საქართველოს სათამაშო ბიზნესის განვითარების კავშირის გამგეობის თავმჯდომარის ნუგზარ გარდავას კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/1/356 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ნიკოლოზ შაშკინი, ვახტანგ გვარამია, იაკობ ფუტკარაძე, |
თარიღი | 1 მარტი 2006 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. იაკობ ფუტკარაძე - სხდომის თავმჯდომარე;
2. ვახტანგ გვარამია-წევრი;
3. ნიკოლოზ შაშკინი - მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს სათამაშო ბიზნესის განვითარების კავშირის გამგეობის თავმჯდომარის ნუგზარ გარდავას კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს საგადასახადო კოდექსის (1) 45-ე მუხლის მე-2 ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით, (2) 145-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სიტყვები - „ან ამ კარით განსაზღვრულ ვადაში მისი წარუდგენლობა“, 147-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადება - „ამ ვადაში შესაგებლის გაუგზავნელობა ნიშნავს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ შესრულებაზე უარს“, 154-ე მუხლის მე-4 ნაწილი, 156-ე მუხლის მე-7 ნაწილი და 159-ე მუხლის მე-5 ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, (3) 150-ე მუხლი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით, (4) 218-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი და მე-4 ნაწილში ამ ქვეპუნქტზე მითითება საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან და 41-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: საქართველოს სათამაშო ბიზნესის განვითარების კავშირის გამგეობის თავმჯდომარე ნუგზარ გარდავა, მოსარჩელის წარმომადგენელი მურმან წიქვაძე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას 2006 წლის 13 თებერვალს გადმოეცა საქართველოს სათამაშო ბიზნესის განვითარების კავშირის გამგეობის თავმჯდომარის ნუგზარ გარდავას 356-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი არსებითი განხილვისათვის მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით. კოლეგიის ღია განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა 2006 წლის 21 თებერვალს.
მოსარჩელემ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა 2006 წლის 7 თებერვალს. კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე.
კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, საგადასახადო კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილში არ არის აღნიშნული, რომ ვალდებულების დამდგენი მოთხოვნა უნდა შეიცავდეს მითითებას დარღვევის სახის, მტკიცებულებების, მოთხოვნის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების შესახებ, რაც „არღვევს გადამხდელის უფლებას იცნობდეს საგადასახადო ორგანოს მიერ წარმოდგენილი ბრალდების არსს და საფუძვლებს“; „აღნიშნული გარემოება პრიორიტეტულ მდგომარეობაში აყენებს საგადასახადო ორგანოს, ხოლო გადასახადის გადამხდელს კი - კაბალურ მდგომარეობაში. ამ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი იძულებული ხდება დასაბუთებული საჩივარი შეიტანოს დამდგენ მოთხოვნაზე, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა მაშინ, როცა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა და ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს, ანუ ირღვევა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპი უდანაშაულობის პრეზუმფციის შესახებ“.
საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო დავის დაწყების ფორმალური საფუძველია საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსის 81-ე მუხლით განსაზღვრული „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ შესრულებაზე უარის და შესაბამისი წერილობითი შესაგებლის წარდგენა ან ამ კარით განსაზღვრულ ვადაში მისი წარუდგენლობა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ „თუკი საგადასახადო ორგანოს უარი არ იქნება ჩამოყალიბებული შესაგებლის ფორმით ... სადავო საკითხის გასაჩივრება ფიქტიური ხასიათის იქნება“. მოსარჩელის აზრით, ანალოგიური სამართლებრივი შეუთავსებლობაა საგადასახადო კოდექსის 147-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადებაში, 154-ე მუხლის მე-4 ნაწილში, 156-ე მუხლის მე-7 ნაწილსა და 159-ე მუხლის მე-5 ნაწილში. მოსარჩელის თქმით, ამ ნორმებით გადასახადების გადამხდელს საშუალება არ ეძლევა გაარკვიოს, თუ რატომ არ იქნა დაკმაყოფილებული მისი საჩივარი, თუ რა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი დაედო საჩივარზე საგადასახადო ორგანოს უარს. „აღნიშნული გარემოება კი უხეშად არღვევს კონსტიტუციურ პრინციპს იმის შესახებ, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს, რომ ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.
მოსარჩელე საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საგადასახადო კოდექსის 150-ე მუხლს - მოითხოვს ამ მუხლში „დამატების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ორგანოსათვის შესაბამისი მითითებების მიცემას“, ვინაიდან „ნორმაში არაფერია მითითებული იმის თაობაზე, რომ გადასახადის გადამხდელს შეუძლია საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელებული საგადასახადო მოთხოვნის შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე მიღებული აქტის გასაჩივრება“.
კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშულია, რომ 218-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-4 ნაწილის შესაბამისად, სათამაშო ბიზნესით დაკავებულ აგენტს ევალება ფიზიკურ პირს დაუკავოს მოგებიდან საშემოსავლო გადასახადი და საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ინფორმაცია გადასახდელი თანხის შესახებ. ეს კი, მოსარჩელის სიტყვებით, უბიძგებს სათამაშო ბიზნესით დაკავებულ აგენტს ჩაერიოს მოგების მიმღები ფიზიკური პირის პირად და ოჯახურ ცხოვრებაში, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტს, 41-ე მუხლის მე-2 პუნქტს, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლს, ასევე მოქალაქეობრივი და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-17 მუხლს.
