საქართველოს მოქალაქეები გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N1/3/421,422 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, |
თარიღი | 10 ნოემბერი 2009 |
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ვახტანგ გვარამია – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ქეთევან ერემაძე - წევრი;
ბესარიონ ზოიძე – წევრი.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”.
დავის საგანი: ა) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–14 მუხლის მე–2 პუნქტის სიტყვების „გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56–ე ... მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა“ იმ ნაწილში, რომელიც ეხება 52-ე მუხლის პირველ პუნქტს, 54-ე მუხლის პირველ პუნქტს და 56-ე მუხლის მე–4 და მე–5 პუნქტებს ბ) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების სიტყვების „ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56–ე ... მუხლებით გათვალისწინებული ნორმების“ იმ ნაწილში, რომელიც ეხება 52-ე მუხლის პირველ პუნქტს, 54-ე მუხლის პირველ პუნქტს და 56-ე მუხლის მე–4 და მე–5 პუნქტებს და გ) „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე ავთანდილ უნგიაძე და წარმომადგენელი ლევან დადიანი; მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები _ ბათარ ჩანქსელიანი და იოსებ თათარაშვილი. მოწმეები _ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი კახი ყურაშვილი, ს.ს.ი.პ. საზოგადოებრივი მაუწყებლის იურისტი დიმიტრი ბერძენიშვილი.
I
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №421) მიმართა საქართველოს მოქალაქე გიორგი ყიფიანმა, ხოლო 2007 წლის 4 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №422) _ საქართველოს მოქალაქე ავთანდილ უნგიაძემ. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2007 წლის 9 ოქტომბრის №1/2/421,422 საოქმო ჩანაწერით, კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდა ერთ საქმედ და არსებითად განსახილველად იქნა მიღებული მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც ეხება: ა) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „...გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა...“ და ამავე კანონის 591 მუხლის, ბ) „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. კონსტიტუციური სარჩელების შემოტანის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაინტერესებულ პირს უფლება არ აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ან სასამართლოს მიმართოს მაუწყებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში. ამავე კანონის 591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნების დარღვევაზე რეაგირება შეიძლება მხოლოდ მაუწყებელთა ქცევის კოდექსის საფუძველზე, მაუწყებელის მიერ შექმნილი თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში; 591 მუხლის მე-2 პუნქტი კრძალავს ზემოთ ჩამოთვლილი მუხლების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული საკითხების სასამართლოში, კომისიაში ან რომელიმე ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრებას.
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებში მოცემულია მაუწყებელთა მიმართ დადგენილი შინაარსობრივი მოთხოვნები. 52-ე მუხლი ადგენს მაუწყებელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტე და არეგულირებს დაინტერესებული პირის უფლებას, გარკვეულ ვადაში და პირობებში მოითხოვოს მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორება ან უარყოფა. 54-ე მუხლი ფაქტების ზუსტ და სამართლიან გაშუქებასთან ერთად მოითხოვს მაუწყებელთაგან ფაქტებისა და აზრის მკაფიო გამიჯვნას, აზრის ავტორის იდენტიფიცირებას და ახალ ამბებთან დაკავშირებული ყველა „საგულისხმო განსხვავებული აზრის“ სათანადოდ და დისკრიმინაციის გარეშე წარმოჩენას. 56-ე მუხლით გათვალისწინებული პროგრამული შეზღუდვები კრძალავს იმგვარი პროგრამების გადაცემას, რომლებიც ახდენენ ომის პროპაგანდას, წაქეზებას რაიმე სახის შუღლის და ძალადობისკენ, მიმართულია რაიმე თვისების ან სტატუსის გამო შეურაცხყოფის ან დისკრიმინაციისკენ. ამავე მუხლის მე-4 პუნქტი კრძალავს „პორნოგრაფიის, აგრეთვე ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსებას, რომელიც შეიცავს უხამსობას“. 56-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით კი, იკრძალება ბავშვთა და მოზარდთა გონებრივ, ფიზიკურ და ზნეობრივ განვითარებაზე მავნე ზეგავლენის მომხდენი პროგრამების განთავსება იმ დროს, როცა მათ მიერ ამ პროგრამების ნახვის დიდი ალბათობა არსებობს. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლი ადგენს ახალი ამბების და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების საუკეთესო დროს განთავსების ვალდებულებას, რათა უზრუნველყოფილი იქნეს აუდიტორიის დროული ინფორმირება საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ.
5. „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მაუწყებელთა მიმართ ამავე კანონით განსაზღვრული რეგულირების დარღვევებზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში.
6. კონსტიტუციური სარჩელების მიხედვით, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმადაც: „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“.
7. ავთანდილ უნგიაძე კონსტიტუციურ სარჩელში მიუთითებს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო ნორმები ართმევს უფლებას მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, მიმართონ სასამართლოს თავიანთი უფლებების დასაცავად, რაც წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნტის დარღვევას.
8. გიორგი ყიფიანი კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნავს, რომ სადავო ნორმების საფუძველზე გასაჩივრების მექანიზმის გაუქმება, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლთან და ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-6 მუხლთან. მოსარჩელე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ოლეგ სვინტრაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ და ამტკიცებს, რომ გასაჩივრების უფლება წარმოადგენს მიუკერძოებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საშუალებას. პირს, რომელიც თვლის, რომ მის უფლებაში ჩარევა იყო უკანონო, უნდა ჰქონდეს სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობა. სადავო ნორმები, მოსარჩელის აზრით, არღვევენ „ევროპულ სტანდარტს“, რომლის შესაბამისადაც, სახელმწიფო არ არის უფლებამოსილი, შეზღუდოს ან გააუქმოს სასამართლო კონტროლი გარკვეულ სფეროებში ან პირთა გარკვეული წრის მიმართ.
9. გიორგი ყიფიანი დამატებით მოითხოვს „მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მას ყავს არასრულწლოვანი შვილი. ის აპელირებს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-17 მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, მონაწილე სახელმწიფოები ახდენენ ბავშვის დაცვის სათანადო პრინციპების შემუშავების წახალისებას იმგვარი ინფორმაციისა და მასალებისგან, რომლებიც საზიანოა მისი სოციალური, სულიერი და მორალური კეთილდღეობისთვის. მას სარჩელში მოჰყავს საქართველოში მაუწყებლების მიერ გადაცემული პროგრამებისა და რეკლამების მაგალითები, რომლებიც, მისი აზრით, მავნე ზეგავლენას ახდენენ არასრულწლოვნებზე. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ამ ფაქტების შესახებ მიმართეს მაუწყებელს და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, მაგრამ მაუწყებელს აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით რეაგირება არ მოუხდენია. საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია კი, სადავო ნორმების წყალობით, ვეღარ ახდენს იმის უზრუნველყოფას, რომ მაუწყებლებმა შეასრულონ არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დაცვის ვალდებულება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, მაუწყებლისთვის აღარ არსებობს დამაბრკოლებელი მექანიზმები და ირღვევა მოსარჩელის და მისი არასრულწლოვანი შვილის უფლებები.
10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმის არსებითად განხილვის სხდომები გაიმართა 2008 წლის 9, 10 და 19 დეკემბერს. სხდომებს არ დაესწრო მოსარჩელე გიორგი ყიფიანი.
11. საქმის არსებითად განხილვისას მოსარჩელე ავთანდილ უნგიაძემ განმარტა, რომ ის არის მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ერთ-ერთი თავმჯდომარე. იგი მოწოდებულია, დაიცვას ზნეობრივი ნორმები, შესაბამისად, მისი საზოგადოებრივი მოღვაწეობა ხშირად შუქდება მაუწყებლობების მიერ. ამგვარი აქტივობის გამო, ის ხედავს საფრთხეს, რომ მისი მოღვაწეობა და საზოგადოებრივი პოზიციები სათანადოდ არ გაშუქდება. მან მოიყვანა მაგალითები, როდესაც, მისი აზრით, მაუწყებლის მიერ მოხდა იმგვარი აზრის გადაცემა, რაც მას არ უთქვამს, აგრეთვე მისი აზრი გადაიცა ტენდენციურად დაგეგმილ გადაცემაში, რამაც მას ხელი შეუშალა, საზოგადოებისთვის მიეწოდებინა „სწორი აზრი“ გადაცემაში განხილულ ზნეობრიობის საკითხებზე. ამასთან, სადავო ნორმები, მოსარჩელის აზრით, საფრთხეს უქმნიან მისი სულიერი შვილების სულიერებას, ფსიქიკას და ფიზიოლოგიურ განვითარებას, რომელთა ზნეობაზე ზრუნვაც მას ევალება. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მისი შვილიც არასრულწლოვანი იყო საკონსტიტუციო სარჩელის შემოტანის მომენტში.
