საქართველოს მოქალაქე ოთარ ზოიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/12/261 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, |
თარიღი | 23 დეკემბერი 2003 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე);
2. ვახტანგ გვარამია;
3. იაკობ ფუტკარაძე (მომხსენებელი მოსამართლე);
4. ნიკოლოზ შაშკინი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ოთარ ზოიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: კონსტიტუციურია თუ არა (1) საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან, 35-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლი (2) საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლი, (3) საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 30-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტი და (4) საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 256-ე მუხლის მე-7 ნაწილი.
საქართველოს მოქალაქის ოთარ ზოიძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 2003 წლის 18 ნოემბერს შემოვიდა (რეგისტრაციის №261). სასამართლოს პირველ კოლეგიას იგი 2003 წლის 26 ნოემბერს გადმოეცა არსებითი განხილვისათვის მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით. კოლეგიის ღია გამნწესრიგებელი სხდომა 9 დეკემბერს გაიმართა.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლი არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტს, რომლის თანახმადაც “სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი”. სახელმწიფომ არ უნდა შეზღუდოს ეს უფლება არც პირდაპირი და არც არაპირდაპირი ფორმით. იგი ვალდებულია თავი შეიკავოს ისეთი ქმედებისაგან, რომელიც ხელყოფს ადამიანის საარსებო მინიმუმს და, შესაბამისადაც, სიცოცხლის უფლებას. საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლი კი ადგენს ადამიანის სიცოცხლის ხელმყოფ ნორმებს: “ფიზიკურ პირს უფლება აქვს მოახდინოს საგადასახადო წლის განმავლობაში ყოველთვიურად დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვა 9 ლარის ოდენობით. ასეთი გამოქვითვა ხდება მხოლოდ ძირითადი სამუშაო ადგილის მიხედვით მიღებული ხელფასიდან”.
მოსარჩელე ასევე აღნიშნავს, რომ საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლი არ ითვალისწინებს საცხოვრებელი ბინით უზრუნველსაყოფად საჭირო ხარჯების გამოქვითვას, რაც არღვევს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტს - “ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია”. არაა დადგენილი აგრეთვე განათლების მისაღებად აუცილებელი ხარჯების გამოქვითვის შესაძლებლობა, რითაც, მოსარჩელის თქმით, ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტი. ირღვევა კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნებიც – “სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას”, “დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით”.
კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლი არღვევს საქართველოს ნორმებს - “საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება”. მოსარჩელის აზრით, საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლი ადგენს წინასწარი გადახდის წესს: გადასახადის გადამხდელი ვალდებულია მიმდინარე წლისთვის გადასახადი გადაიხადოს არა წლის დასრულების შემდეგ, როცა ზუსტად დადგინდება დასაბეგრი შემოსავალი, არამედ საანგარიშო წლის განმავლობაში – წინასწარ და განწილვადებით; გადამხდელი ვალდებულია გადაიხადოს ის გადასახადი, რომელიც წლის დასრულების შემდეგ შეიძლება არც კი წარმოიშვას. მოსარჩელისთვის ეს ნიშნავს გადასახადის გადამდხდელის საკუთრების ნაწილის უკანონოდ ამოღებას სახელმწიფოს მიერ.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით მოსარჩელელ არაკონსტიტუციურად მიიჩნევს აგრეთვე საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტს: დასაბეგრი შემოსავლის 31% უნდა გადაიხადოს გადასახადის გადამხდელმა ფიზიკურმა პირმა მესამე პირთა პენსიების უზრუნველსაყოფად; აღნიშნული განაკვეთი იმდენად დიდია, რომ ხელყოფს საკუთრების უფლებას, ფაქტობრივად იწვევს საკუთრების კონფისკაციას. სადავო ქვეპუნქტი, მოსარჩელის თქმით, ასევე ხელყოფს კონსტიტუიის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ შრომის სამართლიანი ანაზღაურების პრინციპს – სამართლიანი ანაზღაურება გულისხმობს დაბეგვრის შემდეგ გადასახადის გადამხდელისათვის წმიდა შემოსავლის ისეთი ოდენობით დატოვებას, რომელიც ადეკვატურია გაწეული შრომის ხარისხისა და ოდენობისა: სახელმწიფოს უფლება არა აქვს დააწესოს გადასახადის ისეთი განაკვეთი, რომელიც საბოლოოდ ფიქციად აქცევს შრომის ანაზღაურების სამართლიანობას; სოციალური გადასახადის საპროცენტო განაკვეთი – 31% კი სწორედ ამგვარი განაკვეთია.
