვევაში, რომ მან ახალი სკოლის მშენებლობაზე საუბრების დროს მხოლოდ გაკვრით კი არ ახსენა საკუთარი საწარმო, არამედ კონკრეტულად შესთავაზა ის, შესაძლო სამშენებლო კომპანიის სახით. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, მისთვის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ბრალდების წაყენება. გასაჩივრებულ პარლამენტის დადგენილებაში არსებული ფაქტობრივი გარემოებანი კი არ შეიცავს საკმარის ფაქტობრივ სამხილს. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო, მტკიცებულებათა გამოძიების შემდეგ ვერ ჩამოიყალიბებს სხვა უკეთეს შეხედულებას, პარლამენტის წევრის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, აღუდგეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება და ბათილად იქნეს ცნობილი პარლამენტის დადგენილება".
VI. სასამართლო კოლეგია ვერ გაიზიარებს მოსარჩელის არგუმენტებს სამეწარმეო საქმიანობის ცნებისათვის დამახასიათებელი ნიშნების საზოგადოების ხელმძღვანელობით საქმიანობაზე ავტომატურად გავრცელებასთან დაკავშირებით. როგორც ზემოთ უკვე ითქვა, ,,მეწარმეთა შესახებ" კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობა - ეს არის მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად.
მოსარჩელის წარმომადგენელთა აზრით, ვ. გელაშვილის მიერ განხორციელებულ მოქმედებაში არ ჩანს სამეწარმეო საქმიანობისათვის დამახასიათებელი ნიშნები, რაც მეტყველებს იმაზე, რომ იგი არ ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას.
სასამართლო კოლეგია ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სამეწარმეო საქმიანობისათვის დამახასიათებელი ნიშნები სამეწარმეო საქმიანობის მონაწილეთათვის დამახასიათებელი ნიშნებია. ესენი (სამეწარმეო საქმიანობის მონაწილენი) კი არიან საწარმოები. ყოველი საწარმო, როგორც გარკვეული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სწორედ აღნიშნული ნიშნებით ავლენს თავის არსებობას. აქედან გამომდინარე, საწარმოს არც ფორმალური და არც ფაქტობრივი დირექტორის საქმიანობის კონსტიტუციურ ნიშნებად არ შეიძლება ჩაითვალოს ,,მეწარმეთა შესახებ" კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებანი. საზოგადოების მუდმივმოქმედი ხელმძღვანელის მოვალოებაა, წარმოადგინოს საზოგადოება საქმიან ურთიერთობებში და იმოქმედოს მისი ინტერესებისათვის. დასახელებული კანონის მე-9 მუხლის მე-9 პუნქტის მე-7 ქვეპუნქტში აღნიშნულია, რომ ,,9.1 მუხლში დასახელებული პირები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის".
ამდენად, საწარმოს ხელმძღვანელის უფლებამოსილების ბუნება ვერ შეფასდება სამეწარმეო საქმიანობის ნიშნებით. მართალია, ხელმძღვანელი უნდა მოქმედებდეს საწარმოს მოგების მიღების მიზნით, მაგრამ, რომც არ იმოქმედოს ამ მიზნით, ის მაინც ხელმძღვანელი იქნება. იგივე ითქმის მოქმედების არაერთჯერადობაზეც. რამდენი მოქმედებაც არ უნდა განახორციელოს მან, ყველა შემთხვევაში იგი საწარმოს წარმომადგენლად ჩაითვლება. თუკი საზოგადოების ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირები არ შეასრულებენ ,,მეწარმეთა შესახებ" კანონით გათვალისწინებულ კეთილსინდისიერი ხელმძღვანელის ვალდებულებას, მათ დაეკისრებათ შესაბამისი პასუხისმგებლობა.