12. მოსარჩელის წარმომადგენლის ლ. დადიანის აზრით, დებულება, რომლითაც იკრძალება სასამართლოში რაიმეს გასაჩივრება,მიუხედავად იმისა, თუ რომელ კანონში და რა კონტექსტში შეგვხვდება, ავტომატურად არის არაკონსტიტუციური კონსტიტუციის 42-ე მუხლთან მიმართებით. ამდენად, მისთვის სადავო ნორმები prima facie არაკონსტიტუციურია იმის იდენტიფიცირებამდე, 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებში მოცემული რომელი კონკრეტული უფლებები შეიძლება დაერღვეს მოსარჩელეს.
13. საქმის არსებითი განხილვისას, მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და იგი ძალაში დატოვა სადავო ნორმების მხოლოდ იმ ნაწილთან მიმართებით, რომელიც ეხება 52-ე მუხლის პირველ პუნქტს, 54-ე მუხლის პირველ პუნქტს, 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვებს: „...ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას“ და მე-5 პუნქტს. შესაბამისად, დაზუსტებულ დავის საგანად განისაზღვრა ა) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–14 მუხლის მე–2 პუნქტის სიტყვები „გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56–ე ... მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა“ იმ ნაწილში, რომელიც ეხება 52-ე მუხლის პირველ პუნქტს, 54-ე მუხლის პირველ პუნქტს და 56-ე მუხლის მე–4 პუნქტის სიტყვებს: „...ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას“ და მე–5 პუნქტს ბ) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების სიტყვების „ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56–ე ... მუხლებით გათვალისწინებული ნორმების“ იმ ნაწილში, რომელიც ეხება 52-ე მუხლის პირველ პუნქტს, 54-ე მუხლის პირველ პუნქტს და 56-ე მუხლის მე–4 პუნქტის სიტყვებს: „...ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას“ და მე–5 პუნქტი და გ) „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტთან დაკავშირებით მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მაუწყებლის მიერ ფაქტების ზუსტად და ჯეროვნად გაშუქების ვალდებულების დარღვევას მოჰყვება მოსარჩელის შესახებ არასწორი ინფორმაციის გადაცემა, მოსარჩელესთან დაკავშირებული ინფორმაციის არასწორ გაშუქებას კი - მისი ღირსებისა და რეპუტაციის ხელყოფა. მიუხედავად ამისა, მას არა აქვს საშუალება, ამ ზიანის ასანაზღაურებლად და შეცდომის გამოსასწორებლად მიმართოს სასამართლოს. სადავო ნორმების მიხედვით, ის უფლებამოსილია, შეცდომის გამოსწორებისთვის მიმართოს მხოლოს მაუწყებელს, მაგრამ, თუ ეს უკანასკნელი განაცხადებს უარს მცარი ინფორმაციის გასწორებაზე, მას აღარ გააჩია რაიმე მექანიზმი თავისი უფლებების დასაცავად. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მას ერთმევა საშუალება, განახორციელოს რეპუტაციის, ღირსების და სხვა ღირებულებების დაცვა სასამართლოსათვის მიმართვის გზით. მაუწყებლისთვის მიმართვის მექანიზმი, მოსარჩელის აზრით, არ გამოდგება უფლების დასაცავად, რამდენადაც მაუწყებლის, როგორც დაინტერესებული მხარის ობიექტურობის ხარისხი იქნება ძალიან დაბალი. ამასთან, მოსარჩელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ, როდესაც დამახინჯებულად ხდება აზრის გადაცემა, ეს არის არა მხოლოდ პირის ღირსების და პატივის შელახვა, არამედ აგრეთვე მისი აზრის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. ადამიანს უფლება აქვს, რომ სხვა ადამიანებმა სწორი ინფორმაცია მიიღონ მისი საქმიანობის შესახებ.
14. 54-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი სამართლიანობის და მიუკერძოებლობის ვალდებულებას, მათ შორის ფაქტის და აზრის გამიჯვნის ვალდებულებას, მოსარჩელე აგრეთვე უკავშირებს სიტყვისა და თავისუფალი გამოხატვის უფლებას. მოსარჩელე კონსტიტუციის და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის საფუძველზე ამტკიცებს, რომ, როდესაც მისი ქმედებები სათანადოდ არ შეფასდება ან დროულად არ სწორდება შეცდომები, ეს წარმოადგენს ზემოაღნიშნული უფლების დარღვევას.
15. 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის ფარგლებში მოსარჩელემ ყურადღება გაამახვილა მხოლოდ ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი უხამსობის გადაცემაზე, რაც, ერთი მხრივ, ზიანს აყენებს თავად მოსარჩელის ფსიქოლოგიას და ამასთანავე რყვნის მოზარდ თაობას. მოსარჩელემ განაცხადა:, „ჩემი ღირსების შელახვაა,.. როდესაც უხამსობის გავრცელებით, პროპაგანდით ზიანი ადგება საზოგადოდ მოზარდ თაობას და მათ შორის იმ მოზარდებს, რომელთა მეურვეობაც და სულიერი მამობაც მე მაკისრია.“ მოსარჩელის წარმომადგენლის აზრით, 56-ე მუხლის მე-4 პუნქტში თავად კანონმდებელმაც აღიარა ადამიანის უფლება, არ ნახოს უხამსობა და არ იხილოს გადაცემები, რომლებიც არ შეესაბამება ზნეობას და, შესაბამისად, ზიანს აყენებს ადამიანის ღირსებას.
16. 56-ე მუხლის მე-5 პუნქტის შემთხვევაში, მოსარჩელის წარმომადგენლის აზრით, ირღვევა მშობლის უფლება, გაზარდოს შვილები ზნეობრივად ჯანსაღ გარემოში, რომელიც არ იქნება ხელისშემშლელი მისი ფიზიკური, გონებრივი და ზნეობრივი განვითარებისა და გაზრდისათვის. ამასთან, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტის დარღვევასთან მიმართებით მოსარჩელე ამტკიცებს, რომ, თუნდაც მას პიროვნულად არ ადგებოდეს ზიანი, თუ მაუწყებლის მიერ გადაცემულია არასწორი ინფორმაცია, რაც საფრთხეს უქმნის მომავალი თაობების ცნობიერებას, ამით მასაც ადგება ზიანი და ამ შემთხვევაშიც უნდა ჰქონდეს სასამართლოსთვის მიმართვის უფლება. სასამართლოსადმი მიმართვის მიზანს წარმოადგენს როგორც მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის აღდგენა, ისე ღირსების შეურაცხყოფის მსგავსი შემთხვევების სამომავლოდ აღკვეთა.
17. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმები ართმევენ მას შესაძლებლობას, მაუწყებლის მიერ ზემოთ აღნიშნული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, მატერიალური ან მორალური ზიანის ანაზღაურების მისაღებად, მიმართოს სასამართლოს. მიუხედავად იმისა, რომ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი და საქართველოს სამოქალაქო კოდექსი შეიცავენ რეგულირებებს ცილისწამების ან პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელების შემთხვევაში სასამართლოს გზით ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესაძლებლობის შესახებ, მოსარჩელის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ აღნიშნულ შემთხვევაში ადგილი ექნება კონფლიქტს ზემოთ დასახელებულ რეგულირებებსა და სადავო ნორმებს შორის და სრულიად არაგანჭვრეტადია, როგორ მოახდენს სასამართლო ამ შემთხვევაში ნორმების ინტერპრეტაციას. მოსარჩელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე წაყენებული მოთხოვნის საპასუხოდ, მაუწყებელს შესაძლებლობა აქვს, მიუთითოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონზე, როგორც სპეციალურ კანონზე. მან აგრეთვე მიუთითა, რომ ამ შემთხვევაში ადგილი აქვს არა კოლიზიას, არამედ მაუწყებლის გადაწყვეტილებების გასაჩივრების აკრძალვას. სადავო ნორმები პირდაპირ აუქმებს იმ უფლებას, რაც მათ, თუნდაც სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე, შეიძლებოდა ჰქონოდათ.