მოსარჩელის აზრით, არაკონსტიტუციურია საგადასახადო კოდექსის 256-ე მუხლის მე-7 ნაწილი - “გადამხდელს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება სასამართლოში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარიცხული გადასახადები გადახდილია ან არსებობს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების აუცილებლობის დასაბუთებული მოტივაცია”. მოსარჩელელ მიუთითებს, რომ ეს ზღუდავს ადამიანის კონსტიტუციურ უფლებას – თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ასევე, “სასამართლოში გასაჩივრების აუცილებლობის მოტივაციის დასაბუთებულობა”, “სამართლებრივ ნონსენსს წარმოადგენს და მისი რეალიზაცია პრაქტიკულად შეუძლებელია” - გადაწყვეტილების გასაჩივრების მოტივაციის დასაბუთებულობაზე მსჯელობა შეუძლია მხოლოდ სასამართლოს და არა საგადასახადო ადმინისტრაციას.
მოსარჩელე მხარე საკონსტიტუციო სასამართლოს თხოვს კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვისათვის მიღებას, საქართველოს საგადასახადო კოდექსის სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას და ძალადაკარგულად გამოცხადებას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ მოისმინა მოსარჩელის განმარტებანი, ცალ-ცალკე იმსჯელა სადავოდ დასახელებული ნორმების შესახებ, გაანალიზა საქმეში არსებული მასალები და გამოარკვია კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვისათვის მიღების საკითხთან დაკავშირებული გარემოებანი:
1. სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ ყურადსაღებია მოსარჩელის მოსაზრებანი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის თაობაზე, რომლითაც დადგენილია ძირითადი სამუშაო ადგილის მიხედვით მიღებული ხელფასიდან ყოველთვიურად დაუბეგრავი მინიმუმის 9 ლარის ოდენობით გამოქვითვის უფლება. მართალია, მთავარი გამოქვითვა კი არა, არამედ დაბეგვრის სამართლიანობაა და სადავო ნორმაც უფლების (შესაძლებლობის) 0ფორმით არის ჩამოყალიბებული; მაგრამ დაუბეგრავი მინიმუმი 9 ლარის ოდენობით უდავოდ არასაკმარისია და მართლაც აუცილებელია მისი გადიდება (ქვეყნის ეკონომიკის ზრდის კვალობაზე), რაც გასათვალისწინებელია საგადასახადო კანონმდებლობის შემდგომი სრულყოფის თვალსაზრისით.
ამასთან, სასამართლო კოლეგიის აზრით, ეს გარემოება არ კმარა იმისათვის, რომ შესაბამისი სასარჩელო მოთხოვნა მიღებული იქნეს არსებითი განხილვისათვის.
სასამართლო კოლეგია მიუთითებს “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმადაც “კონსტიტუციური სარჩელი . . . დასაბუთებული უნდა იყოს”. ეს მოთხოვნა, სხვა გარემოებებთან ერთად, გულისხმობს სადავო ნორმის მართებულ (საგნობრივ) მიმართებას საქართველოს კონსტიტუციის სათანადო დებულებებთან. სწორედ ასეთი მიმართება იგულისხმება “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “დ” ქვეპუნქტში. ამ პუნქტის მიხედვით, კონსტიტუციურ სარჩელში “მითითებული უნდა იყოს . . . საქართველოს კონსტიტუციის დებულებანი, რომლებსაც, მოსარჩელის აზრით, არ შეესაბამება ან არღვევს სადავო აქტი”. კონსტიტუციური სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე კი, არ დასტურდება საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის საგნობრივი მიმართება, მისი პირდაპირი კავშირი საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან (სიცოცხლის უფლება), მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან (ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა), 35-ე მუხლის პირველ პუნქტთან (განათლების უფლება) და 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან (“ოჯახის უფლება”). მაშასადამე, სასარჩელო მოთხოვნა შინაარსით არ შეესაბამება “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლით დადგენილ ზემოაღნიშნულ მოთხოვნას, რის გამოც იგი, ამავე კანონის მე-18 მუხლის “ა” პუნქტის ძალით, განსახილველად ვერ მიიღება.
2. კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ საგადასახადო კოდექსის მთელი 89-ე მუხლი (მისი ოთხივე ნაწილი) არის დასახელებული. შემდეგ, განმწესრიგებელ სხდომაზე, მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნის მოცულოაბ და სადავოდ მიიჩნია 89-ე მუხლის მხოლოდ პირველი ნაწილი - “ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას, აგრეთვე “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფიზიკური პირები (გარდა იმ პირებისა, რომლებიც ეწევიან სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას) ვალდებულნი არიან შეიტანონ ბიუჯეტში მიმდინარე გადასახადების თანხები წინა საგადასახადო წლის წლიური გადასახადის მიხედვით, შემდეგი ოდენობით: ა) 15 მაისამდე – 30:; ბ) 15 აგვისტომდე – 30%; გ) 15 ნოემბრამდე – 40%.
სასამართლო კოლეგიამ განმწესრიგებელ სხდომაზე, მოსარჩელის მონაწილეობით, გამოარკვია, რომ იგი (მოსარჩელე) საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის სადავოდ დასახელებული ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობების უდიდეს უმრავლესობასთან მიმართებით უფლებამოსილ სუბიექტად ვერ ჩაითვლება და ამ შემთხვევაში, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-18 მუხლის “ბ” პუნქტის შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა განსახილველად არ მიიღება.
სახელდობრ, მოსარჩელე ფიზიკური პირია და ეწევა სანოტარო საქმიანობას, რაც არასამეწარმეო ეკონომიკურ საქმიანობას განეკუთვნება. აქედან გამომდინარე, იგი არ იყო უფლებამოსილი გაესაჩივრებინა იმ ფიზიკური პირების საგადასახადო ვალდებულებანი, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას. მით უფრო, არ გააჩნია მას ასეთი უფლებამოსილება შესაბამისი იურიდიული პირების მიმართ.
მოსარჩელელ მხოლოდ “მეწარმეთა შესახებ” კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ფიზიკურ პირთა კატეგორიას მიეკუთვნება და ამ სფეროშიც მისი სასარჩელო სამართალსუბიექტობა ძალზე ვიწროდ არის შემოფარგლული. საქმე ისაა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტისა და “მეწარმე შესახებ” კანონის პირველი მუხლის ხსენებული პუნქტის მიხედვით, არასამეწარმეო ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ფიზიკური პირების სახელოვნებო, სამეცნიერო, სამედიცინო, არქიტექტორული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის საგადასახადო კონსულტანტთა), სასოფლო-სამეურნეო და სატყეო-სამეურნეო საქმიანობა.
აქ წარმოდგენილ ვრცელ ჩამონათვალთან მიმართებით მოსარჩელე მარტოოდენ ერთ შემთხვევაში შეიძლება უფლებამოსილ სუბიექტად იქნეს მიჩნეული. კონკრეტულად, იგულისხმება მოსარჩელის, როგორც ფიზიკური პირის, სანოტარო საქმიანობა და მხოლოდ ამ ფარგლებში შეუძლია მას მოითხოვოს კონსტიტუციუასთან საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისობის საკითხის განხილვა და გადაწყვეტა.