VII. საქართველოს პარლამენტის სადავო დადგენილების მიხედვით, მოსარჩელე ვ. გელაშვილმა განახორციელა შპს ,,ევრას" ,,ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება". სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში მხედველობაშია საზოგადოების მუდმივმოქმედი ხელმძღვანელის უფლებამოსილების ფაქტობრივად განხორციელება, რაც გულისხმობს არაუფლებამოსილი პირის მიერ ისეთი მოქმედების შესრულებას, რასაც, როგორც წესი, ახორციელებენ ,,მეწარმეთა შესახებ" კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირები. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი, ,,ხელმძღვანელობით საქმიანობად მიიჩნევა მოქმედება, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ემსახურება საზოგადოების მიზანს." ამდენად, საზოგადოების წარმომადგენლობითი უფლებამოსილების არქონის გამო, თანამდებობის პირმა შეიძლება ფაქტობრივად განახორციელოს მუდმივმოქმედი ხელმძღვანელის ისეთი მოქმედებანი, რომლებიც თავისი შინაარსით საზოგადოების მიზნებს ემსახურება.
მოსარჩელე ვ. გელაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის კონსტიტუციურობის დასადგენად აუცილებელია გადაწყდეს, თუ რა მოქმედება განახორციელა მან და ვის ინტერესებს ემსახურებოდა ეს მოქმედება.
სადავო დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ვ. გელაშვილი საქმიან მოლაპარაკებებში წარმოადგენდა ,,მის საკუთრებაში არსებულ იურიდიულ პირს, მოქმედებდა მისი სახელით და მის ინტერესებში", 2005 წელს შეხვდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ა. ლომაიას, თბილისის 84-ე საშუალო სკოლის პედაგოგიური კოლექტივის წარმომადგენლებს, კერძოდ, გ. ფრანგიშვილს და შესთავაზა შპს ,,ევრას" მეშვეობით 84-ე საშუალო სკოლის ახალი შენობის აშენება, რაც დასტურდება არა მარტო ამ ადამიანებთან შეხვედრებით, არამედ თავად ვ. გელაშვილის წერილობითი ახსნა-განმარტებითაც, რომელიც მან მისცა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს 2006 წლის 28 მარტს.
VIII. სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ საქმის განხილვის პროცესში გამოიკვეთა იმ მტკიცებულებათა ორგანული კავშირ-ურთიერთობა, რომელიც მიანიშნებს მოსარჩელე ვ. გელაშვილის მოქმედებაზე შპს ,,ევრას" სახელითა და მის ინტერესებში. კერძოდ, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ვ. გელაშვილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ა. ლომაიასთან აწარმოებდა მოლაპარაკებას ავლაბრის ტერიტორიაზე 84-ე საშუალო სკოლის ძველი შენობის ნაცვლად ახლის მშენებლობის განზრახვით. მოწმე ა. ლომაია სასამართლოსადმი მიცემულ ჩვენებაში ადასტურებს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტისადმი მიცემულ ახსნა-განმარტებას. კერძოდ, მისი ჩვენებით, 2005 წლის 28 ოქტომბერს მასთან მივიდა პარლამენტარი ვ. გელაშვილი, აუხსნა, რომ მას აქვს სამშენებლო კომპანია და დაინტერესებულია 84-ე საშუალო სკოლის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებით, რისთვისაც დაანგრევდა სკოლის ძველ შენობას და ააშენებდა ახალს. მინისტრი შეჰპირებია, რომ ამ საკითხს განიხილავდნენ, თუ ის ოფიციალური წერილით მიმართავდა მას.
ამდენად, მოწმე ა. ლომაიას ჩვენების მიხედვით პარლამენტარი ვ. გელაშვილი ახალი სკოლის მშენებლობას აპირებდა ,,საკუთარი" სამშენებლო კომპანიის მეშვეობით.
