მოსარჩელეები - ომარ შერაზადიშვილი, თამაზ კოღუა, ვახტანგ რაზმაძე, რევაზ ყიფიანი, გიორგი ნადარეიშვილი და ნუგზარ სოტკილავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/7/365,371 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 29 მარტი 2006 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (თავმჯდომარე);
2. ოთარ ბენიძე (მომხსენებელი მოსამართლე);
3. ლამარა ჩორგოლაშვილი;
4. ზაურ ჯინჯოლავა.
სხდომის მდივანი: ელენე ლაღიძე
საქმის დასახელება: მოსარჩელეები – ომარ შერაზადიშვილი, თამაზ კოღუა, ვახტანგ რაზმაძე, რევაზ ყიფიანი, გიორგი ნადარეიშვილი და ნუგზარ სოტკილავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: 2005 წლის 23 დეკემბრის საქართველოს ორგანული კანონი „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და 2005 წლის 27 დეკემბრის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 39-ე მუხლთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: ომარ შერაზადიშვილი, თამაზ კოღუა, ვახტანგ რაზმაძე, რევაზ ყიფიანი, გიორგი ნადარეიშვილი და ნუგზარ სოტკილავა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 28 თებერვალს და 17 მარტს კონსტიტუციური სარჩელებით (რეგისტრაციის №365 და 371) მომართეს მოქალაქეებმა ომარ შერაზადიშვილმა, თამაზ კოღუამ, ვახტანგ რაზმაძემ, რევაზ ყიფიანმა, გიორგი ნადარეიშვილმა და ნუგზარ სოტკილავამ. არსებითად ერთგვაროვანი დავის საგნის გამო აღნიშნული სარჩელები განმწესრიგებელ სხდომაზე განიხილება ერთად.
კონსტიტუციურ სარჩელების შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
დავის საგანს წარმოადგენს 2005 წლის 23 დეკემბრის საქართველოს ორგანული კანონი „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და 2005 წლის 27 დეკემბრის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 39-ე მუხლთან მიმართებით.
მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ დაირღვა მათი კონსტიტუციური უფლებები, რადგან სადავო აქტებით არამარტო შეუმცირდათ პენსიის სახით მისაღები თანხის ოდენობა, არამედ მოესპოთ შესაძლებლობა, საპენსიო ასაკის მიღწევისას მოითხოვონ სამიდღემშიო პენსია ხელფასის სრული ოდენიბით.
აღნიშნული, მათი აზრით, ლახავს საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლში ნაგულისხმევ სოციალური უზრუნველყოფის უფლებას. კერძოდ, კონსტიტუციის დასახელებულ მუხლში ნათქვამია: „საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც იქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან“. ისინი თვლიან, რომ სოციალური უზრუნველყოფის უფლება მართალია საქართველოს კონსტიტუციაში ცალკე არ არის გათვალისწინებული, მაგრამ გამომდინარეობს მისი პრინციპებიდან.
მოსარჩელეთა თქმით, განხორციელებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა ასევე შელახეს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გარანტირებული საკუთრების უფლება. კერძოდ, სადავო ნორმებმა გააუქმეს საკუთრების უფლება განსაზღვრულ ქონებაზე და ასევე იმ თანხებზე, რომლებსაც მიიღებდნენ მომავალში „პროკურატურის შესახებ“ ორგანული კანონის მე-40 მუხლის მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტები არსებული სახით რომ დარჩენილიყო, მათი განცხადებით სახეზეა შეძენის საყოველთაო უფლების გაუქმება, თუმცა არანაირი საზოგადოებრივი საჭიროება ამისათვის არ არსებობდა.
უნდა აღინიშნოს, მოსარჩელეებს საქმეში მტკიცებულებებად მრავლად აქვთ მოყვანილი როგორც საერთაშორისო სამართლის აქტები, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მოითხოვენ არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი 2005 წლის 23 დეკემბრის საქართველოს ორგანული კანონი „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და 2005 წლის 27 დეკემბრის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტი საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 39-ე მუხლთან მიმართებით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მე-2 კოლეგიამ, საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე განხილვის შედეგად, კონსტიტუციური სარჩელისა და მასზე თანდართული დოკუმენტების, ასევე სათანადო გარემოებების გაანალიზების, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის განმარტებათა საფუძველზე გამოარკვია შემდეგი გარემოებანი:
1.სასამართლოს კოლეგია აღნიშნავს, რომ მოსარჩელეებმა როგორც კონსტიტუციურ სარჩელში ასევე, განმწესრიგებელ სხდომაზე ვერ დაასაბუთეს, სადავო ნორმების მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან. მათი მტკიცებით პროკურატურის ყოფილი მუშაკებისათვის სახელმწიფო კომპენსაციის (პენსიის) ოდენობის შემცირების გამო მოხდა საკუთრების უფლების გაუქმება.
