საქართველოს მოქალაქეები - შურა დოლიძე, ნორა ფულარიანი, მერი ბარამიძე და ნუნუ გვარამაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/11/328 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, |
თარიღი | 24 მაისი 2005 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ბესარიონ ზოიძე (სხდომის თავმჯდომარე);
2. ვახტანგ გვარამია (მომხსენებელი მოსამართლე);
3. იაკობ ფუტკარაძე;
4. ნიკოლოზ შაშკინი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - შურა დოლიძე, ნორა ფულარიანი, მერი ბარამიძე და ნუნუ გვარამაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონისა და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2003 წლის 2 ივნისის კანონის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილე: მოსარჩელეთა წარმომადგენელი გიორგი წაქაძე.
საქართველოს მოქალაქეების - შურა დოლიძის, ნორა ფულარიანის, მერი ბარამიძისა და ნუნუ გვარამაძის 328-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია 2005 წლის 27 აპრილს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით იგი გადმოეცა 4 მაისს, 16 მაისს კი ღია განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა.
საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის ძალით, ყოველ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გარანტირებულია დაცვის უფლება. ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა, 93-ე მუხლის მე-2 ნაწილით მხარეებს მინიჭებული აქვთ უფლება სასამართლოში საქმე აწარმოონ წარმომადგენლის მეშვეობით, ხოლო 94-ე მუხლით დადგენილია, რომ სასამართლოში მხარეების წარმომადგენლად შეიძლება იყვნენ როგორც ადვოკატები, ასევე ნებისმიერი ქმედუნარიანი პირები.
მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ ისინი ამჟამად აწარმოებენ სასამართლო დავებს. ამასთან, როგორც პენსიონერებს, შესაბამისად მცირე შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, არა აქვთ საშუალება თავიანთი ინტერესების დასაცავად დაიქირავონ ადვოკატი - მათ უსასყიდლო იურიდიულ დახმარებას უწევენ ნათესავ-ახლობლები, რომლებიც არიან მათივე წარმომადგენლები სასამართლოში. მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო ნორმატიული აქტით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსისათვის 440-ე მუხლის დამატება სერიოზულად ზღუდავს წარმომადგენლობის ინსტიტუტს. კერძოდ, პირებს, რომლებსაც გავლილი არა აქვთ ადვოკატთა ტესტირება, 2006 წლის 1 ივნისიდან აეკრძალებათ წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატასა და საოლქო სასამართლოში. მოსარჩელეები მიიჩნევენ, ამის შედეგად ისინი დარჩებიან კონსტიტუციით გარანტირებული დაცვის უფლების გარეშე, რადგან არა აქვთ საშუალება დაიქირავონ ადვოკატი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების, მოსარჩელეთა წარმომადგენლის განმარტებების გაანალიზების საფუძველზე გამოარკვია სასამართლო მოთხოვნის არსებითი განხილვისათვის მიღების საკითხის გადასაწყვეტად საჭირო გარემოებანი.
სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ კონსტიტუციურ სარჩელში არ არის დაცული „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლით დადგენილი ცალკეული მოთხოვნები და არც მოსარჩელეები არ არიან უფლებამოსილი სუბიექტები.
კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძვლად საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონისა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის სათანადო დებულებებთან ერთად მითითებულია აგრეთვე „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის, მე-4 მუხლის პირველი პუნქტის, 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 94-ე მუხლის „დ“ პუნქტის ნომრები. ეს მოსარჩელეთა წარმომადგენელმაც დაადასტურა განმწესრიგებელ სხდომაზე, რაც არ შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მოთხოვნას კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძვლის მითითების შესახებ. ამ ქვეპუნქტში არაა დასახელებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსი იმ საკანონმდებლო აქტებს შორის, რომელთა დებულებანიც მოსარჩელეს აძლევს კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებას. ამასთან ერთად, აღსანიშნავია ისიც, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კოდექსის მუხლის აბზაცს „პუნქტი“ კი არა, არამედ „ნაწილი“ ეწოდება.
„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული უნდა იყოს მოთხოვნის არსი.