IX. სასამართლო კოლეგია ნაკლებად დამაჯერებლად მიიჩნევს მოსარჩელე მხარის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან შეხვედრისას მოსარჩელე ვ. გელაშვილს არ ამოძრავებდა შპს ,,ევრას" კომერციული ინტერესები. საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტისადმი გაგზავნილ ახსნა-განმარტებაში (N4504/9-33) იგი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ნამდვილად შეხვდა მინისტრ ა. ლომაიას, ესაუბრა ავლაბრის ტერიტორიაზე დაგეგმილი განაშენიანების თაობაზე, მაგრამ არა შპს ,,ევრას" სახელით, არამედ როგორც ,,ავლაბრის ფონდის" დამფუძნებელი. კერძოდ, მოსარჩელე აღნიშნავს: ,,2005 წლის ოქტომბერში მე ნამდვილად შევხვდი ბატონ ლომაიას და ვესაუბრე ავლაბრის ტერიტორიაზე დაგეგმილი განაშენიანების გეგმის თაობაზე. ამ დროისათვის მე უკვე ვიყავი ე.წ. ,,ავლაბრის ფონდის" დამფუძნებელი, რომლის მიზანია ავლაბრის იერსახის განახლება და გაუმჯობესება. გამომდინარე აქედან, მქონდა ინფორმაცია აღნიშნული გეგმის შესახებ, ვიცოდი ისიც, რომ ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობდა 84-ე საშუალო სკოლის მოძველებული შენობა. მე ბატონ ლომაიას ვაცნობე, რომ შესაძლებელი იყო განათლების სამინისტროს ესარგებლა განაშენიანების გეგმით და აღნიშნული ავარიული შენობის ნაცვლად მიეღო სკოლის თანამედროვე შენობა.
ბატონ ლომაიასთან ჩემი შეხვედრის მოტივი იყო ზრუნვა ქალაქის იმ უბნის იერსახის გაუმჯობესებაზე, სადაც მდებარეობს სამების საკათედრო ტაძარი, შენდება ჩემი საკუთარი საცხოვრებელი სახლი და ავლაბრის ადმინისტრაციული კომპლექსი. აღნიშნული შეხვედრის დროს ჩვენ არ განგვიხილია არანაირი საქმიანი დეტალები, არ დაგვიგეგმია და არ შევთანხმებულვართ რაიმეზე. ბატონმა ლომაიამ ბრძანა, რომ ქალაქის ბევრი სკოლის შენობა მართლაც ავარიულ მდგომარეობაშია და იგი ზოგადად მოხარული იქნებოდა თუ ვინმე სამინისტროს დახმარების ხელს გაუწვდიდა.
ბატონ ლომაიასთან აღნიშნული შეხვედრის დროს და შემდეგ მე არანაირი მონაწილეობა არ მიმიღია შპს ,,ევრასა" და განათლების სამინისტროს შორის ურთიერთობებში".
ამ ახსნა-განმარტებიდან ისე ჩანს, რომ მოსარჩელე ვ. გელაშვილი იმ დროისათვის უკვე ყოფილა ე.წ. ,,ავლაბრის ფონდის" დამფუძნებელი და როგორც მისმა წარმომადგენლებმაც დაადასტურეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ამ ფონდის სახელით ელაპარაკებოდა.
სასამართლო კოლეგიის აზრით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმე ა. ჩხეიძის ჩვენებითა და, რაც მთავარია, ,,ავლაბრის ფონდის" წესდებიდან, (რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში 2000 წლის 29 ნოემბერს, ბრძანება N335) არ დასტურდება, რომ ვ. გელაშვილი იყო ამ ფონდის დამფუძნებელი. წესდების პირველი პუნქტის პირველი ქვეპუნქტის მიხედვით, ,,ავლაბრის ფონდის" დამფუძნებლები არიან: ა) გერმანიის ქალაქმშენებლობისა და რაიონული დაგეგმარების აკადემია; ბ) ქ. თბილისის მთავრობა და გ) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ინსტიტუტი.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოწმე ა. ლომაიას ჩვენებით, ვ. გელაშვილს მასთან საუბრისას არ უხსენებია ,,ავლაბრის ფონდი".
საქმის ვითარებას არ ცვლის მოსარჩელის წარმომადგენელთა და მოწმე ა. ჩხეიძის ის განცხადება, რომ ვ. გელაშვილს სურდა გამხდარიყო ,,ავლაბრის ფონდის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და საამისოდ გარკვეული ნაბიჯებიც გადადგა. ეს განცხადება წინააღმდეგობაშია თავად ვ. გელაშვილის ახსნა-განმარტებასთან.
