მოქალაქე იულია მეზურნიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/2/355 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 16 თებერვალი 2006 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (თავმჯდომარე);
2. ოთარ ბენიძე (მომხსენებელი მოსამართლე);
3. ლამარა ჩორგოლაშვილი;
4. ზაურ ჯინჯოლავა.
სხდომის მდივანი: ელენე ლაღიძე.
საქმის დასახელება: მოქალაქე იულია მეზურნიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ,,საქართველოს ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და ,,სახელმწიფო პენსიების შესახებ" საქართველოს კანონის მე-7, მე-8 და მე-9 მუხლების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტთან, 32-ე და 39-ე მუხლებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელის წარმომადგენლები - კახაბერ ძაგანია და გიორგი გუგავა.
2006 წლის 20 იანვარს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №355) მომართა მოქალაქე იულია მეზურნიშვილმა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას სარჩელი განსახილველად გადმოეცა ა.წ. 27 იანვარს.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები, 89-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, აგრეთვე, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მოითხოვს, არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი 2006 წლის „საქართველოს ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-8 პუნქტი და „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8 და მე-9 მუხლები საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტთან, 32-ე და 39-ე მუხლებთან მიმართებით.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის ზემოაღნიშნული მუხლები წარმოადგენს მოქალაქეთა სოციალურ გარანტიებს, კერძოდ, შრომითი და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის პირობებს.
სარჩელში ჩამოთვლილია პირობები, რომლებითაც სახელმწიფომ უნდა დაიცვას მოქალაქის შრომითი უფლებები, ხელი შეუწყოს დასაქმებაში, ასევე, შრომის- უნარიანობისა და საპენსიო ასაკის პერიოდში უზრუნველყოს მოქალაქე საარსებო მინიმუმით.
მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმებით, დარღვეულია ძირითადი უფლება საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის შესახებ და დადგენილია მინიმალური პენსიის ოდენობა, რომელიც 2006 წლის 1 მარტამდე 28 ლარით და 1 მარტიდან 33 ლარით განისაზღვრება, ხოლო 1 სექტემბრიდან მისი ოდენობა 38 ლარს შეადგენს, რაც რამდენჯერმე ჩამოუვარდება საარსებო მინიმუმს. აქედან გამომდინარე, მას მიაჩნია, რომ მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა რეალურად დგება საშიშროების წინაშე, რადგანაც საარსებო მინიმუმი არის ადამიანის მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნების დაკმაყოფილების საშუალება.
მოსარჩელე თვლის, რომ გასაჩივრებულ კანონთა ნორმებით, აშკარად დარღვეულია კონსტიტუციის ის დებულებები, რომლებიც მოქალაქის ძირითად უფლებათა სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს, რასაც იერარქიულად ქვემდგომი სამართლებრივი აქტები უნდა შეესაბამებოდეს. სხვა შემთხვევაში, მისი აზრით, აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები შეიძენს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს, არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი 2006 წლის „საქართველოს ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-8 პუნქტი და „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8 და მე-9 მუხლები საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტთან, 32-ე და 39-ე მუხლებთან მიმართებით, ასევე დაევალოს საქართველოს პარლამენტს, სადავო ნორმები მოიყვანოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ, კონსტიტუციური სარჩელისა და თანდართული მასალების გაანალიზების, მოსარჩელის წარმომადგენელთა განმარტებათა საფუძველზე, გამოარკვია კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებული გარემოებანი:
სასამართლო კოლეგია, აღნიშნავს, რომ სადავო ნორმები ადგენენ პენსიის მინიმალურ ოდენობას, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის დადგენისა და მარჩენალის გარდაცვალებისას პენსიის გაანგარიშებას.
კონსტიტუციის 30-ე და 32-ე მუხლები იცავენ შრომის თავისუფლების, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას, საქართველოს მოქალაქეების შრომითი უფლებების დაცვას საზღვარგარეთ, შრომის სამართლიან ანაზღაურებას, უსაფრთხო, ჯანსაღი პირობების დაცვას, არასრულწლოვანთა და ქალის შრომის პირობების განსაზღვრას, ასევე სახელმწიფოს მხრიდან უმუშევრად დარჩენილი საქართველოს მოქალაქის დასაქმებაში ხელის შეწყობას, საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფის პირობებისა და უმუშევრობის სტატუსის კანონით განსაზღვრას. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს მიმართება სადავო ნორმებსა და მოსარჩელის მიერ საქართვლოს კონსტიტუციის მუხლებს შორის.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი;
2. ოთარ ბენიძე;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი;
4. ზაურ ჯინჯოლავა.