მოქალაქე ერმილე თორთლაძე და მისი წარმომადგენლები ლია მუხაშავრია და არჩილ ჩოფიკაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/11/385 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 9 ივნისი 2006 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (თავმჯდომარე);
2. ოთარ ბენიძე;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი;
4. ზაურ ჯინჯოლავა (მომხსენებელი მოსამართლე);
სხდომის მდივანი: ელენე ლაღიძე.
საქმის დასახელება: მოქალაქე ერმილე თორთლაძე და მისი წარმომადგენლები ლია მუხაშავრია და არჩილ ჩოფიკაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 23 ივლისის დადგენილებით დამტკიცებული „უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხის“ დამტკიცების შესახებ, ნუსხის №28 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელის წარმომადგენელი - არჩილ ჩოფიკაშვილი.
2006 წლის 19 მაისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №385) მომართა მოქალაქე ერმილე თორთლაძემ და მისმა წარმომადგენლებმა ლია მუხაშავრიამ და არჩილ ჩოფიკაშვილმა.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, აგრეთვე, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-10 მუხლის პირველი პუნქტი და მე-16 მუხლი.
კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მოითხოვს არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 23 ივლისის დადგენილებით დამტკიცებული „უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხის“ დამტკიცების შესახებ, ნუსხის №28 პუნქტი საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.
კონსტიტუციური სარჩელის თანახმად 2005 წლის 25 აგვისტოს, შს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, ყიფშიძის ქუჩა №57 განთავსებულ კოტ დ ივუარის საპატიო საკონსულოს შენობაში, გადაუდებელი შემთხვევის პირობებში ჩაატარეს ჩხრეკა, რის შედეგადაც საპატიო კონსულის მოსარჩელე ერმილე თორთლაძის სამუშაო ოთახიდან ამოიღეს სუბოტექსის აბები, რომლებიც შეიცავენ ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინს“ წონით 1,816 გრამი. აღნიშნული ქმედებისათვის, საბრალდებო დასკვნის მიხედვით მას შერაცხული აქვს ბრალად სსკ 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნავს, რომ სადავო აქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებს და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტს, რადგან კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის დაკავება მოხდა გასაჩივრებული ნორმატიული აქტის დებულებაზე დაყრდნობით, რომლითაც დადგენილია, რომ „ბუპრენორფინი“ წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალებას, ნარკოტიკული საშუალების შენახვა კი სსკ გათვალისწინებული დანაშაულია, ის, რომ „ბუპრენორფინი“ წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალებას დადგენილია საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 23 ივლისის დადგენილებით დამტკიცებული „უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხის“ დამტკიცების შესახებ, ნუსხის №28 პუნქტით.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო აქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნულ მუხლებს და არ შეესაბამებიან გაეროს „1961 წლის ერთიანი კონვენცია ნარკოტიკულ საშუალებათა შესახებ“ და რეზოლუციებს, რადგან მათ ჩამონათვალში „ბუპრენორფინი“, როგორც ნარკოტიკული საშუალება შეტანილი არ არის. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ „ბუპრენორფინის“ მოხსენიება ნარკოტიკული საშუალებების სახით ეწინააღმდეგება გაეროს ერთიანი კონვენციით დადგენილ ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ ნივთიერებათა ნუსხას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნავს, რომ რადგან საერთაშორისო ხელშეკრულებების მიხედვით, „ბუპრენორფინი“ ნარკოტიკული საშუალება არ არის, მისი შეძენა და შენახვა არ შეიძლება წარმოშობდეს სსკ 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ნიშნებს, შესაბამისად, მსჯავრდების საფუძველს და თვლის, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნულ მუხლებს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელისა და თანდართული მასალების, განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებათა გაანალიზების საფუძველზე გამოარკვია კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისათვის შემდეგი გარემოებანი.
სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ არ არსებობს კანონიერი საფუძველი წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის, რადგან „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. კონსტიტუციურ სარჩელში ან კონსტიტუციურ წარდგინებაში აუცილებლად უნდა იყოს მოყვალინი ის მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელის ან წარდგინების ავტორის აზრით ადასტურებენ სარჩელის ან წარდგინების საფუძვლიანობას“.
სასამართლო თვლის, რომ ვერც კონსტიტუციურ სარჩელში და ვერც განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლებმა ვერ დაასაბუთეს სადავო აქტის მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.
კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე და მისი წარმომადგენლები სადავო აქტის არაკონსტიტუციურობის მთავარ მტკიცებულებად მიიჩნევენ მათ წინააღმდეგობას საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან. კერძოდ, გაეროს „1961 წლის ერთიანი კონვენცია ნარკოტიკულ საშუალებათა შესახებ“ მიმართებით. სასამართლო კოლეგია ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მხოლოდ ამ საფუძვლით სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმება სცილდება საკონსტიტუციო სასამრთლოს კომპეტენციას.
იხელმძღვანელა რა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი, მე-18 მუხლის „ა“ პუნქტითა და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად მოქალაქე ერმილე თორთლაძის და მისი წარმომადგენლების ლია მუხაშავრიას და არჩილ ჩოფიკაშვილის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 23 ივლისის დადგენილებით დამტკიცებული „უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხის“ დამტკიცების შესახებ, ნუსხის №28 პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით;
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი;
2. ოთარ ბენიძე;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი;
4. ზაურ ჯინჯოლავა.