სასამართლო კოლეგიის აზრით, თუ გაზიარებული იქნება მოსარჩელის განცხადება, რომ იგი არ მოქმედებდა შპს ,,ევრას" სახელით, მაშინ ულოგიკო სინამდვილის სურათი ყალიბდება. პარლამენტის წევრი სერიოზული განაშენიანების გეგმაზე ესაუბრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, სთავაზობს ავლაბრის ტერიტორიის იერსახის გაუმჯობესებას, ამ განაშენიანების გეგმით სარგებლობას, კერძოდ, ავარიული 84-ე საშუალო სკოლის შენობის ნაცვლად ახლის აშენებას, მაგრამ არ განმარტავს - რა გზით შეიძლება განხორციელებულიყო აღნიშნული ჩანაფიქრი. ეს მით უმეტეს, რომ ვ. გელაშვილი თავის ახსნა-განმარტებაში აღნიშნავს: ,,ბატონმა ლომაიამ ბრძანა, რომ ქალაქის ბევრი სკოლის შენობა მართლაც ავარიულ მდგომარეობაშია და იგი ზოგადად მოხარული იქნებოდა თუ ვინმე სამინისტროს დახმარების ხელს გაუწვდიდა." მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ,,ავლაბრის ფონდი" არაკომერციული დაწესებულებაა და მან რომ განახორციელოს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა, საამისოდ საჭიროა სასურველი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოს შექმნა.
ვ. გელაშვილის ამ ახსნა-განმარტების შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ ავლაბრის ტერიტორიაზე ახალი თანამედროვე კომპლექსის მშენებლობას იწყებდა შპს ,,ევრა", რაც დასტურდება ა. ლომაიასადმი მოწმე მ. ლომიძის მიერ გაგზავნილი წერილიდან.
X. შპს ,,ევრას" სახელით მოქმედებას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მინისტრ ა. ლომაიასთან ვ. გელაშვილის საუბრიდან რამდენიმე დღეში, კერძოდ, 2005 წლის 31 ოქტომბერს, შპს ,,ევრას" დირექტორი მ. ლომიძე ა. ლომაიას უგზავნის წერილს და მისი უწყების დაქვემდებარებაში მყოფი მოძველებული, ავარიული 84-ე საშუალო სკოლის შენობისა და შესაბამისი ტერიტორიის სანაცვლოდ სთავაზობს როგორც ახლის აშენების რამდენიმე ვარიანტს, ისე კომპენსაციის სხვა საშუალებას. კერძოდ, იგი ვალდებულებას კისრულობს ,,გამოყოს საცხოვრებელი ან სხვა დანიშნულების ფართი განათლების სამინისტროსათვის ადგილზე ან ,,ორთაჭალის ტურფის" მშენებარე საცხოვრებელ კომპლექსში იმ თანხის ფარგლებში, რომელშიც ურთიერთშეთანხმების შედეგად გადაეცემა სკოლის ტერიტორია შპს ,,ევრას".
საქმის მასალებიდან ჩანს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განუხილავს აღნიშნული წინადადება და უარი უთქვამს შპს ,,ევრას" დირექტორისათვის. როგორც მ. ლომიძის წერილიდან ირკვევა, შპს ,,ევრა" მოქმედებდა კომერციული ინტერესით და მის მიზანს წარმოადგენდა სკოლის ტერიტორიის დაუფლება. ამ ინტერესს ზრდიდა ის გარემოებაც, რომ ეს ტერიტორია ყოფილა შპს ,,ევრას" ნაკვეთის გაგრძელებაზე.
ვ. გელაშვილის მოქმედების, კერძოდ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან საუბრის სამეწარმეო საქმიანობის კუთხით შეფასებისას, აუცილებელია გაირკვეს მისი შინაარსობრივი მიმართება შპს ,,ევრას" დირექტორის წერილში აღნიშნულ გარემოებებთან. უნდა ითქვას, რომ მათ შორის სერიოზული მსგავსება დასტურდება. ორივე შემთხვევაში საუბარია ავლაბრის ტერიტორიის განაშენიანების გეგმაზე, მისი კეთილმოწყობის აუცილებლობაზე იმ მოტივით, რომ იქ მდებარეობს სამების საკათედრო ტაძარი, შენდება ადმინისტრაციული კომპლექსი. რაც ყველაზე მთავარია, ამ გარემოებათა ფონზე ინტერესის მთავარ საგანს შეადგენს 84-ე საშუალო სკოლის მოძველებული, ავარიული შენობის ტერიტორია და ამ ძველი შენობის ნაცვლად ახლის მშენებლობა.
