საქართველოს მოქალაქეები - ნათელა და მანანა ქურდიანები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/12/380 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, |
თარიღი | 24 მაისი 2006 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ბესარიონ ზოიძე (სხდომის თავმჯდომარე);
2. ვახტანგ გვარამია;
3. იაკობ ფუტკარაძე (მომხსენებელი მოსამართლე);
4. ნიკოლოზ შაშკინი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები – ნათელა და მანანა ქურდიანები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს 1998 წლის 25 ივნისის კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 42 მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.
საქართველოს მოქალაქეების – ნათელა და მანანა ქურდიანების კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 2006 წლის 18 აპრილს შემოვიდა (რეგისტრაციის №380). სასამართლოს პირველ კოლეგიას იგი 26 აპრილს გადმოეცა არსებითად განხილვისათვის მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით. 11 მაისს გაიმართა ღია განმწესრიგებელი სხდომა.
2006 წლის 10 მაისს მოსარჩელეთა რწმუნებულმა გივი პაპუაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა განცხადებით (№01-17-18), რომ ვერც თვითონ და ვერც მოსარჩელეები ვერ შეძლებენ სასამართლოში გამოცხადებას. Aამიტომ განმწესრიგებელი სხდომა მოსარჩელეთა და მათი წარმომადგენლის დაუსწრებლად ჩატარდა.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
მოსარჩელეები კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნავენ, რომ “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე” 2005 წლის 30 ივნისის მე-2 მუხლის მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტები არღვევენ მათი საკუთრების უფლებას უძრავ ქონებაზე. აღნიშნული ცვლილების თანახმად, თუ ბინის მესაკუთრე მოისურვებს დაიბრუნოს დროებითი მოსარგებლის მიერ დაკავებული თავისი საცხოვრებელი ფართი, ვალდებულია გადაუხადოს მას ამ ფართის საბაზრო ღირებულების 75%. თუ ამას არ გააკეთებს, ე. ი. თუკი უარს განაცხადებს იმაზე, რომ იყიდოს თავისივე ბინა, მაშინ მოსარგებლე გადაუხდის მას ამ საცხოვრებელი ფართის ღირებულების 25%-ს და გახდება მისი მესაკუთრე. სადავო ცვლილებების თანახმად, მოსარგებლეს ამის უფლება აქვს, თუ ის რეგისტრირებულია შესაბამის სადგომში და იხდის კომუნალურ გადასახადებს, ან/და მესაკუთრესათვის გადახდილი აქვს გარკვეული საზღაური. ამდენად, მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ არსებული გარიგების შეთანხმების დასადასტურებლად კანონმდებელი არ ითხოვს წერილობითი შეთანხმების არსებობას – საკმარისია მხოლოდ რეგისტრაცია და კომუნალური გადასახადების გადახდა. მესამე პირობას – გარკვეული საზღაურის გადახდას კანონმდებელი სავალდებულოდ არ მიიჩნევს, რაც მოსარჩელეთა აზრით, ყოვლად დაუშვებელია.
მოსარჩელეთა სიტყვით, კანონმდებელმა ე. წ. ,,ატსტუპნიკებთან” გააიგივა ის მოსარგებლენიც, რომლებიც ხანგრძლივი დროის მანძილზე “მუდმივი მდგმურის” უფლებით დღესაც ცხოვრობენ კერძო საკუთრების სახლებში, სადაც არიან კიდეც რეგისტრირებულნი და კომუნალურ გადასახადებსაც იხდიან. ასეთი მდგმურები, ცხოვრობდნენ რა კერძო საკუთრების სახლებში, საბჭოთა ხელისუფლების მიერ 1993 წელს მიღებული საყოველთაო ჩაწერის კანონის თანახმად, ჩაწერილი იქნენ დაკავებულ საცხოვრებელ ფართზე, ამიტომ ეწოდათ მათ “მუდმივი მდგმურები”. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ სწორედ ასეთ მოსარგებლეებს აქვთ დაკავებული მათ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის გარკვეული ფართი. ადრე ისინი მესაკუთრეებს უხდიდნენ სიმბოლურ თანხას – 5 მანეთს ქირის სახით, შემდეგ – 5 ლარს. ახლა კი საერთოდ შეწყვიტეს გადახდა იმ მოტივით, რომ სურთ მოიპოვონ საკუთრების უფლება დაკავებულ სადგომზე და, შესაბამისად, მიწის ფართზე. ამას ისინი, მოსარჩელეთა წინააღმდეგობის მიუხედავად, შეძლებენ სიმბოლური თანხის – სათანადო ფართის ღირებულების 25%-ის გადახდით. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ამით დაირღვევა კონსტიტუციით გარანტირებული მათი საკუთრების უფლება.
მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ სადავო ნორმის – ზემოთ დასახელებული კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის მიღებისას პარლამენტმა არ გაითვალისწინა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2001 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებაში მოყვანილი რეკომენდაციები სამართლიანობის, თანასწორობისა და თანაზომიერების ბალანსის დაცვის თაობაზე.
მოსარჩელეთა აზრით, სადავო ნორმა ასევე ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტს იმ მხრივ, რომ კანონმდებელი ცდილობს მოაწესრიგოს და გადაწყვიტოს 50-60 წლის წინათ დადებული სანოტარო ფორმადაუცველი გარიგებების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობანი, რითაც უარესდება ბინის მესაკუთრეთა კონსტიტუციური უფლებები. მოსარჩელეები თვლიან, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება აგრეთვე “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-2 პუნქტს.
მოსარჩელეები მოითხოვენ კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვისათვის მიღებას და სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ საქართველოს მოქალაქეების _ ნათელა და მანანა ქურდიანების 380-ე ნორმით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელის გაანალიზების საფუძველზე გამოარკვია მისი არსებითი განხილვისათვის მიღების საკითხის გადასაწყვეტად საჭირო გარემოებანი.
კონსტიტუციურ სარჩელში სადავო აქტად (აქტის ნაწილად) მითითებულია “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე” საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი. ამასთან დაკავშირებით სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ კონსტიტუციურ სარჩელში დაშვებულია უზუსტობა: მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის არაკონსტიტუციურად ცნობასაც ითხოვენ მოსარჩელეები, არის არა დასახელებულ აქტში (მასში საერთოდ არაა მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი), არამედ 1998 წლის 25 ივნისის კანონში “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ”; მოსარჩელეთა მიერ მითითებული აქტით კი ცვლილება შევიდა 1998 წლის აღნიშნულ კანონში და მისი მე-2 მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომელშიც არის წარმოდგენილი სადავო (მე-4) პუნქტი (ისევე, როგორც კონსტიტუციურ სარჩელში ნახსენები სხვა _ მე-3 და მე-6 პუნქტები).
ამგვარად, მოსარჩელეთა მოთხოვნაში იგულისხმება, რომ არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს 1998 წლის 25 ივნისის კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი (2005 წლის 30 ივნისის რედაქციით).
სასამართლო კოლეგიის აზრით, კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით არ იკვეთება, რომ სადავო ნორმით დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტში ჩამოყალიბებული დებულებები. Aაქედან გამომდინარე, სასამართლო კოლეგია ვერ იმსჯელებს სადავო ნორმის კონსტიტუციურობაზე კონსტიტუციის 42-ე და მე-5 პუნქტებთან მიმართებით.
ამასთან ერთად, სასამართლო კოლეგია მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის 2005 წლის 7 ოქტომბრის განჩინებაზე (№2/9/343), რომელიც მიღებულია საქართველოს მოქალაქის ჟანა აბულაძის კონსტიტუციურ სარჩელზე. Aამ სარჩელის მიხედვით, დავის საგანს წარმოადგენდა “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. განჩინებით უარი ეთქვა მოსარჩელეს კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვისათვის მიღებაზე. განჩინებაში მითითებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2001 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებაზე (№1/1/103,117,137,147-48,152-53). ამ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” 1998 წლის 25 ივნისის კანონის თავდაპირველი რედაქციის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული ნორმა “არ შეიძლება ჩაითვალოს არაკონსტიტუციურად კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით”. 380-ე ნორმით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელის სადავო ნორმა კი – “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის ზემოაღნიშნული განჩინების მიხედვით, ფაქტობრივად იგივე შინაარსისაა, რასაც ითვალისწინებდა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის მიერ განხილული ამავე კანონის თავდაპირველი რედაქციის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი.
ამგვარად, “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” 1998 წლის 25 ივნისის კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვისათვის მიღებისა და აღნიშნულ პუნქტში მოცემული ნორმის კონსტიტუციურობის საკითხები უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-18 მუხლის “დ” პუნქტის თანახმად კი, კონსტიტუციური სარჩელი არსებითი განხილვისათვის არ მიიღება, თუ “მასში მითითებული ყველა სადავო საკითხი უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ”.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ხელმძღვანელობს რა “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, მე-18 მუხლის “დ” პუნქტითა და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-31 მუხლებითა და 33-ე მუხლის პირველი პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითი განხილვისათვის საქართველოს მოქალაქეების – ნათელა და მანანა ქურდიანების 380-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს 1998 წლის 25 ივნისის კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით და შეწყდეს სამართალწარმოება ამ საკითხზე;
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
1. ბ . ზოიძე (სხდომის თავმჯდომარე)
2. ვ. გვარამია
3. ი. ფუტკარაძე (მომხსენებელი)
4. ნ. შაშკინი