მოსარჩელე: ვახტანგ სამხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/18/255 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 17 ნოემბერი 2003 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ოთარ ბენიძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – წევრი;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი – წევრი;
4. ზაურ ჯინჯოლავა – წევრი;
სხდომის მდივანი: ლია ჯალაღონია.
საქმის დასახელება: მოსარჩელე: ვახტანგ სამხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 681-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობის დადგენა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე ვახტანგ სამხარაძე და მისი წარმომადგენლები: შოთა გრიგალაშვილი, მანანა კობახიძე, ნათია კაციტაძე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 27 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №255) მომართა მოქალაქე ვახტანგ სამხარაძემ. სასამართლოს თავმჯდომარის რეზოლუციით კოლეგიას საქმე გადმოეცა ა.წ. 30 ოქტომბერს.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, საქართველოს ორგანული კანონის „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-10 მუხლის პირველი პუნქტი, მე-15 და მე-16 მუხლები.
დავის საგანს წარმოედგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 681-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობის დადგენა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, 2001 წლის 14 მაისს გატაცებული იქნა მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანა. რის თაობაზეც ვაკის რაიონის პოლიციაში ავტომანქანის მფლობელის მიერ დაუყოვნებლივ იქნა წერილობით განცხადებული.
2002 წლის 17 მაისს, შსს საგამოძიებო დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის მიერ მიღებული იქნა დადგენილება სისხლის სამართლის აღძვრისა და წარმოებაში მიღების შესახებ. აღნიშნულის მიუხედავად დამნაშავე პირთა დადგენა და მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანის დაბრუნება არ მომხდარა. ამის გამო მოსარჩელეს მიაჩნია, რომ პოლიციის თანამშრომელთა პასუხისმგებლობის შედეგად ხელყოფილი იქნა მისი, კონსტიტუციით აღიარებული საკუთრების უფლება.
კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია სისხლის სამსართლის საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილი, 33-ე მუხლის მე-4 ნაწილი, და 217-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ პუნქტი. აღნიშნული მუხლებით დარეგულირებულია დაზარალებული პირისათვის დანაშაულის შედეგად მიყენებული ქონებრივი, ფიზიკური და მორალური ზიანისათვის კომპენსაციის მიღების საკითხი.
სარჩელის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის საფუძველზე სახელმწიფომ აიღო ვალდებულება მოქალაქეთა უფლებების დაცვასა და მისი დარღვევის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურებაზე.
მოსარჩელის მიერ აგრეთვე მოყვანილია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე და 34-ე მუხლები, რომელთა საფუძველზეც, მისივე განმარტებით, სახელმწიფომ იკისრა პასუხისმგებლობა გაუხსნელ დანაშაულსა და მის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე.
კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, 2003 წლის 2 სექტემბერს ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ მოსარჩელეს გადაწყვეტილებით უთხრა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე, იმ მიზეზით, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 681-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსს კოდექსის 33-ე მუხლის მე-4 ნაწილი და 217-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ პუნქტი ძალაში შევა მხოლოდ 2005 წლის 15 მაისიდან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი მუხლების 2005 წლის 15 მაისამდე შეჩერებამ გამოიწვია მისი, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე და 21-ე მუხლებით გათვალისწინებული, სასამართლოსადმი მიმართვისა და საკუთრების უფლების დარღვევა.
სარჩელის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტში ყოველგვარი დათქმის გარეშე ცალსახად აღნიშნულია, რომ „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“, ხოლო სსს კოდექსის 681-ე მუხლის მე-2 ნაწილით, შეჩერებული იქნა ის მუხლები, რომელთა თანახმადაც სახელმწიფომ იკისრა ვალდებულება გაუხსნელი საქმეების შედეგად მიყენებული ზარალის სახელმწიფოს მიერ ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელის აზრით, ვინაიდან სადავო აქტის თანახმად, მხოლოდ სსს კოდექსის 33-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და 217-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ პუნქტით დარეგულირებულ საკითხებზე მას არ მიეცა საშუალება სარჩელით წარმდგარიყო სასამართლოს წინაშე, იგი მიიჩნევს, რომ დავის საგანი პირდაპირ წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან.
კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო აქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე და მე-14 მუხლებს. ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 152-ე მუხლის მიხედვით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ქონებრივი სიკეთეა, რომელზედაც სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის შესაბამისად ვრცელდება საკუთრების უფლება. რაც შეეხება სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან წინააღმდეგობას, მოსარჩელის აზრით, ვინაიდან კანონმდებლობის თანახმად მისი ზარალის ანაზღაურება ვერ მოხდება 2005 წლამდე შეჩერებული აქტის გამო, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ მომხდარი ფაქტების შედეგად პირებს მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ, ეს გარემოება მას და სხვა მოქალაქეებს არათანაბარ მდომარეობაში აყენებს და პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-14 მუხლს, რომლის თანახმად „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია...“
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე მოითხოვს არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 681-ე მუხლის მე-2 ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
მოსარჩელე და მისი წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ სადავო აქტის ამოქმედებამ გამოიწვია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 217-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის ძალაში შესვლის შეჩერება. ამის შედეგად შეუძლებელი გახდა შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული კომპენსაციის მიღების შესაძლებლობა, ვინაიდან სადავო აქტით ზემოაღნიშნული მუხლების მოქმედება გადავადებული იქნა 2005 წლის 15 მაისამდე
მოსარჩელის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 681-ე მუხლის მე-2 პუნქტით, ამავე კოდექსის 33-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 217-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის ამოქმედების გადავადებამ გამოიწვია მოსარჩელის კონსტიტუციური უფლებების შელახვა.
მოსარჩელის წარმომადგენელთა აზრით, დავის საგანს ზემოაღნიშნული მუხლების ამოქმედების გადავადების კონსტიტუციურობა წარმოადგენს.
საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კონსტიტუციური სარჩელი არ არის შემოტანილი კანონის ნორმების დაცვით, რაც აუცილებელია მისი არსებითად განსახილველად მიღებისათვის. კერძოდ, მოსარჩელე ვერ იქნება უფლებამოსილი სუბიექტი, რადგან საქართველოს საკანონმდებლო აქტების ამოქმედების, საქართვეოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხებზე დავის უფლებამოსილება, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, განსაზღვრულ სპეციალურ სუბიექტთა წრეს გააჩნია.
საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „საკონსტიტუციო სასამრთლოში კონსტიტუციური შეთანხმების, საქართველოს კანონების, საქართველოს პარლამენტის ნორმატიული დადგენილების, საქართველოს პრეზიდენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ნორმატიული აქტების, აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო აქტებისა და საქართველოს პარლამენტის დადგენილებების მიღების/გამოცემის, ხელმოწერის, გამოქვეყნებისა და ამოქმედების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს”.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად არ შეიძლება მიღებულ იქნეს, ვიანიდან კანონმდებლობის თანახმად მოსარჩელე არ წარმოადგენს უფლებამოსილ სუბიექტს.
იხელმძღვანელა რა, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 21-ე მუხლის მეორე პუნქტით, 33-ე მუხლის პირველი პუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლის „ბ“ პუნქტით, 21-ე მუხლის მეორე პუნქტით
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს :
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილევად მოსარჩელის ვახტანგ სამხარაძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 681-ე მუხლის მეორე ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის, 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
1. ოთარ ბენიძე
2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი
3. ლამარა ჩორგოლაშვილი
4. ზაურ ჯინჯოლავა