მოსარჩელე მოითხოვს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებას და სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელისა და თანდართული მასალების, განმწესრიგებელ სხდომაზე საქართველოს სათამაშო ბიზნესის განვითარების კავშირის გამგეობის თავმჯდომარე ნუგზარ გარდავას, ასევე მოსარჩელის წარმომადგენლის მურმან წიქვაძის განმარტებათა გაანალიზების საფუძველზე გამოარკვია კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისათვის აუცილებელი გარემოებანი.
სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ არ არსებობს კანონიერი საფუძველი წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის.
1. სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად „კონსტიტუციური სარჩელი ... დასაბუთებული უნდა იყოს. კონსტიტუციურ სარჩელში ... აუცილებლად უნდა იყოს მოყვანილი ის მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელის ... აზრით ადასტურებენ სარჩელის ... საფუძვლიანობას“. ანალოგიურ (1 გვ.აკლია) და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ".
ასევე არ უკავშირდება საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სადავო დებულება „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ შესრულებაზე უართან დაკავშირებით განსაზღვრულ ვადაში წერილობითი შესაგებლის წარუდგენლობის შესახებ, 147-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადება, რომ გარკვეულ ვადაში შესაგებლის გაუგზავნელობა ნიშნავს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ შესრულებაზე უარს.
ანალოგიურად ითქმის საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-4, 156-ე მუხლის მე-7 და 159-ე მუხლის მე-5 ნაწილებზე, აგრეთვე სხვა სადავო ნორმებისა და სარჩელში შესაბამისად მითითებული კონსტიტუციური დებულებების ურთიერთმიმართების თაობაზე.
2. კონსტიტუციურ სარჩელში სწორად არ არის დასახელებული მოსარჩელე სუბიექტი - მოსარჩელედ სათამაშო ბიზნესის განვითარების კავშირის ნაცვლად მითითებულია ამ კავშირის გამგეობის თავმჯდომარე ნუგზარ გარდავა.
სასამართლო კოლეგიის აზრით, მოსარჩელე - არასამეწარმეო იურიდიული პირი, საქართველოს სათამაშო ბიზნესის განვითარების კავშირი მოცემულ შემთხვევაში არ არის უფლებამოსილი სუბიექტი. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა ნუგზარ გარდავამ განაცხადა, რომ სადავო ნორმები უშუალოდ არ შეეხება საქართველოს სათამაშო ბიზნესის განვითარების კავშირს. მისი თქმით, სადავო ნორმებთან თავიანთი საქმიანობით უშუალო კავშირში არიან სათამაშო ბიზნესით დაკავებული სამეწარმეო სუბიექტები, ხოლო საქართველოს ბიზნესის განვითარების კავშირი, თავისი წესდებიდან გამომდინარე, ვალდებულია დაიცვას მათი უფლებები. სასამართლო კოლეგია ამასთან დაკავშირებით მიუთითებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე. ამ ქვეპუნქტის ძალით, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვს საქართველოს იურიდიულ პირს, თუ მას მიაჩნია, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მისი უფლებანი ან თავისუფლებანი. ეს კი საქართველოს სათამაშო ბიზნესის განვითარების კავშირთან მიმართებით არც კონსტიტუციურ სარჩელში არ არის აღნიშნული და ვერც განმწესრიგებელ სხდომაზე იქნა ნაჩვენები.
ამგვარად, საქართველოს სათამაშო ბიზნესის განვითარების კავშირი 356-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელის შემომტან უფლებამოსილ სუბიექტად ვერ ჩაითვლება. ამასთან დაკავშირებით სასამართლო კოლეგია მიუთითებს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონის მე-18 მუხლის „ბ“ პუნქტზე, რომლის მიხედვითაც, კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად არ მიიღება, თუ „შეტანილი არ არის უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ“.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაში არ შედის საგადასახადო კოდექსის 150-ე მუხლის კონსტიტუციურობის საკითხის განხილვა იმ მიზნით, რომ საკანონმდებლო ორგანოს მიეცეს შესაბამისი მითითება „ნორმაში დამატების შეტანის თაობაზე“. ასეთ უფლებამოსილებას არ ითვალისწინებს ორგანული კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“, რომლის მე-19 მუხლში მოცემულია საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების ჩამონათვალი.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, იხელმძღვანელა რა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, მე-18 მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტებითა და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-31 მუხლებითა და 33-ე მუხლის პირველი პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს სათამაშო ბიზნესის განვითარების კავშირის გამგეობის თავმჯდომარის ნუგზარ გარდავას 356-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ იმის თაობაზე, კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს საგადასახადო კოდექსის (1) 45-ე მუხლის მე-2 ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით, (2) 145-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სიტყვები - „ან ამ კარით განსაზღვრულ ვადაში მისი წარუდგენლობა“, 147-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადება - „ამ ვადაში შესაგებლის გაუგზავნელობა ნიშნავს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ შესრულებაზე უარს“, 154-ე მუხლის მე-4 ნაწილი, 156-ე მუხლის მე-7 ნაწილი და 159-ე მუხლის მე-5 ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, (3) 150-ე მუხლი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით, (4) 218-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი და მე-4 ნაწილში ამ ქვეპუნქტზე მითითება საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან და 41-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით და შეწყდეს სამართალწარმოება ამ სარჩელზე;
2. ეს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ი. ფუტკარაძე - სხდომის თავმჯდომარე
ვ. გვარამია
ნ. შაშკინი - მომხსენებელი მოსამართლე
ასლი დედანთან სწორია
საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს მდივანი
ი. ფუტკარაძე