საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/1/386 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, |
თარიღი | 23 დეკემბერი 2008 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. კონსტანტინე ვარძელაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
2. ქეთევან ერემაძე - წევრი;
3. ვახტანგ გვარამია - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
4. ბესარიონ ზოიძე - წევრი.
სხდომის მდივანი - ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2006 წლის 15 მაისის №18 დადგენილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე გიორგი გუგავა; მოსარჩელე შალვა ნათელაშვილის წარმომადგენელი კახაბერ ძაგანია; მოპასუხის, საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენლები - თამაზ ინაშვილი და ნიკოლოზ შუბლაძე.
I
1. 2006 წლის 22 მაისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №386) მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა - შალვა ნათელაშვილმა და გიორგი გუგავამ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ, 2006 წლის 29 ივნისის №2/8/386 საოქმო ჩანაწერით, №386 კონსტიტუციური სარჩელი მიიღო არსებითად განსახილველად.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი და ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
2. „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2006 წლის 15 მაისის №18 დადგენილება განსაზღვრავს ელექტროენერგიის წარმოების (სიმძლავრის), გადაცემის, დისპეჩერიზაციის, განაწილებისა და სამომხმარებლო ტარიფებს.
3. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, სადავო ნორმატიული აქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის თანახმადაც „სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით“ და 39-ე მუხლს, რომლის მიხედვით „საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან“.
4. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო დადგენილება ეწინააღმდეგება ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 30 დეკემბრის №1/3/136 გადაწყვეტილებას (საქართველოს მოქალაქე შალვა ნათელაშვილი საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) წინააღმდეგ), სადაც, მოსარჩელეთა აზრით, სასამართლომ დაადგინა, რომ სამართლიანი ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს მომხმარებლის პატივსადებ ინტერესებს, მის ეკონომიკურ მდგომარეობას და არ უნდა წყვეტდეს მას ელექტროენერგიის სამოქალაქო ბრუნვისგან.
მოსარჩელეთა მტკიცებით, ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 30 დეკემბრის №1/3/136 გადაწყვეტილების აღსასრულებლად დადგენილი ელექტროენერგიის ტარიფი, სადავო აქტის საფუძველზე, შეიცვალა ახალი, გაზრდილი ტარიფით. ამასთან, გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, ძალაში დარჩა.
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, განმწესრიგებელ სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების და მოპასუხე მხარის განმარტებების საფუძველზე დაადგინა, რომ სადავო აქტით ტარიფის გაზრდას წინ უძღოდა ახალი გარემოებების დადგომა. შეცვლილი გარემოებების შეფასების აუცილებლობა გამორიცხავდა განმწესრიგებელი სხდომის ფარგლებში იმის გარკვევის შესაძლებლობას, სადავო აქტი შეიცავდა თუ არა არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმების ანალოგიური შინაარსის ნორმებს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი აკმ,ყოფილებდა „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და მე-18 მუხლის მოთხოვნებს, №386 სარჩელი მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ საქმის არსებითად განხილვის სხდომა გახსნა 2008 წლის 23 დეკემბერს.
7. მოპასუხის, საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენლებმა სხდომაზე განაცხადეს, რომ 2008 წლის 4 დეკემბერს საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიიღო დადგენილება №33 „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“, რომლის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სადავო ნორმატიული აქტი - „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2006 წლის 15 მაისის №18 დადგენილება ცნობილი იქნა ძალადაკარგულად.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მოპასუხის წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს შუამდგომლობით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტზე დაყრდნობით შეწყდეს საქმის წარმოება.
8. მოსარჩელეები არ დაეთანხმნენ მოპასუხე მხარის შუამდგომლობას. მათ აღნიშნეს, რომ სადავო აქტის გაუქმება არის მოპასუხე მხარის მიერ განხორციელებული „ხრიკი“. რათა თავიდან აიცილონ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ელექტროენერგიის ტარიფის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა.
ამასთან ერთად, მათ მიიჩნიეს, რომ სადავო აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შემდგომ, აზრი დაეკარგა მის კონსტიტუციურობაზე მსჯელობას. მათი აზრით, ნორმატიული აქტი, რომლითაც ძალადაკარგულად იქნა ცნობილი სადავო ნორმატიული აქტი, შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რაც მოცემული იყო სადავო აქტში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის წარმოების გაგრძელება და „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2006 წლის 15 მაისის №18 დადგენილების ნაცვლად, „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილების კონსტიტუციურობის გარკვევა.
II
მხარეთა შუამდგომლობებთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს:
1. კონსტიტუციურ სარჩელში დავის საგანს წარმომდგენს საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2006 წლის 15 მაისის დადგენილება №18 „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“.
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2006 წლის 15 მაისის დადგენილება №18 „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ გაუქმებულ იქნა საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სეწმეკ-ის) 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილების მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით.
სემეკის 2006 წლის 5 მაისის №18 დადგენილების ის ნაწილი, რომელიც შეეხება მოსარჩელეთა უფლებებს, აისახა სეწმეკ-ის №33 დადგენილების მე-10 მუხლში.
2. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეებმა განაცხადეს, რომ აზრს მოკლებულია ძალადაკარგული სადავო ნორმის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა, ვინაიდან მიღებულია იგივე შინაარსის ახალი დადგენილება. სასამართლო იზიარებს მოსარჩელეთა მოსაზრებას, რომ ახალი სამართლებრივი სინამდვილის პირობებში შინაარსს მოკლებული ხდება გაუქმებული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა, ვინაიდან სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფორმალურ-იურიდიული თვალსაზრისით ვერ გამოიწვევს იმავდროულად ელექტროენერგიის ტარიფების მომწესრიგებელი მოქმედი აქტის გაუქმებას ან ძალაში დატოვებას. გაუქმებული ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი მოსარჩელეთა პრობლემა უცვლელი დარჩება.
3. ამავე დროს, მოსარჩელეთა მოთხოვნა, სასამართლომ იმსჯელოს სეწმეკ-ის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაზე, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის გაზრდას. ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი, მოსარჩელეს არა აქვს სასარჩელო მოთხოვნის გაზრდის უფლება. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მოცემული დავის ფარგლებში მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს სეწმეკ-ის 2008 წლის 4 დეკემბრის დადგენილებაზე.
4. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა, აგრეთვე, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა“.
„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის მიზანია, არ მისცეს სამართალშემოქმედს შესაძლებლობა ბოროტად ისარგებლოს სამართალშემოქმედებითი პროცესით. სწორედ ამიტომ, აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებული ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ნორმების გაუქმება არ იწვევს საქმის შეწყვეტას. თუმცა, თუ მოცემულ ვითარებაში, საკონსტიტუციო სასამართლო გააგრძელებს საქმის განხილვას, საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწევს მსჯელობა ძალადაკარგულ ნორმაზე იმ პირობებში, როდესაც იმავდროულად არსებობს ძალადაკარგული ნორმის შინაარსის იდენტური მოქმედი ნორმა. საქმის ამგვარი გადაწყვეტა ვერ უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების დროულ და ეფექტურ დაცვას. ამიტომ, კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი უნდა წყდებოდეს მხოლოდ ახალ ნორმატიულ სინამდვილესთან მიმართებით.
III
ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს :
1. დაკმაყოფილდეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შუამდგომლობა და შეწყდეს საქმე №386 კონსტიტუციურ სარჩელზე (საქართველოს მოქალაქეები შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ).
2. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელეთა მოთხოვნა, მოცემული დავის ფარგლებში, „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილების კონსტიტუციურობის შესახებ;
3. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი;
ვახტანგ გვარამია;
ქეთევან ერემაძე;
ბესარიონ ზოიძე.