მართალია, შპს ,,ევრას" დირექტორი მ. ლომიძე უარყოფს მოსარჩელე ვ. გელაშვილის შემხებლობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისადმი გაგზავნილ წერილთან, მაგრამ ზემოთ მოყვანილ გარემოებებს სასამართლო იმ დასკვნამდე მიჰყავს, რომ ა. ლომაიასთან ვ. გელაშვილის საუბარსა და მ. ლომიძის მოქმედებას შორის უნდა იყოს უშუალო კავშირი და ინტერესთა თანხვდენა. ვინაიდან შპს ,,ევრა" ამ შემთხვევაში მოქმედებდა მოგების მიღების მიზნით, აქედან გამომდინარე, საფუძველს მოკლებული არ უნდა იყოს მინისტრთან შეხვედრისას ვ. გელაშვილის დაინტერესება შპს ,,ევრასათვის" 84-ე საშუალო სკოლის ტერიტორიის გადაცემით და მის სანაცვლოდ სკოლის უზრუნველყოფა ახალი შენობით. სხვანაირად, ერთმანეთთან შეუთავსებელი იქნებოდა შპს ,,ევრასა" და ვ. გელაშვილის, როგორც მისი ერთადერთი პარტნიორის ინტერესები. თუ გავიზიარებთ მოსარჩელის პოზიციას, მაშინ ისე გამოვა, რომ გარკვეული (კონკრეტული) ინტერესის საგანთან (როგორიცაა 84-ე საშუალო სკოლა) ვ. გელაშვილს არაკომერციული მოტივი (ქველმოქმედება) ამოძრავებდა, ხოლო შპს ,,ევრას", რომელშიც იგი ფლობს 100%-იან წილს - მოგების მიღების მიზანი.
შპს ,,ევრას" დირექტორის მ. ლომიძის წერილის ფონზე კიდევ უფრო დამაჯერებელი ხდება მოწმე ა. ლომაიას ჩვენება იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ მოსარჩელე ვ. გელაშვილს მინისტრთან შეხვედრისას ამოძრავებდა შპს ,,ევრას" ინტერესები.
XI. სასამართლო კოლეგიის აზრით, 84-ე საშუალო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან გ. ფრანგიშვილთან ვ. გელაშვილის საუბრიდანაც დასტურდება, რომ მოსარჩელე დაინტერესებული იყო სკოლის ტერიტორიითა და ძველი შენობის ნაცვლად ახლის მშენებლობით. ამ შეხვედრის ფაქტს არც ვ. გელაშვილი არ უარყოფს. გ. ფრანგიშვილის ჩვენების თანახმად, ვ. გელაშვილს მისთვის შეუთავაზებია სკოლის ახალი შენობის რამდენიმე ვარიანტი. მხედველობაშია მისაღები ის ფაქტი, რომ მათი ნაწილი ემთხვევა შპს ,,ევრას" დირექტორის მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისათვის შეთავაზებულ ვარიანტებს. ასევე გასათვალსიწინებელია ის გარემოებაც, რომ გ. ფრანგიშვილი 84-ე საშუალო სკოლის შენობის დაწვის დროს ტელეკომპანიებისათვის (,,რუსთავი -2" და ,,პირველი არხი") მიცემულ ინტერვიუშიც ადასტურებს - მას შეხვდა ვ. გელაშვილი და გამოთქვა ინტერესი სკოლის ტერიტორიასთან დაკავშირებით.
სასამართლო კოლეგიის აზრით, ერთი მხრივ, მოწმეების - ა. ლომაიასა და გ. ფრანგიშვილის ჩვენებების, მეორე მხრივ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისადმი შპს ,,ევრას" დირექტორის მ. ლომიძის მიერ გაგზავნილი წერილისა და საქართველოს პარლამენტის საპროცედურო და წესების კომიტეტის თავმჯდომარის სახელზე მოსარჩელე ვ. გელაშვილის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტების შედარებითი ანალიზი მიანიშნებს იმაზე, რომ ვ. გელაშვილი მოქმედებდა შპს ,,ევრას" სახელით და მისი ინტერესებისათვის.