18. ამასთან მოსარჩელის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ თუნდაც „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ რელევანტურ რეგულირებებს ემოქმედათ, ეს არ იქნებოდა საკმარისად ეფექტური მექანიზმი მოსარჩელეთა უფლებების დასაცავად. პირველ რიგში, ეს გამოწვეულია შინაარსობრივი განსხვავებით, ერთი მხრივ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლში გათვალისწინებულ მცდარი ფაქტის შესწორების და უარყოფის უფლებასა და, მეორე მხრივ, ცილისწამების ან პატივის, ღირსების ან საქმიანის რეპუტაციის შემლახველი ცნობებისგან დაცვის უფლებებს შორის. მისი აზრით, არასწორი ინფორმაცია არ არის ყოველთვის იდენტური ცილისწამების ან პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ცნობებისა. შესაბამისად, მოსარჩელის წარმომადგენელი თვლის, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი სხვა დასახელებულ აქტებთან შედარებით, დამატებით გარანტიებს და უფლებებს ანიჭებს პირს. ამის გარდა, განსხვავდება მოპასუხე პირთა წრე, ვის მიმართაც შეიძლება იდავო და მიიღო ზიანის ანაზღაურება და დარღვეული უფლებების აღდგენა. სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე შეიძლება მიიღო ზიანის ანაზღაურება იმ პირისგან, ვინც გაავრცელა ინფორმაცია, მაგრამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, მაუწყებელს ენიჭება განსაკუთრებით მტკიცე დაცვა და პირს არ ეძლევა საშუალება, მიიღოს მისგან ზიანის ანაზღაურება ან მოსთხოვოს გადაცემული მცდარი ფაქტის გასწორება.
19. მოპასუხე მხარის წარმომადგენლები თვლიან, რომ კონსტიტუციურ სარჩელებში წარმოდგენილი მოთხოვნები უსაფუძვლოა და ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს. მათი განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტში მოხსენიებული სიტყვა „სასამართლო“, არ უნდა იქნეს განმარტებული მისი კლასიკური გაგებით, როგორც მხოლოდ სასამართლო ორგანოები. ტერმინი, „სასამართლო“ გაგებული უნდა იქნეს ისე, როგორც ამას აკეთებს ევროსასამართლო და მასში უნდა მოიაზრებოდნენ ასევე ის სუბიექტებიც, რომლებიც დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის, კანონის საფუძველზე შექმნის, საქმის წარმოებისას საქმის მონაწილეთა აუცილებელი უფლებრივი გარანტიების უზრუნველყოფის და საქმის გონივრულ ვადაში განხილვის პრინციპების დაცვით ასრულებენ მოდავე მხარეებს შორის საჩივრების განხილვის ფუნქციებს, თავისი საქმიანობის წესიდან გამომდინარე.
20. თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმის ფარგლებში შექმნილი საჩივრების განმხილველი სუბიექტები, მოპასუხე მხარის მტკიცებით, წარმოადგენენ „სასამართლოებს“ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის გაგებით. ისინი თვლიან, რომ ეს ორგანოები აკმაყოფილებენ მათ მიერ დასახელებულ ზემოთ ხსენებულ ყველა კრიტერიუმს. „ქცევის კოდექსი“, რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმის ჩამოყალიბება, მართალია, ჯერჯერობით არ არის მიღებული, მაგრამ, როცა მიიღება, გაითვალისწინებს საჩივრის განხილვის ორსაფეხურიან სისტემას, რაც სავსებით დააკმაყოფილებს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს. შესაბამისად, მოსარჩელეებს თვითრეგულირების მექანიზმის ამოქმედების შემდეგ ექნებათ საშუალება, უფლების სავარაუდო დარღვევის შემთხვევაში, საჩივრით მიმართონ ამ ორგანოებს, რაც გამორიცხავს მათი 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევას.
21. მოპასუხის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონით, ქცევის კოდექსის მიღების საბოლოო ვადად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ მარეგულირებელ კომისიას განესაზღვრა 2009 წლის პირველი იანვარი. ისინი თვლიან, რომ სადავო ნორმებმა პირებს კი არ ჩამოართვა სასამართლოსათვის მიმართვის უფლება, არამედ მოახდინა ამ უფლების დაცვის გადავადება გონივრული პერიოდით, რაც განპირობებულია იმით, რომ კომისიას ესაჭიროება გარკვეული დრო ქცევის კოდექსის სათანადოდ შემუშავებისა და მიღებისათვის, ეს კი შრომატევადი სამუშაოების ჩატარებას მოითხოვს. რაც შეეხება ქცევის კოდექსის მიღების ვადას, არის თუ არა იგი გონივრული, განსაზღვრავს არა სადავო ნორმები, არამედ სხვა ნორმა, რომელიც არ არის გასაჩივრებული.
22. მოპასუხის წარმომადგენლები თვლიან, რომ, თუ საკითხზე მსჯელობა დადგება განყენებულად გარდამავალი პერიოდის (მანამდე, ვიდრე ფიზიკურად არ შეიქმნება თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი) პირობებში და აღმოჩნდება, რომ მოსარჩელეებს ექმნებათ პრობლემა, მიმართონ სასამართლოს დარღვეული უფლების დასაცავად, ამ შემთხვევაში პრეტენზიები არ უნდა არსებობდეს სადავო ნორმასთან მიმართებით, ვინაიდან სადავო ნორმები ურთიერთობებს აწესრიგებენ მას შემდეგ, რაც დასრულდება ეს პერიოდი და რეალურად სახეზე გვექნება თვითრეგულირების მექანიზმი. გარდამავალ პერიოდში ურთიერთობებს არეგულირებენ მაუწყებლობის კანონის გარდამავალი და დასკვნითი დებულებები და თუ მათში რაიმე კონსტიტუციური ხარვეზია, ეს სცდება მოცემული დავის საგანს.
23. კითხვას, თვითრეგულირების ეფექტიანი მექნიზმის ჩამოყალიბებამდე აქვთ თუ არა პირებს საშუალება, მოახდინონ თავიანთი უფლებების სავარაუდო დარღვევისგან დაცვა, მოპასუხის წარმომადგენლებმა არაერთგვაროვნად უპასუხეს. ერთ შემთხვევაში მათ განაცხადეს, რომ სადავო ნორმები, პირის უფლების სავარაუდო დარღვევის შემთხვევაში, გამორიცხავენ სასამართლოსათვის ან მარეგულირებელი კომისიისათვის მიმართვის შესაძლებლობას და ამგვარ დარღვევაზე რეაგირებას ითვალისწინებენ მხოლოდ თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმის ფარგლებში. მეორე შემთხვევაში მათ აღნიშნეს, რომ სადავო ნორმების ამოქმედება დაკავშირებულია თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმის ჩამოყალიბებასთან. მათი აზრით, ვიდრე არ არის ამუშავებული თვითრეგულირების ეფქტიანი მექანიზმი, პირებს აქვთ შესაძლებლობა, უფლების სავარაუდო დარღვევის შემთხვევაში, მიმართონ სასამართლოს ან კომისიას და სადავო ნორმებით დადგენილი აკრძალვა ვერ იმოქმედებს.
24. მოპასუხის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ სადავო ნორმების შემოღების მიზანს წარმოადგენდა მაუწყებლობაში თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმის დანერგვა, მაუწყებლის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და პროფესიული სტანდარტების დამკვიდრების წახალისება. მათი აზრით, სადავო ნორმების არსი მდგომარეობს იმაში, რომ, ერთი მხრივ, მკაფიოდ განისაზღვროს ის სავალდებულო მექანიზმები, რომლებიც წაახალისებენ მედიის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებას და, მეორე მხრივ, გამოირიცხოს თეორიული შესაძლებლობაც კი, პროფესიული სტანდარტების დაცვის მოტივით, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა.
