საქართველოს მოქალაქეები - თამაზ კილანავა, ნუგზარ კანდელაკი, მანანა ნასარიძე, მადონა ღიბრაძე, ლალი არჩვაძე და ზურაბ გუბელაძე - საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/12/387-388 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 15 ივნისი 2006 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი- სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
2. ოთარ ბენიძე- წევრი;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი- წევრი;
4. ზაურ ჯინჯოლავა- წევრი.
სხდომის მდივანი: ელენე ლაღიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები- თამაზ კილანავა, ნუგზარ კანდელაკი, მანანა ნასარიძე, მადონა ღიბრაძე, ლალი არჩვაძე და ზურაბ გუბელაძე- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის იმ ნაწილის, რომლითაც აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ადრინდელ რედაქციას დაემატა „ე“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
387-ე და 388-ე ნომრებით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელები საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია მიმდინარე წლის 22 და 24 მაისს.
კონსტიტუციური სარჩელების შემოტანის საფუძველია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი.
მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ 1999 წლის 15 მაისიდან სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებდნენ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატაში და ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში,მაგრამ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის (№972-ე, 976-ე, 977-ე, 985-ე და 992-ე) ბრძანებულებების მიხედვით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტისა და 54-ე პრიმა მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე გათავისუფლდნენ თბილისის და ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლეთა თანამდებობებიდან და ჩაირიცხნენ საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში.
საქართველოს პარლამენტმა 2005 წლის 23 ივნისს შეიტანა ცვლილებები და დამატებები „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლში, რომლის საფუძველზეც მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატა შემდეგი რედაქციის „ე“ ქვეპუნქტი. კერძოდ, „საერთო სასამართლოს მოსამართლეთა რეზერვში ჩარიცხული მოსამართლის რეზერვიდან ამორიცხვა“. ასევე, მე-4 მუხლს დაემატა მე-3 პუნქტი რომლის მიხედვითაც, „რეზერვში ჩარიცხული მოსამართლის მიმართ გამოიყენება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი“.
მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 54-ე მუხლში ამომწურავადაა ჩამოთვლილი მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლები, მაგრამ არ არის გათვალისწინებული საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში ჩარიცხული მოსამართლის რეზერვიდან ამორიცხვის წესი. ასევე „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები და დამატებები წინააღმდეგობაში მოდის სახელმწიფო სამსახურის გავლის იმ პირობებთან რაც კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე დადგენილია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ორგანულ კანონს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა საქართვერლოს კანონის მიმართ და ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად „საქართველოს ორგანული კანონი მიიღება იმ საკითხებზე რომელთა მოწესრიგებაც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად ორგანული კანონითაა გათვალისწინებული“.
მოსარჩელეეების განცხადებით საერთო სასამართლოების რეზერვში ჩარიცხული პირი თანამდებობიდან გათავისუფლებულია. ის რაიმე შრომით მოვალეობებს არ ასრულებს და მის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენება ყოველგვარ იურიდიულ ძალას მოკლებულია. „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 56-ე, მე-60 (1, 10 პუნქტები) და 63-ე (პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი) მუხლებისა, აგრეთვე „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, დისციპლინური სამართალწარმოების სუბიექტი არის მხოლოდ თანამდებობის პირი- მოსამართლე და არა რეზერვში ჩარიცხული ყოფილი მოსამართლე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელის გაანალიზების და მოსარჩელე მხარის განმარტებათა საფუძველზე, გამოარკვია წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განსახილველად მიღება-არმიღებასთან და ერთ საქმედ გაერთიანებასთან დაკავშირებული გარემოებანი.
სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნაა-„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ 2005 წლის 23 ივნისის საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის იმ ნაწილის, რომლითაც აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ადრინდელ რედაქციას დაემატა „ე“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, დისციპლინური სახდელებია: „ე) საერთო სასამართლოს მოსამართლეთა რეზერვში ჩარიცხული მოსამართლის რეზერვიდან ამორიცხვა“ და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის- „რეზერვში ჩარიცხული მოსამართლის მიმართ გამოიყენება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი“- კონსტიტუციურობის დადგენა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
საქართველოს კონსტიტუციის დასახელებულ დებულებასთან დაკავშირებით, რომელთან მიმართებითაც მოსარჩელეები მოითხოვენ სადავო ნორმების კონსტიტუციურობის დადგენას, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი- „სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით“ ითვალისწინებს სახელმწიფო სამსახურის პირობების კანონით განსაზღვრის აუცილებლობას. სახელმწიფო სამსახურის პირობები განსაზღვრულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის თანახმად ეს კანონი ადგენს, საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და განსაზღვრავს მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას. სადავო კანონი კი არეგულირებს, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებს, დისციპლინური სახდელის სახეებს, დისციპლინური სამართალწარმოებისა და მოსამართლეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესს, საერთო სასამართლოებში დისციპლინური საქმეების განხილვისა და მათზე გადაწყვეტილების მიღების წესს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ არ არის სადავო ნორმების მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტთან.
სასამართლო კოლეგია მიუთითებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი უნდა იყოს მტკიცებულებები, რომლებიც, მოსარჩელის აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას, კერძოდ, სადავო აქტების მიმართებას საქართველოს კონსტიტუციის დებულებასთან. ხოლო, ამავე კანონის მე-18 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად არ მიიღება თუ ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.
ამასთან, სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონმდებლობა მოითხოვს სრულყოფას და აღნიშნული სამართლებრივი აქტების ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანას.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, „საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქეების- თამაზ კილანავას, ნუგზარ კანდელაკის, მანანა ნასარიძის, მადონა ღიბრაძის, ლალი არჩვაძის 387-ე ნომრით რეგისტრირებული და ზურაბ გუბელაძის 388-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელები.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი
ოთარ ბენიძე
ლამარა ჩორგოლაშვილი
ზაურ ჯინჯოლავა