ყოველივე ზემოთ აღნიშნული საფუძველს აცლის მოსარჩელის წარმომადგენელთა იმ განცხადებას, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ა. ლომაიას მოსარჩელე შეხვდა მხოლოდ ინფორმაციის მიწოდების მიზნით და მას ამოძრავებდა ავლაბრის ტერიტორიის კეთილმოწყობასთან ერთად ჯანსაღ და სიცოცხლისათვის უსაფრთხო გარემოში ცხოვრებისაკენ მისწრაფება და არა რაიმე კომერციული ინტერესი.
XII. სასამართლო კოლეგია ეთანხმება მოსარჩელის წარმომადგენლებს იმაში, რომ არც ერთი იმ პირთაგან, ვისაც შეხვდა ვ. გელაშვილი, არ იყო უფლებამოსილი გამოსულიყო მხარედ სკოლის ტერიტორიის შპს ,,ევრასათვის" გადაცემისა და სკოლის ძველი შენობის ნაცვლად ახლის მშენებლობის კერძო-სამართლებრივ ურთიერთობაში. თუმცა, ამ საკითხზე მათთან შეხვედრები, ,,მეწარმეთა შესახებ" კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, თავსდება საქმიანი მოლაპარაკების ფარგლებში, ვინაიდან ემსახურება აღნიშნული ურთიერთობის დამყარებას. საქმე ეხება საგანმანათლებლო დაწესებულების - სკოლის არსებული შენობის აღებას და მის ნაცვლად ახლის მშენებლობას. ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით კონკრეტული კერძო-სამართლებრივი მოქმედებების განხორციელება ვერ მოხდებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აზრის გათვალისწინების გარეშე. აქედან უკვე ნათელი ხდება მოსარჩელის მოქმედებათა ლოგიკურობა. ჯერ იგი მიდის 84-ე საშუალო სკოლის პედაგოგებათან და იგებს მათ აზრს, შემდეგ ხვდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ამის შემდეგ კი შპს ,,ევრა" წერილით მიმართავს მინისტრ ა. ლომაიას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით 84-ე საშუალო სკოლის ახალი შენობის მშენებლობასთან და მისი ტერიტორიის გადმოცემასთან დაკავშირებით.
ამდენად, უნდა ვივარაუდოთ, რომ მოსარჩელესაც კარგად უნდა სცოდნოდა, თუ რა უფლებამოსილების ფარგლებში შეიძლებოდა ემოქმედათ იმ ადამიანებს, ვისთანაც იგი აწარმოებდა მოლაპარაკებებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვ. გელაშვილის მოქმედების შეფასება კონსტიტუციურ-სამართლებრივი თვალსაზრისით შესაძლებელია იმის მიუხედავად, მას შედეგად მოჰყვა თუ არა კონკრეტული კერძო-სამართლებრივი გარიგების დადება. მხედველობაშია მისაღები მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადება, რომ, თუკი იქნებოდა ვ. გელაშვილის მხრიდან კონკრეტული ბიზნესწინადადება, მაშინ მას აუცილებლად უნდა შეწყვეტოდა დეპუტატის უფლებამოსილება. ეს გარემოებაც იმას ადასტურებს, რომ მოსარჩელის მოქმედების ბუნების განმსაზღვრელი ვერ იქნებოდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის უფლებამოსილება.
XIII. ვალერი გელაშვილის მხრიდან შპს ,,ევრას" ინტერესებში მოქმედებას კიდევ უფრო დამაჯერებელს ხდის საქართველოს პრეზიდენტისადმი 2005 წლის 18 აპრილს გაგზავნილი წერილი (N5210/9-33). ამ წერილის შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელე გამოიყურება, როგორც შპს ,,ევრას" ტიპური ფაქტობრივი დირექტორი. კერძოდ, ვ. გელაშვილი აღნიშნავს, რომ შპს ,,ევრამ" შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებანი ავლაბრის ადმინისტრაციული კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით და ითხოვს პრეზიდენტისაგან ზომების მიღებას, რათა სახელმწიფომ (შესაბამისმა სამსახურებმა) დროულად და ჯეროვნად შეასრულოს თავისი შემხვედრი საკომპენსაციო ვალდებულებანი. ამ ვალდებულებების შესრულების გაჭიანურება კი სერიოზულ პრობლემას უქმნის აღნიშნულ ორგანიზაციას, რის გამოც, ,,იგი იძულებულია დამატებით იხადოს საბანკო პროცენტები, შესაბამისი სახსრების უქონლობის გამო, შეაფერხოს თავისი საქმიანობა, სხვა ორგანიზაციებთან დადებული ხელშეკრულებისა და შეთანხმებების განხორციელება, დაითხოვოს მუშა-მოსამსახურე პერსონალი და ა.შ."