25. სხდომაზე მოწმედ მოწვეული, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსის კახი ყურაშვილის მოსაზრებით, მოცემული საქმე ეხება სასამართლოსათვის მიმართვის უფლებასა და მაუწყებლობის დამოუკიდებლობისა და ინფორმაციის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებას შორის ბალანსის დადგენის საკითხს. მოწმის ჩვენების თანახმად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ისევე როგორც სალიცენზიო ვალდებულებების დარღვევებზე, მარეგულირებელი კომისია რეაგირებს ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, გარდა 591 მუხლით გათვალისწინებული ნორმებისა. იმ საკითხის თაობაზე, შეუძლია თუ არა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას გამოიყენოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე, 72-ე და 73-ე მუხლებით გათვალისწინებული სანქციები მაუწყებლის მიერ იმ ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, რომლებზეც ვრცელდება სადავო ნორმები, მოწმის განცხადებით, ძნელია ცალსახა პასუხის გაცემა. მისი აზრით, აღნიშნული სიძნელე მდგომარეობს იმაში, რომ, ერთი მხრივ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი ავალდებულებს ეროვნულ კომისიას, რეაგირება მოახდინოს კანონში მოცემული მაუწყებლის ვალდებულებების დარღვევაზე, თუმცა, მეორე მხრივ, სადავო ნორმებით გათვალისწინებული რიგი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში განცხადება შეიტანება მხოლოდ თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში. აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში გამოტანილი გადაწყვეტილება კი არ შეიძლება გასაჩივრდეს კომისიაში. ამავე დროს, მოწმემ აღნიშნა, რომ „პირველივე ვალდებულება, რაც ლიცენზიაში წერია არის ის, რომ დაცული უნდა იქნეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი.“
26. მისი აზრით, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლით გათვალისწინებული თვითრეგულირების მექანიზმი შექმნილია მაუწყებელთა მაქსიმალური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით. მოწმის განცხადებით, თვითრეგულირების მექანიზმის შემოღებით, კანონმდებელმა დაავალდებულა კერძო სამართლის იურიდიული პირი, ჰქონოდა ადმინისტრაციული ორგანოს მსგავსი საჩივრების განხილვის პროცედურა, გამომდინარე იქიდან, რომ მაუწყებელი ახორციელებს საჯარო ფუნქციას.
27. მოწმის ჩვენების მიხედვით, მაუწყებლის მიერ სადავო ნორმებში მოცემული ვალდებულებების დარღვევის გასაჩივრება, შესაძლებელია სასამართლოში, იმ შემთხვევაში, თუ ასეთი გასაჩივრების უფლება განსაზღვრულია სხვა საკანონმდებლო აქტებით. მოწმის აზრით, იმ შემთხვევაში, თუ მაუწყებლით გადაიცა ისეთი მცდარი ფაქტი, რომელიც ცილისმწამებლურია, მაშინ დაინტერესებულ პირს შეუძლია სასამართლოსთვის მიმართვა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მაგრამ არა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმებზე დაყრდნობით. მოწმეს მიაჩნია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებში მოცემულია როგორც კონსტიტუციით, ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული უფლებები.
28. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-4 პუნქტთან დაკავშირებით, მოწმემ აღნიშნა, რომ, თუ თვითრეგულირების ფარგლებში, მოქალაქეს უარი გამოეცხადება საჩივრის განხილვაზე ან საერთოდ არაფერი ეცნობება, მაშინ აღნიშნული შეიძლება გასაჩივრდეს კომისიაშიც და სასამართლოშიც. სხვა შემთხვევებში, მოწმის აზრით, სასამართლოსა და კომისიაში გასაჩივრებას კრძალავს სადაო ნორმები.
29. ამავე კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტთან დაკავშირებით მოწმემ აღნიშნა, რომ პორნოგრაფია აკრძალულია „ტრანსსასაზღვრო ტელევიზიის შესახებ“ კონვენციის შესაბამისად; ის არის საქართველოს კანონმდებლობის ნაწილი, ხოლო რაც შეეხება ადამიანის და მოქალაქის ღირსებასა და ძირითად თავისუფლებათა შემლახავ უხამსობას, მისი აზრით, ამაზეც შეიძლება სასამართლოში იდავოს მხარემ. მოწმის განცხადების მიხედვით, ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და პატივის შემლახველი ტელეპროდუქტის საეთერო ბადეში განთავსებასთან დაკავშირებით, საკითხის განხილვის ინიციატორი შეიძლება იყოს როგორც მომხმარებელი, ასევე ადმინისტრაციული ორგანოც.
30.მოწმის ჩვენების მიხედვით, არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის საკითხთან მიმართებით კანონმდებლობაში წარმოქმნილია ვაკუუმი, რადგან, ერთი მხრივ, „მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან ამოღებულ იქნა შესაბამისი მარეგულირებელი ნორმები, რომლებიც, მისი აზრით, რეგლამენტირებული იქნება ქცევის კოდექსით. შესაბამისად, მოწმის განცხადებით, შეუძლებელია ამ მხრივ არასრუწლოვანთა უფლებების დაცვა სათანადო ნორმატიული ბაზის არარსებობის გამო.
31. მოწმის აზრით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებში მოცემულია კატეგორიები, რომლებიც სამართლებრივი სტანდარტების საფუძველზე დადგენას ექვემდებარებიან, ასევე კატეგორიები, რომლებიც სუბიექტური შეფასების საგანი გახდება. სუბიექტურად შეფასებად კატეგორიებზე, როგორიცაა მაგალითად სამართლიანობა ან მიუკერძოებლობა, მარეგულირებელი კომისია ვერ იმსჯელებს. ხოლო ისეთი სახის კატეგორიებზე, როგორიცაა, მაგალითად, საკითხი იმის თაობაზე, მოხდა თუ არა აზრის ავტორის იდენტიფიცირება ან ფაქტისა და აზრის გამიჯვნა, მოწმის აზრით, კომისიას შეუძლია იმსჯელოს.
32. მოწმემ, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის იურისტმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი არ ეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, რადგან ეს უკანასკნელი არ არის ლიცენზიის მფლობელი, ხოლო რაც შეეხება 591 მუხლის პირველ პუნქტს, ის მხოლოდ პროცედურულ საკითხებს განსაზღვრავს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იქნეს განხილული რიგი საკითხები. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებთან დაკავშირებით მოწმემ განაცხადა, რომ აღნიშნულ მუხლებში მოყვანილი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, პირს შეუძლია მიმართოს მაუწყებლის წინააღმდეგ სასამართლოს და სადავო ნორმები არ ზღუდავენ აღნიშნულ უფლებას.
II
1.სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება ინდივიდის უფლებების და თავისუფლებების დაცვის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა. ის ინტრუმენტული უფლებაა, რომელიც, ერთი მხრივ, წარმოადგენს სხვა უფლებებისა და ინტერესების დაცვის საშუალებას, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლების შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების არქიტექტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს. ინდივიდების სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა ის საშუალებაა, რომელიც ახდენს სასამართლო ხელისუფლების განხორციელების ინიცირებას და, შესაბამისად, ამ მხრივ, მისი კონსტიტუციური წონა მჭიდროდ არის დაკავშირებული ზოგადად სასამართლო ხელისუფლების ეფექტურად განხორციელებასთან.
საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ამ უფლების განხორციელება „...სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს უკავშირდება და მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მის არსს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის №1/3/393,397 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ონისე მებონია და ვახტანგ მასურაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). კანონის უზენაესობის პრინციპის ფარგლებში საჯარო ხელისუფლების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად განხორციელების უზრუნველყოფა არარეალური იქნებოდა მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლოს ხელმისაწვდომობის გარეშე. აზრს კარგავს სამართლებრივი წესებით ხელისუფლების შეზღუდვა, თუ არ არსებობს ამ წესების შემქმნელი და აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მესამე ინსტანცია, რომელიც ქმედებების ამ წესებთან შესაბამისობას დაადგენდა.
„სამართლიანი სასამართლოს უფლება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მექანიზმს, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და უფლებებში გაუმართლებელი ჩარევისაგან დაცვას“( საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/1/403,427 გადაწყვეტილება საქმეზე ,,კანადის მოქალაქე ჰუსეინ ალი და საქართველოს მოქალაქე ელენე კირაკოსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ"). უფლებებისა და თავისუფლებების არსებობისა და ეფექტური რეალიზებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მათი სამართლებრივი დაცვის საშუალებების არსებობას. უფლება ის ლეგიტიმური ინტერესია, რომელიც ამართლებს დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვა პირის თავისუფლების შეზღუდვას. ხოლო კონკრეტული ინტერესის უფლებად განსაზღვრის შედეგი არის სწორედ ის, რომ მისი ხელყოფის ან შესაძლო ხელყოფის შემთხვევაში, უფლების სუბიექტს შეუძლია მოითხოვოს ხელყოფის საფრთხისგან დაცვა ან მიყენებული ზიანის ანაზღაურება. „უფლება“ ვერ იქნება პირის ლეგიტიმური ინტერესების დაცვის რეალური გარანტია, ის იქნება მხოლოდ თეორიული და ფიქციური, თუ მას არ ახლავს სასამართლო წესით მისი დაცვის შესაძლებლობა.
საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ სასამართლო ხელისუფლების იურისდიქციის შეზღუდვა – სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის შეზღუდვით სასამართლო კომპეტენციას განკუთვნილი საკითხების სასამართლო განსჯადობის სფეროდან გამოყვანა, prima facie საფრთხეს უქმნის როგორც ინდივიდის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, ისე სასამართლო ხელისუფლების უნარს, შეაკავოს და გააწონასწოროს პოლიტიკური ხელისუფლება. შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოს ყოველი ასეთი მოქმედება განსაკუთრებული ყურადღებით უნდა შემოწმდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
2. საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ანატოლი კოზლოვსკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სასამართლოსადმი მიმართვის უფლების რეალიზაცია „...მოითხოვს იმ კონკრეტული უფლების არსებობას, რომლის დაცვაც განაპირობებს სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობას“. შესაბამისად, იმისთვის, რომ კონსტიტუციურობის თვალსაზრისით კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს ნებისმიერი ნორმა, რომელიც ზღუდავს სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლებას, უპირველეს ყოვლისა, უნდა დასაბუთდეს, რომ ეს ნორმა აბრკოლებს პირს, თავისი უფლებების და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს; აუცილებელია იყოს prima facie უფლება, რომლის სასამართლო წესით დაცვაც სურს მოსარჩელეს. ამასთან, კონსტიტუციის 42–ე მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოს, უზრუნველყოს სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა არა მარტო უფლების დარღვევის შემთხვევაში, არამედ ნებისმიერი იმ საკითხის გადასაწყვეტად, რაც პირდაპირ თუ ირიბ გავლენას იქონიებს პირის უფლების შინაარსზე, მის ფარგლებსა თუ შეზღუდვებზე.
ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ პირის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური გარანტია. ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს სასამართლოსადმი მიმართვისთვის გარკვეული წინა პირობებით, რაც გამართლებული იქნება დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური საჯარო ინტერესით. თუმცა ცალსახა და ერთმნიშვნელოვანია, რომ რეგულაცია, რომელიც სასამართლოსადმი მიმართვის ყველა შესაძლებლობას გამორიცხავს, ხელყოფს სამართლიანი სასამართლოს უფლების ძირითად არსს და, შესაბასად, ვერ იქნება გამართლებული საჯარო ინტერესზე მითითებით.
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო მე–14 მუხლის მე–2 პუნქტი და 591 მუხლები, ამავე კანონის მხოლოდ ოთხ მუხლთან დაკავშირებით, სხვებისგან განსხვავებულ რეგულირებას ადგენენ, კერძოდ, მათი დარღვევისთვის დაინტერესებულ პირს არ აქვს სასამართლოსადმი მიმართვის უფლება, ხოლო მაუწყებლის მიერ მათ დარღვევაზე რეაგირება ხორციელდება მხოლოდ თვითრეგულირების მექანიზმით, რომლის გადაწყვეტილებებიც ასევე არ ექვემდებარება სასამართლოში გასაჩივრებას. მანამ, სანამ აღნიშნული ოთხი მუხლის შინაარსის შეფასებაზე გადავიდოდეთ, მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ ზოგადად „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის არსი, მიზნები და ფუნქციები, რომელთა ჭრილშიც უნდა იქნეს გაგებული ხსენებული ოთხი ნორმა.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს მაუწყებლობის განხორციელების წესს, ამ სფეროში საქმიანობის რეგულირების პირობებს, ლიცენზირების წესსა და პროცედურებს, დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს შექმნის წესსა და ფუნქციებს (მუხლი 1). მაყურებლებთან დაკავშირებით კანონი არეგულირებს ორ ასპექტს: 1) მომხმარებლის შესაძლებლობას, საჩივრით მიმართოს კომისიას. ამ მხრივ, კანონი განსაზღვრავს საჩივრის განხილვის შესაბამის პროცედურებს და კომისიის მიერ დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, მაუწყებლის ვალდებულებას (მე–14 მუხლი). 2) დაინტერესებული პირის უფლებას, მოითხოვოს გადაცემული მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებითა და ფორმით შესწორება (52.2). სხვა მხრივ, კანონი არ ეხება მაყურებლის მაუწყებელთან ან კომისიასთან ურთიერთობას. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების ანალიზის საფუძველზე ჩანს, რომ ეს კანონი არ ადგენს დარღვეული უფლებების აღდგენის თუ უფლების დარღვევით მიყენებული მატერიალური ან მორალური ზიანის ანაზღაურების სამართლებრივ გარანტიებს. აღნიშნული კანონით მაუწყებელს შეზღუდული საჯარო რესურსის – სიხშირის გამოყენების საფუძველზე, ეკისრება გარკვეული სალიცენზიო და საკანონმდებლო ვალდებულებები, რომელთა შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისია. კანონი მიზნად ისახავს დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიის მიერ მაუწყებელთა რეგულირების საშუალებით სიტყვისა და აზრის თავისუფლების, მაუწყებელთა შორის კონკურენტული გარემოს სტიმულირების, ლიცენზიის მფლობელთა თანასწორობისა და დამოუკიდებლობის, სიხშირეების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფას (მუხლი 2). ამ მიზნების შესასრულებლად კანონი ძირითადად ეხება მაუწყებელსა და მარეგულირებელ კომისიას შორის ურთიერთობას. აღნიშნულის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ კანონში გაწერილი მაუწყებლის ყველა ვალდებულება თავისთავად არ წარმოშობს მაყურებელთა უფლებას ამ ვალდებულების შესრულებაზე. კანონით განსაზღვრული მაუწყებლის ვალდებულებები, ყველა შემთხვევაში, ვერ ჩაითვლება მაყურებლის უფლებებით აღმჭურველ ნორმატიულ საფუძვლად. რა თქმა უნდა, აღნიშნული ვალდებულებები შეიძლება მოტივირებული იყოს, მათ შორის, სხვათა უფლებების დაცვით, მაგრამ ყოველთვის შესაძლოა არ იყოს ინდივიდის უფლებით აღმჭურველი. იმისთვის, რომ კონკრეტული ვალდებულებების შესრულება სასამართლო წესით იყოს დაცვადი, საჭიროა დამატებითი მტკიცება იმისა, რომ მათი დარღვევის შემთხვევაში შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს პირის უფლების ხელყოფას, რაც, თავის მხრივ, კონსტიტუციის 42–ე მუხლით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობის საფუძველია.
4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52–ე მუხლის პირველი პუნქტი ავალდებულებს მაუწყებელს, მიიღოს ყველა ზომა პროგრამაში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად. ამავე კანონის 52–ე მუხლის მე–2 პუნქტის მიხედვით, დაინტერესებულ პირს ეძლევა უფლება, მიმართოს მაუწყებელს „განცხადებაში მოცემული მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით“ შესწორების ან უარყოფის მოთხოვნით. შესაბამისად, უნდა ვიგულისხმოთ, რომ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული ვალდებულება ეხება არაჯეროვნად ზუსტი ფაქტის გაშუქებას, რომლის გამოსწორების უფლებაც, იმავე მუხლის მეორე ნაწილით, ეძლევა დაინტერესებულ პირს. მოსარჩელის აზრით, მასთან დაკავშირებული ინფორმაციის არასწორი გაშუქება, არღვევს მისი ღირსებისა და რეპუტაციის უფლებას, ხოლო სადავო მუხლები, არ აძლევენ მას შეცდომის გამოსწორებისა და ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას.
მნიშვნელოვანია, რომ კანონის 52–ე მუხლში არ არის საუბარი „რეპუტაციისა“ თუ „ღირსების“ უფლების დაცვაზე ან „ცილისწამების“ არგავრცელების ვალდებულებაზე. აღნიშნული კატეგორიები დაცულია „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების“ შესახებ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლებით.
