საქართველოს მოქალაქეები - გრიგოლ შალამბერიძე, ზაურ ამილახვარი და ვალიკო როგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/9/381 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 19 მაისი 2006 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1.ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
2. ლამარა ჩოგოლავა - წევრი;
3. ზაურ ჯინჯოლავა - წევრი.
სხდომის მდივანი: ელენე ლაღიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - გრიგოლ შალამბერიძე, ზაურ ამილახვარი და ვალიკო როგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: - „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადება, ამავე კანონის 37-ე მუხლი და „სამხედრო შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე 2005 წლის 23 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-18 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის მეორე წინადადებასთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი კახა კუკავა.
381-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია მიმდინარე წლის 20 აპრილს.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადება, რომლის თანახმად, "ქვემოთ ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტებით ამ კანონის ამოქმედებამდე უკვე დანიშნული კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია არ ექვემდებარება გადაანგარიშებას ამ კანონის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 თავების მიხედვით..."; ასევე, ამავე კანონის 37-ე მუხლის თანახმად, "ამ კანონის ამოქმედებამდე ამავე კანონის 36-ე მუხლში ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტების შესაბამისად დანიშნული კომპენსაციების გაცემა, რომელთა მიღებას არ ითვალისწინებს ეს კანონი, გაგრძელდეს ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი კანონმდებლობით მისი მიღების შეწყვეტის საფუძვლების წარმოშობამდე"; ასევე, "სამხედრო შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე 2005 წლის 23 დეკემბრის №2459 საქართველოს კანონის მე-17 მუხლით, აღნიშნული კანონიდან ამოღებული იქნა 27-ე-58-ე მეხლები, რომლებიც ითვალისწინებდა პენსიების გადასინჯვას ცხოვრების დონისა და შრომის ანაზღაურების ცვლილებებთან დაკავშირებით- მოსარჩელეთა აზრით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებას, რომლის შესაბამისად "კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს".
მოსარჩელე ასევე სადავოდ ხდის საქართველოს შინაგან საქმეთა მიმისტრის 2005 წლის 8 ივნისის №567 ბრძანების მეორე პუნქტის - "სამინისტროს მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების ოდენობა განისაზღვრა თანამდებობათა რეესტრისა და თანამდებობრივი კატეგორიების შესაბამისად", და ამავე ბრძანების მე-6 პუნქტის კონსტიტუციურობას რომლის თანახმად, 2005 წლის პირველი მაისიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 21 იანვრის №55 ბრძანება.
მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა კახა კუკავამ განმწესრიგებელ სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ სადავო აქტებით გაუქმდა "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დანიშნული კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის გადაანგარიშების წესი. მისი განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადასაწყვეტია, რამდენად შეიძლება ჩაითვალოს კანონის უკუმოქმედების ძალა, როცა კანონი ეხება იმ სამართლებრივ ურთიერთობას, რომელიც კანონის მიღებამდეა წარმოშობილი. ამ შემთხვევაში პენსია დანიშნული არის ამ კანონის ამოქმედებამდე, რის შემდეგაც, წარმომადგენლის განცხადებით, სახელმწიფომ პენსიის გადაანგარიშების ვალდებულება მოიხსნა. მისი განმარტებით, ასევე გამოსარკვევია, რამდენად კრძალავს საქართველოს კონსტიტუცია კანონის უკუძალას. უკუძალა კანონს აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ამსუბუქებს. მისი აზრით, ვინაიდან ახლად ამოქმედებული კანონის სადავო მუხლები გავრცელებული არის სახელმწიფოს მიერ ადრე აღებულ ვალდებულებაზე და ადრე მოქმედი კანონით წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობაზე, სადავო კანონს ენიჭება უმოქმედობითი ძალა და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.
ამასთან, წარმომადგენელმა დააზუსტა დავის საგანი, კერძოდ, კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონის 38-ე მუხლის ნაცვლად მითითებული უნდა იყოს 37-ე მუხლი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მოითხოვენ, სადავო აქტებით დადგენილი კომპენსაციების გადაანგარიშების და მათი გაცემის ვადების დაწესების კონსტიტუციურობის დადგენას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელის გაანალიზების და მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტებათა საფუძველზე გამოარკვია წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებული საკითხები.
სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ სადავო აქტები ეხება "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებამდე უკვე დანიშნული კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის გადაანგარიშების და მათი გაცემის წესს. კერძოდ, "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, "ქვემოთ ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტებით ამ კანონის ამოქმედებამდე უკვე დანიშნული კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია არ ექვემდებარება გადაანგარიშებას ამ კანონის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 თავების მიხედვით..."; ამავე კანონის 37-ე მუხლის "ამ კანონის ამოქმედებამდე ამავე კანონის 36-ე მუხლში ჩამოთვლილი საკანონმდებლო აქტების შესაბამისად დანიშნული კომპენსაციების გაცემა, რომელთა მიღებას არ ითვალისწინებს ეს კანონი, გაგრძელდეს ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი კანონმდებლობით მისი მიღების შეწყვეტის საფუძვლების წარმოშობამდე", ასევე, "სამხედრო შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე 2005 წლის 23 დეკემბრის №2459 საქართველოს კანონის მე-17 მუხლით ამავე კანონიდან ამოღებული იქნა 27-ე-58-ე მუხლები, რომლებიც ითვალისწინებდა პენსიების გადასინჯვას ცხოვრების დონისა და შრომის ანაზღაურების ცვლილებებთან დაკავშირებით, კონსტიტუციურობის დადგენას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მეორე წინადადებასთან მიმართებით.
სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის დებულებას-"კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს" საფუძვლად უდევს კანონის უკუძალის პრინციპი. კონსტიტუციის დასახელებული დებულება ეხება სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს, სადავო აქტები კი, არსებითად განსხვავებულ საკითხებს არეგულირებენ. სასამართლო კოლეგია თვლის, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ დაასაბუთა სადავო აქტების მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მეორე წინადადებასთან.
"საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის "ე" ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი უნდა იყოს მტკიცებულებები, რომლებიც, მოსარჩელის აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას, კერძოდ, სადავო აქტების მიმართებას საქართველოს კონსტიტუციის დებულებასთან. ამავე კანონის მე-18 მუხლის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, თუ კონსტიტუციური სარჩელი ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს , კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება განსახილველად არ მიიღება.
რაც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 8 ივნისის №567 ბრძანების მე-2 და მე-6 პუნქტების კონსტიტუციურობას, აღნიშნული ბრძანება გაუქმებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 2 თებერვლის №115 ბრძანებით.
"საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს მხოლოდ მოქმედი ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხს.
ამასთან, კოლეგია მიუთითებს საკონსტიტუციო სამართლოს 2006 წლის 31 მარტს №2/8/366 განჩინებაზე, რომელიც ეხებოდა იურიდიული პირების - ,,ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელთა, ვეტერანთა და ომის მონაწილეთა უფლებების დაცვის საერთაშორისო კავშირი ,,მიზანი-2005" -ის; საქართველოს ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა საბჭოს კავშირი; საქართველოს პოლიციის პენსიონერთა და ინვალიდთა სოციალური დაცვის კავშირი ,,აბჯარის"; საქართველოს პენსიონერ, ინვალიდთა, მოქმედ პოლიციელთა და მათი ოჯახის წევრთა ინტერესებისა და სოციალური დაცვის კავშირი ,,ღირსებას" და სხვა კავშირების 366-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელს. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონის და სხვა ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის დადგენა, რომელიც ეხებოდა სახელმწიფო პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძვლებს, პენსიის ოდენობის განსაზღვრას, პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, პენსიის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს, ასევე, სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს. აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არ იქნა არსებითად განსახილველად მიღებული. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ დასახელებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით, მიმართა თხოვნით საქართველოს პარლამენტს, რომ შეიმუშავოს და განიხილოს საკანონმდებლო წინადადებები ერთი და იმავე კატეგორიის, დამსახურებისა და წოდების პირთა, თანაბარი სოციალური უზრუნველყოფის მიზნით.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ" ქვეპუნქტით, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტით და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე' ქვეპუნქტით, მე-18 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტით და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქეების - გრიგოლ შალამბერუძის, ზაურ ამილახვრის და ვალიკო როგავას 381-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი
ლამარა ჩორგოლაშვილი
ზაურ ჯინჯოლავა