მართალია, საქართველოს პარლამენტის სადავო დადგენილებაში ამ დოკუმენტის თაობაზე არ არის საუბარი, მაგრამ ეს ფაქტი სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ სასამართლომ მას ყურადღება არ მიაქციოს შპს ,,ევრას" ინტერესებთან მოსარჩელის კავშირურთიერთობის ბუნების გამოსარკვევად.
XIV. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია აღნიშნავს, რომ შესაბამის საჯარო მოხელეებს სამეწარმეო საქმიანობისაკენ უბიძგებს სამეწარმეო საზოგადოებებისადმი მათი, როგორც დამფუძნებელთა (პარტნიორთა) მხრიდან აშკარად მესაკუთრული დამოკიდებულება. ამის გამოა, რომ ხშირად საწარმოს მართვასა და ხელმძღვანელობაში უსაფუძვლოდ დომინირებს პარტნიორის ნება და იგი, სინამდვილეში, ასრულებს ფაქტობრივი დირექტორის ფუნქციას.
დამფუძნებელი (პარტნიორი) და მის მიერ დაფუძნებული საზოგადოება სამოქალაქო ბრუნვის სრულიად დამოუკიდებელი სუბიექტებია. სამწუხაროდ, როგორც სადავო დადგენილებიდან ჩანს, საქართველოს პარლამენტსაც გასჭირვებია ამისი სრულად გაცნობიერება და იგი შპს ,,ევრას" მოიხსენიებს, როგორც ვ. გელაშვილის ,,საკუთრებაში არსებულ კომერციულ იურიდიულ პირს". ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან ასეთი შეფასება ყოვლად დაუშვებელია და არ შეესაბამება მის მიერვე მიღებული კანონების შინაარსს.
XV. საქმის არსებითად განხილვის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანომ, საქართველოს პარლამენტის წევრის საქმიანობაში ინტერესთა კონფლიქტის შეფასებისას, ნებისმიერ შემთხვევაში, საფუძვლიანად უნდა გამოიკვლიოს მასთან დაკავშირებული ყველა გარემოება სწორი გადაწყვეტილების მისაღებად. ლიტვის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებაში (საქმე N04/04) აღნიშნულია, რომ ,,სეიმის წევრის თითოეული საქმიანობის შემოწმებისას, ჩართულია თუ არა იგი კერძო ბიზნესში თუ კომერციაში და ა. შ. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული თვითონ ამ საქმიანობის არსი და ყველა სხვა გარემოება." ამგვარი მიდგომის იგნორირებას, საქართველოს პარლამენტის წევრის საქმიანობის შეფასებაში, შეიძლება შედეგად მოჰყვეს კერძო ან საჯარო ინტერესების უსაფუძვლო, კონსტიტუციისაგან გაუცხოებული მხარდაჭერა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით, 54-ე მუხლის პირველი პუნქტითა და მე-2 პუნქტის ,,დ" ქვეპუნქტითა და 89-ე მუხლით, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, მე-40 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-7 და მე-8 პუნქტებით, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე და 33-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ დაკმაყოფილდეს საქართველოს მოქალაქის ვალერი გელაშვილის კონსტიტუციური სარჩელი ,,ვალერი გელაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე” საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 31 მარტის დადგენილების კონსტიტუციურობის შესახებ საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტთან მიმართებით;
2. ეს გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან;
3. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
4. ამ გადაწყვეტილების პირი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობასა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს;
5. გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში" (7 დღის ვადაში) და პრესაში.
ბესარიონ ზოიძე (სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე)
ვახტანგ გვარამია
იაკობ ფუტკარაძე
ნიკოლოზ შაშკინი