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების“ შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, ცილისწამება არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება (მუხლი 1). ამავე დროს, მხოლოდ აღნიშნული განმარტების ელემენტების დაკმაყოფილება არ არის საკმარისი ცილისწამებისთვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად. კერძოდ, პირს ცილისწამებისთვის არ ეკისრება პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში, თუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ცილისწამებას ავრცელებდა (მუხლი 16). კანონი განსხვავებულ სტანდარტს ადგენს ასევე კერძო პირისა და საჯარო პირის ცილისწამებისთვის. კერძოდ, ამ უკანასკნელის შემთხვევაში აუცილებელია დადგინდეს, რომ განცხადების გამკეთებლისთვის წინასწარ იყო ცნობილი ფაქტის მცდარობა ან მან გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა. კანონი ასევე განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, ცილისწამება არ იწვევს პასუხისმგებლობას (მუხლი 5). მე–15 მუხლი განსაზღვრავს გარემოებებს, რომელთა საფუძველზეც, პირს ენიჭება ცილისწამებისთვის კვალიფიციური პრივილეგია. შესაბამისად, მხოლოდ არაჯეროვნად ზუსტი ფაქტის გადაცემა ვერ იქნება მისი ცილისწამებად დაკვალიფიცირების და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. იმის გამო, რომ ცილისწამებასთან დაკავშირებული წარმოება მრავალი კომპონენტისგან შედგება და თვისობრივად განსხვავდება არაჯეროვნად ზუსტი ფაქტების გავრცელებისგან, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო მუხლებში მოცემული აკრძალვა სასამართლოს მიმართვასთან დაკავშირებით, ვერ დააბრკოლებს ცილისწამების საქმეებზე სამართალწარმოებას „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.
რაც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე–18 მუხლით დაცულ პატივისა და ღირსების უფლებას, ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ ღირსების უფლების ამომწურავად განმარტება შეუძლებელია თავად „ღირსების“ ცნების ფართო შინაარსის გამო. თუმცა შეიძლება რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტის აღნიშვნა. უპირველეს ყოვლისა, ღირსება ვერ იქნება გაგებული როგორც სუბიექტური სიკეთე, რომელიც განსხვავდება ყოველი ადამიანისთვის. ღირსების უფლების ასეთი გაგება წინააღმდეგობაში მოვიდოდა თავად უფლების ცნებასთან, რადგან „უფლებად“ ვერ ჩაითვლება ის სიკეთე, რომლის ფარგლები განსხვავდება სხვადასხვა ადამიანისთვის მათი სუბიექტური შეხედულებების გამო. უფლება თავისთავად გულისხმობს ადამიანის იმ ინტერესს, რომელიც გარკვეული ხარისხით უნივერსალობისა და ობიექტურობის კრიტერიუმს აკმაყოფილებს. შესაბამისად, მხოლოდ ის, რომ პირს არ მოსწონს ესა თუ ის გადაცემა თავისი ღირებულებითი, რელიგიური თუ მსოფლმხედველობითი გადასახედიდან, ვერ ჩაითვლება ღირსების უფლებაში ჩარევად. სხვა სიტყვებით, უფლებაში ჩარევად ჩაითვლება ისეთი ქმედება, რომელიც საშუალოდ გონიერი ადამიანისთვის იქნება ღირსების ქვეშ მოაზრებული სიკეთის ხელყოფა. ამავე დროს, პირის ღირსების ან პატივის უფლების შემლახავ ინფორმაციად დაკვალიფიცირება არ არის დამოკიდებული ფაქტის მცდარობაზე; ღირსების ან პატივის უფლების ხელყოფას შეიძლება ადგილი ჰქონდეს როგორც მცდარი, ასევე სწორი ინფორმაციის ან თუნდაც შეფასებითი აზრის გადაცემით. პირთან დაკავშირებული ინფორმაციის უზუსტობა, დამოუკიდებლად, ვერ გამოდგება პატივისა და ღირსების უფლების ხელყოფის საფუძვლად. შესაბამისად, 52–ე მუხლის პირველი პუნქტი არ ეხება პატივისა და ღირსების შემლახავი ინფორმაციის გავრცელების აკრძალვას. ამიტომ ამ ნორმით გათვალისწინებული ინფორმაციის გავრცელებისთვის სასამართლოში გასაჩივრების აკრძალვა არ გულისხმობს პატივისა და ღირსების შემლახავი ინფორმაციის გავრცელებისათვის სასამართლოსადმი მიმართვის აკრძალვას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ გავიზიარებთ მოსარჩელის არგუმენტს, რომ სადავო მუხლებით მოცემული აკრძალვა გავლენას იქონიებს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე სასამართლოსადმი მიმართვაზე. აღნიშნულზე დამატებით მიუთითებს ის, რომ კანონმდებელმა სადავო მუხლების მოქმედების ეფექტი შეზღუდა მხოლოდ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52–ე, 54–ე, 56–ე და 591 მუხლებით – აკრძალვა მხოლოდ ამ მუხლებზე გაავრცელა და არა ზოგადად მცდარი ფაქტის სასამართლო წესით განსჯადობაზე, რაც მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია რეპუტაციასა და ცილისწამებასთან დაკავშირებული სარჩელების სასამართლო წესით განხილვისას. ამასთან, ცილისწამებით და ღირსებისა და პატივის უფლების ხელყოფით მიყენებული მორალური თუ მატერიალური ზიანის ანაზღაურება უზრუნველყოფილია შესაბამისი კანონმდებლობით და ამ მხრივ, სადავო მუხლები არ უკრძალავენ პირს, ზიანის ასანაზღაურებლად მიმართოს სასამართლოს.
შესაბამისად, ცილისწამება „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით და ღირსებისა და პატივის უფლების ხელყოფა სამოქალაქო კოდექსის მიხედვით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52–ე მუხლით გათვალისწინებული არაჯეროვანი სიზუსტის მქონე ფაქტის გავრცელებისგან ხარისხობრივად და თვისობრივად განსხვავებული კატეგორიებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ უკანასკნელის რეგულირება არ შეიძლება გავრცელდეს ცილისწამების და ღირსებისა და რეპუტაციის უფლებებების შელახვის საფუძვლით სასამართლოსადმი მიმართვაზე.
5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52–ე მუხლის მე–2 პუნქტი დაინტერესებულ პირს ანიჭებს უფლებას, მოსთხოვოს მაუწყებელს საწყის განცხადებაში მოცემული მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორება ან უარყოფა საწყისი განცხადების ხანგრძლივობით და დაახლოებით იმ დროს, როდესაც გაკეთდა საწყისი განცხადება.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შესწორების უფლება ნაწარმოები უფლებაა, ანუ ის იცავს პირის იმ ინტერესებს, რაც შეილახა საწყისი განცხადებით გადაცემული მცდარი ფაქტით, რის გამოც პირს ეძლევა უფლება, მოსთხოვოს მაუწყებელს, გამოასწოროს შეცდომა. ზემოთ აღინიშნა, რომ სადავო მუხლით დადგენილი აკრძალვა არ ვრცელდება ღირსებისა და რეპუტაციის უფლების ხელმყოფ მცდარ ფაქტებზე, რომლებთან დაკავშირებითაც შესწორების უფლება, გარკვეული განსხვავებებით, მოცემულია „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–17 მუხლითა და სამოქალაქო კოდექსის მე–18 მუხლის მე–4 პუნქტით. შესაბამისად, მოსარჩელეს ცილისმწამებლურ ან ღირსების შემლახავ განცხადებებთან დაკავშირებით შეუძლია პასუხის უფლების დაცვა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის ან სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლებით.
იმდენად, რამდენადაც მოსარჩელეს არ დაუსახელებია, თუ სხვა რა კანონიერი ინტერესი შეიძლება შეილახოს მაუწყებლის მიერ მცდარი ფაქტის გადაცემით ან სხვა რა კანონიერი ინტერესის დასაცავად უკრძალავს მას სადავო მუხლები შესწორების უფლების სასამართლო წესით დაცვას, სასამართლო მსჯელობა ამ მხრივ იქნება თეორიული, მოწყვეტილი მოსარჩელეთა მტკიცებულებებს და ზედმეტად ჰიპოთეტური. იგივე ვრცლედება აღნიშნული კანონის 54–ე მუხლთან დაკავშირებით, რადგან მოსარჩელემ დამაჯერებლად ვერ წარმოადგინა ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა, კერძოდ, მაუწყებლის მიერ ფაქტების სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის გამიჯვნა, აზრის ავტორის იდენტიფიცირება და განსხვავებული აზრის დისკრიმინაციის გარეშე წარმოდგენა, თუ მის რომელ უფლებებს ლახავს.
