მოქალაქე ნელი ნებიერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2\4\324 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 5 აპრილი 2005 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
2. ოთარ ბენიძე – წევრი;
3. ლამარა ჩორგალაშვილი – მომხსენებელი მოსამართლე;
4. ზაურ ჯინჯოლავა – წევრი;
სხდომის მდივანი: ელენე ლაღიძე
საქმის დასახელება: მოქალაქე ნელი ნებიერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დავის საგანი: „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი საქართველოს კონსტიტუციის მე-14, მე-17, 21-ე, 42-ე მუხლის პირველ და მე-9 პუნქტებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელის წარმომადგენელი ზურაბ ინაშვილი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2005 წლის 15 მარტს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №324) მომართა მოქალაქე ნელი ნებიერიძემ და მოითხოვა „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14, მე-17, 21-ე, 42-ე მუხლის პირველ და 9 პუნქტებთან მიმართებით.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, აგრეთვე „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-15 და მე-16 მუხლები.
მოსარჩელე თვლის, რომ სადავო ნორმა არღვევს მისი, როგორც რეაბილიტირებული პირის უფლებებს. მისი აზრით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სადავო კანონში პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შეტანით, საქართველოს პარლამენტმა კანონს მიანიჭა უკუქცევის ძალა, რადგან მისი მოქმედება გავრცელდა იმ პირებზე, რომლებმაც პოლიტიკური რეპრესია განიცადეს 1921 - 1990 წლებში.
„საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად, ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მისარჩელის დედა – მარინა ნებიერიძე და დეიდა – ირინა ამილახვარი აღიარა 1921 – 1990 წლების რეპრესიების მსხვერპლად.
მოსარჩელის აზრით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტი დაუშვებლად მიიჩნევს ნორმატიული აქტის შესასრულებლად დაბრკოლების შექმნას. მიუხედავად ამისა, „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მესამე პუნქტის მითითებამ ცალკე კანონზე აშკარა დაბრკოლება შეუქმნა რეაბილიტირებულ პირთა სამოქალაქო უფლებების სამართლებრივ აღდგენას, რადგან ქონებრივი უფლებების აღდგენის, სარგებლობა – განკარგვის წესი კანონმდებელს დღემდე არ მიუღია, რამაც მოსარჩელეს, ფაქტობრივად წაართვა რეაბილიტაციით მინიჭებული უფლებების განხორციელების შესაძლებლობა.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი მშობლების რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შემდეგ, ქ. თბილისის მთაწმინდა – კრწანისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით იგი ცნობილია მემკვიდრედ.
მოსარჩელე თვლის, რომ სადავო ნორმით დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 14-ე მუხლით დაცული და აღიარებული მისი უფლებები თანასწორობოს შესახებ, რადგან 2000 წლის 24 ოქტომბრამდე იგი დაბადებით თავისუფალი არ ყოფილა და შეზღუდული ჰქონდა ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო კანონის მე-2 მუხლი, სრულ შესაბამისობაშია მოყვანილი კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, რადგან მისი აზრით, ამ ნორმის მიხედვით რეპრესიის მსხვეპრლად აღიარების საფუძველი სწორედ ქონებრივი, წოდებრივი, სოციალური კუთვნილება და პოლიტიკური შეხედულებები გახდა. ამდენად, კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული სამოქალაქო უფლება თავისთავად აღდგენილი აქვს და რეაბილიტირებულია, მაგრამ მიუხედავად ამისა, საოლქო სასამართლომ 2002 წლის 20 დეკემბერს №30\343 გადაწყვეტილებით და უზენაესმა სასამართლომ 2004 წლის 28 აპრილის №ბს-501-602ა-კ-04 განჩინებით, გამოიყენა რა გასაჩივრებული ნორმა, შეუზღუდა კონსტიტუციით აღიარებული უფლებები.
მოსარჩელე თვლის, რომ ასევე დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული მისი უფლება, შეილახა მისი ღირსება, ვინაიდან ამ ნორმამ ხელი შეუწყო გარეშე პირებს დაენგრიათ მისი ქონება, როდესაც უკვე შეტანილი ჰქონდა სარჩელი სასამართლოში.
გარდა ამისა, მისი აზრით, სადავო ნორმა აშკარად არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მოთხოვნას საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლების ხელშეუხებლობის შესახებ, უგულებელყოფილია სადავო კანონის მე-2 მუხლი, რომელიც პოლიტიკურ რეპრესიად მიჩნეულ სხვადასხვა ფორმებში ქონების ჩამორთმევასაც მიუთითებს.