მოსარჩელეები 328-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელში და მათი წარმომადგენელიც განმწესრიგებელ სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნის არსს არასწორად მიუთითებენ. ისინი მოითხოვენ, რომ არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი 2001 წლის 20 ივნისის კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე“ და 2003 წლის 2 ივნისის კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“. 2001 წლის 20 ივნისის კანონით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსს დაემატა შემდეგი შინაარსის 440-ე მუხლი - „წარმომადგენლის საქმიანობის შეზღუდვა“: „პირებს, რომლებსაც გავლილი არა აქვთ ადვოკატთა ტესტირება, 2003 წლის 1 ივნისიდან ეკრძალებათ წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატაში, ხოლო 2004 წლის 1 იანვრიდან, აგრეთვე საოლქო სასამართლოში“. 2003 წლის 2 ივნისის კანონით კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით - „წარმომადგენლის საქმიანობის შეზღუდვა სამოქალაქო პროცესში“: „პირებს, რომლებსაც გავლილი არა აქვთ ადვოკატთა ტესტირება, 2006 წლის 1 ივნისიდან ეკრძალებათ წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატასა და საოლქო სასამართლოში“. ამგვარად, 2001 წლის 20 ივნისის კანონის დანაწესი 2003 წლის 2 ივნისის კანონის დანაწესით შეიცვალა, იგი შემცვლელი კანონის ამოქმედების დროიდან აღარ მოქმედებს და, აქედან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში მისი კონსტიტუციურობის საკითხის განხილვა მოქმედი კანონმდებლობით გამორიცხულია.
კონსტიტუციურ სარჩელში „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით მითითებული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის დებულებანი, რომლებსაც მოსარჩელის აზრით, არ შეესაბამება ან არღვევს სადავო აქტი. ეს ნიშნავს, რომ კონსტიტუციურ სარჩელში გამოკვეთილი და ცხადი უნდა იყოს სადავო აქტის საგნობრივი შემხებლობა კონსტიტუციის შესაბამის დებულებებთან. 328-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელიდან კი არ იკვეთება ამგვარი კავშირი, ერთი მხრივ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატასა და საოლქო სასამართლოში წარმომადგენლის საქმიანობის შეზღუდვასა და, მეორე მხრივ, კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას შორის.
სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „კონსტიტუციური სარჩელი ... დასაბუთებული უნდა იყოს. კონსტიტუციურ სარჩელში ... აუცილებლად უნდა იყოს მოყვანილი ის მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელის ... აზრით, ადასტურებენ სარჩელის ... საფუძვლიანობას“. ანალოგიურ მოთხოვნას შეიცავს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტიც, რომლის თანახმადაც კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული უნდა იყოს „მტკიცებულებანი, რომლებიც მოსარჩელის აზრით, ადასტურებენ კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას“. სასამართლო კოლეგიის აზრით, კანონმდებლობის აღნიშნული მოთხოვნა 328-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელში არ არის შესრულებული და ამიტომ იგი დასაბუთებულად არ ჩაითვლება. კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი არგუმენტები და განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელეთა წარმომადგენლის განმარტებები არ მიანიშნებენ, რომ სადავო აქტებით დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტით გარანტირებული დაცვის უფლება. სასამართლო კოლეგია ითვალისწინებს, რომ „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2003 წლის 2 ივნისის კანონით დადგენილი წესი საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატასა და საოლქო სასამართლოში წარმომადგენლის საქმიანობის შეზღუდვის თაობაზე 2006 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდება. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეები ამ შემთხვევაში უფლებამოსილ სუბიექტებად ვერ ჩაითვლებიან.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს კანონიერი საფუძველი 328-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის. იგი განსახილველად არ მიიღება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტების ძალით იმის გამო, რომ შინაარსით არ შეესაბამება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და შეტანილი არ არის უფლებამოსილი სუბიექტის მიერ.
ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 პუნქტით, მე-18 მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტებით და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-31-ე მუხლებითა და 33-ე მუხლის პირველი პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქეების _ შურა დოლიძის, ნორა ფულარიანის, მერი ბარამიძისა და ნუნუ გვარამაძის 328-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონისა და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2003 წლის 2 ივნისის კანონის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით და შეწყდეს სამსართალწარმოება ამ სარჩელზე;
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ბესარიონ ზოიძე (სხდომის თავმჯდომარე)
ვახტანგ გვარამია (მომხსენებელი მოსამართლე)
იაკობ ფუტკარაძე
ნიკოლოზ შაშკინი