6. 56–ე მუხლის მე–4 პუნქტის მიხედვით, „იკრძალება პორნოგრაფიის, აგრეთვე ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას“. აღნიშნულ ნორმაში არ არის დაკონკრეტებული ის უფლება (უფლებები), რომელიც მაუწყებელმა შესაძლოა ხელყოს უხამსობის შემცველი პროგრამის ან რეკლამის განთავსებით, მაგრამ უნდა ვიგულისხმოთ, რომ კანონმდებელი პრაქტიკულად ნებისმიერი ძირითადი უფლების დარღვევის შესაძლებლობას უშვებს. მოცემული დავის ფარგლებში, სასამართლო ვერ შეაფასებს ამ ნორმით გათვალისწინებული უფლებადარღვევის ან ზიანის მიყენების ალბათობას, მაგრამ, როგორც ეს სადავო ნორმებიდან იკითხება, კანონმდებელი ასეთ საფრთხეს რეალურად მიიჩნევს, ნორმის ფორმულირება არ აჩენს კითხვის ნიშნებს ამასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეს ნორმა, სადავო ნორმებთან ერთად, მიუთითებს, რომ მაუწყებლის მიერ ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, პირს არ გააჩნია სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობა. ნიშანდობლივია, რომ მოცემულ შემთხვევაში საუბარია არა სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვაზე, არამედ აკრძალვაზე.
გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია, ამ უფლების სათანადო უზრუნველყოფის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია სხვა უფლებების სრულყოფილი რეალიზაცია. სახელმწიფო ვერ იქნება წარმატებული, თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის გარეშე, რომლის მთავარ ფუნქციას საზოგადოების ინფორმირება, მისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის ხელშეწყობა წარმოადგენს. სწორედ გამოხატვის თავისუფლების ხარისხი განსაზღვრავს ქვეყნის (საზოგადეობის) თავისუფლებისა და დემოკრატიულობის ხარისხს. თუმცა გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება.
საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს და განამტკიცებს აზრისა და გამოხატვის უფლებას, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლებას, მაგრამ ამავე დროს ითვალისწინებს უფლების შეზღუდვის საფუძვლებსაც, მათ შორის ისეთი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, როგორიცაა სხვათა უფლებების დაცვა. გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, როდესაც გამოხატვა კვეთს ზღვარს, გავლებულს გამოხატვის თავისუფლებასა და სხვის უფლებას შორის. აქედან გამომდინარე, კანონმდებლობა უნდა უზრუნველყოფდეს მაუწყებლის მიერ დარღვეული უფლების აღდგენის, მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას.
ცალკეულ შემთხვევაში, აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას შეიძლება მიენიჭოს უპირატესობა სხვა უფლებებთან შედარებით, მაგრამ ამის მართლზომიერების შეფასება ზუსტად სასამართლოში უნდა მოხდეს თანაზომიერების პრინციპზე დაყრდნობით. ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა შეაფასოს დარღვეული უფლება ან უფლების დარღვევის საფრთხე, რომელსაც შესაძლოა შეიცავდეს კონკრეტული პროგრამა ან ინფორმაცია და დაუპირისპიროს იგი გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის აუცილებლობას. სასამართლოს უნდა ჰონდეს შესაძლებლობა, შეაფასოს გამოხატვის ფორმის და შინაარსის ღირებულება, მისი საზოგადოებრივი მნიშვნელობა და, მეორე მხირვ, ის ზიანი, რომელიც ამ უფლების რეალიზაციამ გამოიწვია.
შესაბამისად, მაუწყებლის მიერ დარღვეული უფლების აღდგენის, მათ შორის, უფლების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოსადმი მიმართვის აკრძალვა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს.
მოცემულ შემთხვევაში, ნორმის კონსტიტუციურობის მტკიცებისთვის არგუმენტად არ გამოდგება მოქმედ კანონმდებლობაში ცალკეული უფლებების სასამართლოში დაცვის მაგარანტირებელი ნორმების არსებობა და მათზე აპელირებით უფლებების დაცვა. კანონმდებლობის ცალკეულ ნორმებზე დაყრდნობით, შესაძლოა მართლაც მოხდეს მაუწყებლის მიერ დარღვეული უფლების დაცვა, აღდგენა, მაგრამ ეს ვერ გააბათილებს სადავო ნორმის არსებობას და მის კონსტიტუციასთან შეუსაბამობას.
სადავო ნორმის კონსტიტუციურობაზე მსჯელობისას, ნორმის სისტემური ანალიზის შედეგად მისი კონსტიტუციის შესაბამისად მიჩნევის სასარგებლოდ მიუთითებს ვითარება, როდესაც შესაძლებელია სადავო ნორმის სხვა ნორმებთან ერთად თანაარსებობა და ეს ნორმები ერთობლივად უზრუნველყოფენ უფლების დაცვას. მაგრამ, როდესაც ნორმები ურთიერთწინააღმდეგობრივია, კონსტიტუციის შესაბამისი ნორმის არსებობა და მის საფუძველზე უფლების დაცვის შესაძლებლობა ვერ აბათილებს სადავო ნორმის მოქმედებას და მით უფრო ვერ გამოდგება მისი კონსტიტუციურობის მტკიცების არგუმენტად.
7. მოსარჩელე ასევე ამტკიცებს, რომ 56-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, დაირღვევა მშობლის უფლება, აღზარდოს შვილი ზნეობრივად ჯანსაღ გარემოში. ამასთან, მოსარჩელის მტკიცებით, სასამართლოსადმი მიმართვის მიზანს წარმოადგენს მომავალი თაობის ცნობიერებისთვის მიყენებული ზიანის აღკვეთა. საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე სხდომისას მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სასამართლოსთვის მიმართვა აუცილებელია, რათა ზიანი არ მიადგეს „მოზარდი თაობის ზნეობას, მის ფსიქიკას“. მოსარჩელე განზოგადებულად წარმოადგენს პრობლემას, ის აცხადებს, რომ „მას აფიქრებს მოზარდების გარყვნასთან დაკავშირებული გარემო“, რასაც მხოლოდ ზნეობრივი კონოტაცია აქვს. ის ხაზს უსვამს, რომ მთავარი ზიანის არის ის, რომ „მომავალი თაობა, შვილები ირყვნებიან“.
მოსარჩელე პრობლემად მიიჩნევს უზნეო და უხამსი გადაცემების არსებობას, რომლებიც, მისი აზრით, მავნე ზეგავლენას მოახდენენ მოზარდის სულიერებაზე, ზნეობაზე, მის „სწორ განვითარებაზე“. მოსარჩელის მიერ განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარეობს, რომ არასრულწლოვნის სულიერების, მისი ზნეობის არასასურველი მიმართულებით განვითარება, იმავდროულად, არასრულწლოვნის „ფსიქიკისთვის, ფიზიოლოგიისთვის და ფიზიკური მდგომარეობისათვის“ არის ზიანის მომტანი. მოსარჩელის მსჯელობა მიუთითებს იმაზე, რომ მისთვის ყველა ჩამოთვლილი სიკეთე ზნეობაზეა მიბმული და ზნეობაზე გავლენა, დანარჩენებსაც მიაყენებს ზიანს. ამ დასკვნაზე მიუთითებს ისიც, რომ ზიანის მაგალითები, რომლებიც მოსარჩელეს მოჰყავს არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის დემონსტრირებისთვის, ეხება ერთმნიშვნელოვნად ზნეობის საკითხებს (სხვადასხვა ახალგაზრდულ, შემეცნებით და გასართობ პროგრამებში განხილული თემები, როგორიცაა ქალიშვილობის ინსტიტი, რელიგიური უმცირესობები, სატანიზმი და სხვ.). მოსარჩელის არგუმენტებიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოსადმი მიმართვის უფლება მოსარჩელეს არასრულწლოვანი პირის ზნეობრივი აღზრდის უზრუნვესაყოფად ესაჭიროება.