მაგრამ ამ ნაწილშიც სასამართლო კოლეგია დასაბუთებულად ვერ მიიჩნევს მოსარჩელის შესაბამის მოსაზრებებს. პერიოდულად გადასახდელების გადახდევინება მსოფლიოში აღიარებული ფორმაა და მიზნად ისახავს ბიუჯეტიდან ხარჯების გაწევას თანაბარწილად მთელი წლის განმავლობაში, რაც უზრუნველყოფს სახელმწიფოს ნორმალურ ფუნქციონირებას. თანაც, საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლი იმპერატიულად არ მოითხოვს გადამხდელისაგან ყველა შემთხვევაში საავანსო გადასახადელების გადახდას. კერძოდ, თუ გადამხდელი დაასაბუთებს, რომ მიმდინარე საანგარიშო წელს არ ექნება შემოსავლები6 მას შეუძლია არ გადაიხადოს საავანსო გადასახდელები. ამის გათვალისწინებით, დამაჯერებლად არ გამოიყურება მოსარჩელის მოსაზრება სახელმწიფოს მიერ საკუთრების ხელყოფის შესახებ.
აქედან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა ვერც ამ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება დასაბუთებულად. ამიტომ იგი, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ისევე როგორც “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნათა შეუსრულებლობის გამო და, შესაბამისად, ამავე კანონის მე-18 მუხლის “ა” პუნქტის ძალით, განსახილველად არ მიიღება.
3. მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ ასახელებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტს, რომელშიც განსაზღვრულია სოციალური დაზღვევის გადასახადის განაკვეთი: საგანადასახადო კოდექსის 185-ე მუხლის “ა”, “ბ”, “დ” და “ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისათვის სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდში გადასახადად დადგენილია დასაბეგრი თანხის 31 პროცენტი, ამასთან, თითოეულ ფიზიკურ პირზე თვეში არანაკლებ 16 ლარისა.
საგადასახადო კოდექსის 185-ე მუხლის ხსენებულ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილია სოციალური დაზღვევის გადასახადის გადამხდელთა სრულიად სხვადასხვა კატეგორიები და მოქალაქე ოთარ ზოიძის სასარჩელო სამართალსუბიექტობის საკითხი განმწესრიგებელ სხდომაზე მისივე მონაწილეობით გაირკვა. ამ ვრცელ ჩამონათვალთან მიმართებით მოსარჩელე, საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის ანალოგიურად, უფლებამოსილ სუბიექტად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ როგორც ფიზიკური პირი, რომელიც ეწევა სანოტარო საქმიანობას. მარტოდენ ამ მხრივ შეუძლია მას მოთხოვოს საკონსტიტუციო სასამართლოში საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობა. სხვა შემთხვევებში იგი საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტთან მიმართებითაც უფლებამოსილ პირად ვერ მიიჩნევა და შესაბამისი სასარჩელო მოთხოვნაც, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-18 მუხლის “ბ” პუნქტის ძალით, განსახილველად არ მიიღება.
საერთოდ, საქართველოში მოქმედ სოციალურიტ დაზღვევის სამართლებრივ ინსტიტუტთან დაკავშირებით, სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ ასეთი სისტემა სხვა სახელმწიფოებშიც არსებობს. ქვეყანაში არ არის განვითარებული კერძო საპენსიო ფონდების სტრუქტურა და მოქალაქეთა საპენსიო უზრუნველყოფა კვლავ სახელმწიფოს ძირითად ვალდებულად, უმნიშვნელოვანეს ამოცანად ითვლება. დასახულია რეფორმა ამ სფეროში და სახელმწიფო უნდა განსაზღვროს შესაბამისი პოლიტიკა, აირჩიოს და დანერგოს სოციალური დაზღვევის ოპტიმალური სისტემა.
რაც შეეხება უშუალოდ სასარჩელო მოთხოვნას სოციალური დაზღვევის გადასახადის განკვეთთან მიმართებით, სასამართლო კოლეგია მიუთითებს, რომ მისი გადახდის მიზან-დანიშნულებაა უზრუნველყოს არა მარტო გადამხდელის კერძო ინტერესი, არამედ აგრეთვე თაობათა სოციალური სოლიდარობის პრინციპის რეალიზაციასთან დაკავშირებული საჯარო ინტერესები.
