საქართველოს მოქალაქეები – ნატო ნატროშვილი, ჯენეტა პატარიძე და ნინო გვარჯალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/9/325 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, |
თარიღი | 3 მაისი 2005 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე);
2. ვახტანგ გვარამია;
3. იაკობ ფუტკარაძე (მომხსენებელი მოსამართლე);
4. ნიკოლოზ შაშკინი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები – ნატო ნატროშვილი, ჯენეტა პატარიძე და ნინო გვარჯალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველ პუნქტთან და მე-3 პუნქტის მე-3 წინადადებასთან მიმართებით „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს 2004 წლის 21 დეკემბრის კანონის (ა) მე-2 მუხლის „ჰ14“ პუნქტის სიტყვები „ამ კანონითა და“, (ბ) 52-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვა „მხოლოდ“.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელეთა წარმომადგენლები – ნინო გოგუაძე და არჩილ კბილაშვილი.
საქართველოს მოქალაქეების – ნატო ნატროშვილის, ჯენეტა პატარიძისა და ნინო გვარჯალაძის 325-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 2005 წლის 31 მარტს შემოვიდა, ხოლო სასამართლოს პირველ კოლეგიას იგი იმავე წლის 5 აპრილს გადმოეცა არსებითად განხილვისათვის მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით. კოლეგიის ღია განმწესრიგებელი სხდომა 2005 წლის 20 აპრილს გაიმართა.
კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე.
მოსარჩელეები კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნავენ, რომ სადავო ნორმები, „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „ჰ14“ პუნქტის სიტყვები - „ამ კანონითა და“, აგრეთვე 52-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვა „მხოლოდ“ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის (1) 35-ე მუხლის პირველ პუნქტს - „ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება“ და (2) ამავე მუხლის მე-3 პუნქტის წინადადებას - „მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ფარგლებში სახელმწიფო სასწავლებლებში უფასოდ მიიღონ საშუალო, პროფესიული და უმაღლესი განათლება“. მოსარჩელეთა სიტყვით, მათ ერთმევათ უფლება საერთოდ მიიღონ უმაღლესი განათლება, შეარჩიონ მისი ფორმა, აგრეთვე მიიღონ უფასო განათლება. ისინი მიუთითებენ, რომ არიან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო კოლეჯის ფასიანი და საბიუჯეტო სექტორის III კურსის სტუდენტები. სამედიცინო კოლეჯი შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 27 სექტემბრის №596 დადგენილებით. კოლეჯის დებულება უნივერსიტეტის წესდების ნაწილია. დებულების თანახმად, კოლეჯი არის სამედიცინო უნივერსიტეტის ერთ-ერთი სასწავლო რგოლი. კოლეჯის სტუდენტი შეიძლებოდა გამხდარიყო არასრული საშუალო სკოლადამთავრებული მოსწავლე (ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ). 2000 წლის აპრილში შეიცვალა სამედიცინო კოლეჯის სასწავლო გეგმა და პროგრამა. ამიერიდან, კოლეჯში ჩარიცხულ სტუდენტებს გამოსაშვები სახელმწიფო გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში ნება მიეცათ სწავლა გაეგრძელებინათ უმაღლესი სამედიცინო განათლების მე-2 ეტაპზე (თსუ-ის მე-3 კურსზე). სადავო ნორმების ამოქმედების შემდეგ კი, მოსარჩელეთა აზრით, ისინი საერთოდ ვერ გახდებიან სტუდენტები, ვინაიდან ვერ მიიღებენ მონაწილეობას ეროვნულ გამოცდებში იმის გამო, რომ არ გააჩნიათ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – კოლეჯის სტუდენტებზე, მოსარჩელეთა წარმომადგენლების აზრით, არ ვრცელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №217 ბრძანებით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ 23-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოქმედება. გარდა ამისა, მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ მათ ერთმევათ ბაკალავრის სტატუსის მოპოვების შესაძლებლობა.
მოსარჩელეები მოითხოვენ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებას, რათა საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის სადავო დებულებები.
ამასთანავე, სარჩელის განსახილველად მიღების შემთხვევაში, მოსარჩელეები „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე ითხოვენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლო კოლეგიამ შეაჩეროს სადავო ნორმების მოქმედება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ გააანალიზა საქართველოს მოქალაქეების – ნატო ნატროშვილის, ჯენეტა პატარიძისა და ნინო გვარჯალაძის 325-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი და მასთან დაკავშირებული მასალები, მოსარჩელეთა წარმომადგენლის განმარტებები განმწესრიგებელ სხდომაზე და ამის საფუძველზე გამოარკვია სასარჩელო მოთხოვნის არსებითი განხილვისათვის მიღების გადასაწყვეტად საჭირო გარემოებანი.
სასამართლო კოლეგია ვერ გაიზიარებს მოსარჩელეებისა და მათი წარმომადგენლების მოსაზრებებს კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთების თაობაზე.
„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი მოითხოვს, რომ კონსტიტუციურ სარჩელში „მითითებული უნდა იყოს . . . მტკიცებულებანი, რომლებიც მოსარჩელის აზრით, ადასტურებენ კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას“. ეს მოთხოვნა გამომდინარეობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან, რომლის ძალითაც, „კონსტიტუციური სარჩელი . . . დასაბუთებული უნდა იყოს. კონსტიტუციურ სარჩელში . . . აუცილებლად უნდა იყოს მოყვანილი ის მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელის . . . აზრით ადასტურებენ სარჩელის . . . საფუძვლიანობას“.
სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ კანონმდებლობის ეს მოთხოვნა მოცემულ კონსტიტუციურ სარჩელში არ არის შესრულებული, რის გამოც იგი დასაბუთებულად ვერ ჩაითვლება.
მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ არ გააჩნიათ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი, მისი უქონლობის გამო კი ვერ გაივლიან ერთიან ეროვნულ გამოცდებს და ამით სადავო ნორმების საფუძველზე ერთმევათ კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტითა და მე-3 პუნქტის მე-3 წინადადებით გარანტირებული უფლებები. მოსარჩელეთა წარმომადგენელმა არჩილ კბილაშვილმა განმწესრიგებელ სხდომაზე განაცხადა, რომ სამედიცინო კოლეჯის სტუდენტებს არ შეეხება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ 23-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები - „მათ არ ეძლევათ შესაძლებლობა ჩააბარონ ერთიანი ეროვნული გამოცდები, რადგან მათ არა აქვთ ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი“.
ირკვევა, რომ ეს განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს.
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ 23-ე მუხლის მე-3 პუნქტით, „იმ აბიტურიენტებს, რომელთაც დასრულებული აქვთ ისეთი საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მე-2 ან მე-3 კურსი, რომლის გამოსაშვები სახელმწიფო გამოცდები აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გათანაბრებული იყო მისაღებ გამოცდებთან, 2005-2006 სასწავლო წელს უფლება აქვთ, შესაბამისად, ჩარიცხულ იქნენ შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პირველ ან მეორე კურსზე ამ დაწესებულებასთან შეთანხმებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ინსტიტუციური აკრედიტაციით განსაზღვრული მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის ფარგლებში“. დებულების 23-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით კი, „2005-2006 სასწავლო წლისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამის მოსწავლეებისათვის საშუალო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემას იმავე წესით, რომელიც კანონმდებლობით დადგენილია, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულთათვის“.
მოსარჩელეებისა და მათი წარმომადგენლების მოსაზრებათა საწინააღმდეგოდ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ლომაიამ მომხსენებელი მოსამართლის სათანადო მიმართვის პასუხად განმარტა: „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ 23-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ვრცელდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კოლეჯის მოსწავლეებზე. ამდენად, კოლეჯის ის მოსწავლეები, რომლებიც დაასრულებენ სასწავლებლის მე-2 ან მე-3 კურსს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მათთვის გაცემული საშუალო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, მონაწილეობას მიიღებენ ეროვნულ გამოცდებში, შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მიზნით“ (წერილი №01-15-12/4297, 28.04.2005).
მინისტრის ცნობით, „ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კოლეჯის ის მოსწავლეები, რომლებიც აკმაყოფილებენ „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს“. სამინისტროდან მიღებული მასალების მიხედვით, კოლეჯის მე-2 და მე-3 კურსების 362 სტუდენტიდან ნახევარზე მეტს (არასაბოლოო მონაცემებით – 196 სტუდენტს) ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად უკვე აქვს გავლილი რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. მათ შორის არის აგრეთვე მოსარჩელე ნინო გვარჯალაძე.
ამგვარად, სამედიცინო კოლეჯის სტუდენტებს – მათ შორის მოსარჩელეებსაც აქვთ იმის სრული შესაძლებლობა, რომ ჩააბარონ ერთიანი ეროვნული გამოცდები. აქედან გამომდინარეობს, რომ (1) მოსარჩელეთა და მათ წარმომადგენელთა მიერ მითითებული მტკიცებულებები არ ადასტურებენ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას, რის გამოც კონსტიტუციური სარჩელი შინაარსით არ შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნას და (2) მოსარჩელეები მოცემულ შემთხვევაში ვერ ჩაითვლებიან „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილ სუბიექტებად.
გარდა ამისა, მოსარჩელეთა აზრით, მათი კონსტიტუციური უფლება ირღვევა და, შესაბამისად, სადავო დებულებები არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი იმის გამო, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონი ხარვეზიანია – მის გარდამავალ დებულებებში არ არის განსაზღვრული სამედიცინო კოლეჯის სტუდენტთა სამართლებრივი მდგომარეობა. ამასთან დაკავშირებით სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ კანონის ხარვეზიანობის საკითხი მოქმედი კანონმდებლობით არ არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა გამო, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის „ა“ „ბ“ და „გ“ პუნქტების ძალით, კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად არ მიიღება.
ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, მე-18 მუხლის „ა“ „ბ“ და „გ“ პუნქტებითა და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-31 მუხლებითა და 33-ე მუხლის პირველი პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს :
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქეების – ნატო ნატროშვილის, ჯანეტა პატარიძისა და ნინო გვარჯალაძის 325-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ იმის თაობაზე, რომ კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველ პუნქტთან და მე-3 პუნქტის მე-3 წინადადებასთან მიმართებით „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს 2004 წლის 21 დეკემბრის კანონი (ა) მე-2 მუხლის „ჰ14“ პუნქტის სიტყვები „ამ კანონითა და“, (ბ) 52-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვა „მხოლოდ“ და შეწყდეს სამართალწარმოება ამ სარჩელზე;
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე)
ვახტანგ გვარამია
იაკობ ფუტკარაძე (მომხსენებელი მოსამართლე)
ნიკოლოზ შაშკინი