შესაბამისად, სარჩელის ამ ნაწილში სასამართლომ უნდა დაადგინოს, აკისრია თუ არა სახელმწიფოს, კონსტიტუციის 42–ე მუხლის საფუძველზე, ვალდებულება, უზრუნველყოს ზნეობრიობასთან დაკავშირებული ხსენებული საკითხების სასამართლო განსჯადობა. ამასთან, აღნიშნული საკითხი გადაწყვეტილ უნდა იქნეს გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციური გარანტიის გათვალისწინებით.
გამოხატვის თავისუფლება საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული უფლებაა, მაგრამ ამ უფლებების სრულყოფილი განხორციელებისთვის მხოლოდ საკანონმდებლო გარანტიები არ კმარა, საჭიროა, რომ თავად საზოგადოება იყოს შემწყნარებელი ინდივიდის უფლებისადმი, თავისუფლად და უშიშრად გამოხატოს საკუთარი აზრი. დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანებს აქვთ თმენის ვალდებულება იმ მოსაზრებების მიმართ, რომელთაც ისინი არ იზიარებენ ან, თუნდაც თვლიან ზნეობრივად გაუმართლებლად. დაუშვებელია კონკრეტული პირის ან პირთა ჯგუფის ზნეობრივი ნორმების ან მსოფლმხედველობის საზოგადოების სხვა ჯგუფებზე თავსმოხვევა სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლოს მეშვეობით.
ზოგადად, სახელმწიფოს არ შეუძლია, შეზღუდოს ინფორმაციის თავისუფლება იმ საფუძვლით, რომ გარკვეული ინფორმაცია ან იდეები შეიძლება ემოციურად გამაღიზიანებელი აღმოჩნდეს ან მიუღებელი საქციელის წამახალისებელი იყოს. ადამიანებს უფლება აქვთ, მიიღონ და გაავრცელონ იდეები და თავად გადაწყვიტონ, რა არის მათთვის მისაღები ან მიუღებელი. აღნიშნული რაციონალის საფუძველზე დემოკრატიული საზოგადოების ფუნქციონირებისთვის აუცილებელი გარკვეული აკრძალვების გარდა, პირები, მათ შორის მაუწყებლებიც, უფლებამოსილი არიან, გადასცენ ნებისმიერი ინფორმაცია და ითვლება, რომ ადამიანებს ამ იდეებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ. „მე–10 მუხლის დაცვის სფერო მოიცავს არა მხოლოდ იმ „ინფორმაციას“ ან „იდეებს“, რომელთაც იზიარებს საზოგადოება ან არ არის შეურაცხმყოფელი, ან მისდამი ინდიფერენტული დამოკიდებულებაა, არამედ ასევე ისეთს, რომელიც შეურაცხყოფს, შოკის მომგვრელია და აწუხებს სახელმწიფოს ან საზოგადოების ნებისმიერ ჯგუფს. ასეთია პლურალიზმის, ტოლერანტობისა და შემწყნარებლობის მოთხოვნები, რომელთა გარეშეც არ არსებობს დემოკრატიული საზოგადოება“ (Handyside v. UK , p. 48).
უნდა აღინიშნოს, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შედარებით ფართო დისკრეცია სახელმწიფოს შეიძლება მიენიჭოს მაშინ, როდესაც შეზღუდვას დაქვემდებარებული გამოხატვა უხამსი შინაარსისაა. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას დასაშვებად მიიჩნევს მაშინაც, თუ გამოხატვა ეწინააღმდეგება დამკვიდრებულ მორალურ ნორმებს. შესაძლოა სახელმწიფოს ასეთი შეზღუდვის დაწესების უფლება ჰქონდეს, მაგრამ საქართველოს კონსტიტუცია და ევროპული კონვეცნია ასეთ შემთხვევებში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ვალდებულებას არ აწესებს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოსთვის მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში დაწესებული ნებისმიერი ასეთი შეზღუდვა საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის ტესტს უნდა აკმაყოფილებდეს.
მხოლოდ მაუწყებლის პოზიციის, ფასეულობების, იდეების მიუღებლობა არ შეიძლება გახდეს მისი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი. სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ობიექტურად იდენტიფიცირებადი ინტერესები, მაგრამ არა სუბიექტური გრძნობები.
ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი ნორმები უნდა იყოს გათვალისწინებული ნათელი და განჭვრეტადი, ვიწროდ მიზანმიმართული კანონით. სასამართლოსადმი მიმართვის უფლება გარანტირებული უნდა იყოს, როდესაც უფლების დარღვევას მაუწყებლის ბრალეული ქმედება იწვევს, ამასთან, გამოკვეთილი უნდა იყოს ის უფლება, რომლის დასაცავადაც გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს.
ზნეობრიობის საკითხების სასამართლო წესით განსჯადობა უარყოფით ეფექტს იქონიებს მაუწყებლის თავისუფლებაზე იმდენად, რამდენადაც, უმეტეს შემთხვევაში, ძნელია ობიექტურად იმის განსაზღვრა, რა შეესაბამება ზნეობრივ ნორმებს და რა არა. ასეთი საკითხების სასამართლო წესით განსჯადობა გამყინავ ეფექტს იქონოებს მაუწყებლის თავისუფლებაზე და შედეგად დააზარალებს მთლიანად საზოგადოებას.
ცხადია, მშობელი თავისუფალია, აღზარდოს შვილი საკუთარი ზნეობრივი შეხედულებების მიხედვით და იქონიოს გავლენა მის მორალურ, მსოფლმხედველობრივ ჩამოყალიბებაზე. თუმცა სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ მშობელს აქვს უფლება, მოითხოვოს მაუწყებლისაგან (ან სხვა კერძო პირებისგან), რომ მათ გადასცენ მხოლოდ ისეთი გადაცემები, რომელიც ესადაგება მის ზნეობრივ ნორმებს. მაუწყებლის მიერ კონკრეტული მშობლისთვის ზნეობრიობის თვალსაზრისით მიუღებელი პროგრამის გადაცემა ვერ ჩაითვლება მშობლის აღნიშნული თავისუფლების ხელყოფად და, შესაბამისად, ამ ასპექტში არც სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კონსტიტუციური ვალდებულება აკისრია სახელმწიფოს.
III
ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 და მე-8 პუნქტებით, 23-ე მუხლის პირველი პუნქტით, 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-7 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. დაკმაყოფილდეს №421 და № 422 კონსტიტუციური სარჩელები ნაწილობრივ.
2. ცნობილ იქნეს არაკონსტიტუციურად „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–14 მუხლის მე–2 პუნქტის სიტყვები „გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56–ე ... მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა“ იმ ნაწილში, რომელიც ეხება 56-ე მუხლის მე–4 პუნქტის სიტყვებს „...ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას“, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმარებით.
3. ცნობილ იქნეს არაკონსტიტუციურად „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების სიტყვები „ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56–ე ... მუხლებით გათვალისწინებული ნორმების“ იმ ნაწილში, რომელიც ეხება 56-ე მუხლის მე–4 პუნქტის სიტყვებს „...ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას“, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმარებით.
4. არ დაკმაყოფილდეს №421 და №422 კონსტიტუციური სარჩელები „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–14 მუხლის მე–2 პუნქტის სიტყვების „გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56–ე ... მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა“ კონსტიტუციურობის თაობაზე, მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც ეხება 52-ე მუხლის პირველ პუნქტს, 54-ე მუხლის პირველ პუნქტს და 56-ე მუხლის მე–5 პუნქტს.
5. არ დაკმაყოფილდეს №421 და №422 კონსტიტუციური სარჩელები „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 591 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების სიტყვების ,,ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56–ე ... მუხლებით გათვალისწინებული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე, მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც ეხება 52-ე მუხლის პირველ პუნქტს, 54-ე მუხლის პირველ პუნქტს და 56-ე მუხლის მე–5 პუნქტს.
6. არ დაკმაკოფილდეს №421 კონსტიტუციური სარჩელი მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც ეხება „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობას.
7. არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.
8. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან.
9. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
10. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას.
11. გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ 15 დღის ვადაში.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ვახტანგ გვარამია
ქეთევან ერემაძე
ბესარიონ ზოიძე