სასარჩელო მოთხოვნის განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად სასამართლო კოლეგიას მნიშვნელოვან ფაქტორად მიაჩნია ის, რომ სოციალური დაზღვევის გადასახადის განაკვეთი ერთნაირია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 185-ე მუხლის “ა”, “ბ”, “დ” და “ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისათვის და ამ მხრივ მოსარჩელე, ისევე როგორც სხვა ნოტარიუსები, მათთან თანაბარ მდგომარეობაში იმყოფებიან, სხვებთან შედარებით არანაირ დისკრიმინაციას არ განიცდიან.
აქედან გამომდინარე და, საერთოდაც, ზემოთ აღნიშნული ყველა გარემოების ერთობლივად გათვალისწინებით, სოციალური დაზღვევის გადასახადის განაკვეთის საკითხის განხილვა მხოლოდ ნოტარიუსებთან მიმართებით, ე.ი. სხვა თანაბარუფლებიანი კატეგორიების გადამხდელებისაგან იზოლირებულად, სარჩელში წარმოდგენილი ანგარიშგასაწევი დასაბუთების მიუხედავად, გაუმართლებელი, მიზაშეუწონელი და მიუღებელია. ეს საკითხი და სოციალური დაზღვევის პრობლემა მთლიანად საჭიროებს რეფორმატორულ სისტემურ მიდგომას და კომპლექსურად გადაწყვეტას, რაც საქართველოს პარლამენტის კომპეტენციას განეკუთვნება.
4. სასამართლო კოლეგია იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 256-ე მუხლის მე-7 ნაწილში მოცემულია “ხარვეზიანი ნორმა”. გაურკვეველია სადავო ნორმის განხორციელების წესი და, საერთოდ, “მისი რეალიზაცია პრაქტიკულად შეუძლებელია” - არ ჩაგსნ საგადასახადო ადმინისტრაციის ისეთი ორგანო ან თანამდებობის პირი, რომელიც გააკონტროლებს სარჩელის შეტანას სასამართლოში. კოდექსის 256-ე მუხლის მე-7 ნაწილი მართლაც საჭიროებს დახვეწას და გამართულად, სრულყოფილად ჩამოყალიბებას, რაც საქართველოს პარლამენტის პრეროგატივას წარმოადგენს.
ამასთან ერთად, სასამართლო კოლეგიის აზრით, მოსარჩელემ, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის მოთხოვნის საპირისპიროდ, საგნობრივად ვერ აჩვენა, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საკუთრივ მისი კონსტიტუციური უფლება – თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
აქედან გამომდინარე, მოსარჩელელ საგადასახადო კოდექსის 256-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიმართ უფლებამოსილ სუბიექტად ვერ ჩაითვლება. ამის გამო, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-18 მუხლის “ბ” პუნქტის შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა განსახილველად არ მიიღება.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა საფუძველზე, ხელმძღვანელობს და საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-2, მე-5 და მე-8 პუნქტებით, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “დ” და “ე” პუნქტებით, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, მე-18 მუხლის “ა”, “ბ” და “გ” პუნქტებითა და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-31 მუხლებითა და 33-ე მუხლის პირველი პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითი განხილვისათვის საქართველოს მოქალაქის ოთარ ზოიძის 261-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ იმის თაობაზე, რომ კონსტიტუციურია თუ არა (1) საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან, 35-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით საქართველო საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლი, (2) საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის პირველი ნაწილი, (3) საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 30-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტი, (4) საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 256-ე მუხლის მე-7 ნაწილი და შეწყდეს სამართალწარმოება ამ სარჩელზე;
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
3. ამ განჩინების ასლი (შესაბამისი კონსტიტუციური სარჩელის ასლითურთ), სათანადო დებულებების გათვალისწინების მიზნით, გაეგზავნოთ საქართველოს პარლამენტს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს.
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე);
2. ვახტანგ გვარამია;
3. იაკობ ფუტკარაძე (მომხსენებელი მოსამართლე);
4. ნიკოლოზ შაშკინი.