სასამართლო მიუთითებს, რომ საპენსიო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები სოციალური უფლებების კატეგორიას განეკუთვნება. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით კი აღიარებულია საკუთრების საყოველთაო უფლება, რომელიც ადამიანის პირადი უფლებაა. იმავდროულად მას აქვს ეკონომიკური ხასიათი, ამიტომ რიგი სოციალური უფლებების ხელყოფაზე, ხელყოფის შინაარსიდან გამომდინარე შეიძლება გავრცელდეს კონსტიტუციის 21-ე მუხლის ფარგლები. თუმცა მოცემული დავის ფარგლებში არ გამოიკვეთა სადავო ნორმების მიმართება კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებულ უფლებასთან.
საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კონკრეტული კატეგორიის მოქალაქეებისათვის პენსიის ოდენობის შემცირება ან გაზრდა ხდება სახელმწიფოს შეხედულების მიხედვით, იმავდროულად სოციალური უფლებების უზრუნველყოფა დამოკიდებულია სახელმწიფოს ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, არსებულ რესურსებზე, ამიტომ პენსიის ოდენობის მიზანშეწონილობის საკითხს არავითარი მიმართება არ აქვს საკუთრების საყოველთაო უფლებასთან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამოირიცხება სადავო ნორმების მიმართება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, რაც შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს არსებითად განეხილა საკითხი.
2. საპენსიო უზრუნველყოფის უფლება სოციალური უფლებაა და საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის დაცვის საგანს წარმოადგენს, თუმცა, მოსარჩელეებმა ვერ მოიყვანეს სათანადო მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ნორმებით მოწესრიგებული საკითხი უნდა მოექცეს კონსტიტუციის 39-ე მუხლის დაცვის ფარგლებში. ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა. კერძოდ, 2002 წლის 18 აპრილის და 2002 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებებით განმარტებულია საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლით გათვალისწინებული დაცვის სფერო. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სასამართლო სხვა საერთაშორისო სამართლებრივ აქტებთან ერთად დაეყრდნო „ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-2 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად: სახელმწიფო ვალდებულია ადამიანის სოციალური უფლებების დასაცავად „... არსებული რესურსების მაქსიმალურ ფარგლებში მიიღოს ზომები ...“. საკონსტიტუციო სასამართლომ დასახელებული ნორმა შემდეგნაირად განმარტა: „ყოველი სახელმწიფო ვალდებულია არსებული რესურსების ფარგლებში მოსახლეობის სოციალური უფლებების დასაცავად მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავდეს, რათა უფლების დაცვის, სულ მცირე, მინიმალურად აუცილებელი დონე მაინც უზრუნველყოს“. მაშასადამე „უფლების დაცვის ... მინიმალურად აუცილებელი დონე“ არის განმსაზღვრელი კრიტერიუმი, რომლის ხელყოფის შემთხვევაში წარმოიშობა კონსტიტუციის კონსტიტუციის 39-ე მუხლით დაცვის შესაძლებლობა. ამ მიმართებით, მოსარჩელეებს არ წარმოუდგენიათ შესაბამისი არგუმენტები. ზემოაღნიშნული კრიტერიუმის დარღვევის გარეშე, პენსიის ოდენობის სამართლიანობის საკითხი ვერ გახდება ნორმის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის საფუძველი.
ამასთან დაკავშირებით სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“..., ხოლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება განსახილველად არ მიიღება თუ ა) ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს“.
3. მოსარჩელეები თვლიან, რომ მათთვის საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი უფლებების გაუქმება იერარქიით დაბალ საფეხურზე მდგომი ნორმატიული აქტის საფუძველზე მოხდა და ამით შეილახა მათი უფლებები. ამასთან დაკავშირებით სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ პროკურატურის ყოფილი მუშაკებისათვის სადავო აქტების მიღებამდე მათთვის დადგენილი პენსიების ოდენობის გაუქმება მოხდა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ 2005 წლის 23 დეკემბრის საქართველოს ორგანული კანონით, ხოლო „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი კი მიღებულ იქნა 2005 წლის 27 დეკემბერს.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლების პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე–2 პუნქტით, 31-ე, 39-ე მუხლებით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით, მე-18 მუხლის „ა“ პუნქტით
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად მოქალაქეების: ომარ შერაზადიშვილისა და თამაზ კოღუას 365-ე ნომრით და ვახტანგ რაზმაძის, რევაზ ყიფიანის, გიორგი ნადარეიშვილისა და ნუგზარ სოტკილავას 371-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2005 წლის 23 დეკემბრის საქართველოს ორგანული კანონის „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და 2005 წლის 27 დეკემბრის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 39-ე მუხლთან მიმართებით.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი;
2. ოთარ ბენიძე;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი;
4. ზაურ ჯინჯოლავა.