მოსარჩელე საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-9 პუნქტებთან მიმართებითაც მიუთითებს თავისი უფლებების დარღვევაზე, რასაც იმით ასაბუთებს, რომ მისი საქმეების განხილვისას სასამართლოები იყენებდნენ სადავო ნორმას, რომელიც დაუძლეველი აღმოჩნდა მართლმსაჯულების განხორციელების დროსაც, რამაც ფაქტობრივად მოუსპო სასამართლოზე მიმართვის უფლება.
ნელი ნებიერიძე მოითხოვს გასაჩივრებული ნორმის მოქმედების შეჩერებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე. ასევე, მოითხოვს სასამართლოს სხდომაზე მოწვეულ იქნებს საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონი ლევან ბეჟაშვილი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელისა და თანდართული მასალების, განმწესრიგებელ სხდომაზე მოწვეული მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებათა გაანალიზების საფუძველზე გამოარკვია კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებული გარემოებანი:
1. კონსტიტუციური სარჩელი არ მოითხოვს „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის რომელიმე დებულების არაკონსტიტუციურად ცნობას, არამედ სადავოდ ხდის ამ ნორმის ამოქმედების გადავადებას, რაც ამ კანონის მე-8 მუხლის მესამე პუნქტმა პარლამენტის მიერ მომავალში ცალკე კანონის მიღებას დაუკავშირა. სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ რეაბილიტირებული პირის ქონებრივი უფლებების აღდგენის წესის განსაზღვრა მხოლოდ კანონმდებლის კომპეტენციას განეკუთვნება და საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი არ არის.
ამ მოსაზრებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე რამდენჯერმე არ მიიღო ნელი ნებიერიძის სარჩელი არსებითად გასნახილველად (საკონსტიტუციო სასამარათლოს პირველი კოლეგიის 2004 წლის 19 თებერვლის №1\3\273 განჩინება და საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2004 წლის 7ოქტომბრის №2\8\302 განჩინება).
სასამართლო კოლეგია მიუთითებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-9 პუნქტზე, რომლის თანახმად „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიუღებლობა გამორიცხავს იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით განმეორებით ან სხვა სარჩელის განსახილველად მიღებას“.
სასამართლო ვერ დაეთანხმება მოსარჩელის წარმომადგენლის მოსაზრებას, რომ „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი საქმის განსახილველად მიღებაზე უარის თქმას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ სარჩელში მითითებული ყველა სადავო საკითხი უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, ხოლო მის სარჩელზე სასამართლოს არც ერთხელ არ მიუღია გადაწყვეტილება.
სასამართლოს აზრით, მოსარჩელე მხედველობაში არ იღებს იმავე კანონის მე-18 მუხლის „გ“ ქვეპუნქტს, რომელიც არ უშვებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიღებას, თუ საკითხი არ არის მისი განსჯადი, რაც დაედო საფუძვლად მისი საქმის განსახილველად მიღებაზე უარის თქმას.
1. ამასთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო კანონის მე-8 მუხლის მესამე პუნქტი დაბრკოლებას წარმოადგენს რეაბილიტირებულ პირთა ქონებრივი უფლებების საბოლოო აღდგენის საქმეში, რაც ამ პირთა სამართლიანი უკმაყოფილების საფუძველი ხდება. აღნიშნულის შესახებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამაც მიუთითა განმწესრიგებელი სხდომის 2004 წლის 19 თებერვლის №1\3\273 განჩინებაში და სთხოვა საქართველოს პარლამენტს „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განესაზღვრა რეაბილიტირებული პირის ქონებრივი უფლებების აღდგენის წესი.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ე“ პუნქტით და 39-ე მუხლის პირველი პუნქტით, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-9 პუნქტებით, საქართველოს კანონის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ მე-16 მუხლით, მე-18 მუხლის „გ“ და „დ“ პუნქტებით.
სასამართლო კოლეგია
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად მოქალაქე ნელი ნებიერიძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-14, მე-17, 21-ე, 42-ე მუხლის პირველ და მე-9 პუნქტებთან მიმართებით.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
კოლეგიის წევრები:
1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი
2. ოთარ ბენიძე
3. ლამარა ჩორგოლაშვილი
4. ზაურ ჯინჯოლავა